საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ჩამოვიდა. მეგობარი ქვეყნის პირველი პირი საქართველოში სამ დღეს დარჩება და ბევრ ჩინიანსა თუ უჩინოს შეხვდება. სიმართლე გითხრათ, როცა გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში პოროშენკოს ვიზიტზე, ჯერ გაგვიკვირდა, მერე ევროპელებივით შევშფოთდით და ბოლოს ქართველებივით გავბრაზდით.
საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა რომ გამოაცხადა, პრეზიდენტყოფილი უკრაინაში ჩავიდა და თავი იქ შეაფარა. უფრო ზუსტად, თავი კი არ შეაფარა, ოდესის გუბერნატორის თანამდებობა მიიღო და უკრაინის განვითარებაზე ხმამაღალი განცხადებებიც გააკეთა. მეტიც _ ვისზეც კი ძებნა გამოაცხადა ხელისუფლებამ, ყველა უკრაინაში წავიდა და სააკაშვილის ფრთის ქვეშ მოკალათდა. პრეზიდენტმა პოროშენკომ კი, სააკაშვილის მითითებით, პრაქტიკულად მთელი ძალოვანი უწყება ქართველთა იმედად გადააწყო და, თუ პოლიციაში ხატია დეკანოიძე, გია ლორთქიფანიძე და ეკატერინე ზღულაძე დანიშნა, პროკურატურა დავით საყვარელიძეს ანდო. იქვე იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი ზურაბ ადეიშვილიც, სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი იდეოლოგი და შემსრულებელი. ჰოდა, მაშინ, როცა ქართველი მინისტრები საჯაროდ ამბობდნენ, პოროშენკო არასწორად იქცევაო, მათ სააკაშვილი უკრაინიდან დასცინოდა, _ თქვენ თუ არ მაღიარებთ, აგერ, უკრაინა მაღიარებსო, მეტიც _ უკრაინის სახელით საერთაშორისო ფორუმებშიც მონაწილეობდა. ბევრი იმასაც ფიქრობდა, ქართველი მაღალჩინოსნები პოროშენკოს სადმე რომ გადაეყარონ, ალბათ, გვარიან საყვედურს ეტყვიანო, მაგრამ რაღა გადაეყარონ, აგერ არის კაცი, თავის ფეხით ჩამოვიდა, სამი დღის განმავლობაში ყველას შეხვდება და, თუ ვინმეს რამის თქმა სურს… მაგრამ ნურას უკაცრავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა უკვე განაცხადა, პოროშენკოსთან ყოფილ მაღალჩინოსნებზე არ ვისაუბრებთო, ანუ სააკაშვილის თემას არ შევეხებითო. ეგებ ხელისუფლებამ თავი იმართლოს პრინციპით “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”, მაგრამ სააკაშვილს სისხლის ზღვა რომ მართებს ქართველი ერის?! ის, მხოლოდ სახელმწიფოს კი არა, ერის წინაშეც რომ არის დამნაშავე, რომელსაც გენოციდი მოუწყო, რომელიც გააუპატიურა, რომელიც დაჩაგრა, რომელიც მსოფლიოს თვალში კრიმინალად გამოაცხადა?! და თურმე მოკავშირე უკრაინასთან ურთიერთობა არ უნდა გავიფუჭოთ და არ უნდა შევახსენოთ, რომ მათ ქვეყანაში სახელმწიფო დამნაშავე იმალება. თუმცა რა იმალება, პარტია შექმნა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და აქეთ დაგვცინის. სააკაშვილმა, რომელიც ახლა პინიონის ფორმაში გამოწყობილი წარდგა ხალხის წინაშე, პოროშენკოს ურჩია, საქართველოში პირსახოცი და საპონი წაიღე, თორემ დაგითვლიანო.
სხვათა შორის, პოროშენკოს საქციელი გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ორიოდე თვის წინათ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გადასცა 6 ჰექტარი მიწა თურქეთს, _ აქაოდა, თქვენი ყოფილა და არ ვიცოდითო; სექტემბერში სომხეთს ხუჯაბის მონასტერს ვაძლევთ _ ასევე ოფიციალურად; აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ, სავარაუდოდ, დავითგარეჯის მონასტრის კომპლექსის ნაწილს გადავაბარებთ და პოროშენკო შტერი ხომ არ არის, ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან უუნაროს ეძახიან ოპონენტები, ანგარიში გაუწიოს?! ეგ კი არა, უკრაინის პირველი პირი თურმე მწარედ ნანობს, მის ქვეყანას საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი რომ არ აქვს, თორემ ყირიმში დაკარგულ მიწას ჩვენს ხარჯზე აინაზღაურებდა. ისიც ვთქვათ, რომ უკრაინის მიწისთვის საბრძოლველად წასულ და საზარბაზნე ხორცად ქცეულ ქართველ ვაჟკაცებს გმირებს ეძახიან და საქართველოში, “ქართულ მარშში” მონაწილე კაცებს _ მოღალატეებს. გასაგებია, რომ პოროშენკოსაც და სააკაშვილსაც ერთი პატრონი ჰყავთ, ორივე სოროსის ჯიბესა და ამერიკის პირს უყურებს, მაგრამ ხომ შეიძლება, პოროშენკომ სახელმწიფოდ თუ არა, ერად მაინც გვაღიაროს? არადა, სწორედ უკრაინულ საიტებზე გავრცელდა ადამიანების გაუპატიურების ვიდეო და, ამის მიუხედავად, პოროშენკოს ყურიც არ შეუბერტყავს. ეს ვინ დავნიშნეო, _ ერთხელაც არ უთქვამს და სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მხოლოდ მაშინ დაითხოვა, როცა მიშამ რეალური სახე უკრაინაშიც გამოაჩინა, მაგრამ ქვეყანაში დაიტოვა, საქართველოს ხელისუფლება კი ისევ ისე დაიკიდა, როგორც მანამდე ეკიდა. უფრო ზუსტად, იქ, სადაც სააკაშვილმა დააკიდებინა.
არის ასეთი გამონათქვამი: ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო. ამ ლოგიკით, ჩემი მტრის მეგობარი ჩემი მტერია და რატომ ვმასპინძლობთ ასე ზარ–ზეიმით ქვეყნის მტრის (ხელისუფლებას სააკაშვილი ოფიციალურად ხომ ჰყავს გამოცხადებული მტრად?) მეგობარს, საკვირველია. ახლა ვიღაც იტყვის, აღარ არიან სააკაშვილი და პოროშენკო მეგობრებიო, მაგრამ ნურას უკაცრავად! ჯერ ერთი, მიშას მიერ ჩაყვანილი პოლიტდესანტის უმეტესობა ისევ თანამდებობაზეა და მეორეც, მეგობრები რომ არ იყვნენ, უკრაინის მოქალაქეობას თავზე გადაახევდა პოროშენკო, პარტიის ჩამოყალიბების შესაძლებლობასაც არ მისცემდა და საკალანდე ღორივით გასუქებულ სააკაშვილს ქონსაც ააჭრიდა “სალოს” გასაკეთებლად, მაგრამ ამის ნაცვლად, სასათბურე პირობებში ჰყავს და საკმეველსაც უკმევს.
ვერ გეტყვით, საერთაშორისო თუ საშინაო არენაზე უკვე მერამდენედ შეურაცხყოფენ საქართველოს ხელისუფლებას, მერამდენედ დასცინა სააკაშვილმა საქართველოს მთავრობის წევრებს ერთად და თითოეულს ცალ–ცალკე და მერამდენედ ვაძლევთ უფლებას იმ ქვეყნის ლიდერს, რომელსაც მეგობარს ვეძახით, უბრალოდ, გაგვაბითუროს და თავზე ლაფი დაგვასხას.
18 ივლისს, საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, პოროშენკოს აკადრეს და სააკაშვილის ექსტრადიციაზეც ჰკითხეს, მან კი გამაოგნებელი რამ თქვა:
“ჩვენ გვაქვს ეფექტიანი კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობებში. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთიანია ამ მომენტში. დარწმუნებული ვარ, ვერავინ და ვერაფერი გაყოფს ჩვენს ხალხს”, _ განაცხადა პოროშენკომ.
იმავე დილას გავრცელდა საქართველოს პროკურატურის განცხადება, რომ მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადიციაზე უკრაინას 2015 წელს გაუგზავნა.
რა გამოდის? ან ჩვენი ხელისუფლება გვატყუებდა, _ სააკაშვილს პოროშენკო არ გვითმობსო, ან პოროშენკომ იცრუა, სააკაშვილის ექსტრადირება არავის მოუთხოვია და რატომ უნდა გადმომეცაო. ისე, რბილად რომ ვთქვათ, ეშმაკობს პოროშენკო _ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და რამდენიც უნდა ვეხვეწოთ ახლა უკრაინელებს, თავიანთ მოქალაქეს სხვა ქვეყანას (ანუ საქართველოს) არ გადასცემენ. და თუ ხელისუფლებამ ხალხის დასანახავად მაინც მოითხოვა ექსპრეზიდენტის ექსტრადაცია, პოროშენკო თავის მოქალაქეს დაიცავს და მატროსოვივით გადაეფარება… ამბრაზურას.
მოკლედ, აშკარაა, რომ გვატყუებენ, მაგრამ რომელი მხარე, უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი არის ის, რომ გვატყუებენ და ამას ვეგუებით. რაო? არ ვეგუებით? რა ვიცი, პროტესტი არ მინახავს და. ვინც ნახა, მოვიდეს, მოგვიყვეს…
ისე, საინტერესოა, რა განწყობა დაეუფლებოდა პოროშენკოს, უკრაინის მიერ ძებნილი ვიქტორ იანუკოვიჩი საქართველოში რომ მიგვეღო, გურიის გუბერნატორად დაგვენიშნა და მის მიერ ჩამოყვანილი ადამიანებისთვის თანამდებობები დაგვერიგებინა. რას იტყოდა და… ჯერ ერთი, ამას ვერ გავბედავდით და მეორეც _ პირველივე მოთხოვნის შემდეგ, იანუკოვიჩს საახალწლო საჩუქარივით შევფუთავდით და კიევში მივართმევდით. ეს იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო მასშტაბით თავმოყვარეობაც დაკარგული აქვს.
ქვეყანა “პრახადნოი დვორად” იქცა; უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ოპერაციებს ისე ატარებენ, არც გვეკითხებიან, ძებნილები დაგვცინიან და… უკრაინიდან ჩამოტანილ “სალოზე” ჭაჭა დააყოლებინეთ პოროშენკოს, ნაყვარება ნამეტნავად, ბათუმის ჭაჭის კოშკიდან ჩამოსხმული სითხის გატანებაც არ დაგავიწყდეთ მიშასთან, მონატრებული ექნება…
ბესო ბარბაქაძე
P.S. თფუი!