“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუ შეიძლება ასე ითქვას, “სიყვარული” აქვთ პასპორტების მიმართ. ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე პასპორტიდან ამოიღეს მამის სახელისა და ეროვნების გრაფები, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნისას ყალბ პირადობის მოწმობებს ამზადებდნენ არჩევნების გასაყალბებლად.
2013 წლის ნოემბრის ბოლოს კი, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი და ქვეყნის “ხერხემალი” ვანო მერაბიშვილი ლევან მაისურაძის სახელზე გაფორმებული ყალბი პასპორტით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას. შემდეგ, 2017 წლის დეკემბერში, თვითონ სააკაშვილს შეექმნა პრობლემები პასპორტის გამო, როდესაც განაცხადა, რომ პოლონეთ–უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას პასპორტი მოპარეს, თუმცა, როგორც გაირკვა, პასპორტი კიევში მისი მხარდამჭერის ბინაში ინახებოდა. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ყალბი პასპორტებით გაიარეს სასაზღვრო შემოწმება თბილისის აეროპორტში და კიევში გაფრინდნენ მაიდნის აქციის მონაწილეთა… დასახვრეტად. თუმცა პასპორტების ფალსიფიკაცია რა მოსატანია იმასთან შედარებით, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაატრიალა 9-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოში და, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ საქართველოში, მათ უკრაინაშიც მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს…
2014 წლის 20 თებერვალი ევრომაიდნის ყველაზე მძიმე და სისხლიანი დღეა _ კიევში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სნაიპერების ატეხილი სროლის შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი: 49 _ აქციის მონაწილე, 4 _ სამართალდამცველი. სულ კი 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილამდე დაიღუპა 106 ადამიანი.
კიევში მომხდარი ამ ტრაგიკული მოვლენებიდან დღემდე უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცველების დახვრეტაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმსა და რუსეთს ადანაშაულებდა, მაგრამ არსებობდა ვერსია, რომ ეს საზარელი დანაშაული ევრომაიდნის ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს “საკრალური მსხვერპლით” რევოლუციური ვითარების გასამწვავებლად.
* 2014 წლის 5 მარტს “იუთუბიზე” გამოქვეყნდა საგარეო საკითხებში ევროკავშირის იმჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენლის _ კეტრინ ეშტონისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის _ ურმას პაეტის სატელეფონო საუბარი, რომელიც გაიმართა 2014 წლის 26 თებერვალს უკრაინაში პაეტის ვიზიტის შემდეგ. სატელეფონო საუბრისას ეშტონმა პაეტს აცნობა, რომ “ყველა სამხილის მიხედვით, მილიციელები და დემონსტრანტები ერთი და იმავე სნაიპერების მიერ გახსნილი ცეცხლით დაიღუპნენ”.
* 2017 წლის ნოემბერში ერთ-ერთმა იტალიურმა არხმა (TG5) აჩვენა ჟურნალისტ ჯან მიკალესინის ფილმი “მაიდანი. დამალული ჭეშმარიტება” (Maidan. Occhidellagutrra), რომელშიც ქართველი სნაიპერები აღიარებენ, რომ 2014 წელს კიევში ე.წ. ევრომაიდნის მიმდინარეობისას ადამიანებს კლავდნენ, რათა გამოეწვიათ ქაოსი და დაემხოთ კანონიერი ხელისუფლება, დემონსტრანტებს კი ესროდნენ არა პრეზიდენტ იანუკოვიჩის მომხრეები, არამედ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის ლიდერები.
ფილმში ამ ვერსიას ადასტურებს სამი ქართველი _ კობა ნერგაძე, ზალოგი კვარაცხელია და ალექსანდრე რევაზიშვილი. ისინი შედიოდნენ ჯგუფში დაქირავებული უცხოელი სნაიპერებისა, რომლებიც უკრაინაში სისხლიან პროვოკაციაში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ. ქართველების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ დახვრეტაში მიიღებდნენ მონაწილეობას; ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ მომიტინგეების მხარდასაჭერად გამოიყენებდნენ, მაგრამ ადგილზე ჩასულებს უბრძანეს, ესროლათ როგორც აქტივისტებისთვის, ისე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის. დაქირავებულთა ამ ჯგუფში იყო კიდევ ერთი პირი _ ამერიკელი სნაიპერი კრისტოფერ ბრაიანი.
ფილმში საუბარია იმაზეც, რომ დახვრეტების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სააკაშვილი და მისი უახლოესი მხარდამჭერი მამუკა მამულაშვილი. სნაიპერებმა დაასახელეს უკრაინელი კურატორებიც _ უკრაინის პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბიი, “სახალხო ფრონტის” ერთ-ერთი ლიდერი სერგეი პაშინსკი და მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ პარასიუკი.
ახლახან კი საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” კორესპონდენტი შეხვდა კობა ნერგაძესა და ალექსანდრე რევაზიშვილს, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. კობა ნერგაძემ და ალექსანდრე რევაზიშვილმა ადვოკატებს _ ალექსანდრე გოროშინსკისა და სტეფანე რეშკოს განუცხადეს, რომ მზად არიან, ილაპარაკონ სიმართლე და მისცენ მათ ჩვენება, ოღონდ დისტანციურად, რადგან უკრაინაში მათ სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
აი, რა განუცხადა კობა ნერგაძემ ადვოკატებს:
“არმიიდან ნებაყოფლობით წამოვედი 2006 წლის სექტემბერში. არმიაში გავიცანი მამუკა მამულაშვილი.
2007 წლის დასაწყისში, სააკაშვილის ბრძანებულებით, თავდაცვის სამინისტროსთან შეიქმნა უსაფრთხოების საიდუმლო სამსახური, რომელშიც შეიყვანეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის თანამშრომლები და ადრე ნასამართლევი პირები. ეს სამსახური ოფიციალურად შექმნილი იყო იმ მიტინგების დასაცავად, რომლებიც თბილისში იმართებოდა, რამე რომ არ მომხდარიყო სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ნება დაგვრთეს, გვეტარებინა პირადი იარაღი _ მაკაროვის პისტოლეტი. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მომზადებას გადიოდნენ კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც ასწავლიდნენ მასობრივი არეულობების თავიდან აცილების მეთოდებს, მოსახლეობასთან ურთიერთობის წესებს, გამოყენებას საზღვარგარეთული წარმოების იარაღისა, რომელიც არის ნატოს შეიარაღებაში, აგრეთვე, საბჭოური წარმოების იარაღის გამოყენებას. ამ სასწავლო ცენტრში ემზადებოდნენ უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები. ინსტრუქტორები იყვნენ ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები. ჩვენ გვასწავლიდნენ აქციის მონაწილეებთან მუშაობას, სახელდობრ: ინფორმაციის მოპოვებას, ადამიანების მობილიზებას, კონფლიქტური ვითარების შექმნას, ხელისუფლების მხარდამჭერი ან მისი საწინააღმდეგო მიტინგების ორგანიზებას.
ამას გარდა, 2013 წელს სასწავლებლად და სტაჟირებისთვის გამგზავნეს ლიტვის ანალოგიურ ცენტრში, ქალაქ ვილნიუსში. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანი წამოვიდა. ცენტრში, ჩვენ გარდა, კიდევ იყო სლავური წარმოშობის 15 ადამიანი, რომლებიც უკრაინულად ლაპარაკობდნენ, დაახლოებით 30-35 წლისანი. სწავლება მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე. ჩვენ იქ 2-ჯერ ჩავედით 2-3 კვირის განმავლობაში. გაგვაცნეს საზღვარგარეთული წარმოების საპოლიციო ტექნიკის სახეობები: ჯავშანტრანსპორტიორები, “ჰამერის” ტიპის დაჯავშნილი ავტომობილები. გვასწავლიდნენ, როგორ დაგვეშალა მიტინგი, როგორ მოგვეწყო პროვოკაციები მიტინგზე ქაოსის შესაქმნელად.
მომზადების შემდეგ ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს იყენებდნენ ოპოზიციის მიტინგების ჩასახშობად საქართველოში, ოპოზიციის იმ ლიდერების დასაშინებლად, რომლებსაც უთვალთვალებდნენ; მეთაურის ბრძანებით, აუცილებლობის შემთხვევაში, სცემდნენ კიდეც ოპოზიციის ლიდერებს… ჩვენი ჯგუფების საერთო ხელმძღვანელი იყო მამუკა მამულაშვილი _ ოფიციალურად თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. ჩვენ დაყოფილი ვიყავით ათეულებად, ერთ-ერთ ასეთ გუნდს მე ვხელმძღვანელობდი, სხვა ჯგუფებს _ გიორგი სარალიძე, მერაბ კიკაბიძე, დავით მაყიშვილი. თითოეული შესრულებული დავალებისთვის ცალკე გვიხდიდნენ. მაგალითად, ოპოზიციური დეპუტატის გალახვისთვის ჯგუფს უხდიდნენ ათას დოლარს. ძირითადი ხელფასი კი საბანკო ბარათზე გვერიცხებოდა.
2013 წლის დეკემბერში სამსახურის ყველა თანამშრომელი შეგვკრიბა მამუკა მამულაშვილმა და გამოგვიცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით უკრაინაში მომიტინგეების დასახმარებლად. თითოეული ჯგუფის ხელმძღვანელს, მათ შორის, მეც, ფული გადმოგვცეს. მივიღე 10 ათასი დოლარი, თითოეული წევრისთვის _ 1000-1000 დოლარი. ამას გარდა, დაგვპირდნენ, რომ უკან დაბრუნებისთანავე ჯგუფს 50 ათას დოლარს გადაუხდიდნენ. მოგვთხოვეს ფოტოები და პასპორტები მამუკა მამულაშვილისთვის გადასაცემად. მამულაშვილი ჩემს ჯგუფთან ერთად მოფრინავდა. თბილისის აეროპორტში მან პასპორტები ჩამოგვართვა და მესაზღვრეების გვერდის ავლით გაგვიყვანა, ისე, რომ შენიშვნაც არავის მოუცია. თვითმფრინავში კი სხვა სახელებსა და გვარებზე გაფორმებული პასპორტები დაგვირიგა. მე მივიღე პასპორტი 1977 წელს დაბადებული გიორგი ქარუსამიძის სახელზე. რეისი ჩარტერული იყო. კიევში ჩაფრენისას ბორისპოლის აეროპორტის შენობაში დაგვხვდა მამაკაცი, რომელიც გაგვეცნო, როგორც ანდრეი, მოგვიანებით შევიტყვე, რომ მისი გვარი იყო პარუბიი. ისე, რომ პასპორტები არავისთვის გვიჩვენებია, ჩაგვსხეს მიკროავტობუსში და მიგვიყვანეს მრავალსართულიან სახლთან უშინსკის ქუჩაზე, შეგვასახლეს 2-ოთახიან ბინაში. ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, 10-15 დეკემბერი იქნებოდა 2013 წლის. ასე გაგრძელდა იანვრის ბოლომდე. ამ პერიოდში, ჩვენ ძირითადად, სასტუმრო “უკრაინაში” ვცხოვრობდით. ჩემი ჯგუფის გარდა, იქ იყვნენ სხვა ჯგუფებიც: ყიფიანის, კიკაბიძის, მაყიშვილის, სარალიძის. ეს ჯგუფები დაახლოებით 10 თებერვალს ჩამოფრინდნენ.
ერთხელ, ჩვენს ჯგუფთან ერთად მესამე სართულზე ვიყავი, როდესაც მოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი, მამუკა მამულაშვილი, ანდრეი პარუბიი, ანდრეი პაშინსკი და კამუფლაჟში გამოწყობილი მამაკაცი. ეს მამაკაცი სააკაშვილმა წარმოგვიდგინა, როგორც აშშ–ის არმიის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე კრისტოფერ ბრაიანი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის აშშ–ის არმიაში სნაიპერად მსახურობდა. სასტუმრო “უკრაინაში” ასევე იყვნენ პოლონელები და ლატვიელები.
18 თებერვალს, საღამოს, სასტუმროში მოვიდა ანდრეი პაშინსკი რამდენიმე უცხო მამაკაცთან ერთად. მათ ჩანთებიდან ამოიღეს კალაშნიკოვის 7,62-კალიბრიანი ავტომატები, აგრეთვე, კარაბინები, დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა ოპტიკური სამიზნით და ერთი უცხოური წარმოების კარაბინი. დაგვირიგეს ვაზნების თითო კოლოფი თითოეული იარაღისთვის… მამულაშვილმა აგვიხსნა, რომ ჩვენი ამოცანა იყო, არ დაგვეშვა უკრაინის პრეზიდენტის რიგგარეშე, ვადამდე არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში მაიდანი დაიშლებოდა.
2014 წლის 19 თებერვალს, გვიან საღამოს, მოვიდა მამულაშვილი და მითხრა: “კობა, ხვალ ძალიან რთული დღე გვექნება, განსაკუთრებული დავალება უნდა შევასრულოთ… აუცილებელი იქნება, ქაოსი შევქმნათ მაიდანზე და გამოვიყენოთ იარაღი ყველა მისი მონაწილის მიმართ _ მომიტინგეებისა და პოლიციელების, განსხვავება არ არის. მთავარია, 15-20 წუთის განმავლობაში ვესროლოთ ცოცხალ მიზნებს ამის შემდეგ ყველას შევკრებ და წავალთ თბილისში”. აღვშფოთდი, _ ასე არ მოგვილაპარაკია და ამ დავალებაზე თბილისში არაფერი გითქვამს-მეთქი.
მამულაშვილმა მიპასუხა, რომ გუშინ თათბირზე მიიღეს გადაწყვეტილება გეგმა “ბ”-ზე და რომ ეს ბრძანებაა… ჩვენი მოქმედება განისაზღვრა შემდეგი თანამიმდევრობით: პაშინსკის ჯგუფს პირველს უნდა დაეწყო სროლა კონსერვატორიის შენობიდან, 3-4 წუთის შემდეგ სროლა უნდა აეტეხათ სასტუმრო “უკრაინაში” მყოფ ჯგუფებს 1-2 წუთის ინტერვალით, შემდეგ დაეტოვებინათ იარაღი და წასულიყვნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, რათა სამართალდამცველებს არ დაედგინათ მსროლელის ადგილსამყოფელი. შიშობდნენ, რომ სამართალდამცველები დაიწყებდნენ შტურმს და მსროლელებს დაატყვევებდნენ. მამულაშვილმა ჯგუფების წევრებს თეთრი სახვევები დაურიგა, რათა თავისიანები სხვებისგან გაერჩია. ჩემს ჯგუფს დაევალა სასტუმროს შესასვლელის, ფოიესა და დერეფნების დაცვა სართულებზე. იარაღი არ გვქონდა. ტანსაცმელი ყველას სხვადასხვანაირი გვეცვა: კამუფლაჟი, სამოქალაქო, შავი.
დილით, დაახლოებით 8 საათზე, მომესმა სროლის ხმა კონსერვატორიის მხრიდან. 3-4 წუთის შემდეგ მამულაშვილის ჯგუფმა დაიწყო სროლა სასტუმრო “უკრაინიდან”. მესამე სართულის დერეფანში ვიყავი და ვხედავდი, როგორ ისროდა მაიდანზე გამავალი ფანჯრიდან ერთ–ერთი, მისი მეწყვილე კი ყოველი გასროლის შემდეგ ფანჯარას ხურავდა. გასროლის შემდეგ წყვილი გადადიოდა შემდეგ ოთახში და კვლავ ისროდა. 20 წუთის განმავლობაში მსროლელების წყვილმა 4-5-ჯერ გაისროლა, შემდეგ იარაღი ნომერში დატოვა და სასწრაფოდ გავიდა სასტუმროდან. ვინ და როგორ წაიღო იარაღი ნომრებიდან, არ დამინახავს. მე და ჩემი მეგობარი ბეჟო სასტუმროს ჰოლში ჩავედით. იქ დავინახე პარუბიი, რომელმაც ბეჟოს უთხრა: “წადით, თორემ პრობლემები შეგექმნებათ”. წავედით ბინაში, ავიღეთ ჩვენი ნივთები და იმავე დღეს გამოვემგზავრეთ თბილისში.
პასპორტი, რომელიც მომცა მამულაშვილმა უკრაინაში გასამგზავრებლად, საქართველოში დავწვი. ახლა ჩემი ნამდვილი პასპორტით ვსარგებლობ. ამჟამად, უსაფრთხოების მიზნით, ძირითადად, სომხეთში ვცხოვრობ. ამ ყველაფერზე შემიძლია ვისაუბრო სასამართლოში, ოღონდ არა უკრაინის ტერიტორიაზე. მათგან ბევრი, ვისზეც ვისაუბრე, დღეს უკრაინაშია, აქვს ძალაუფლება და შესაძლებლობა, მომკლან”.
ალექსანდრე რევაზიშვილი: “საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვმსახურობდი საქართველოს არმიის მოტომსროლელთა ბრიგადაში. სამხედრო სპეციალობა: მოტომსროლელთა რაზმის სნაიპერი. 1995 წელს წამოვედი არმიიდან. თავს შემთხვევითი სამუშაოების შესრულებით ვირჩენდი. 2003 წელს, როცა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მუშაობა დავიწყე ნატახტრის ლუდსახარშში.
ომში დამარცხების შემდეგ საქართველოში გააქტიურდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის ოპოზიციური მოძრაობა. მე მხარს ვუჭერდი სააკაშვილს და შევედი საზოგადოებრივ ორგანიზაცია “თავისუფალ ზონაში”, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს. ხელმძღვანელი იყო კობა ხაბაზი. მე ჩამრთეს ოპოზიციის მიტინგებზე პროვოკაციების მოწყობაში: ჩხუბის პროვოცირებაში, რათა პოლიციას ჰქონოდა მათი დაკავების საფუძველი. მიტინგებზე ფოტოებს უღებდნენ აქტივისტებს და მიჰქონდათ პირადად ხაბაზისთვის. ამ სამუშაოს კარგად გვინაზღაურებდნენ: 50-150 დოლარი კონკრეტული ამოცანის შესრულებისთვის. “თავისუფალი ზონის” შტაბში გავიცანი მამუკა მამულაშვილი. საქართველოში ოპოზიციას აქტიურად ებრძოდნენ ე.წ. ზონდერბრიგადები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდნენ ოპოზიციის ლიდერების, ბიზნესმენებისა და იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ მთავრობას. ამ ჯგუფებს კურატორობდა მამუკა მამულაშვილი.
2013 წლის მარტში მამუკა მამულაშვილმა და კობა ხაბაზმა შემომთავაზეს კიევში გამგზავრება ჯგუფთან ერთად. მივლინების მიზანი იყო კრეშჩატიკთან, მაიდნის რაიონში განლაგებულ შენობებში სნაიპერების შესარჩევად კონსულტაციები… დამპირდნენ 500 დოლარს.
მამულაშვილი, მე, დათო გოგოხია, ავთანდილ კემულარია, მერაბ ყიფიანი კიევში ჩავფრინდით. ვცხოვრობდით უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს, 9- სართულიან შენობაში, ნაქირავებ ბინაში. კიევში 15 დღეს ვიმყოფებოდით და შემდეგ თბილისში დავბრუნდით. კობა ხაბაზმა 500 დოლარი გადმომცა.
2014 წლის იანვრის ბოლოს კობა ხაბაზმა “თავისუფალი ზონის” ოფისში გამოგვიძახა მე, გოგოხია, კემულარია, ყიფიანი და გვიბრძანა, კიევში გავფრენილიყავით. თითოეულს მოგვცა 1000-1000 დოლარი და დაგვპირდა, რომ მივლინების დასრულების შემდეგ კიდევ თითოეულს 5000 დოლარს დაგვირიგებდა, მივლინების მიზანი არ აუხსნია, თქვა მხოლოდ, საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაეხმარებითო. კობა ხაბაზთან ერთად ჩავფრინდით კიევში. აეროპორტში დაგვხვდა მამულაშვილი. მეორე დღეს კარვებში შეგვასახლეს. მაიდანზე ინსტრუქტაჟს გვიტარებდა კობა ხაბაზი. ჩვენი მიზანი იყო აქციის მონაწილეების პროვოცირება და შეტევის დაწყება “ბერკუტის” თანამშრომელთა წინააღმდეგ. მაიდანზე მოიტანეს ქვები, მოლოტოვის კოქტეილები, რათა ამით შეეტიათ “ბერკუტისთვის” _ ელოდნენ, რომ სამართალდამცველები შტურმს დაიწყებდნენ.
15 თებერვალს ჩვენთან მოვიდა მამულაშვილი უკრაინელ ანდრეისა და ამერიკელ ინსტრუქტორ კრისტოფერ ბრაიანთან ერთად. მამულაშვილმა განგვიცხადა, რომ ჩვენ ანდრეის გუნდში ვიქნებოდით. ხაბაზმა გვითხრა, რომ ჩვენი ჯგუფი უნდა დამორჩილებოდა ანდრეი პაშინსკის (მოგვიანებით შევიტყვე, რომ მას ანდრეი კი არ ერქვა, არამედ სერგეი) და მასთან ერთად წავსულიყავით კონსერვატორიის შენობაში.
19 თებერვალს კონსერვატორიაში მივიდნენ მამულაშვილი, გიორგი სარალიძე, კიკაბიძე, კალანდაძე (სააკაშვილის პერიოდში გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი) და კიდევ დაახლოებით 10 კაცი. ისინი პაშინსკისთან ერთად წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ პაშინსკი დაბრუნდა უცნობებთან ერთად, რომლებმაც მოიტანეს ჩანთები იარაღით: ძირითადად, იყო კარაბინები. პაშინსკის ხელში ეჭირა კალაშნიკოვის ავტომატი. მან ყველას დაურიგა კარაბინები და ვაზნები. ჩვენს ჯგუფში კარაბინი მისცეს მხოლოდ ყიფიანს. შენობაში ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი მამასთან ერთად. მოგვიანებით ტელეეკრანზე ვნახე და შევიტყვე, რომ იყო პარასიუკი. უმცროსი უფროსს “ბატიათი” მიმართავდა და მივხვდი, რომ მამა-შვილი იყვნენ. 19 თებერვალს, საღამოს, კონსერვატორიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ერთი საათის შემდეგ ადამიანების ჯგუფმა მოიტანა 3 თუ 4 პროჟექტორი, აივანზე დაამაგრა და შუქი მაიდნის მიმართულებით მიმართა. მივხვდი, რატომაც გააკეთეს ეს: შენობაში შუქი არ იყო და ვერავინ დაინახავდა, ვინ იყო იქ, პროჟექტორები კი ანათებდნენ სროლის ადგილს და თვალს სჭრიდა მათ, ვინც შენობას აკვირდებოდა.
20 თებერვალს, ღამით, სროლის ხმა შემომესმა, როგორც მომეჩვენა, ოქტომბრის სასახლის მხრიდან. პაშინსკი წამოხტა, აიღო რაცია და აყვირდა, რომ ცეცხლი შეეწყვიტათ, რადგან ჯერ ადრე იყო. სროლა შეწყდა. დაახლოებით 7 საათსა და 30 წუთზე, ზუსტი დრო არ მახსოვს, პაშინსკიმ გასცა ბრძანება, გვესროლა “ბერკუტისა” და მომიტინგეების მიმართულებით. ბრძანების შემდეგ ცეცხლი გახსნა ყველამ, ვინც კი კონსერვატორიაში იყო. ისროდნენ მეორე სართულიდან. პაშინსკი ავტომატიდან ისროდა მოკლე ჯერით, ახალგაზრდა პარასიუკი _კარაბინ “საიგადან”, მისი მამაც _ კარაბინიდან. ამის შემდეგ პაშინსკიმ გვიბრძანა: “დაყარეთ იარაღი და დატოვეთ შენობა!” მე ყველასთან ერთად გავედი. ამ მომენტში კვლავ გრძელდებოდა სროლა სასტუმრო “უკრაინის” მხარეს. როგორც კი სროლები შეწყდა, მე, ავთანდილი და დათო დავბრუნდით კარავში; ყიფიანი, რომელიც ისროდა, არ მოსულა. მეორე დღეს მაიდანზე გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიება. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ მეგაფონში კლიჩკო, იაცენიუკი და სხვები, ამბობდნენ, იანუკოვიჩმა უბრძანა “ბერკუტს”, ესროლა ხალხისთვისო.
კარავში კიდევ ერთი ღამე გავათიეთ, იმედით, რომ უფროსობა მოვიდოდა და გვეტყოდა, როგორ მოვქცეულიყავით. როდესაც შევიტყვეთ, რომ ყიფიანი მოკლეს, სასწრაფოდ დავტოვე მაიდანი, რადგან მივხვდი, რომ მეც მომკლავდნენ, როგორც მოწმეს. წავედი ბორისპოლში და გადმოვფრინდი თბილისში”.
მაიდნის აქციის მონაწილეთა დახვრეტის ისტორიის გორგალი, რომლის ძაფიც სააკაშვილამდე და უკრაინელ პოლიტიკოსებამდე მიდის, აჩვენებს იმ სისხლისსამართლებრივ პროცესებს, რომლებიც ქვეყნის ამჟამინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ წამოიწყო სააკაშვილის თანამზრახველთა დახმარებით.
როცა ამ ელიტას სჭირდებოდა სისხლიანი აქციების ორგანიზებაში ქართველი “სიკვდილის ლეგიონის” მონაწილეობა, სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიყენა. იმხანად უკრაინის რევოლუციის არც ერთი ბელადი არ შეშფოთებულა, რომ ხვრეტდნენ არა, უბრალოდ, მათ მომხრეებს, არამედ თანამემამულეებს. ამის შემდეგ სააკაშვილმა ყოფილ თანაკურსელ პოროშენკოსგან მიიღო მოქალაქეობა და ოდესის გუბერნატორის პოსტი.
სააკაშვილის გუნდის წევრებმა კი შეაღწიეს სამართალდამცავ სტრუქტურებსა და არმიაში, დაინიშნენ მინისტრებად. ისინი უკრაინაში იმიტომ კი არ ჩავიდნენ, რომ ქვეყანა აეშენებინათ და მშვიდობიანი ცხოვრება აეწყოთ, არამედ იმისთვის, რომ მაიდანზე მოეკლათ მომიტინგეები, ებრძოლათ სამოქალაქო ომში დონბასში, პოლიტიკური არენიდან კი გაეძევებინათ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები.
მოამზადა ნიკა კორინთელმა
P.S. ამ საზარელი ამბების გასაჯაროების შემდეგ საკითხავია _ არის თუ არა აღძრული სისხლის სამართლის საქმე მამულაშვილისა და სხვა პირების მიერ თბილისის აეროპორტიდან ყალბი პასპორტებით გასვლის თაობაზე ან გამოკვლეულია თუ არა ე.წ. თავისუფალი ზონისა და მისი შეფის _ კობა ხაბაზის საქმიანობა?