“საქართველო და მსოფლიო” განაგრძობს საუბარს ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანთან, გენერალ–მაიორ ვახტანგ გვარამიასთან. ბატონი ვახტანგი ამჯერად 1970-იანი წლების გახმაურებულ საქმეზე საუბრობს. “ლაზიშვილების საქმე” _ ეს იყო ყველაზე სკანდალური პროცესი საქართველოს უახლეს ისტორიაში; პროცესი, რომელიც რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა და, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, 126 ადამიანს დაეკისრა პასუხისმგებლობა…
_ პოსტსტალინური სოციალისტური სისტემისთვის დამახასიათებელი იყო სამეურნეო დანაშაულები, თუმცა სტალინის მმართველობის პერიოდში ასეთი დანაშაული გავრცელებული არ იყო. სამეურნეო დანაშაულზე რომ ვლაპარაკობ, ვგულისხმობ, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ქონების დატაცებას. სტალინის პერიოდში “საქმოსნებს” არ ჰქონდათ მოქმედების არეალი, სამართალდამცავი ორგანოების მოქმედების პოლიტიკა გამორიცხავდა “საქმოსნების” მასობრივ აქტივობას. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვი მოვიდა და დაიწყო ე.წ. დათბობის პერიოდი, ანუ მეტი თავისუფლება იგრძნეს “საქმოსნებმა”; მათ ნახეს, რომ ცხოვრება “უკეთესად” შეიძლებოდა და დაიწყეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დატაცება.
მსუბუქი და ადგილობრივი მრეწველობების საწარმოებში ხდებოდა ოფიციალური გეგმის შესასრულებლად გამოშვებული პროდუქციის პარალელურად აღურიცხავი პროდუქციის მასიური გამოშვება, რომლის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები დამნაშავეთა ჯიბეში მიდიოდა. სამუშაო სრულდებოდა 50-70%-ით, დანარჩენს ჯიბეში იდებდნენ, მიდიოდა ე.წ. მარცხენა პროდუქციის გამოშვებაზე. მუშებს ეძლეოდათ ორი ხელფასი: ერთი _ ბუღალტერიაში, თანაც მწირი; ხოლო მეორე ხელფასი ეძლეოდათ პირველ ხელფასზე ორ-სამჯერ მეტი. ამ დანაშაულში თითქმის მთლიანად იყო ჩათრეული მსუბუქი და ადგილობრივი მრეწველობის სისტემები, ასევე, სხვა საწარმოებიც.
ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში დაიწყო სისტემის ლპობა, ორმოცი წლის შედეგ ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, იმხანად ყველასთვის წარმოუდგენელი იყო.
სამეურნეო დანაშაულებს შლეიფივით მოჰყვებოდა მკვლელობები, ყაჩაღობები, ძარცვა… ამ ფონზე მრავალრიცხოვანი კლანების შექმნა სისტემისთვის დამახასიათებელ ქრონიკულ დაავადებად აღიქმებოდა და მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას იწვევდა, ოღონდ იმ მოსახლეობის, რომელსაც შემოსავალი არ ჰქონდა, “მეორე შემოსავლის” მქონენი კი კმაყოფილი იყვნენ…
აქედან გამომდინარე, საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა მოსახლეობის მზარდი კრიმინალიზაცია. ვინც “მეორე შემოსავალს” იღებდა, ავტომატურად კრიმინალი ხდებოდა; ხოლო, ვისაც არ ჰქონდა შემოსავალი, ის ძარცვავდა, ყაჩაღობდა და მდიდარს ართმევდა. პროცესი შორს რომ იყო წასული, უფრო ნათლად დავინახეთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როდესაც ყველა რესპუბლიკაში, მათ შორის, საქართველოშიც, კრიმინალებმა უმაღლეს პოლიტიკურ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია გამოთქვეს. მხედველობაში მყავს “მხედრიონელები”. ასე მოხდა ყველგან, მაგრამ პროცესები ისე შორს არსად წასულა, როგორც საქართველოსა და ტაჯიკეთში.
იმხანად, როდესაც მომძლავრდნენ “საქმოსნები”, სისტემა მეტ-ნაკლებად ყველაფერს აკეთებდა, აღმოეფხვრა ეს უმსგავსობა. საქართველოში 1960-იანი წლებიდან დაიწყო ბრძოლა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების დატაცების წინააღმდეგ.
ამისთვის აუცილებელი იყო, დადგენილიყო ის წყარო, რომლიდანაც მოდიოდა აღურიცხავი პროდუქცია და საქონელი. თანდათან უარესდებოდა პროდუქციის ხარისხი. პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტის გამოშვებას სჭირდებოდა ხუთმაგი ძაფი, ესენი ორ-სამს აკლებდნენ, ანუ 30-40%-ს იპარავდნენ. ფესვები ისე ჰქონდათ გადგმული, რომ სტანდარტის შემმუშავებელ ორგანოებშიც კი ახერხებდნენ მათთვის საჭირო პირობების შეტანას. ამის შედეგად, საწარმოს სიმძლავრეები ოფიციალურად იგეგმებოდა ნაკლები პროდუქციის გამოშვებაზე, ვიდრე ფაქტობრივად შეეძლო. პირობითად, თუ შეეძლო საწარმოს მილიონი ერთეული პროდუქციის გამოშვება, წერდნენ ნახევარ მილიონს. მოკლედ, სტანდარტი დარღვეული იყო იქაც, სადაც თეორიულად მუშავდებოდა საწარმოო პირობები.
საქართველოში ბევრი გახმაურებული დატაცება მოხდა. იმხანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიები სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ვიყავი, ახალგაზრდა კაცი. ბევრი საქმე ჩემი გამოძიებულია ან ჩემი მონაწილეობით. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე სრულიად შემთხვევით მოხვდა ჩემთან _ ე.წ. ცხაკაიას ხაოიანი ქსოვილების საქსოვი ფაბრიკის, ანუ ასიათასობით მანეთის დატაცების საქმე. მას შედეგ, რაც ირწმუნეს, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო, თითქმის ყველა საქმე, 1966-დან 1972 წლის ჩათვლით, ჩემი გამოძიებულია ან გამოძიების პროცესში ვმონაწილეობდი.
1970 წლის 29 მარტს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თბილისის სინთეზური ნაკეთობების ფაბრიკის თანამშრომლების მიმართ. ფაბრიკა უზარმაზარი იყო და უშვებდა მილიონობით მანეთის ღირებულების პროდუქციას. დირექტორი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პოლკოვნიკი, სასჯელაღსულების დაწესებულების ყოფილი უფროსი შალვა იესეს ძე ჭეიშვილი, მთავარი ინჟინერი _ რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი გიორგი ერასტის ძე მაცაბერიძე. ჩვენი მიზანი არ იყო ჭეიშვილისა და მაცაბერიძის მხილება, ჩვენ გვინდოდა ერთი სკანდალური პიროვნების დაკავება, რომლის სახელთანაც იყო დაკავშირებული ყველა ის სამეურნეო დანაშაული, რომლებიც რესპუბლიკაში ხდებოდა. ის გახლდათ ოთარ გიორგის ძე ლაზიშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც არასრული უმაღლესი განათლება ჰქონდა. მძღოლი იყო, ადრე დაატარებდა ვინმე შმუკლერს, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ლაზიშვილმა არჩევულებრივი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა და სინთეზური ნაკეთობების ფაბრიკა თითქმის ხელში ჩაიგდო, მთლინად მისი არ იყო, მაგრამ მე-2, მე-5 და მე-6 საამქროები მისი პატრონაჟის ქვეშ იყო; სხვა საამქროებსაც მეტ-ნაკლებად აკონტროლებდა.
როგორც კი დაიწყო გამოძიება, ოთარ ლაზიშვილი გაიქცა. მისი დაპატიმრება 1970 წლის 3 ივლისს მოხერხდა მოსკოვში. ე.წ. ლაზიშვილების საქმეზე პასუხისმგებლობა 126 ადამიანს დაეკისრა. მათ ნაწილ-ნაწილ ასამართლებდნენ, მოსამართლე იყო შალვა მახარაძე. მახსოვს, ისეთი დარბაზი ვერ მოიძებნა, ყველა ერთად რომ გაესამართლებინათ.
ძიება რომ დავიწყეთ, გავოცდით, ისე დიდი იყო მათი მოქმედების არეალი. ეპიზოდებს მოგიყვებით:
მე-3 საამქრო ფეხსაცმელს უშვებდა და, როდესაც შემოწმება დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ დიდი ოდენობით ხელოვნური ტყავი, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, მიღებული არ ჰქონდათ. ამ ტყავით აღურიცხავი პროდუქცია უნდა გამოეშვათ. დავსხედით და ყველა რულონი სათითაოდ დავათვალიერეთ. აღმოჩნდა, რომ ყველა რულონს მოგლეჯილი ჰქონდა ის ნაწილი, რომელზეც იარლიყი უნდა ყოფილიყო მიკრული, ანუ მას არ ეწერა გამომშვები ქარხანა, პარტიის ნომერი და გამოშვების თარიღი. ყველა რულონი რომ დავათვალიერეთ, რაღაცნაირად აღვადგინეთ ნაწერი და გაირკვა, რომ ეს ტყავი გამოშვებული იყო მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ნოვომასკოვსკაიას ხელოვნური ტყავის ქარხანაში.
საკავშირო სამინისტროს გავუგზავნეთ წერილი, რათა დაედგინა, სად და ვის გაეგზავნა ტყავის ეს პარტია. გაირკვა, რომ ეს პარტია გაგზავნილი იყო შუა აზიაში, ტაშკენტთან ახლოს მდებარე ქალაქ კოკანდის ტყავის ქარხანაში. მაშინვე გავფრინდი ტაშკენტში, იქაურმა შსს-მ გამომაყოლა ორი თანამშრომელი, მივედით ტყავის ქარხანაში, დავიწყეთ აღწერა. დირექტორს ვეკითხებით: ესა და ეს საქონელი მიიღეთ? გვაჩვენა საბუთები, რომ საქონელი მიღებული აქვს. სად წაიღეთ? _ ვკითხეთ ჩვენ. მან აგვიხსნა, რომ უნდა გამოეშვათ ახალი პროდუქცია, მაგრამ ვერ აითვისეს და ეს საქონელი თურქმენეთში წაიღეს და რესპუბლიკათაშორის საბითუმო ვაჭრობაზე გაყიდეს.
ჯგუფის წევრები, რომლებიც მახლდნენ, იქ დავტოვე და მხოლოდ ერთი თანამშრომელი, ბარამიძე, გავიყოლე თურქმენეთში, 800 კილომეტრი გავიარეთ. ჩავედით ქალაქ სოვეტაბადში, მივედით საბითუმო ვაჭრობის ბაზარში. იქ გვითხრეს, რომ ასეთი საქონელი მართლაც მიიღეს და გაყიდეს თბილისში. იყიდა “საქკოოპრეკლამის” ერთ-ერთმა საამქრომ.
ჩამოვედით თბილისში, მივედით აღნიშნულ საამქროში, გვითხრეს, რომ საქონელი მიიღეს, აგვიხსნეს, რომ ტყავი მუშებისთვის ხელთათმანების შესაკერად სჭირდებოდათ, ორთითიანი ხელთათმანები იყო და შიგნიდან აკრავდნენ ტყავს, რომ არ გაცვეთილიყო. გვითხრეს, რომ ხელთათმანები შეკერეს და შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკთან ახლოს, ერთ-ერთ ქალაქში გაგზავნეს. სასწრაფოდ გავგზავნეთ შიფროგრამა მოსკოვში. საკავშირო სამინისტრომ დაავალა ვლადივოსტოკის შსს-ს სამმართველოს, მოეძებნათ ხელთათმანები. ძალოვანებმა საქონელი დააკავეს. ხელთათმანები მათ მართლაც ჰქონდათ მიღებული, ოღონდ შიგნით ტყავი გამოკრული არ იყო. ის ხელოვნური ტყავი მიიღო თბილისის სინთეზური ნაკეთობების ფაბრიკაში მოკალათებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა.
ამ საქმეზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით დააკავეს ადამიანები.
კიდევ მოგიყვებით ერთ ეპიზოდს: მე-5 საამქრო უშვებდა ტრიკოტაჟის ნაწარმს. “სპეკულანტები” ყიდულობდნენ აქაურ ტრიკოტაჟს, უცხოურ იარლიყს აკრავდნენ და ყიდდნენ, როგორც უცხოური საქონელს, მაგრამ საქართველოში რეალიზაციის ბაზარი პატარა იყო, ამიტომ “სპეკულანტების” ჯგუფი დაკავშირებული იყო დონეცკის სავაჭრო ქსელთან, სადაც უზარმაზარი სავაჭრო გაერთიანების უფროსი იყო ვინმე აბრაამ სეფიაშვილი, რომელსაც ბუღალტრად ჰყავდა ლუშევსკაია. ეს ორნი მასობრივად ასაღებდნენ მე-5 საამქროს პროდუქციას, ჰქონდათ ქსელი ლუგანსკში, ესენტუკში, სადაც ვინმე მანჟეგულაძე, ანუ მანჯგალაძე (გვარი რუსეთში დაუმახინჯებიათ) ხელმძღვანელობდა ვაჭრობას, საქმეში ასევე იყო ვინმე ლობჟანიძეც. ლაზიშვილის ჯგუფს კავშირი ჰქონდათ ვოლგოგრადთან. დატაცებული თანხის ოდენობა მილიონებს აღემატებოდა. ბოლომდე ამ საქმეს, ალბათ, ეშმაკიც ვერ გახსნიდა, მაგრამ, რაც გავარკვიეთ, საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უამრავი დამნაშავე გამოგვევლინა.
ლაზიშვილსა და მის გარემოცვას დახვრეტის მუხლი ჰქონდათ წაყენებული, მაგრამ მოსამართლემ 15-15 წელი მიუსაჯა. ვთვლი, რომ მოსამართლე სწორად მოიქცა… “ლაზიშვილის საქმე” ფაბრიკის მთავარი ინჟინრის, მაცაბერიძის, დახმარებით გავხსენით. მან რატომღაც ჩათვალა, რომ მეუღლემ გასცა და ალაპარაკდა. არადა, ის ქალი არაფერ შუაში იყო. შოკში იყო საწყალი კაცი და გამოგვიცხადა: რაც ქონება მაქვს, ყველაფერს ჩაგაბარებთო. მისი ქონებით დავინტერესდით, წყნეთის აგარაკზე წაგვიყვანა და მიწიდან უამრავი ოქროს ნივთი ამოვიღეთ. მაშინ მივხვდით, რა დიდ დანაშაულთან გვქონდა საქმე…
კიდევ ერთ დეტალს გავიხსენებ: ლაზიშვილის სახლის გასაჩხრეკად ვიყავით. წიგნები მიყვარს ძალიან და მის ბიბლიოთეკას მივადექი დასათვალიერებლად, როდესაც წიგნი გამოვიღე, მივხვდი, ის წიგნი არავის ჰქონდა გადაშლილი. შემდეგ ხელი სხვა წიგნს წავავლე და, რომ გადმოვიღე, იარაღი დავინახე, წიგნი სასწრაფოდ უკან დავდე და გამოვბრუნდი.
წლების შემდეგ, როდესაც ოთარ ლაზიშვილი ციხიდან გამოვიდა, პროკურატურაში რაღაც საქმეზე მოვიდა და ჩემი ნახვა ისურვა. შევხვდი. მკითხა: ჩემს სახლში გასაჩხრეკად რომ იყავი, რამე ნახეო? ვუპასუხე, _ იარაღი ვნახე-მეთქი. რატომ დამალეო? ვუთხარი, _ ისედაც წაქცეულს, ფეხს ვერ დაგაბიჯებდი-მეთქი…
ჩაიწერა ეკა ნასყიდაშვილმა