Home რუბრიკები საზოგადოება ვინ გადაწყვიტა საუკუნის მატჩად მონათლული შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება, როცა ექიმები ამბობდნენ, რომ...

ვინ გადაწყვიტა საუკუნის მატჩად მონათლული შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება, როცა ექიმები ამბობდნენ, რომ ეს უსაფრთხო იქნებოდა?

საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილი სტადიონის ლოჟა მატჩზე, რომელზეც მაყურებელი არ დაუშვეს, თითქმის სავსე იყო

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ყოველდღიურად ასიათასობით დაავადებული და ათასობით გარდაცვლილი ადამიანის მიუხედავად, კორონავირუსის არსებობა ადამიანთა არცთუ მცირე ნაწილს, უბრალოდ, არ სჯერა. მეტიც, ჩემი მეზობელი, რომლის დედაც ერთი კვირა ამ დიაგნოზით აპარატზეა შეერთებული, ამბობს, რომ სამწუხაროდ, დედამისი იმ მსოფლიო პროგრამაში მოხვდა, რომელიც მასონებმა შექმნეს და ახლა დედამისს, უბრალოდ, მოკლავენ; მოკლავენ ზუსტად ისე, როგორც ათასობით სხვას და დრო მოვა, კორონავირუსი თურმე ისევე მოულოდნელად გაქრება, როგორც გამოჩნდა. ვირუსისადმი ამგვარ დამოკიდებულებას ხელს უწყობს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩვენთან კი იმავეს აკეთებენ ექიმები. ჰო, ის ექიმები, რომლებიც გმირებად გამოვაცხადეთ და რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, მაგრამ მათი განცხადებები რეალობას ისეა ხოლმე აცდენილი და ისე ეწინააღმდეგება რეალობას, გაოცებას იწვევს

12 ნოემბერი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ჩაწერილიყო. ამ დღეს ჩვენი ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობდა და მოგების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებდა. მიუხედავად იმისა, რომ უეფამ ჩვენს ფედერაციას შემოუთვალა, _ უფლება გაქვთ, სტადიონზე გულშემატკივართა 30% შეუშვათო, საკოორდინაციო საბჭოსა და უშუალოდ ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი იმ აქციების ფონზე ხდებოდა, რომლებიც რუსთაველზე დღემდე იმართება და რომელთა მიმდინარეობისას დისტანცია დაცული არ არის. შედეგად, შეხვედრამ უმაყურებლოდ ჩაიარა, მთავარი უპირატესობა, გულშემატკივრის ფაქტორი, ვერ გამოვიყენეთ და ზეიმი, რომელიც საქართველოში უნდა გამართულიყო, მაკედონიაში გაიმართა. ახლა იმაზე არ ვსაუბრობთ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა რომ თქვა, _ ფეხბურთელები კი არა, გულშემატკივრები არ არიან იმ დონის, ევროპის ჩემპიონატზე თამაში დავიმსახუროთო(?!). საუბარია ეპიდემიოლოგების განცხადებებზე. მათ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გაამართლეს და ისიც თქვეს, რომ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ გავრისკავდით, რომ ახალი კლასტერი და კერა გაჩენილიყოო. ეს გავიგეთ, მაგრამ…

მაყურებელი სტადიონზე 3-3 სკამის გამოტოვებით რომ დამჯდარიყო და ყველა რეგულაცია დაეცვა, ვირუსის გადადების რისკი არ იქნებოდა”, _ ეს განცხადება 15 ნოემბერს, მატჩის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა, რომელიც იმავე საკოორდინაციო საბჭოს წევრია, რომელმაც თამაშზე მაყურებლის დაშვება გამორიცხა.

რა გამოდის? თურმე შეიძლებოდა უეფას რეკომენდაცია გაგვეთვალისწინებინა, თურმე უსაფრთხო იყო და მაინც აგვიკრძალეს? რატომ და რისთვის გააკეთეს ეს და ვინ გადაწყვიტა საუკუნის მატჩად მონათლული შეხვედრის უმაყურებლოდ ჩატარება, როცა ექიმები ამბობდნენ, რომ უსაფრთხო იქნებოდა?

ეგ კიდევ არაფერი. პანდემიის საწყის ეტაპზე არაერთი ვიდეორგოლი მომზადდა, რომლებშიც გარკვევით ჩანდა, როგორ ვრცელდებოდა ვირუსი. გვეუბნებოდნენ: კარგად გაწმინდეთ კარის სახელური; ტრანსპორტში თუ სახელურს შეეხებით, სახეზე არ მოისვათ, მანამდე ვირუსიანი თუ შეეხო, გადაგედებაო. ახლა კი გამოვიდა ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს ერთერთი წევრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი და დამარცვლით გვითხრა: საკვების შესაფუთ მასალაზე, .., ცელოფანზე, მუყაოზე, კონსერვის ქილაზე შეხება უსაფრთხოა, რადგან ვირუსს არსებობისთვის ცოცხალი ორგანიზმი სჭირდება, მკვდარ სხეულებზე ვერ სახლობს, კვდებაო. მოიცა, ხალხო, კარის სახელური და ტრანსპორტში ხელის მოსაკიდებელი სუნთქავს? თუ ლითონი ან პლასტმასი აუცილებლად საკვებს უნდა ჰქონდეს შემოხვეულ-შემოკრული, უსაფრთხო რომ იყოს?

ახლა ყურადღებით წაიკითხეთ იმავე ამირან გამყრელიძის 2020 წლის 4 აპრილისა და 2020 წლის 13 ნოემბრის განცხადებები. აპრილით დავიწყოთ: აუცილებელია, კორონავირუსით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე. არ უნდა იყოს ტრადიციული მისამძიმრებები, პანაშვიდები და სარიტუალო სუფრები…”

ახლა 13 ნოემბრის განცხადება: კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს გაკეთდეს. ინფექციის გავრცელების მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, ამიტომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან…”

ბატონი ამირანი ორივე შემთხვევაში ამბობს, რომ არ არის სასურველი, ხალხმრავალი სუფრები და ეს გასაგებია, მაგრამ კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს საავადმყოფოებიდან პირდაპირ სასაფლაოებზე რომ მიარბენინებდნენ, დატირების უფლებას რომ არ აძლევდნენ, შემდეგ მესაფლავეებიანჭირისუფლებიანად კარანტინში რომ გადაჰყავდათ ხალხი, ის რა იყო? ახლა არ თქვათ, არ ვიცოდით, თუ ასე ხდებოდაო. გეტყვით რამდენიმე მაგალითს, როცა გარდაცვლილი საავადმყოფოდან სასაფლაომდე საპატრულო პოლიციამ მიაცილა და, სანამ არ ამოავსეს საფლავი, ფეხი არ მოუცვლია. ნახევარი წლის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ თურმე არ ყოფილა პრობლემა ტრადიციული რიტუალის ჩატარება.

გვესმის, რომ ვირუსი ახალია და მისი შესწავლა დღემდე მიმდინარეობს. შესაბამისად, გამორიცხულია, ექიმებმა მისი ყველა სიმპტომი იცოდნენ, მაგრამ ერთ დღეს ერთს რომ ამბობ და მეორე დღეს _ მეორეს, სულ ცოტა, ბოდიში ხომ უნდა მოიხადო და ახსნა: ხალხო, ვსწავლობთ, მსოფლიო პრაქტიკას ვითვალისწინებთ, ამიტომ შეცდომები მოგვდისო. არა, ასე არ ხდება. ჯერ მტკიცებით ფორმაში ამბობენ ერთს, შემდეგ იმავე მტკიცებით ფორმაში _ მეორეს და არც წითლდებიან. იმას მაინც თუ ხვდებით, ბატონებო, რომ თქვენი განცხადებების გამო ადამიანების დიდ ნაწილს ვირუსის არსებობის არ სჯერა და, შესაბამისად, რეგულაციებსაც ნაკლებად იცავს. შედეგად, ზარალდებიან ისინი, ვინც მართლა ზედმიწევნით ცდილობს რეგულაციების დაცვას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოდის.

ცალკე თემაა საქართველოში პრეპარატ რემდესივირის შემოტანა. როგორც გამყრელიძემ თქვა, პრეპარატი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ…

“რემდესივირის მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება, მაგრამ აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელსაც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში გამოიყენებენ ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად, სჭირდება მძიმე პაციენტებს”, _ განაცხადა ბატონმა ამირანმა.

ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ზუსტად ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება არა ერთი და ორი პაციენტი, რომლებიც იტყვიან, რომ სჭირდებათ რემდესივირი, მაგრამ არ უკეთებენ, რადგან ყველაფერი ნაცნობობითაა. ეს პრეპარატი ბევრს პანაცეა ჰგონია და ამიტომ სწორედ აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს, ოღონდ რეცეპტით. ეს მოხსნის სანაცნობოსამეგობროს პრობლემას და არავინ იფიქრებს, რომ რაღაც კეთდება ჯიგრულად, ქართულად.

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ უახლოესი ორი წელიწადი კოვიდთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი წლის განმავლობაში რეგულაციების დაცვით ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ საიმისოდ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, რწმენა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს და ეს რწმენა, უწინარესად, ექიმებმა უნდა ჩაუნერგონ. კიდევ ვიმეორებთ: შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ამ შეცდომებს აღიარება უნდა და არა მტკიცებით ფორმებში საუბარი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რეალურად რას მოვერიდოთ, როგორ მოვერიდოთ და რატომ. და არ უნდა გამოიშვიროთ შემდეგ თითი ჩვენკენ _ რიგითი ადამიანებისკენ, რეგულაციებს არ იცავენო.

მთავარი _ კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს და, თუ სტადიონზე გულშემატკივრის დისტანციურად შეშვება არ შეიძლება (არადა, შეიძლებოდა თურმე), მაშინ არც აქციების გამართვა შეიძლება. ახლა ვიღაც იტყვის, _ ეგ გამოხატვის თავისუფლებააო და, უკაცრავად, ბატონებო, სტადიონზე შესვლა და გუნდის ქომაგობაც გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ აკრძალეს. ხომ საინტერესო სანახავი იქნებოდა, ქომაგები ძალით რომ შევარდნილიყვნენ სტადიონზე და ეთქვათ: არ გვაინტერესებს რეგულაციები, უნდა ვუქომაგოთო. ალბათ, ასეც უნდა გვექნა და მერე არ იტყოდა ფედერაციის გენერალური მდივანი: ფეხბურთელები მზად იყვნენ ევროპისთვის, გულშემატკივარი _ არაო.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. #საერთაშორისოკოვიდტრიბუნალი
    #МеждународныйУголовныйКовидТрибунал
    #InternationalCovidCriminalTribunal
    ფაშისტები და მაგათი დამქაშები ციხეში!!!
    фашисты и их пособники в тюрьме!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here