“თქვენგან განსხვავებით, ჩვენ დოსტოევსკი წაგვიკითხავს. ჩვენ ის გვიყვარს და ვიცით. აი ფიოდორ მიხეილის ძის ციტატა: “ასი ბოცვრისგან არასოდეს გამოვა ცხენი, ასი ეჭვისგან არასოდეს შედგება მტკიცებულება. როგორც ერთი ინგლისური ანდაზა ამბობს, ეს მხოლოდ კეთილგონიერებაა, აი ვნებები კი, ვნებები შეეცადეთ, მოთოკოთ, იმიტომ, რომ გამომძიებელიც ადამიანია”.
ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელმაც პარალელი გაავლო რუსეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლისა და ბრიტანეთის დაზვერვის “მი-6”-ის აგენტის _ სერგეი სკრიპალის მოწამვლასა და ფიოდორ დოსტოევსკის რომან “დანაშაულსა და სასჯელს” შორის. ჯონსონმა განაცხადა, რომ სკრიპალების საქმე ჰგავს “დანაშაული და სასჯელის” დასაწყისს იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ იცის, ვინ არის დამნაშავე, ოღონდ საკითხავია: აღიარებს ამას თუ დაიჭერენ?”
“ბორის, მითხარით, “დანაშაული და სასჯელი” ბოლომდე წაიკითხეთ თუ მხოლოდ დასაწყისი და შემდეგ გაჩერდით? წაიკითხეთ დოსტოევსკი, თქვენთვის სასარგებლო იქნება”, _ მიმართა მარია ზახაროვამ ფორინ-ოფისის ხელმძღვანელს, შემდეგ კი დასძინა, რომ ლონდონს აქამდე არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება სკრიპალების საქმეზე, ამასთანავე, თავს არიდებს რუსეთისთვის მომწამვლელი ნივთიერების სინჯების გადაცემას ექსპერტიზის ჩასატარებლად და უფლებას არ აძლევს რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებს, მოინახულონ რუსეთის მოქალაქე იულია სკრიპალი.
მანამდე კი, 26 მარტს, მარია ზახაროვა გამოვიდა ტელეარხ “როსია-1”-ის გადაცემა “60 წუთში” და დეტალურად ისაუბრა, რატომ წამოიწყო ეს პროპაგანდა დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ხან ამბობს, რომ სკრიპალები მოწამლეს რესტორანში, ხან _ ლუდხანაში, ხან _ სახლში შესვლისას. ზახაროვამ ისაუბრა იმაზეც, ვინ არის პირველი მევიოლინე სკრიპალების საქმეში:
“ევროკავშირის რიგმა სახელმწიფოებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლონდონს, მხარი დაუჭირეს მას თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებაში. ამ ქვეყნების სია ბევრ რამეზე მიანიშნებს. რაზე მეტყველებს ციფრები: 60 კაცს აძევებენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 23 კაცი კი უკვე გამოაძევეს დიდი ბრიტანეთიდან, სხვა ქვეყნებიდან კი _ 1-დან 3-4 ადამიანამდე, უკრაინის შემთხვევაში (უკრაინაში 13 რუს დიპლომატს აუკრძალეს მოღვაწეობა _ ნ.კ.) ყველაფერი გასაგებია. ეს რეჟიმი, უკვე დიდი ხანია, სოლიდარიზებულია შესაბამის სახელმწიფოსთან. 60 და 23 _ ეს რიცხვები რომ არა, დღეს ვიმარჩიელებდით იმაზე, საიდან მოდის ეს საშინელი, ჯოჯოხეთური პერფორმანსი, რომელიც მოაწყო ლონდონმა, და სინამდვილეში ვინ არის ამ ვითარების ბენეფიციარი. დღეს, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ეს ციფრები, ეჭვის ნატამალიც აღარ რჩება, რომ უკან პროვოკაციისა, რომელიც მოაწყვეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, დგანან მძლავრი ძალები, რომლებიც არიან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. აი მოტივი ჩვენს ქვეყანაზე შეტევის გაგრძელებისა საინფორმაციო, პროპაგანდისტული, პოლიტიკური და სხვა მიმართულებებით. სხვა ვარიანტს ეს განლაგება (სხვადასხვა ქვეყნიდან დიპლომატების გაძევების რაოდენობები _ ნ.კ.) არ იძლევა. დანარჩენი ქვეყნები არიან ყბადაღებული “ევროკავშირული სოლიდარობის” წარმომადგენლები და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რატომ? _ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ტერეზა მეი ჩავიდა ევროკავშირის სამიტზე, რათა მოეწოდებინა სოლიდარობისკენ, ანუ მხარდაჭერისკენ საგარეო-პოლიტიკური კურსისა, რომელიც კანონია ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მაგრამ ყველას დაავიწყდა, რომ დიდი ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან, დიდმა ბრიტანეთმა რეფერენდუმით მხარი დაუჭირა “ბრექსიტს” _ გამოსვლას ევროკავშირიდან. ევროკავშირის სამიტზე დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა, სოლიდარობა გამოეცხადებინა ყველა ქვეყანას, რომლებიც დარჩნენ ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ თვით ბრიტანეთი ტოვებს ამ გაერთიანებას. ქვეყნები კი, რომლებმაც მიიღეს ის, რაც სურდათ, სახელდობრ, გააძევეს თავიანთი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რუსი დიპლომატი, არიან აშშ და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებში რომელი პოლიტიკური ძალები დგანან ამ რუსოფობური კამპანიის უკან, ყველასთვის ცნობილია…
ევროკავშირის სამიტზე, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დიდ ბრიტანეთს ქვეყნებისთვის არანაირი ფაქტობრივი ინფორმაცია არ მიუწოდებია იმის შესახებ, რაც მოხდა მათ ტერიტორიაზე. იყო მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და ლოზუნგები, მოთხოვნა, რომ სოლიდარობა გამოეცხადებინათ ამ პოზიციისთვის. ამრიგად, ამ ქვეყნებს წარმოდგენაც არ აქვთ, რა მოხდა ბრიტანეთში.
ახლა იმაზე, რაც ხდება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, უშუალოდ პორტონ დაუნზე, რომელიც უცნაურად აღმოჩნდა ახლოს იმ ადგილთან, სადაც მოხდა თავდასხმა სკრიპალებზე.
2004 წლის 6 მაისს გაზეთმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა რობ ევანსის მასალა, რომელიც ახლაც ხელმისაწვდომია და, ვიმედოვნებ, ამ გადაცემის შემდეგ არ წაშლიან “გარდიანის” ვებგვერდიდან. ეს მასალა ეძღვნება ბაზა პორტონ დაუნს. 2004 წელს ეს მასალა დაიბეჭდა იმიტომ, რომ ამ წლის გაზაფხულზე განახლდა გამოძიება ახალგაზრდა მფრინავის სიკვდილის საქმისა, რომელიც გარდაიცვალა იმიტომ, რომ მასზე ჩაატარეს ექსპერიმენტი ქიმიური ნივთიერების გამოყენებით. მას ხელზე აწვეთებდნენ ნერვების დამბლის გამომწვევ ნივთიერებებს. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. კიდევ ვიმეორებ: ეს არ არის რუსული პროპაგანდა, ეს არ არის კრემლის ხელი, ეს არის გაზეთი “გარდიანი”, ბრიტანული გამოცემა.
პორტონ დაუნი დაარსდა 1916 წელს და მსოფლიოში უძველესი დაწესებულებაა, რომელიც აწარმოებს ქიმიური იარაღის კვლევებს. ეს არ არის უბრალო ქიმიური ლაბორატორია, ეს არის ადგილი, რომელშიც, როგორც გაზეთი წერს, ატარებენ ცდებს ადამიანებზე. ბრიტანელი ჟურნალისტის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ექსპერიმენტი ადამიანებზე სწორედ პორტონ დაუნში ჩაატარეს. ეს დიდი ბრიტანეთია. გაზეთი წერს, რომ საცდელ ბოცვრებად ჰყავდათ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც მოტყუებით ითანხმებდნენ ცდებში მონაწილეობაზე და მათი ჯანმრთელობა ძალიან დააზიანეს. ამ დაწესებულებაში დაამუშავეს უამრავი მასალა ნერვების დამბლის გამომწვევი აირების გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე. “ამ მონაცემების მიხედვით, _ წერს “გარდიანი”, _ პორტონ დაუნმა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისთვის შეიმუშავა ქიმიური იარაღისგან თავდაცვის ყველაზე თანამედროვე საშუალება”.
ჩვენ ეს საკითხი ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციაში დავაყენეთ, ვსაუბრობთ ამის შესახებ კოლეგებთან, მაგრამ საქმე ის არ არის, რომ ევროკავშირში მოქმედებს ჯოხის მოღერების დისციპლინა, და ვიცით, ვინც დგას ევროკავშირის უკან, ევროკავშირის უკან დგას ნატო. ევროკავშირი _ ეს არის ლამაზი პოლიტიკური ზედნაშენი, რომელიც, სამწუხაროდ, ვნახეთ რამდენიმე ვითარებაში, უკრაინის მიმართ, სირიის მიმართ, პრინციპულად ვერაფერს წყვეტს. ეს არის პოლიტიკური ზედნაშენი, ლამაზი ვიტრინა, რომლის უკანაც დგას მძლავრი გაერთიანება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახით. მათი ძირითადი მიზანი რუსეთის დემონიზაციაა და, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის გაგრძელება აღვირახსნილი რუსოფობიისა, თანაც არა მხოლოდ რუსეთის, როგორც ქვეყნის, არამედ რუსი ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება პასუხს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს დიდ ბრიტანეთს, მათ მიმართ პასუხი ადეკვატური იქნება”.
მარია ზახაროვას გამოსვლაში ნათლად ჩანს, ვის სჭირდებოდა ეს აურზაური და ვინ არის პირველი ვიოლინო სკრიპაჩ-სკრიპალების (სკრიპაჩ _ მევიოლინე) საქმეში _ დიდ ბრიტანეთს ნამდვილი სოლიდარობა მხოლოდ აშშ-მა გამოუცხადა.
აღსანიშნავია, რომ მომწამვლელი ნივთიერებების საკვლევი ცენტრიდან პორტონ დაუნის დირექტორი გერი ეიტკენჰედი გაღიზიანებულია რუსეთის ოფიციალური პირების ეჭვებით: “ლაბორატორიიდან ტოქსიკური ნივთიერების არანაირი გაჟონვა არ მომხდარა, და ის ფაქტი, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამვლის შემდეგ ლაბორატორიასთან ახლოს იპოვეს, დამთხვევაა”, _ განუცხადა ეიტკენჰედმა “ბი-ბი-სის”. გასაგებია პორტონ დაუნის საკვლევი ცენტრის შეფის გაღიზიანება, რადგან გამოძიება არ ჩატარებულა და მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვის მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ რა, განა დანაშაულის პრეზუმპციის დარღვევით არ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთი მთავარ დამნაშავედ?
და კიდევ _ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იულია სკრიპალი გამოჯანმრთელდა. სამხედრო ექსპერტების აზრით კი, “ნოვიჩოკით” (სწორედ “ნოვიჩოკის” _ ნერვების დამბლის გამომწვევი ნივთიერებით _ მოწამვლაში ადანაშაულებენ ბრიტანელები რუსეთს) მოწამლული ადამიანი ცოცხალი ვერ გადარჩება…
ფაქტების, სამხილებისა და მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, ქვეყნიდან გაეძევებინა 23 რუსი დიპლომატი, მას მხარი დაუჭირა აშშ–მაც, რომელმაც 60(!) რუსი დიპლომატის გაძევება მოისურვა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამ დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს არა სკრიპალების საქმის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჯაშუშურ საქმიანობაში არიან შემჩნეული და მათ ნაცვლად ახალ 60 რუს დიპლომატს ელოდებიან როტაციის პრინციპით(!)…
ეს განცხადება საყურადღებო უნდა იყოს ამერიკის მარიონეტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც, ქართული ანდაზისა არ იყოს, “კუმ ფეხი გამოყო, _ მეც ნახირ-ნახირო”, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციიდან რუსი დიპლომატის გაძევება მოითხოვა.
აი ასე გამოეხმაურა სააკაშვილს სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგი, ამჟამად “ოპოზიციური” პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ:
“ეს არის შედეგი იმ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც არსებობს დღეს საქართველოში. ეს არის სწორი ნაბიჯი. ახლა მთავარია, რომ ჩვენი მთავრობა, რომელიც აქამდე არათანმიმდევრული იყო ამ საკითხებში, რასაც ის საზიანო და მავნებლური წერილი ადასტურებს, დღეიდან მაინც აღარ დაუბრუნდეს იმ გზას, რომ რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკით შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინ წაწევა და არ დაუბრუნდეს იმ გზას, რომ ჩვენი საზოგადოება დააშინოს ომის შიშით”.
“ეს ფაქტი არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა კონკრეტულად ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ. რუსი დიპლომატის გაშვება არის ამ სოლიდარობის დასტური”, _ ეს კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის _ არჩილ თალაკვაძის განცხადებაა.
რუსი დიპლომატების გაძევებაზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე, მათი ევროპელი მარიონეტების გადაწყვეტილებების შემდეგ რუსეთის პასუხმაც არ დააყოვნა. რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გააძევოს დიპლომატები იმ ქვეყნებისა, რომლებმაც თავიანთი სახელმწიფოებიდან რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ქვეყნების ელჩები დაიბარეს და საპროტესტო ნოტები გადასცეს. მანამდე ცნობილი შეიქნა, რომ რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს და სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულოს ხურავს.
“30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში ჩამოთვლილ ქვეყნებს შეუერთდნენ ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო, რუსეთი იტოვებს უფლებას, ამ სახელმწიფოების მიმართ საპასუხო ნაბიჯები გადადგას”, _ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
და რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ _ “ჟანგიანი” ტანკებით შემოგრიხინდება ისევ, როგორც 2008 წელს; გამოაძევებს ასიათასობით ქართველს, რომელთა გადმორიცხული ფულით საქართველოში უამრავი ოჯახი სულდგმულობს; აკრძალავს თავის ბაზარზე ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და პროდუქტების შეტანას და ამით მძლავრად დაარტყამს ისედაც გაჩანაგებულ საქართველოს ეკონომიკას? _ ეს საქართველოსთვის “დამაშვრალ” ბოკერიასა და თალაკვაძეს არ ადარდებთ. მათ მხოლოდ თავიანთი ამერიკელი პატრონების ზრახვების განხორციელება სურთ, იმ პატრონებისა, რომლებსაც საქართველო რუსეთთან დასაპირისპირებლად და ამ ქვეყნისთვის პრობლემების შესაქმნელად სჭირდებათ. თვითონ კი, ღმერთმა ნუ ქნას, საომარი კონფლიქტი რომ დაიწყოს, საქართველოდან გადაიხვეწებიან და ქართველ ხალხს უზარმაზარ სამხედრო მანქანას შეატოვებენ.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე მიიღო რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლისა და ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის მოწამვლის და არა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. ეს “გულდათუთქული პატრიოტები” მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებიან _ გაატარონ ამერიკელი პატრონების ინტერესები, საქართველო კი ფეხებზე ჰკიდიათ.
ისე, რომელმა ქვეყანამ გააძევა რუსი დიპლომატები, როცა ჩვენმა ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა ან როცა არჩილ ტატუნაშვილი დაიღუპა? ან ვინმე ხელისუფლებიდან დაფიქრდა, რას მოგვიტანს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება? მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ოპოზიციას ხომ დასავლელი პატრონების შიშით გონება აქვთ დახშული.
სხვათა შორის, ეს ის არჩილ თალაკვაძეა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობისას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე, 237 354 ლარი “გამოიმუშავა” _ თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომელიც იმ პერიოდში 54 400 ლარი იყო, სახელფასო დანამატები ბევრჯერ აიღო.
გიგა ბოკერიას “პატრიოტულ” საქმიანობაზე კი მოგვითხრობს ფრანგული ტელეარხის _ “Canal+”-ის ჟურნალისტების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “რევოლუცია. კომ. აშშ: აღმოსავლეთის დაპყრობა (“USA: The Conguest of the east”), რომელშიც ნაჩვენებია აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის _ ბრუს ჯექსონის “თბილი ურთიერთობა გიგა ბოკერიასთან, აგრეთვე, სააკაშვილთან…
ასე რომ, თავისუფლების ინსტიტუტში გამოზრდილი და ამერიკულ დემოკრატიას ნაზიარებ გიგა ბოკერიასგან, არც “ნაცმოძრაობის” ყოფილი მხარდამჭერ არჩილ თალაკვაძისგან არ უნდა გაგვიკვირდეს რუსი დიპლომატების გაძევების მოთხოვნა (და ამით ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება), არა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის, არამედ ბრიტანეთის სპეცსამსახურის აგენტის მოწამვლის გამო…
ნიკა კორინთელი