Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ არის დაინტერესებული ამიერკავკასიაში ვითარების გამწვავებით

ვინ არის დაინტერესებული ამიერკავკასიაში ვითარების გამწვავებით

ვინ არის დაინტერესებული ამიერკავკასიაში ვითარების გამწვავებით

სომხეთი და აზერბაიჯანი განაგრძობენ შეიარაღებულ დაპირისპირებას. 1990-იან წლებში სპეციალურად შექმნილმა ეუთოს მინსკის ჯგუფმა ბოლო მოუღო საომარ მოქმედებებს, მაგრამ საზღვრის გასწვრივ სროლები მაინც ხდებოდა.

ბაქო აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევს მთიან ყარაბაღს, ერევანი კი ეხმარება თვითაღიარებულ რესპუბლიკას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია და მოითხოვს, რომ არცახს (მთიანი ყარაბაღის სომხური სახელწოდება) ბაქოსგან დამოუკიდებელი ტერიტორიის სტატუსი ჰქონდეს.

2016 წელს მოხდა გააფთრებული შეტაკება _ საარტილერიო დაბომბვები 4 დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. პირველად 30 წლის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს ტანკები და სამხედრო ავიაცია. ეუთოს მინსკის ჯგუფმა რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შემადგენლობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვა კონფლიქტის მხარეები. ცეცხლი შეწყდა, მაგრამ დაძაბულობა არ გამქრალა. პანდემიის წინ ე.წ. შეხების ხაზზე გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები _ ელოდებოდნენ პროვოკაციებს.

ორმხრივი ბრალდებები

მიმდინარე წლის 12 ივლისს აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტი, მაგრამ არა მთიან ყარაბაღში, არამედ უშუალოდ ამ ორი ქვეყნის საზღვარზე. ლაპარაკია მონაკვეთზე აზერბაიჯანის თოვუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის ოლქს შორის.

ოფიციალური ერევნის აზრით, ინციდენტი აზერბაიჯანელების პროვოცირებული იყო: სომხეთის ტერიტორიას მიუახლოვდნენ “უაზ”-ის მარკის ავტომობილით და ატეხეს სროლა. ბაქომ კი განაცხადა, რომ “სომხეთის მხარემ უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი”.

მეორე დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სროლა აუტეხეს საზღვარზე მდებარე თოვუზის რაიონის სოფლებს. ერევანმა კი ბაქო ქალაქ ბერდზე საარტილერიო დარტყმაში დაადანაშაულა. ბრძოლები სამ დღეს გაგრძელდა. დაიღუპნენ არა მხოლოდ სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებიც. სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ადამიანები სახლებს ტოვებდნენ, მაგრამ სომხურ სოფელ ფარავაქარისა და აზერაიჯანული აღდამის მცხოვრებლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს: სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. მოსახლეობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.

ვითარების გამწვავებაზე კომენტარები გააკეთეს ორივე ქვეყნის ლიდერებმა. ილჰამ ალიევმა ერევანი აზერბაიჯანული მიწის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ “ბაქოს პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს”.

ვინ არის დაინტერესებული ამიერკავკასიაში ვითარების გამწვავებით

მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე

საზღვარზე მომხდარი შეტაკებები დაგმეს გაეროში. გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა მხარეებს “ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ” მოუწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით ელაპარაკა კოლეგებს ბაქოსა და ერევანში და ხაზგამით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

რუსეთი განაგრძობს შუამავლის მისიას ბაქოსა და ერევანს შორის, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში”, _ განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში. ინციდენტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც: “ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოწოდებულია, მხარეებს დაეხმაროს კონფლიქტის მოგვარებაში. მიგვაჩნია, რომ რეგიონში აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ დამკვირვებლები”.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის დადგენილი სახელმწიფო საზღვრები. ეს ხელს უწყობს კამათისა და დაპირისპირების წარმოქმნას. სომხეთი და აზერბაიჯანი ამაგრებენ საზღვრებს და ქმნიან საყრდენ პუნქტებს თავიანთი შეხედულებისამებრ.

რამდენიმე დღის წინანდელი ინციდენტი კონფლიქტის ზონაში სომხეთის ახალი საყრდენი პუნქტი შექმნის გამო მოხდა, რადგან ამ საყრდენი პუნქტის შესახებ აზერბაიჯანელებმა, შეიძლება, არაფერი იცოდნენ და შეეცადნენ, ხელში ჩაეგდოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე.

ექსპერტთა აზრით, თუ საზღვარზე დაძაბულობა არ შემცირდება, არ არის გამორიცხული, ვითარება მთიან ყარაბაღშიც გამწვავდეს.

“ნეგატიური სცენარის თავიდან ასაცილებლად საქმეში უნდა ჩაერიონ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები (უწინარესად, რუსეთი) და პრობლემა მშვიდობიანი გზით მოაგვარონ, სხვაგვარად კონფლიქტი შეიძლება უკიდურესად გამწვავდეს”, _ ასეთია სომეხი ექსპერტის, ჯონი მელიქიანის, თვალსაზრისი. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ნურლან გასიმოვიც ამბობს, რომ ორი ქვეყნის კონფლიქტში აუცილებლად უნდა ჩაერიონ რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია (1992 წელს შექმნილი. ამ ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი _ გ.გ.).

აზერბაიჯანში ვარაუდობენ: სომხეთის პრემიერმინისტრი ისე წარმოაჩენს ვითარებას, თითქოს ქვეყნისთვის რთულ ვითარებაში მოსკოვი არ ეხმარება მოკავშირეს, ამიტომ საზოგადოებაში შეიძლება გაძლიერდეს ანტირუსული განწყობა და ევროპისა და აშშ-ისადმი სიმპათია”, _ ამბობს გასიმოვი.

16 ივლისს სომხეთმა და აზერბაიჯანმა არა მხოლოდ არტილერია, ნაღმსატყორცნები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, არამედ ყუმბარებით აღჭურვილი “თვითმკვლელი” უპილოტო საფრენი აპარატებიც (ე.წ. კამიკაძე დრონები). მსხვერპლმა ათეულობით მოიმატა. კონფლიქტის სიმწვავეზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ დაღუპულთა შორის არის აზერბაიჯანელი გენერალ-მაიორი, აგრეთვე, პოლკოვნიკი.

აღსანიშნავია, რომ ბაქომ დახმარებისთვის ანკარას მიმართა. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მყისვე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს სრული მხარდაჭერა ექნება სომხეთთან კონფლიქტში, მათ შორის, თუ საჭირო იქნება, სამხედროც.

დესტაბილიზაციის ფაქტორი

ამიერკავკასიაში ძალთა კონფიგურაციის მადესტაბილიზებელი ფაქტორია თურქეთი. ამჟამინდელი სტატუს კვო ერდოღანს აძლევს შანსს, სერიოზულად გააძლიეროს თავისი პოზიციები როგორც აზერბაიჯანში, ისე მთლიანად რეგიონში; თანაც შეეცადოს, არბიტრის როლი ჩამოართვას რუსეთს.

“თურქეთი გმობს სომხეთის შეტევებს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანზე. ორი ქვეყნის საზღვარზე თავდასხმა მძიმე შეიარაღების გამოყენებით მიუთითებს იმაზე, რომ მომხდარი შეგნებული შეტევაა აზერბაიჯანზე. თურქეთი უყოყმანოდ გამოვა აზერბაიჯანის უფლებების დაცვისა და მიწის მიტაცების წინააღმდეგ”, _ განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ექსპერტთა აზრით, არ არის გამორიცხული, რომ თვით ერდოღანი ან თურქეთში არსებული პანთურქული ლობი შეეცადოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაციას. ეს შესაძლებლობას მისცემს ანკარას, არა მხოლოდ გააძლიეროს თავისი გავლენა ამიერკავკასიაში, არამედ გაითამაშოს “სამშვიდობო კარტი”, რათა მიღებული ბონუსები შემდეგ გადაცვალოს სხვა აქტორების მხრიდან (უწინარესად, რუსეთის) რაღაც დათმობებზე მეორე პოლიტიკური ურთიერთქმედების თეატრის სცენაზე, მაგალითად, სირიაში, ლიბიაში ან სულაც ორმხრივ ურთიერთობაში. და, თუ ერდოღანი ჩათვლის, რომ შეუძლია, ოპონენტს სუსტ წერტილში დაარტყას, სიტუაცია აუცილებლად გამწვავდება. ასე რომ, ანკარა ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის ესკალაციის ერთ-ერთი ბენეფიციარია.

რით შეუძლია რუსეთს თურქეთის “მოთვინიერება”, სამხედრო ძალის გარდა, რომელიც უკიდურესი და ბოლო ზომაა? თუ გავიხსენებთ რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო კრიზისს, რომელიც 2015 წლის 24 ნოემბერს რუსული “სუ-24”-ის ჩამოგდებამ გამოიწვია, ეს არის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესება თურქეთისთვის. სახელდობრ, სანქციებმა (აღსანიშნავია პუტინის ფრაზა “მხოლოდ პომიდვრებით ვერ გადარჩებიან”) აიძულა იმხანად ანკარა, უკან დაეხია, ანუ მოსკოვს აქვს რეცეპტი და ეს იცის ანკარამ. ამის მიუხედავად, ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და შეიძლება მოულოდნელი მიმართულებით განვითარდეს. შეძლებენ თუ არა მოსკოვი, ბაქო და ერევანი ახალი კონფლიქტის თავიდან არიდებას, ამას დრო გვიჩვენებს.

Ria.ru-სა და riafan.ru-ზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here