თითქოს სრულებით არ უნდა იყოს ძნელი იმის გამოცნობა, რა აქვს ტრამპს გუნებაში. ერთი შეხედვით ასეც ჩანს, რადგან პირდაპირ ეთერში ვუყურებთ და ვუსმენთ ინაუგურაციის დღიდან მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ეფექტიან პრაქტიკულ ნაბიჯებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლისთვის მიცემულ წინასაარჩევნო დაპირებებს იგი პირნათლად, გადაჭარბებითაც კი ასრულებს, რაც ჩვეულებრივ არ ხდება არც ერთ სახელმწიფოში და არ ხდებოდა არც ამერიკაში, ამიტომაც არის, რომ ტრამპს ჯერჯერობით ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა აქვს.
ტრამპის ლოზუნგი, გნებავთ, მოწოდება – „გავხადოთ ამერიკა კვლავინდებურად დიადი“, დიდ იმედს უსახავს შეერთებული შტატების ძირძველ მოსახლეობას, ჭეშმარიტ ამერიკელებს, მაგრამ არა იმ მილიონობით მიგრანტს, ანუ არალეგალს, რომლებიც კანონის გვერდის ავლით შევიდნენ შეერთებულ შტატებში და რომლებსაც დეპორტაცია ემუქრებათ ახლო მომავალში.
ტრამპმა აკრძალა სიტყვა „გენდერის“ ხსენება და დააკანონა მხოლოდ ორი სქესი – ბუნებით გაჩენილი მამაკაცისა და ქალის; აკრძალა ტრანსგენდერების მონაწილეობა სპორტსა და ჯარში, ტრანსგენდერული ქირურგიული ოპრაციები და ე.წ. ინკლუზიური პოლიტიკაც, რომელიც, ძირითადად, განსხვავებული სქესობრივი ორიენტაციისა და ტრანსგენდერების საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბრად ჩართულობას გულისხმობდა. კადრების შერჩევა–დანიშვნა პროფესიული მონაცემების მიხედვით უნდა ხდებოდეს და არა აბსურდული სქესობრივი ლიმიტითო, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა დაიწყო სახელმწიფო ხარჯების, უსაშველოდ გაბერილი ბიუროკრატიული შტატებისა და უსარგებლო ორგანიზაციების მაქსიმალურად შემცირება, ყველა მსხვილ ორგანიზაცია-დაწესებულებაში აუდიტი დანიშნა, ისეთებშიც კი, როგორებიცაა დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურები. პენტაგონი შემოწმებას უპირებს ფორტ-ნოქსში დასაწყობებულ ოქროს მარაგებსაც და დაპირებული, პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების ნაწილიც გამოაქვეყნა.
მიუხედავად საიდუმლო მასალების გასაჯაროებისა, არა მგონია, ტრამპმა კენედის მკვლელობის ხელახალი გამოძიება წამოიწყოს. ამ განზრახვას ხომ ჯერ კენედის ძმა – რობერტი შეეწირა, შემდეგ კი – ჯონ კენედი უმცროსი, ძალზე პოპულარული ახალგაზრდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას და გაპრეზიდენტების შემთხვევაში მეტად საშიში გახდებოდა კენედის დროშიც მოქმედ „დიფ სთეითისთვის“ (ამ საკითხზე საინტერესოა ერთი ფაქტი – მასალებიდან ირკვევა, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს (CIA)მოუთხოვია, საქმის მასალებიდან ამოეღოთ ყველაფერი, სადაც კი ისრაელი იყო ნახსენები). ვფიქრობ, ტრამპი არც 2001 წლის 9/11–ის ტერორისტულ აქტს გამოძიებს, რადგანაც ეს კიდევ დამატებითი საფრთხე იქნება პირადად მისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო და ისეთ საშინაო პოლიტიკას ატარებს, რომელიც ჩვენთვისაც (და სხვა ბევრი სახელმწიფოსთვისაც) მისაღებია და ამიტომ „ ქართულმა ოცნებამ“ გაბედულად გადადგა ნაბიჯები საშინაო პოლიტიკაში (კარდინალური ცვლილებებისთვის არასაკმარისი, მაგრამ მაინც საკმაოდ თამამი): მიიღო ე.წ. FARA (უცხოეთიდან დაფინანსებულების რეგისტრაციის) ამერიკული კანონი, დაიწყო „ნაცმოძრაობისა“ და მისი განაყოფი პარტიების მიერ ჩადენილი ფინანსურ–სამხედრო დანაშაულთა გამოძიება და კიდევ ბევრს გვპირდება.
ეს – ძალზე მოკლედ ტრამპისა და ჩვენი საშინაო პოლიტიკის შესახებ. რაც შეეხება მის საგარეო პოლიტიკას, მასში, სამწუხაროდ, ბევრი გაუგებრობა და შეუსაბამობაა, თანაც ჩვენთვის არცთუ სახარბიელო.
დავიწყოთ ტრამპის მიერ საჯაროდ გამოცხადებული გაუგონარი სამი გადაწყვეტილებით: შემოიერთოს მეზობელი, ტერიტორიით შეერთებულ შტატებზე უფრო დიდი (150 ათასი კვ. კმ-ით) და დამოუკიდებელი სახელმწიფო კანადა 51-ე შტატად (!) (ნებაყოფლობით ან, საჭიროების შემთხვევაში, ძალით); შემოიერთოს დანიის სახელმწიფოში შემავალი მსოფლიოში უდიდესი კუნძული გრენლანდია (ნებაყოფლობით, ძალით ან ფულით); „დესერტად“ კი დააყოლოს პანამის არხიც. ამ გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს ყველასთვის ადვილად გასაგები, ტრამპის მიერ დანარჩენი მსოფლიოსთვის მარტივად ახსნილი, მისებური „იურიდიული“ გამართლება: „ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები, მისი უსაფრთხოება“. ასეთ „მიზეზს“ მოფიქრება ხომ უნდა!
ყველას გვახსოვს ტრამპის დაპირება: არჩევის შემთხვევაში რუსეთ–უკრაინის ომს 24 საათში დავასრულებო, მაგრამ, სამწუხაროდ, მე-12 კვირა გადის და არავინ უწყის, როდის დასრულდება იგი. რატომ, რა უშლის ხელს? რა და, რუსეთსაც და უკრაინასაც თავიანთი, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები აქვთ წამოყენებული. რუსეთი მოითხოვს იმას, რასაც საომარი მოქმედებების დაწყებამდე ითხოვდა – უკრაინის დემილიტარიზაცია–დენაციფიკაციასა და ნატოში უკრაინის არმიღებას. გარდა ამისა, სამი წლის ომის შემდეგ, როდესაც ასიათასობით ჯარისკაცი დაკარგა და გამოუცხადებელ ომში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, უკვე დამატებით ითხოვს, თითქმის მთლიანად ოკუპირებული უკრაინის ოთხი ოლქის – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის – აღიარებას რუსეთის შემადგენლობაში. უკრაინა კი, თავის მხრივ, რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს ოკუპირებული ოლქებიდან და რეპარაციებს, არც დემილიტარიზაციას აპირებს და არც დენაციფიკაციას. ამერიკის, რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციების უკვე ჩატარებულმა რამდენიმე შეხვედრამ საუდის არაბეთში ჯერჯერობით არსებითი შედეგი არ გამოიღო. ვფიქრობ, არც გამოიღებს და, აი, რატომ:
როგორც წესი, ომში მარცხდება ის მხარე, რომელსაც ან ტყვია–წამალი გამოელევა, ან ცოცხალი ძალა, თუმცა უმნიშვნელოვანესი მაინც ტყვია–წამალია, რადგანაც მეომრები ხშირად უკანასკნელ ვაზნამდე იბრძვიან. დამარცხებული მხარე ნებდება და ხელს აწერს კაპიტულაციას, კარგავს ტერიტორიებს და წლობით იხდის შეწერილ რეპარაციებს, მაგრამ, როცა წლობით მიმდინარე ომში ვერც ერთი მხარე საგრძნობ უპირატესობას ვერ აღწევს, მაშინ მხარეები იძულებულნი ხდებიან, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და რაღაც კომპრომისზე წავიდნენ, ცხადია, ვისაც უპირატესობა აქვს, იმის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელდება ათეულობით (ზოგჯერ ასეულობით) მილიონი ადამიანისთვის უაზრო ომით გამოწვეული საშინელი ტრაგედია – ნგრევა, სისხლი და ცრემლი. სწორედ ამის მაგალითია უკრაინაში მიმდინარე ომი, როდესაც დასავლეთი (50–ზე მეტი სახელმწიფო!) იარაღით ამარაგებს უკრაინას და თან აგულიანებს: ომი აუცილებელია უკანასკნელ უკრაინელამდე, სხვანაირად რუსეთს ვერ დავამარცხებთო!
ბედად გამოჩნდა კაცი, ამერიკის ახალი პრეზიდენტი, რომელმაც ომის საწინააღმდეგო დაპირება-განცხადებებით ყველა მშვიდობისმოყვარე ადამიანს ომის დასრულების იმედი ჩაუსახა. ინაუგურაციის შემდეგ მან აქტიურად დაიწყო მუშაობა მხარეებს შორის მოლაპარაკებების გასამართავად, უპირველესად, იმისთვის, რომ უკრაინის მხარე აეძულებინა, მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო.
ტრამპის მიერ კანადა-გრენლანდია-პანამის არხის ხელში ჩაგდების (გნებავთ, მიერთების) შესახებ გაკეთებული განცხადებებით გამოწვეულ შოკს არ ჰქონდა გავლილი, როცა ახალი, კიდევ უფრო გაუგონარი, გნებავთ, „ჰუმანური“, „მშვიდობის“ მაუწყებელი განცხადებით „გაახარა“ მან დანარჩენი მსოფლიო: ორი მილიონი პალესტინელი უნდა გადავასახლო პალესტინიდან მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში და ნანგრევებად ქცეულ ღაზას სექტორში მაღალი დონის საკურორტო ზონა შევქმნაო. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ტრამპს არ დაუგმია ისრაელის მიერ პალესტინის მიწაზე ჩადენილი წარმოუდგენელი სისასტიკე – 50 ათასზე მეტი დახოცილი (ძირითადად, მშვიდობიანი მოსახლეობა), მიწასთან გასწორებული ღაზას სექტორი და დაბომბილი, ღია ცისქვეშ მყოფი, კარვებში თავშეფარებული, აბსოლუტურად დაუცველი ქალები, ბავშვები და მოხუცები. არათუ არ დაუგმია, პირიქით, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მაღალჩინოსნების (გენოციდში, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში მხილებულთა) დაკავების ორდერი გასცა, მან იქით შეუტია მოსამართლეებს – მოხსნითა და სანქციებით დაემუქრა. საქმე ის არის, რომ ტრადიციულად ნებისმიერი პარტიის (რესპუბლიკური თუ დემოკრატიული) პრეზიდენტობის კანდიდატი ისრაელის სახელმწიფოს უცხადებს უპირობო მხარდაჭერას. ეს იმას ნიშნავს, რომ, ვინც არ უნდა მივიდეს ისრაელის სათავეში და როგორი დანაშაულებრივი პოლიტიკაც არ უნდა გაატაროს, ამერიკა მაინც მის გვერდით იქნება ყველგან და ყოველთვის და მის მაგივრად იომებს კიდეც. ამის შესახებ პირველად 2000 წელს შევიტყვე ბუში უმცროსის კონკურენტის, პრეზიდენტობის კანდიდატ ელ გორის პროგრამიდან. პირველ პუნქტად მას ისრაელის უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა შეტანილი. ამ თითქოსდა უცნაურ მიდგომას მარტივი ახსნა აქვს: შეერთებულ შტატებში (და არა მხოლოდ ) საკვანძო პოსტები ებრაელების ხელშია, ებრაელთა ლობი ჯერადობით მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე აშშ–ში არსებული დანარჩენი 350 ლობი ერთად აღებული!
ტრამპის მმართველობის პერიოდში ბევრი არაფერი გვსმენია საქართველოს შესახებ, თუ არ ჩავთვლით არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველოს „მეგობრის“ – ჯო უილსონის მიერ კონგრესისთვის მომზადებულ კანონპროექტს, ე.წ. „MEGOBARI” აქტს. ასეთ სპეციალურად შეთხზულ სახელებს ჩვენსავით პატარა ერებისთვის (ძირითადად) მაშინ იგონებენ, როცა განზრახული აქვთ ხალხის „დაბმა“ ლამაზი სიტყვებით. არც შინაარსობრივად და არც სახელწოდებით ეს არ არის მეგობრული აქტი, მეგობრობასთან მას არაფერი აქვს საერთო. „MEGOBARI” ქართულად კი ჟღერს, მაგრამ იგი სიტყვა არ არის, ის აბრევიატურაა. აზრი არა აქვს ამ რვა ასოს გაშიფვრას, კარგს მაინც ვერაფერს გავიგებთ. „მეგობარ“ აქტს საფუძვლად უდევს არა მეგობრობა, არამედ პატრონყმური ქედმაღლობა. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთ ვირეშმაკულ ხერხს ამერიკელი ხალხისთვისაც იყენებენ განსაკუთრებულ შემთხვევებში: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ მიღებულ იქნა ე.წ. „PATRIOT“ აქტი, რომელიც ასევე აბრევიატურაა და მასაც ზუსტად ისევე აქვს საერთო პატრიოტობასთან, როგორც “MEGOBARI” აქტს მეგობრობასთან!
გარდა „სამეზობლო“ საგარეო პოლიტიკისა (კანადა, გრენლანდია, პანამა), მრჩეველებს ადვილად შეუძლიათ, დაარწმუნონ ტრამპი საქართველოს მიმართ ოკეანის გაღმა გასატარებელი პოლიტიკის (ისევ და ისევ „ამერიკის ინტერესებიდან“ გამომდინარე, ცხადია) აუცილებლობაშიც – იმაში, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის გლობალური პოლიტიკისთვის („ამერიკის უსაფრთხოებისთვისაც“), ვინაიდან საქართველოს დაკარგვით, რომელსაც, როგორც ავი ენები ამბობენ, რუსეთთან დაახლოება აქვს გუნებაში, ამერიკა, მთლიანად დასავლეთი, დაკარგავს ამიერკავკასიასაც (აზერბაიჯანს და დასავლეთისკენ მიტრიალებულ სომხეთსაც) და მათთან ერთად შუა აზიის ქვეყნებსაც, ხელიდან გამოეცლება ირანზე თავდასასხმელი საუკეთესო პლაცდარმიც, აქედან გამომდინარე, ამერიკის გავლენების მკვეთრი შესუსტებით რეგიონში. დასავლეთისთვის საქართველო კარია, ერთადერთი კარი კავკასიასა და შუა აზიაში შეუფერხებლად გასაჭრელად! ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ჩვენს მოსათვინიერებლად, „MEGOBARI” აქტს და „ძველებური“ ყაიდის მომავალ ელჩს ახალ სანქციებსაც თუ მოაყოლებენ.

ამერიკა ევროპასაც დაემუქრა: სამხედრო ძალებს გავიყვან გერმანიიდან და თავს თვითონვე მიხედეთო. ყველას ეგონა, რომ მშვიდობისმოყვარე ტრამპი ევროპის ნაწილობრივ დემილიტარიზაციას აპირებდა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ „ამერიკის ინტერესებიდან“ გამომდინარე (როგორც ყოველთვის), სამხედრო ბაზა თურმე უკან, სახლში კი არ გადააქვს, არამედ რუმინეთში, რუსეთთან და შავ ზღვასთან, რაც შეიძლება, ახლოს. არადა, 2022 წლის თებერვალში სტამბოლის მოლაპარაკებებისას რუსეთის მიერ ერთ–ერთ პუნქტად დაყენებული იყო ნატოს დაბრუნება 1997 წლამდე არსებულ საზღვრებში, ანუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან (ცხადია, რუმინეთიდანაც) ნატოს სამხედრო ბაზების გაყვანა.
თუკი მხედველობაში მივიღებთ ტრამპის საგარეო პოლიტიკას, კერძოდ, ზემოთ ნახსენებ ოთხ ძალზე მრავლისმეტყველ ფაქტს და მათ დავუმატებთ ტრამპის ვიდეომოწოდებას – დაიცვას გრენლანდია რუსეთისა და ჩინეთისგანაც; სენატორების ერთობლივ კანონპროექტს რუსეთის საწინააღმდეგო ახალი სანქციების შემოღების თაობაზე (იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს, ბუნებრივ აირს, ურანსა და სხვა პროდუქტებს იყიდიან, 500%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებას იმპორტზე!), აგრეთვე, ნატოს გენერალური მდივნის, რიუტეს, განცხადებას, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია არ მოხდებაო, რომელსაც აგვირგვინებს მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინის გამალებული შეიარაღება–გადაიარაღება, შეუძლებელია, ამ ყველაფრის შემყურეს ეჭვი არ შეგვეპაროს ტრამპის გულწრფელობაში, რადგანაც რუსეთთან აშკარად დაპირისპირებულ ამერიკას ხელს უფრო აძლევს რუსეთის ეკონომიკის გამომფიტავი ხანგრძლივი, მაგრამ მაინც ლოკალური ომი და არა მშვიდობა. უკრაინის ბედი კი, არა მგონია, მას ან ვინმეს უდნავ მაინც ანაღვლებდეს.
გავიხსენოთ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში და მომდევნო დღეებში ამერიკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები: მთელმა მსოფლიომ იხილა, როგორ დატუქსეს და დაამცირეს უკრაინის პრეზიდენტი (რომელსაც გამომეტყველებასა და ცხვირის ფხანაზე ეტყობოდა, რომ რაღაც ჰქონდა ნაყნოსი, რაც ამერიკელმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს) ამერიკის პრეზიდენტთან არადიპლომატიური შეტლიკინებისთვის, რომლის გამოც, შეიძლება ითქვას, იმავე წუთს დაატოვებინეს ოვალური კაბინეტი და ამერიკის ტერიტორიაც უკრაინის დელეგაციას. ასეთი საჯარო დასჯა, ამგვარი დიპლომატიური „პანჩური“ ევროპის უდიდესი სახელმწიფოს პრეზიდენტისთვის პირველად ვიხილეთ. ამას მოჰყვა ქმედითი ნაბიჯებიც: იმავე დღეს ამერიკამ შეწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, აკრძალა ევროპაში უკვე ჩატანილი იარაღის უკრაინისთვის გადაცემა, შეუწყვიტა ფინანსური დახმარება და საინფორმაციო კოსმოსური მეგზურობაც, რომლის გარეშე უკრაინის სამხედრო ძალები – არტილერია და დრონები, ფაქტობრივად, „დაბრმავდნენ“. ამით, რა თქმა უნდა, მყისვე ისარგებლა რუსეთმა. უკრაინისა და ევროკავშირის აბუზღუნებას, მათი მონაწილეობის გარეშე რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების გამო, ტრამპმა ასე უპასუხა: თქვენ რა გაქვთ სათქმელი?! თუ ომის დასრულება და მშვიდობა გსურდათ, ამისთვის მთელი სამი წელი გქონდათ, მაგრამ ხელი არ გაგინძრევიათო. გადის კიდევ რამდენიმე დღე და, ჰოი, საოცრებავ, ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა – უკრაინისთვის იარაღის, ფინანსებისა და სამხედრო ინფორმაციის მიწოდება განახლდა და დღესაც ინტენსიურად გრძელდება, უკრაინა კი, თავის მხრივ, ძვირფასი ლითონების წიაღისეულის მოპოვების კიდევ უფრო მძიმე პირობებზე დაეთანხმა მშვიდობისმყოფელ ამერიკას. რაც მთავარია, უკრაინის დელეგაციას უკვე ერთი-ერთზე შეხვდა ამერიკის მაღალი დონის დელეგაცია და ერთმანეთთან შეთანხმებული პირობები წარუდგინეს რუსეთს. არადა, თავდაპირველად ყველაფერი პირიქით იყო ჩაფიქრებული. როგორც ჩანს, ტრამპს ზელენსკის „ლამაზი“ თვალები გაახსენდა და მოლბა.
ტრამპს მხოლოდ ერთი-ორი კვირით რომ შეეწყვიტა (და არა ერთი-ორი დღით, როგორც გააკეთა) იარაღის მიწოდება და კოსმოსური დახმარება, უკრაინა ისევე დათანხმდებოდა ზავს რუსეთის პირობებზე, როგორც დათანხმდა იგი ამერიკის პირობებს უკრაინის წიაღისეულზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ შედის ამერიკის ინტერესებში, ამერიკის ინტერესებშია ლოკალური ხასიათის ომები, ისეთი, როგორიცაა რუსეთ–უკრაინის ომი და მოსალოდნელი ისრაელ–ამერიკის ომი ირანთან, რომლებიც არ გადაიზრდება მსოფლიო ომში.
ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო! სხვა ვარიანტიცაა შესაძლებელი (მსოფლიო ომში გადაზრდის ჩათვლით) – ისე განვითარდეს მოვლენები, რომ რუსეთმა არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღსრულებას მიაღწიოს, არამედ უკვე დაჟინებითაც კი მოითხოვოს ნატოს დაბრუნება 1997 წლამდე არსებულ საზღვრებში, ანუ იმ დროიდან გაწევრებული ყველა ქვეყნიდან ნატოს ბაზების გაყვანა! ასეთი კი 16 სახელმწიფოა. მოითხოვოს და მიაღწიოს კიდეც – გამორიცხული არაფერია!
ძნელია, არ დაეთანხმო ცნობილ ბულგარელ პოლიტოლოგ პლამენ პასკოვს შეფასებაში, თუ რატომ არ სურს ამერიკას მშვიდობა უკრაინაში: „ამერიკულ მხარეს არანაირი მშვიდობა არ ესაჭიროება, ამერიკულ მხარეს სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, საომარი მდგომარეობის გაუქმება ზელენსკის მხრიდან, ახალი არჩევნების დანიშვნა უკრაინაში, ზელენსკის გადადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის გაჯიუტდება და არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, უმკაცრესად დაისჯება. მას ესაჭიროება ბიკფორდის კაბელის შენარჩუნება, საკმაოდ დამოკლებულის და კარგად შეზეთილის, მაგრამ ისე, რომ ამ კაბელისთვის ცეცხლის წაკიდების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ოვალურ კაბინეტს ჰქონდეს“.
რუსეთისა და უკრაინის აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნების ფონზე, ასევე, ამერიკისა და ევროკავშირის განსხვავებული პოზიციების გამო, რთულზე რთულია ამერიკის უშუალო მონაწილეობით მიმდინარე მოპლაპარაკებებში რაიმე შეთანხმების მიღწევა და ომის დასრულება . მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ რაღაცნაირად მაინც მოხერხდება წარმოუდგენელი რამ და მაქსიმალურად შესრულდება რუსეთის მოთხოვნები: ყირიმსა და ოთხ ოლქს რუსეთის შემადგენლობაში ცნობენ, უკრაინას სამუდამოდ ეტყვიან უარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე, ნატო დაბრუნდება 1997 წლამდე არსებულ საზღვრებში, დაიდება ზავი და მოხდება უკრაინის დენაციფიკაციაც (ჩატარდა არჩევნები და მოვა ახალი, ამერიკა-ევროკავშირ-რუსეთისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები მთავრობა), როგორ ფიქრობთ, ჩამოვარდება კი მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ არ მოხდება უკრაინის დემილიტარიზაცია და ის შეინარჩუნებს თანამედროვე იარაღით აღჭურვილ 1,5–მილიონიან ჯარს? ასეთი მშვიდობა ძალზე მყიფე იქნება – ბიკფორდის ზონარის აალებას არაფერი შეუშლის ხელს (რაღა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესებში თუ იქნება) და ყველაფერ ამას ისე გააფორმებს დასავლეთი, რომ მსოფლიოს თვალში დამნაშავედ აუცილებლად რუსეთს გამოიყვანს.
რაღა დაგიმალოთ და უკვე „დიფ სთეითთან“ ტრამპის ბრძოლისაც აღარ მჯერა. როგორ?! – შეიცხადებს ზოგიერთი, – ამის შესახებ მან ხომ მოსვლისთანავე განაცხადა და მას შემდეგ ლამის ყოველდღე იმეორებს, დაერია რიგ ორგანიზაციებს და ზოგს დაფინასება შეუწყვიტა, ზოგიც კი საერთოდ გააუქმა, ამერიკა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოიყვანა და მისი დანაშაულებრივი საქმიანობაც ამხილა. ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ კენედი უმცროსმა ახლახან მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ ჯანმო ბილ გეიტსის ზეგავლენით მონაწილეობდა კამპანიაში, როდესაც კენიაში მილიონ ქალს ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთეს, სინამდვილეში კი ქიმიური კასტრაცია გამოიწვიეს. მსგავსი პროგრამები განხორციელდა ნიკარაგუაში, მექსიკასა და ფილიპინებზე. და, ასეთი, ქალებში უნაყოფობის გამომწვევი პრეპარატების შესაქმნელად ჯანმო თურმე ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავდა 20 წლის განმავლობაში. ტეტანუსის ვაქცინის შესახებ ერთი, კარგა ხნისწინანდელი მეცნიერულად დადგენილი ფაქტიც უნდა მოვიყვანო, პირველ რიგში, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის გასაგონად და შესაგნებად: არავითარი აზრი არ აქვს ტეტანუსზე აცრას, რომლის გამომწვევი ჩხირის სპორებით მილიონში ერთი ადამიანი თუ დასნებოვდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. რომელიც არ არის გადამდები და, ხუთჯერადი განმეორებითი აცრის მიუხედავად, იმუნიტეტი მაინც არ გამომუშავდება. დარწმუნებული ვარ, ბევრმა, მათ შორის მედიკოსმაც, არ იცის, რომ სხვა ინფექციებისგან განსხვავებით იმუნიტეტი არათუ აცრების შედეგად, ტეტანუსის გადატანის შემდეგაც კი არ ყალიბდება, ამიტომ ტეტანუსის კლინიკური ფორმის გამოვლენის შემთხვევაში ტოქსინის გასანეიტრალებლად ყოველ ჯერზე ანატოქსინის შეყვანაა საჭირო. ახლა ერთ კითხვაზეც გვიპასუხონ ხალხზე მზრუნველმა ჩვენმა ჯანდაცვის მესვეურებმა, მათ, ვისაც ვაქცინაციის საკითხებში „ჭიპი აქვთ მოჭრილი“ და პასუხის გაცემაც ევალებათ (თუმცა ადრე დასმულ კითხვებზე „მიღებული პასუხებიდან“ გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ისინი ამჯერზედაც „პირში წყალს დაიგუბებენ“): თუკი ტეტანუსზე აცრას არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოაქვს, მაშინ რა მოსაზრებით არის ეს ვაქცინა დიფტერია–ყივანახველას ვაქცინაში დამატებული, სტერილიზაციის მიზნით ხომ არა???
ასე დაწვრილებით იმიტომ შევჩერდი ტეტანუსის ვაქცინაზე, რომ იგი ამერიკის ჯანდაცვის მინისტრმა ახსენა და უფრო კი იმიტომაც, რომ ამაზე უკეთესი თვალსაჩინო, მრავლისმთქმელი და ბევრისთვის თვალის ასახელი მაგალითი არ არსებობს!
თითქოს თემიდან გადავუხვიე, მაგრამ არა! შეერთებული შტატები ტყუილად არ გამოიყვანა ტრამპმა ჯანმოდან. ჰოდა, ჩვენ რატომ არ ვბაძავთ ამერიკას? რა, უფრო განთლებული ვართ მედიცინაში, უფრო ინფორმირებული თუ უფრო ჭკვიანი? ჯანმოსი გვეშინია? და, # 1 სახელმწიფოს გვერდში ამოდგომის იმედი არ გვაქვს ამ საკითხში მაინც თუ რა?! ტრამპის გუნდის მიერ გამომზეურებულ ამ და ბევრ სხვა შოკისმომგვრელ და დაუჯერებელ ფაქტს ყურადღებით ვადევნებდი თვალს და ოპტიმიზმით ვიყავი გამსჭვალული დასაწყისში, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, მისი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩემი ოპტიმიზმიც გამუდმებით მცირდებოდა.
თეთრ სახლში შესვლამდე ყოველთვის გვესმოდა ტრამპის სიტყვები: „მე რომ ვყოფილიყავი, ეს ომი (რუსეთ-უკრაინის) არ მოხდებოდა“; „მე რომ მოვალ, 24 საათში დავასრულებ ომს“. მოსვლის შემდეგ: „24 საათი“, ბუნებრივია, გაქრა, გაჩნდა ახალი: „ეს ომი ბაიდენმა წამოიწყო, რომელიც მარიონეტი იყო დიფ სთეითის ხელში“, რაც აბსოლუტური სიმართლეა, მაგრამ ეს მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა და ისედაც ყველამ იცოდა; მთავარია ის, რომ ომის დასრულებას ტრამპი ცდილობს რუსეთზე ზეწოლით (მუქარითა და ახალი სანქციებით), რათა უკან დაახევინოს და უარი ათქმევინოს 2021 წლის დეკემბერში გაცხადებულ მოთხოვნებზე (იხ. ზემოთ). ტრამპი არ აპირებს რუსეთის ინტერესების, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მისი სამართლიანი მთავარი მოთხოვნის გათვალისწინებას – უკრაინის დემილიტარიზაციასა და ნეიტრალურ სტატუსს, პლუს ამას, თვითონ საპირისპიროდ იქცევა – აიარაღებს და აიარაღებს უკრაინას. ამის შემყურემ როგორ უნდა ირწმუნო, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და ძმათამკვლელი ომიც დასრულდება?! ეს ყოვლად შეუძლებელია!
სურვილის შემთხვევაში, 24 საათში თუ არა, 24 დღეში ნამდვილად შეეძლო ტრამპს ომისთვის წერტილის დასმა. ეს უკრაინისთვის ორი დღით დაწესებული სანქციებით უტყუარად დადასტურდა. რა გამოდის? თუკი ბაიდენმა წამოიწყო, ტრამპი განაგრძობს ან ვერ წყვეტს ამ ომს, ანდა მასაც აძლევს ხელს, ეს კიდევ უფრო სწორი ფორმულირება გამოვა. ომები კი დიფ სთეითის ხელწერაა. ტყუილად არ უწოდებენ მას „გლობალური ომის პარტიასაც“. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის იმ დროს პრეზიდენტი! ახლა, მოდი, ოდნავ სხვა კუთხით შევხედოთ ტრამპის გამოცხადებულ ბრძოლას დიფ სთეითთან. როდესაც პარლამენტს, რომელიმე სამინისტროს ან ორგანიზაციას და ა.შ. ახსნებენ, ბუნებრივია, პირველ რიგში, იმ ხელმძღვანელ ადამიანებს გულისხმობენ, რომლებიც იქ მუშაობენ, მაგრამ, როდესაც დიფ სთეითს ახსენებს ტრამპი, ვის გულისხმობს იგი? ეს არავინ იცის და არც ტრამპს გაუმხელია, ვის ებრძვის კონკრეტულად, ვისგან შედგება ეს „დიფ სთეითი“, სხვანაირად „სახელმწიფო სახელმწიფოში“? რადგან ბრძოლა გამოუცხადა, ე.ი., იცის, ვისაც ებრძვის. აბა, რაღაც უხორცოსა და უხილავ მისტიკურ ძალას ხომ არ უპირისპირდება? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული დასახელებისგან თავს იკავებს. ჩვენდა თავად, ნაწილობრივი განმარტების სახით დავამატებთ: „დიფ სთეითისთვის“ მუშაობს დიდზე დიდი არმია – მილიონობით ადამიანი (ათეულობით, ასეულობით მილიონი თუ რამდენი, ძნელი სათქმელია); ხელმძღვანელობაზე კი თამამად შეიძლება ითქვას შემდეგი: ისინი არც ათასობით ადამიანი შეიძლება იყვნენ, შესაძლოა, არც ასობით, მაგრამ ნამდვილად არ იქნებიან პროლეტარები, დასავლეთ საქართველოში „გაღლეტილებს“ რომ უწოდებენ! ვინ არ ახსენა ტრამპმა და ვის აღარ გაუთენა შავი დღე შინ თუ გარეთ, მაგრამ ერთხელაც არ უხსენებია წარმოუდგენელი ფინანსებისა და შესაბამისი ძალაუფლების მქონე უწყება, მსოფლიო ვალუტის – დოლარების მბეჭდავი ფედერალური სარეზერვო სისტემა (ბანკი), რომელიც სახელით (ფედერალური) სახელმწიფოსია, მაგრამ თითოეულ დაბეჭდილ კუპიურაზე ეს კერძო ბანკი სახელმწიფოსგან განსაზღვრულ პროცენტებს იღებს და, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, მის მმართველს ამერიკის პრეზიდენტი ვერ ნიშნავს – სარეზერვო სისტემის არსებობის 112 წლის განმავლობაში ეს ვერ მოახერხა ვერც ერთმა მათგანმა და ვერც ვერავინ ჩაერია მის საქმიანობაში. ოთხივე პრეზიდენტი, რომლებმაც ეს განიზრახეს, სიცოცხლეს გამოასალმეს.
ჰოდა, როდესაც ერთ ცნობილ ანუ არაფარულ „სახელმწიფო“ ბანკს ვერ მორევია ვერც ერთი პრეზიდენტი, სახელმწიფოს სადარი ძალის მქონე „დიფ სთეითთან“ დაპირისპირება, რომლის კონკრეტული სახელი ანუ შემადგენლობა უცნობია (თუმცა მისახვედრად ადვილი, მაგრამ გასაჯაროება დიდ რისკებთან დაკავშირებული) და რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მსოფლიოში (პირველ რიგში – ამერიკა–ევროპასა და რუსეთში) და მით უფრო მისი დამარცხება , როგორც ამას ტრამპი გვპირდება, არათუ ძალიან ძნელი იქნება, ვფიქრობ, შეუძლებელიც. მიზნის მისაღწევად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი სახელმწიფოს – აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი და ერთდროული(!) შეთანხმებული ძალისხმევა. სხვანაირად ეს ყველაფერზე წამსვლელი ძალა, თუ დასჭირდა, უსათუოდ მოახერხებს მათ წაკიდებას ერთმანეთთან და კაცობრიობის გადაჩეხვას მესამე მსოფლიო ომის უფსკრულში.
თუმცაღა, სამწუხაროდ, ერთის თქმა დაბეჯითებით შეიძლება: ამერიკისა და რუსეთის შეთანხმებული მოქმედება ნამდვილად არ აქვს ტრამპს გუნებაში!
იაკობ ლეჟავა
7 აპრილი, 2025
P.S. დავიტოვოთ იმედი, რომ წინასწარ დაწერილი დანაშაულებრივი სცენარით არგანვითარდება მოქმედება მსოფლიო არენაზე და, გადასაშენებლად არ ან ვერ გაწირავენ კაცობრიობას.
ი.ლ.