Home რუბრიკები საზოგადოება “ვიგინდარები თვითონ გამოდიან საზოგადოების წინ და თხოულობენ, თუ ყიდულობენ, არჩევნის კენჭებს”

“ვიგინდარები თვითონ გამოდიან საზოგადოების წინ და თხოულობენ, თუ ყიდულობენ, არჩევნის კენჭებს”

ამიტომ “მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ”

613
არჩევნები

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ როგორ?

ამ საკითხზექართულ ოცნებაშიცკი აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრების შედეგზე კი ვარაუდების გამოთქმას, სჯობს, ამჯერადაც ისტორიას მივუბრუნდეთ და ერის სასიქადულო შვილების თვალსაზრისს ჩავუღრმავდეთ, რომელიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს და სასარგებლო რჩევაცაა.

როგორც ცნობილია, პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1919 წლის თებერვალში გაიმართა. მაშინ მოსახლეობამ აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება. არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე პარტიული სიების მიხედვით ჩატარდა და მასში 15 პარტია მონაწილეობდა.

უფრო ადრე კი, 1897 წელს, აი რას ამბობდა დიდი ილია არჩევნების შესახებ: “იცოდეთ, რომ, ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვებედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც”.

 “აქ საზოგადოება კი არ ეძებს თავისი საერთო საქმეების პატრონს, მომვლელს და მოთავეს, – ვიგინდარები თვითონ გამოდიან საზოგადოების წინ და თხოულობენ, თუ ყიდულობენ, არჩევნის კენჭებს. აქ პარტიებიც გვყავს, უეჭველია, მაგრამ სულ სხვანაირი, ჩვენებური”. არ გეგონოს, მკითხველო, ეს სიტყვები დღეს ეთქვას ვინმეს, რადგან დღეს სწორედ მსგავსი სურათი გვიდევს ცხვირწინ. სამწუხაროდ, ამ პრობლემის წინაშე მდგარა ერი XIX საუკუნეშიც, რაზეც ასე წუხდა ნიკო ნიკოლაძე.

თუ რას გვიქადის 2020 წლის არჩევნების შემდგომი ოთხი წელიწადი, სწორედ რომ იმაზეა დამოკიდებული, ვის ჩავაბარებთ ძალაუფლებას, ვის ჩავუგდებთ ხელში ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქართველი კაცის სვებედს. ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ თითოეული ჩვენგანი კვლავაცთავსა და პირს იხოკდეს, ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო”?

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე: “ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია

“ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი, თუ ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ახლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედაქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ადგილი ყველაფერი, რითაც ბუნება მოსაწონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედაქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულდადებით არ ვექცევით, სიყვარულით, სიყვარულით არ ვპატრონობთ.

კანონმა ნება მოგვცა, ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო? იცოდეთ, დიდი ცოდვამადლი თანა სდევს არჩევანსა და, ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ, ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა.

იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია.

თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს, და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იეფი.

თქვენ გინდათ კაცი, რომ, რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქსებოდეს გულდაუდებლობით და უთავდარიგობითა.

ერთის სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვაგონა, და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.

გაერთიანებული ოპოზიცია

ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვალინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რასაც სინიდისი, ნამუსი, კაცური კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავის თავს, თავის ცოლშვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.

იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ”.

ივერია # 94, გვ. 1-2.

16 მაისი, 1897 .

ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე: არჩევანი ერის წყობილების და ბედის საძირკველია

ამ გაზაფხულზე ამ არჩევნებით მთელს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველა ჩვენს საზოგადო საქმეებს მიმართულება მიეცემა, სამი ან ოთხი წლის ვადით, ბედისკენ თუ უბედობისკენ, კარგისკენ თუ ავისკენ. ამ მდგომარეობაში დიაღაც საფიქრებელი და საზრუნველიც არის _ თუ როგორ უნდა მოიქცეს მამულის ერთგული შვილი, ან რა საქციელს უნდა სთვლიდეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და რას _ სავნებლად და სამარცხვინოდ.

ჩვენს დროში, მთელი კაცობრიობის აზრით, არჩევანი ერის წყობილების და ბედის საძირკველია. ყოველი განათლებული ხალხი უმთავრეს თავის ყურადღებას იმას აქცევს, რომ პატიოსანი და გონიერი კანონები შეადგინოს არჩევნების შესახებ და ყველა თავის არჩევნები წესიერად, გულწრფელად და სვინდისიანად მოახდინოს, ამ კანონების გადუხვეველად და გადუხდომელად. სადაც ეს მტკიცედ არაა დაცული, იქ არეულობის, მატყუვრობის და ძალადობის მეტი არაფერი მეფობს საზოგადო და საქვეყნო ცხოვრებაში. მცირედი უკანონობა ან გარყვნილობა არჩევნებში სწორედ იმნაირადვე რევს და შლის ერის საქმეებს და წყობილებას, როგორც საძირკველის გამოთხრა სახლს აზიანებს და კიდეც აქცევს ხოლმე. ამ მიზეზით განათლებულ ქვეყნებში ერთი ნამცეცი მოქრთამვა, ძალადობა ან უკანონობა რომ შეამჩნიონ კენჭისყრას, მაშინვე დაარღვევენ არჩევანს და ხელმეორედ ახალს ნიშვნენ. თვითონ საზოგადოების თვალშიაც მიუტევებელ ბიწიერებად, თითქმის მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება რიგიანობის მცირეოდნად შელახვა არჩევნის დროს. რასაკვირველია, ყოველი პატიოსანი კაცი განსაკუთრებით იმას ნატრობს, ცდილობს და ეძებს, რომ ხალხის საკუთარი და თავისუფალი სურვილით იქნეს ამორჩეული, ერის ნების ნამდვილი წარმომადგენელი გახდეს, და არა მატყუვრობით ირქმევდეს ამ სახარბიელო სახელს.

საცა არჩევანს ასე რიგიანად აფასებენ და უფრთხილდებიან, იქ კენჭის-ყრა ან მისგან გამოწვეული პარტიების ბრძოლა საუკეთესო სკოლაა ქვეყნის წარმატებისათვის. იქ ამ ბრძოლის წყალობით თანდათან უმჯობესდება ქვეყნის ზნეობა, და მთელი ხალხი ნელ-ნელა დიდძალ მეცნიერებას თუ გამოცდილებას იძენს საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ საქმეებში. ამასთანავე ერი ცნობილობს თავის მოწინავე პირებს, მეთაურებს, და, რამდენიმე აუცილებელ შეცდომებს შემდეგ, მართლა ხეირიანების ამორჩევას ეჩვევა. იგებს, ვინ სად ან რაში არგებს და გამოადგება. მაშინ მისი საზოგადო საქმეებიც წესიერ გზაზე დგება, ღირსეულ კაცებს ჰბარდება. მარტო ამ გზით ხერხდება ამ საქმეების წარმატება და ხალხის კეთილ დღეობის დამყარება.

ჩვენშიაც რომ ამნაირად უყურებდეს ხალხი არჩევნების საქმეს, ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, ვინემ ეხლა ვართ. მართალია, ჯერ-ჯერობით დიდი-რამ არაფერი აქვთ გადასაწყვეტი ან გასარიგებელი ჩვენ-მიერ ამორჩეულ პირებს. რაც კი რამ უმთავრესია ჩვენის ქვეყნის ცხოვრებაში, რასაც კი ნამდვილი გავლენა აქვს ჩვენის ერის ბედზე და მომავალზე, იმას ვერ სწვდება ჩვენში ამორჩეული პირების ასპარეზი. მაგრამ ყოველთვის ხომ ასე არ იქნება, და ყოველგან ხომ სწორედ ასე იყო, რომ ამორჩეულების ასპარეზი თანდათან ფართოვდებოდა, მარტო დაკავებული ასპარეზის გონიერად ხმარებით, გამოყენებით. დიდი-რამ არაფერი გვაქვს ჯერ, მართალია, მაგრამ არც სულ დასაწუნი და შეუმჩნეველია ის, რაცა გვაქვს. უფრო ყურ-საგდები აქ ის არის, რომ ჯერ, რაცა გვაქვს, იმითაც ვერ გვისარგებლნია, და ის ასპარეზიც არ დაგვიმუშავებია, რომელზედაც თავისუფლად ტრიალის ნება და შეძლება გვაქვს. მცირედი ვერ მოვიხმარეთ, დიდს რას მოვუხერხებთ?

…ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს საზოგადო საქმეებს “პატრონები” რომ ჰყავდეთ, ამისთანა მარცხი როდი დაემართებოდათ. რიგიანი პატრონი, ხომ, თავის საქმეს ისე უვლის, ყოველთვის, რომ არც დროს ჰკარგავს, არც შემთხვევას, და რაც უფრო ხეირიანად ხმარობს ამ დროს, ან რაც უფრო სრულად სარგებლობს შემთხვევით, მით უმჯობესად მიდის მისი საქმე. განათლებულ ქვეყნებში, საცა საზოგადოება თუ ერი თავისი საქმეების მმართველებს თვითონ ირჩევს, ყველას ესმის, რომ პატრონი უნდა უპოვონ და აურჩიონ ამ საქმეებს, ისეთი რიგიანი პატრონი, რომელიც საერო საქმეს სწორედ ისე მოუვლის, თითქო მისი საკუთარი იყოს: დროს დაუკარგველად, შემთხვევის გაუშვებლად. ამისთვისაც იქ, არჩევანი რომ დადგება, საზოგადოება თვითონ ეძებს, თვითონ ჰფიქრობს: ნეტა ამ ალაგზე ვინ იქნება უმჯობესი, უგონიერესი, უპატიოსნესი პატრონი ჩვენი საზოგადო საქმისაო. ეძებს, და არჩევს უმჯობესს. ამიტომაც მიხედეთ, აბა, მის საქმეებს: საცა გინდათ და არ გინდათ, ყველგან რიგიანი კი არა, უწარჩინებულესი მოთავეები უყენიათ, საქმის მცოდნენი, საქმეზე ერთგულნი, მუყაითნი. რაღა გასაკვირველია, რომ იქ საზოგადო თუ საერო საქმე კარგად და ღირესულად მიდიოდეს? უკეთესებს, უმჯობესებს ირჩევენ ყოველთვის საქმის მოთავედ…

ადვილიც არის იქ, კერძო მოკენჭესთვის, მიგნება, თუ ვინ ემჯობინება ამა და ამ ადგილზე. კენჭის-ყრის რამდენიმე კვირის წინათ თვითეული სოფელი თუ უბანი თითო სანდო კაცს გზავნის საერო კრებაზე: ერთად ვარჩიოთ, ვის უყაროთ კენჭიო, ვინ გამოვიყენოთ კანდიდატადო. თვითეული პარტია თავ-თავის კრებას ჰმართავს. კრება მოიწვევს იმ პირებს, ვისაც არჩევის ღირსად სთვლის და მათ შეხედულობას, მათ აზრს, სურვილს თუ განზრახვას ცნობილობს და ადარებს. მაშინ მის წინ შესანიშნავი და ამაღლებული შეტაკება ხდება ხოლმე სხვა-და-სხვა აზრებისა და მიმართულებისა, ის შეტაკება, რომელიც, ფრანგული ანდაზით, ჭეშმარიტებას ჰბადავს. თვითეული მაძიებელი არჩევნისა გამოდის და კრებას თავის შეხედულებას, რწმუნებას, განზრახვას, პროგრამას უხსნის. მთელი მისი წარსული, მაშინ, ამ კრებას წინ ირჩევა და ისინჯება. მერე, როცა ყველასი წარსული საქციელი და მომავალი პროგრამა მკვიდრად გადითვალიერება, კრება სწყვეტს: ერს კანდიდატად ეს პირი წარვუდგინოთო. ამ სახით, კენჭის ყრის დღეს ხალხს წარდგენილი ჰყავს სხვა-და-სხვა მიმართულების კანდიდატები: მოწინავე პარტიის კრება მას თავის კანდიდატს ურდგენს, კონსერვატორების კრება _ თავისას, და სხვ. ყველასი ღირსება, წარსული, მიმართულება მტკიცედაა აწონილი და გამოკვლეული. ამ “უმჯობესებიდან” ხალხი, კენჭის-ყრის დღეს იმას ირჩევს, ვისი აზრი და რწმუნებაც უფრო შეეფერება მეკენჭეების უმრავლესობას. მაგრამ, ვინც უნდა შეიქნეს ამორჩეული, მარცხენა მხრის კანდიდატი, თუ მარჯვენისა, უეჭვო კია, რომ ყოველ შემთხვევაში ღირსეული კაცი იქნება არჩეული, რადგანაც არცერთი პარტია ხალხს ისეთს კანდიდატს არ წარუდგენს, რომელსაც მისი შერცხვენა და სახელის გატეხა შეეძლოს…

ჩვენში არჩევნები სულ სხვაფრივ იმართება. აქ საზოგადოება კი არ ეძებს თავისი საერთო საქმეების პატრონს, მომვლელს და მოთავეს, _ ვიგინდარები თვითონ გამოდიან საზოგადოების წინ და თხოულობენ, თუ ყიდულობენ, არჩევნის კენჭებს. აქ პარტიებიც გვყავს, უეჭველია, მაგრამ სულ სხვანაირი, ჩვენებური. აქ საქვეყნოდ, აშკარად, როდი ვინ არდგენს კრებას, არცარავინუმჯობესს ეძებს”. აქ გამოხტება, ვინც 346 თავზე ხელაღებულია და აღარაფრის მორიდება არა აქვს, და პარტიასირდგენს”, სწორედ ისე, ძველს დროშისაშოვნელადწამყოლია ამხანაგობის გამოწვევა რომ იცოდნენ. “საშოვარიადგილი ყოფილაო, საზოგადო სამსახურისა, ჩინებული ჯამაგირით, პატივიც დიდი აქვს, თურმე, სახელიც და გავლენაცაო. არიქა, ვიშოვნოთ; მარჯვე ბიჭი ვინცა ხართ, ეხლა გამოჩნდებაო! შეიყრის ასე თავს რამდენიმე ამხანაგი ან მეზობელი, და პლანს დააწყობს: ჩუმად, მალულად, ისე, რომ ვერავინ გაიგოს, მიეპარონ საერო კრებას, კენჭის ყრას, და უცბად შევარდენსავით ფრთა ჰკრან და ბრჭყალი სტაცონსაშოვარ ადგილს”. კანდიდატს არც წარსული აქვს თვალსაჩენი, არც არაფერი ღვაწლი მიუძღვის საზოგადოების წინაშე. მისი სახელი, ამ საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, და მთელი მხარისთვის, სრულიად უცნობია. საზოგადოებას და ქვეყანას გაგებაც არა აქვს, თუ რა რწმუნებისა, რა მიმართულებისა, რა პროგრამისაა ეს კანდიდატი. რა მოუქმედნია, რას იზამს, ვინ იცის! განათლებულ ქვეყნებში კანდიდატს საზოგადოების წინ რომ ყოველთვის თავდებები ჰყავს, მისი გამოყვანილი, მისი განზრახვის მცოდნენი. აქ, ჩვენში, ახალ გამოხტომილ კანდიდატებს თავის ნათესაობის მეტი თანამოაზრე და თავდები არავინა ჰყავს. რისი თავდებობა, სადაური პროგრამაო. ისმის ყოველგან ჩვენში; ან წარსული რად უნდა კაცს, ან ღვაწლი, ან გავლენა: მთელი საქმე კენჭში ყოფილაო. კენჭი იშოვნე ბლომად, მეტს ნურას ეძებ, მეტი არაფერი ყოფილა თურმე საჭიროო. კენჭი, კენჭი, მარტო კენჭი. თუ თავის ნებით არ მოვიდეს მეკენჭე, მოიყვანე, მოიქრთამე: თვლაში ყველა ერთნაირად გამოდგება, დიდი და პატარა, გულრწფელი და ნაქირავები, კარგი და ავი

სამწუხარო აქ მარტო ის როდია, რომ ჩვენი საზოგადო საქმეები ოხრად, უპატრონოდ, გვირჩება, უმთავრესი თვისება ჩვენი არჩევნებისა ის არის, რომ მარტო თანამდებობის პირებს კი არ ვირჩევთ. განათლებულ ქვეყნებში ბანკის მმართველი, მაგალითად, მარტო ბანკის მმართველია, მეტი არაფერი, ამიტომ რომ იქ საზოგადოებას, ერს, ქვეყანას თავ-თავისი ინტერესების გამომთქმელად, დამცველად და მომვლელად ბევრი სხვა დაწესებულება აქვს და წარმომადგენელი ჰყავს. ჩვენში, კი ბანკის მეტი რომ არა გვაბადია-რა, ბანკის მმართველს ათასნაირი ტვირთი ჰმართებს საზოგადოების და ერის წინაშე. იმ მიზეზით, რომ ჩვენს საერო საქმეებს ჯერ საკუთარი წყობა და მართვა არ მიჰნიჭებია, ჩვენი საერო ინტერესების ტვირთი ამ ჟამად ჩვენგან ამორჩეულ პირებს აწევს ზურგზე. მათ ხელშია _ ან მათ ხელში უნდა იყოს _ ჩვენი წარსულის განძის დაცვა, ჩვენი ეხლანდელი შრომის წინამძღოვრობა, ჩვენს მომავალ ბედზე მზრუნველობა. ამ მძიმე ტვირთს და პასუხისგებას კაი მაგარი ბეჭი სჭირია. როგორიც მეთაური გვეყოლება არჩეული, ისეთიც მსვლელობა ექნება ჩვენს საერო საქმეს, და ისეთივე პატივი გვეღირსება მეზობლებისა და უცხოელებისგან… უცხოეთის და უცხოელების თვალში ჩვენი წარმომადგენელი მარტო იმით კი არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენი წარმომადგენელია, თავის თავითაც ცოტათი მაინც ცნობილი უნდა იყოს რითამე, რომ ყველას ესმოდეს: ქართველები ღირსეულ კაცებს ირჩევენ თავიანთი საქმის მოთავედო, გონიერება დევს მათი არჩევნების საძირკვლად, და არა თვალთმაქცობა ან ცრუ-მორწმუნეობაო. ასე თუ არ იქნა, და ვიგინდარები ვირჩიეთ, მათი უძლურება და სისუსტე მალე დაუმტკიცებს მთელ ქვეყანას, რომ ქართველები თავის წარმომადგენლებზე ბევრად უფრო სუსტი და უძლური ყოფილანო…

მოამბე, 1894 .

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here