Home რუბრიკები პოლიტიკა “ვერცხლის მედალს” ოქროს ფასი დაედო

“ვერცხლის მედალს” ოქროს ფასი დაედო

1073
ალეკო ელისაშვილი

წინასაარჩევნო ბრძოლა თბილისში დასკვნით ეტაპზეა. “ქართული ოცნებისკანდიდატ კახა კალაძის გამარჯვება ეჭვს არ იწვევს, თუმცა ჭიდილი მეორე ადგილისთვის უფრო დრამატული გახდა. “ნაციონალური მოძრაობადაევროპული საქართველოგააქტიურდნენ, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას.

ლიდერი კანდიდატებიდან ელისაშვილს, ალბათ, ყველაზე ცუდად დაგეგმილი კამპანია აქვს. შესაძლოა, მას არც ესმის, რომ პიარ-სვლების ერთობლიობა, თუნდაც თითოეული მათგანი ფრიად შედეგიანი იყოს (მას ნამდვილად აქვს საინტერესო მიგნებები), წინასაარჩევნო კამპანიას არ ქმნის _ ეს ქართულ პოლიტიკაში ფართოდ გავრცელებული შეცდომაა. ამის გამო, პირვანდელი უპირატესობა, რომელსაც ელისაშვილი ფლობდა, გადამწყვეტ მომენტში შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, “ვერცხლის მედლისბედს ხმების სულ რაღაც 5-6% გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილი ხშირად პოულობს მისი იმიჯისთვის მომგებიან გადწყვეტილებებს, მას არ აქვს საკმარისი რესურსი და არ შეუძლია კვალიფიციურ გუნდს დაეყრდნოს. წინასაარჩევნო კამპანია, უპირველესად, მოითხოვს სისტემურობას, სტრატეგიულ დაგეგმარებას, რომელიც ალეკო ელისაშვილის მოქმედების უკან არ იკითხება.

ნაცმოძრაობისკანდიდატის კამპანიაც ბოლო მომენტამდე საკმაოდ უღიმღამო შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ჩანს, პარტიის დაშლისა და ზოგადი კრიზისის ფონზე, “ნაცმოძრაობისლიდერები პრიორიტეტების თაობაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. როდესაც მიზნები მკაფიოდ განსაზღვრული არ არის (ვერც იქნებოდა, რადგან პარტია ამ ეტაპზე სრულ გაურკვევლობაშია), როგორც წესი, იბადება ცუდი გეგმები, რომელთა ავტორები ერთდროულად ყველა მიზნის მიღწევას ცდილობენ. აქ მიზანშეწონილია ერთი “სამხედრო მეტაფორის” გამოყენება. თუ ერთ მონაკვეთზე თავს დიდი რაოდენობის ძალებს მოვუყრით, იმის ალბათობა, რომ მის მტრის თავდაცვით ზღუდეებს გავარღვევთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება, რასაც შეიძლება საერთო წინსვლა მოჰყვეს, მაგრამ თუ ამის ნაცვლად შევეცდებით, უფრო ძლიერ მოწინააღდეგეს მთელ ფრონტზე შევუტიოთ, შეიძლება მძიმე მარცხი განვიცადოთ.

პირველ ეტაპზე უდუმაშვილის კამპანია სწორედ “ფრონტალურ” ხასიათს ატარებდა _ ორიგინალური სტრატეგიული იდეები არ ჩანდა, ხოლო ტაქტიკა შაბლონური იყო. შემდგომ ნაციონალებს შეეშინდათ, რომ მეორე ადგილს დათმობენ, რაც ნეგატიურად აისახება მათთვის ესოდენ მნიშვნელოვან “მთავარი ოპოზიციური ძალის” სტატუსზე; მათ დაინახეს, რომ ელისაშვილი უდუმაშვილს უსწრებს, ხოლო “ევროპული საქართველო” ხმების არცთუ დიდ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს. რადიკალიზაციისკენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ შიშმა უბიძგა. მათ სცადს, დაპირისპირება ქუჩაში გადაეტანათ და ხელისუფლების მთავარ, შეურიგებელ ოპონენტებად წარმოჩენილიყვნენ.

სანამ ამ პრიმიტიული, მაგრამ გარკვეულ ვითარებაში გამართლებული ხერხის ავკარგიანობას შევეხებით, ორიოდე სიტყვა, ალბათ, “ევროპულ საქართველოზეც” უნდა ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ თავისი კანდიდატის კამპანია, ნაციონალებზე უკეთ დაგეგმეს. აქ საქმე სხვა პრობლემასთან, ერთგვარ ფსიქოლოგიურ ხაფანგთან გვაქვს. ევროქართველები” (იგივენეონაცები”) მოქმედებენ ისე, თითქოს ძველინაცმოძრაობისრესურსებს აკონტროლებენ და უშუალო კონკურენტებს არაფრით ჩამოუვარდებიან. მაშინ, როდესაც “ევროპული საქართველო” ამ ეტაპზე თავკომბალას მოგვაგონებს _ დიდი თავით და საკმაოდ სუსტი “სხეულით”, ანუ პარტიული სტრუქტურებით, საშუალო და დაბალი რგოლებით. მთავარი პრობლემა, ამ შემთხვევაში, არა სტრატეგიის შემუშავებაში, არამედ მის რეალიზაციაშია.

ადგილობრივი არჩევნები “ევროპული საქართველოსთვის” ერთგვარი ,კასტინგია. სააკაშვილის რეჟიმის კრახიდან ხუთი წელი გავიდა და მისი ძველი პარტნიორები დასავლეთში მივიდნენ დასკვნამდე (როგორც იქნა), რომვარდების რევოლუციისშედეგად აღზევებული გუნდი ჩიხში შევიდა და წინსვლა აღარ ძალუძს. მნიშვნელოვან როლს ამაშიუსახელურო ჩემოდნად”, შემაფერხებელ ფაქტორად ქცეული მიხეილ სააკაშვილი ასრულებს. გიგა ბოკერიამ და მისმა თანაგუნდელებმა დაინახეს ეს მცირე დაბნეულობა დასავლეთში და ცდილობენ, თავი მთავარ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინონ. ამ არჩევნებში მათ უნდა აჩვენონ, რომ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. იმის ალბათობა, რომ მათი კანდიდატი უდუმაშვილს აჯობებს, ძალზე მცირეა, მაგრამ, თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ რესპუბლიკელებსა და სხვა ჯუჯა პარტიებზე გაცილებით დიდი გავლენა აქვთ, ხოლო, იზოლაციაში მყოფი ნაციონალებისგან განსხვავებით, დინამიკური განვითარება შეუძლიათ, გამორიცხული არაა, ბევრმა დასავლელმა პარტნიორმა მთავარ თანამოსაუბრედ სწორედ “ევროპული საქართველო” აირჩიოს, რასაც “ნაცმოძრაობის” შემდგომი დაკნინება მოჰყვება.

ნაციონალები, რომელთაც ეს, ბუნებრივია, არ სურთ, ოქტომბრის დასაწყისში აკეთებდნენ ყველაფერს, რათა ხელისუფლებას ისინი (მარტივად რომ ვთქვათ) ეცემა. საპროტესტო აქციაზე გამოსულთა სამარცხვინოდ მცირე რაოდენობის მიუხედავად, საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვა სცადეს, ხოლო ერთ-ერთი აქტივისტი არწმუნებდა ტელემაყურებლებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ნაცმოძრაობის” დანაშაულებრივი წარსულის გათვალისწინებით, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ არჩევნების წინ თავის აქტივისტებს თვითონ სცემენ ან სულაც მოკლავენ. ნაციონალები, ერთი შეხედვით, “წაუგებელ თამაშს” თამაშობდნენ _ “ქართული ოცნების” მომხრეები ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებს ამდენის უფლებას აძლევს, ხოლო “ნაცმოძრაობის” პროპაგანდისტები აქციის მონაწილეებს პრინციპულ და მამაც მებრძოლებად წარმოაჩენდნენ. ,ნაციონალებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ იმის იმედი, რომ ხელისუფლება ჭარბ ძალას გამოიყენებდა, რაც მათ ტირანული რეჟიმის მიერ სიმართლისთვის წამებულებად წარმოაჩენდა, თუმცა აქ ჩვენ უნდა დავსვათ ძალზე მნიშვნელოვანი კითხვა: ვის თვალში?

კატალონიაში, სადაც ძალზე საინტერესო მოვლენები ვითარდება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს, რეფერენდუმის დღეს, არაპროპორციული ძალა გამოიყენა და ამით სეპარატისტებს მათთვის სასურველი “კარტინკა” აჩუქა _ პოლიცია ურტყამს ადამიანებს, რომელთაც ხმის მიცემა სურთ, ანუ ლამის “დემოკრატიას სცემს”. საინტერესოა, რომ ადგილობრივი კომენტატორების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდებოდა. საქმე ისაა, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ სეპარატისტებთან ურთიერთობაში ფორმალურ-იურიდიული მიდგომა აირჩია _ ნებისმიერ მოთხოვნას ის პასუხობდა კანონის ამკრძალავ მუხლზე მითითებით ან სასამართლოს დადგენილებით, ხოლო მუშაობას საზოგადოებრივ აზრთან ნაკლებ ყურადღებას აქცევდა (განსხვავებით დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან შოტლანდიის რეფერენდუმის პერიოდში). სწორედ ამან დაარწმუნა სეპარატისტები იმაში, რომ რეფერენდუმის დღეს მადრიდი შაბლონურად იმოქმედებდა. ესპანური პოლიციის ნებისმიერ ნაბიჯს კანონი ამყარებდა, მაგრამ კანონიერი არ ნიშნავს მიმზიდველს ან მომგებიანს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ძალა გამოიყენა, ბევრი კატალონიელი (და უცხოელი) სეპარატისტების გულშემატკივარი გახდა, მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინათ, გამოკითხვების თანახმად, დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები მომხრეებზე დაახლოებით 7-8%-ით მეტნი იყვნენ. პოლიციის მოქმედებამ სიტუაცია შეცვალა, კატალონიელების დიდი ნაწილი გაღიზიანდა და სეპარატისტებთან შეხების წერტილები იპოვა _ მათ კი სწორედ ეს სჭირდებოდათ.

კატალონიაში, საქართველოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის თქმის არ იყოს, “შუა გაკრეფილი არაა”. იქ საკმაოდ ბევრია მოქალაქე, რომლებიც შუალედურ პოზიციას იკავებენ და ცდილობენ, პრობლემას ცივი გონებით მიუდგნენ (თუმცა ეს, მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, დიდხანს, ალბათ, არ გაგრძელდება). ჩვენთან იმ ადამიანების უმრავლესობისთვის, რომლებმაც 2012-ში ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცეს, “ნაცმოძრაობა” (და “ევროპული საქართველოც”) მკვლელებისა და ყაჩაღების პარტიაა. სააკაშვილის თანამოაზრეები სრულ ჭეშმარიტებას რომც ღაღადებდნენ და ამისთვის ინკვიზიციის კოცონზე დაწვან, მათ მიმართ თუნდაც მცირე სიმპათიას მაინც არ გამოხატავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამომრჩევლები, რომლებიც “ნაცმოძრაობასა” და სხვა ძალებს შორის მერყეობენ, საერთოდ არ არსებობენ. მათი რაოდენობა მცირეა, მაგრამ სოციოლოგიური მონაცემების შეჯერება შესაძლებლობას გვაძლევს, სადღაც 7-8%-იან რეზერვზე ვისაუბროთ. ეს არც ისე ბევრია, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ უდუმაშვილმა ელისაშვილი “ჩააჩოჩოს” და, მისთვის საუკეთესო ვარიანტში, მეორე ტურშიც გავიდეს.

ნაციონალები ცდილობენ იმ მომხრეების “გაღვიძებას”, რომლებმაც ამდენი მარცხის, პარტიის დაშლისა და სააკაშვილის “გაბომჟების” შემდეგ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს. “ევროპულ საქართველოსთან” გასაყოფი ელექტორატი სინამდვილეში არც ისე მრავალრიცხოვანია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა “ნაცმოძრაობისთვის” ახლა ნებისმიერი ელექტორალური “ნამცეცი” მნიშვნელოვანია. არის ახალგაზრდების მცირე ნაწილი, რომლებმაც არ იციან, რას წარმოადგენდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გაიჟღეროს, არიან ადამიანები (ცოტა, მაგრამ მაინც), რომლებიც ხმას ნაციონალებს ივანიშვილის ჯინაზე მისცემენ, იმიტომ, რომ იმედები გაუცრუა, ხოლო ორპოლუსიანი მოდელის იქით ვერაფერს ხედავენ და ა.შ.

ნაცმოძრაობამწინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისში დაკარგა დრო, რომელიც მიზნობრივი კლასტერების გაღრმავებულ პროპაგანდისტულ დამუშავებას სჭირდებოდა და ახლა ამ შეცდომის გამოსწორებას, როგორც ჩანს, ისტერიული მობილიზაციის ხარჯზე ცდილობს. არანაირი მწყობრი გეგმა ამის უკან, სავარაუდოდ, არ დგას _ მხოლოდ ინტუიცია და გამოცდილება. ელისაშვილს, პრინციპში ერთიც აქვს და მეორეც (ასე თუ ისე), მაგრამ, მისი გუნდის სისუსტიდან გამომდინარე, ის, პრაქტიკულად, მარტოა და მასნაცმოძრაობის” (დასუსტებული, ნაწილობრივ დაშლილი, მაგრამ მაინც) პარტიული სისტემა უპირისპირდება.

ალეკო ელისაშვილი უკვე ვერ მოასწრებს იმ სისტემური მანკიერებების აღმოფხვრას, რომლებიც მის კამპანიას ახასიათებს. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, მოახერხებს თუ არა ის თამამი ტაქტიკური გადაწყვეტილებების მოძებნას, რომელიც მეორე ადგილის დაკავებაში დაეხმარება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here