Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: სჯობს, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ… რა დარჩენია საქართველოს ნატოში, მით...

ვასილ ჭიჭინაძე: სჯობს, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ… რა დარჩენია საქართველოს ნატოში, მით უმეტეს, როცა თვით ნატო აღარავის სჭირდება?!

4033
ვასილ ჭიჭინაძე

11-12 ივლისის ნატოს სამიტისა და ტრამპიპუტინის 16 ივლისის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომლებსაც საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია, ახალარჩეული პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა. “საქართველოს ინტეგრაცია ნატოში არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად ვიღებთ, როგორც ეს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა აღნიშნა. ნატოში საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს შესვლის შესახებ კონსენსუსის ხარჯზე მიიღწევა. ახლახან ბრიუსელში გამართულ სამიტზე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, გახდეს ალიანსის წევრი,” _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი თქვა, რომ რუსეთს უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში შევლენ, და საქართველოს კიდევ ერთხელ შესთავაზა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება:

_ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, რათა სიტუაცია დაებალანსებინა ან რუსეთი შეეშინებინა, ეჩვენებინა, რომ საქართველოს ნატოში მიღების თემა დახურული არ არის. ამასვე აკეთებენ ნატოს წევრი ქვეყნებიც; მათ არ სურთ, აღიარონ რუსეთის გავლენა ვითარებაზე. ბახტაძის ჩასვლა ნატოს სამიტის შემდეგ ბრიუსელში გათვლილი იყო საქართველოში მოქმედ პროდასავლურ და პროამერიკულ ძალებზე, რომლებსაც ანგარიშს უწევენ. სხვა მიზეზი ბახტაძის იქ ჩასვლისა ვერ დავინახე, რადგან ნატოს სამიტმაც და ამერიკის პრეზიდენტის საუბარმაც ნათლად დაგვანახვა, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი დახურულია, თუმცა საღად მოაზროვნე ადამიანებმა ეს ისედაც იცოდნენ.

ქვეყანამ, რომლის დიდი იმედიც გვაქვს, 27 წელიწადია, პრაქტიკულად უარი გვითხრა ნატოში შესვლაზე. დონალდ ტრამპი ჯერ დაიბნა, როდესაც “ჯორჯია” ახსენეს, მერე თქვა, რომ “საქმე ცუდად გვაქვსო”.

მას შემდეგ, რაც ნატოს სამიტიც და პუტინი-ტრამპის შეხვედრა საქართველოსთვის არაფრის მომტანი აღმოჩნდა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და არა მხოლოდ მან, განაცხადა, რომ ნატოს სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველო ორჯერ ახსენა; ჩათვალეს, რომ პუტინი შეშინებულია და იძულებულია, გვახსენოს. არადა, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო იმიტომ ახსენა, რომ ჩვენი საქმე გადაწყვეტილია და ჩვენთვისვე სჯობს, მას დაველაპარაკოთ.

საქართველოში უკვირთ, როდესაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ლიდერი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის, ჩვენებისთვის ეს უცხოა და ამიტომ ვერ ხვდებიან, რომ პუტინიც და სხვა პრეზიდენტებიც თავიანთი ქვეყნების ინტერესებზე მაღლა არავის აყენებენ.

არ მესმის, ვერც ვერავინ ამიხსნის და დამაჯერებს, რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი მოწადინებული იყოს, სხვის კეთილდღეობაზე იზრუნოს, ისე, რომ თვითონ იზარალოს.

რუსეთი ელცინის რუსეთი აღარ არის, უდიდესი ქვეყანაა და ძალიან მძლავრი. ამ ქვეყანას ამერიკა ანგარიშს უწევს, ამიტომ დროა, მიხვდეს ჩვენი ხელისუფლება, რომ საქართველოში ნატოს ჯარი არ შემოვა, არ დაუშვებს ტრამპი იმას, რომ ამერიკელი ჯარისკაცები რუსეთის ჯარს დაუპირისპირდნენ. სჯობს, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და რუსეთისთვის მუშტის მოღერებას მოვრჩეთ.

რას ემსახურებიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ნატოს კარი ღიაა, თანაც ამდენი წელიწადი? ისეთი ვიწროა ნატოს კარი, რომ ვერ ვეტევით თუ ჩვენ გავსუქდით ძალიან? ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მოგვცეს ასპირანტის თუ რაღაც ჯანდაბის წოდება თუ ტიტული, მას შემდეგ 10 წელიწადი გავიდა და დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის საკითხი, თანაც ჩვენი ყველაზე დიდი ლობისტი ამერიკა ხელს იბანს ამ საქმისგან, ამაზე ხომ უნდა დავფიქრდეთ? ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ გიგა ბოკერიამ თქვა: ნატოს ამბავი დასრულდაო; პრემიერი კი სტოლტენბერგთან ერთად ისევ გაიძახოდა: პერსპექტივა დიდია და ჩვენ ამ გზაზე სიარულს განვაგრძობთო…

_ თქვით, ბახტაძე ბრიუსელში იმიტომ წავიდა, რომ პროდასავლური ძალების მოლოდინი არ გაამტყუნოსონუთუ ამ ძალების წარმომადგენელი ისე ბევრი დარჩა, რომ მათ საამებლად პრემიერი ძალისხმევას არ იშურებს?

_ საკმაოდ დიდი პროცენტი რუსეთზეა განაწყენებული. ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და ამიტომ რუსეთის მიმართ აგრესია არსებობს, ამის უარყოფა არ შეიძლება. შესაძლოა, ხალხს აუხსნა, რომ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების გასაღები რუსეთის ხელშია, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ, რადგან მიდის პროპაგანდა: ევროპა ყურადღებას იმიტომ აღარ გვაქცევს, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება რუსეთისკენ იხრებაო. ესენიც, შეშინებულები, ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროპასა და ამერიკას რამე გამოსტყუონ. არადა, წამოსაღები უკვე წამოღებული გვაქვს. გვახსოვს, რომ ნატოს ყოველი სამიტის შემდეგ ყოველთვის რაღაც ახალი ფურცელი მოჰქონდათ ხოლმე _ ხან ასპირანტის, ხან მაპზე უკეთესის და ა. შ.

_ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ნატო საქართველოსთვის თავდაცვის ქოლგაა, ნატოს თუ სჭირდება საქართველო?

_ ნატოს საქართველო არ სჭირდება. ჩვენ გვარწმუნებენ: საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ისეთია, ნატო უჩვენოდ დაიღუპებაო, მაგრამ ასე არ არის. საქართველოს არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოსთვის, მას ამ რეგიონში ჰყავს ჯარი _ თურქეთში ნატოს უძლიერესი ჯარია განლაგებული. რუსეთთან ურთიერთობებსაც აგვარებს ამერიკა. ასე რომ, ახლა საქართველო არავის სჭირდება. ერთმანეთთან დაპირისპირება დიდ სახელმწიფოებს ხელს არ აძლევს, სიმშვიდე უნდა ყველას. გარდა ამისა, პუტინმა სირია არ დათმო, არ დათმობს საქართველოსაც და ეს უნდა შეიგნონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, უცხოელებმა კი, დიდი ხანია, შეიგნეს.

ჩვენ ვართ, მგონი, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს არ ელაპარაკება. პუტინმა კიდევ ერთხელ მიიწვია საქართველოს პირველი პირები მოსალაპარაკებლად, მაგრამ მერე რა?

დიპლომატიაში ორი გზა არსებობს _ ომისა და მოლაპარაკების. ჩვენ, ვიდრე რუსეთში ჩავალთ, შორიდან უკვე მუქარას ვუთვლით, ულტიმატუმის ენით ველაპარაკებით. აქედანვე იწყებენ საუბარს, რომ, რუსეთმა, რასაც შეგვპირდა, არ გააკეთა და მისი ნდობა არ შეიძლებაო, მაგრამ ვერავინ ამბობს, როდის რას დაგვპირდა რუსეთი. ჩავიდნენ რუსეთში ქვეყნის პირველი პირები, მივიდნენ პრეზიდენტთან და დაელაპარაკონ, მით უფრო, რომ კაცი ამბობს ხაზგასმით, _ ლაპარაკი შეიძლება ყველაფერზეო. არავის აქვს ილუზია, რომ ტერიტორიებს ხვალვე დაგვიბრუნებს, მაგრამ ბევრი რამის დადებითად გადაწყვეტაა შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში, უნდა დაელაპარაკონ, მერე გაგვაგებინონ, რაზე ისაუბრეს და ხალხი გადაწყვეტს, გვიღირს თუ არა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. ჩვენ ხომ არ ვიცით, რას გვთავაზობს პუტინი?!

_ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ხშირად გვეუბნებოდა, _ რუსეთს დაელაპარაკეთო, ჩვენ სალაპარაკოდ მაინც არ მივდიოდით. პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ ამის ნებას ამერიკა და ევროპა არ გვაძლევენო. ახლა როგორ იქნება: ისევ შეგვიშლიან ხელს რუსეთში სალაპარაკოდ ჩასვლაში?

_ არა, ახლა ხელს აღარავინ შეგვიშლის. ტრამპის პოზიცია აშკარაა, ხელის შემშლელი ფაქტორები აღარ იქნება. წარმოუდგენელია, ქვეყანამ იძახოს, _ დამოუკიდებელი და სუვერენული ვარო და სხვისი მითითებებით იმოქმედოს; შენს ჭკუაზე ვერ ილაპარაკო ქვეყანასთან, რომელთან საუბარიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პოლიტიკა და დიპლომატია ვაჭრობაა. ჩვენც უნდა ვივაჭროთ, გვყავდეს დიპლომატები, მოაზროვნეები, ქვეყნის მოყვარული ადამიანები; ჩვენც უნდა დავიკისროთ საკუთარ თავზე რაღაც და ყველას დავანახვოთ, რომ დამოუკიდებლები და თავმოყვარეები ვართ. არსებობენ ჩვენსავით პატარა ქვეყნები, მაგრამ ჩვენსავით თავდახრილები არ არიან.

_ ჩვენ გვახსოვს იმ ქვეყნების ბედი, რომელთაც გარისკეს და ცუდ დღეში ჩაცვივდნენ, მაგალითად, საბერძნეთი. რომ გავრისკოთ და უარესი მოხდეს? რუსეთი დაგვიცავს?

_ ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, თურქეთს ჩვენი მიწები მიაქვს, აგერ ოზურგეთამდე მოვიდნენ… ასეთ ვითარებაში ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა რუსეთთან მიდის, მას უნდა დაველაპარაკოთ. შემდეგ დასკვნა გავაკეთოთ _ უნდა გვქონდეს თუ არა რუსეთის იმედი? რასაც ვუყურებ, პუტინი “სიტყვის კაცის” შთაბეჭდილებას ტოვებს _ რასაც ამბობს, აკეთებს. მგონია, თუ ჩვენ მის ინტერესებში მოვხვდებით, დაიცავს ჩვენს ქვეყანას. აფხაზებსა და ოსებს ხომ იცავს? გაიხსენეთ, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში საზღვართან რუსის ჯარი რომ იდგა და თურქეთიდან ჩიტი ვერ შემოფრინდებოდა… რუსის ჯარი უძლიერესია, განსაკუთრებით დღეს. მათი ეშინიათ, ეს ასე რომ არ იყოს, სირიას ვინ დათმობდა.

_ ამბობენ, დეკემბერში პუტინთან შეხვედრას გეგმავენოროგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან?

_ ივანიშვილი, მაგრამ მას სტატუსი არ აქვს, ამიტომ პრეზიდენტი უნდა გახდეს. პუტინთან უნდა წავიდეს გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი, ის სხვას არავის დაელაპარაკება. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ივანიშვილსაც აძლევს ხელს, მას სიმშვიდე და დაცული ქვეყანა სჭირდება, საქართველოში ივანიშვილი დაცულია და ამიტომ იზრუნებს, რომ აქ სიმშვიდე იყოს, სხვაგან ის ვერ იცხოვრებს. ივანიშვილისა და პუტინის შეხვედრას რეზონანსი ექნება…

_ ამბობენ, ივანიშვილი მას შემდეგ წამოვიდა საქართველოში, რაც პუტინი გახდა პრეზიდენტიო

_ ფიქრობთ, გამოექცა პუტინს? არა მგონია… მათ მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ, სხვაგვარად რუსეთიდან ფულს ვერ წამოიღებდა, გარდა ამისა, პუტინმა საქართველოს მოლაპარაკება მას შედეგ შესთავაზა, რაც ივანიშვილი მოვიდა, მიშას დროს ამას არ აკეთებდა, პირიქით, განაცხადა, რომ არ დაელაპარაკებოდა საქართველოს, მაგრამ ახლა უკვე მერამდენედ გვითვლის, რომ ჩავიდეთ.

რუსეთის ეს შემოთავაზება ბოლო შანსია ჩვენთვის. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ პუტინმა ტრამპთან შეხვედის შემდეგ გააკეთა ჩვენი მიწვევის განცხადება. არ ვიცით, რაზე ილაპარაკეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, მაგრამ მგონია, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და დაველაპარაკოთ მეზობელ ქვეყანას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიოში ვითარება იცვლება. დავფიქრდეთ: შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ამის მეტი შანსი აღარც მოგვცეს…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

3 COMMENTS

  1. რავქნათ მთაავრობაში ნუთუ არაგვყავს კაცი რომელსაც ანალიზის უნარი ააქვს?ნუთუ ვერხედავენ რომ ისევ რუსეთთან დაპირისპირებისკენ მიჰყავთ ქვეყანა, საინტერესოა ვისი იმედით,თუვისმეს გონია რომ რუსეთს ჩვენი ერთიციცქნა ქვეყნის გულისთვის ან ამერიკა დაუპირისპირდება ან ევროპა ძალიან ცდება, მეტიც ასეთ კაცს მთავრობაში რაუნდა?

  2. მთლიანად ვეთანხმები ბ–ნ ვასილ ჭიჭინაძის მოსაზრებებს. ჩვენს უძლიერეს ჩრდილოელ მეზობელთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარება სასიკეთოდ წაადგება საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

  3. რუსეთთან ურთიერთობის განახლების გარეშე გამორიცხულია__ქვეყნის სიმშვიდე, პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრა . ნუთუ ხელისუფლებაში არ მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც პერიოდულ ანალიზს დადებენ ქვეყანასთან მიმართებაში, იმის გამო რომ მსოფლიოში იცვლება ყოველდღიური პოლიტიკური სიტუაციები, რომ პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმივითაა და არას არგებს ქვეყანას ერთი და იგივე საკითხებზე __ჩაციკვლა__ყველაფერი ამის გამო უნდა გვყავდეს პოლიტიკური მიმომხილველები და ქვეყნის მოსახლეობას ამცნობდნენ რა ხდება ყოველდღიურად და რაშია გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ხდება პირიქით, ხალხის ზურგს უკან მიდის გაუთავებელი საიდუმლო შეხვედრები და რის მოლოდინში უნდა იყოს ხალხი__არავინ იცის …….ვთხოვოთ ხელისუფალთ იყვნენ უფრო გახსნილები ხალხთან და თუ ბრამე სერიოზული სახელმწიფოებრივი საქმეებია დე იყოს საქმის კურსში მოსახლეობა ….უმძიმეს პოლიტიკურ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, ამას ემატება უმუშევრობა, სიღატაკე, ეს ყველაფერი ძნელი გადასატანია და სხვა მხრივ მაინც დაედოს პატივი ხალხს და გვამცნონ__რა გველოდება წინ ან რას უნდა ველოდოთ .!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here