Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა ევროპარლამენტის გვეშინია, ევროსასამართლოსი გვეშინია, ვენეციის კომისიის...

ვასილ ჭიჭინაძე: რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა ევროპარლამენტის გვეშინია, ევროსასამართლოსი გვეშინია, ვენეციის კომისიის გვეშინია, ელჩის გვეშინია, არასამთავრობოების გვეშინია…

1377
ვასილ ჭიჭინაძე

რამდენიმე თვეა, ხელისუფლების ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელმაც კონტიტუციაში ძირეული ცვლილება უნდა შეიტანოს, კონტიტუციაში, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში უკვე მესამედ იცვლება. ამ პროცესს დიდი ხმაურით ხვდება ქვეყნის მოსახლეობა

2016 წლის ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებიდან რვა თვე გადის. “ქართული ოცნებასაკონსტიტუციო უმრავლესობით არის ხელისუფლებაში. ამ ვითარებას პოლიტოლოგებიც, პოლიტიკოსებიც და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც პროგნოზირებდნენ. თუმცა დასძენდნენ, რომ შესაძლოა, “ოცნებამმეორე საპარლამენტო ვადა ვეღარ დაასრულოსოსოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი წერს, რომსაქართველოს მთავრობის თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი”. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე გვესაუბრება.

_ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რვა თვე გავიდა. უკვე შესაძლებელია დასკვნების გამოტანა. მივიღეთ თუ არა ის შედეგი, რომელსაც ველოდით?

_ რაც სურდა მმართველ გუნდს, მიიღო _ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მუდმივად დარჩეს.

ხალხი ისე დაბრმავებულია, რომ დღემდე გაიძახის _ ეს მთავრობა წინაზე უკეთესიაო. ოღონდ ეს უკეთესობა რაში გამოიხატება, ნამდვილად არ ვიცი. სხვაობა ამ ორ ხელისუფლებას შორის არის ის, რომ ესენი ცოცხებით არ დასდევენ პატიმრებს. თუ მხოლოდ ეს იყო ქართველის ოცნება, მაშინ აგვსრულებია; მაგრამ, თუ უკეთეს მომავალზე ვფიქრობდით, შედეგი ნულია.

ყველაფერი ისევ ისე კეთდება, როგორც ნაცების მმართველობის პერიოდში. დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, მათ შორის, პარლამენტში, თანაც “ოცნების” კვოტით, კვლავ ნაციონალები სხედან და, აქედან გამომდინარე, უკეთესობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს _ ირგებენ კონსტიტუციას საკუთარ თავზე, სასამართლო მაგათია, პროკურატურა ხელისუფლებას ექვემდებარება.

აუქმებენ პარტიების ბლოკებს, მაშინ, როდესაც თვითონ სწორედ ასე მოვიდნენ ხელისუფლებაში. არგუმენტებს ასახელებენ, რატომ არ ვარგა “ბლოკებით” არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ყველამ ვიცით სიმართლე: წვრილ-წვრილი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად გავლენ, ამისთვის ხელისუფლება კაპიკებს გადაუგდებს, ისინი კი იმ კაპიკებით ბარიერს ვერ გადალახავენ. სამაგიეროდ, გადანაწილებული ხმების შედეგად სახელისუფლო გუნდი, ხმების რამდენი პროცენტიც უნდა მოიპოვოს, საკონსტიტუციო უმრავლესობას მაინც მიიღებს. კონსტიტუციით მიწის გაყიდვას აკანონებენ, მიწის, რომელიც ისედაც ერთი მუჭაღა დარჩა. ამერიკაში სულ 2% მიწის გაყიდვის უფლება აქვთ და ისიც ჯერ არ გაუყიდიათ. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ნათლად დავინახავთ, რომ წინა ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის განსხვავება არ არის.

2012 წლის არჩევნებამდე რაზეც საუბრობდნენ, რასაც მართლა საქმის კეთება ერქვა და მოხიბლა მოსახლეობის დიდი ნაწილი, ახლა აღარც ახსენებენ. საუბარი იყო ბანკების პროცენტების კონტროლზე, წამლების ფასების კონტროლზე… ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ აქ ჩამოიყვანდა ისეთ ფირმებს, რომლებიც ამ პროცესებს დაარეგულირებდნენ. მსოფლიოში არ არსებობს ჩვენნაირი საბანკო სისტემა, ჩვენი ბანკირები მევახშეები არიან. მეტიც _ ხელისუფლებაში გვყოლია მევახშეები: პენსიას არ უმატებენ, ფასებს არ ამცირებენ. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, შესაძლებელია, ენერგომატარებლებზე ფასები გაიზარდოსო. ოპტიმიზაცია გამოაცხადეს, ხალხი გაყარეს სამსახურებიდან, იმის ნაცვლად, რომ არაფრისმაქნისი სამინისტროები გაეუქმებინათ და დეპარტამენტებად გადაეკეთებინათ, ხარჯები შეემცირებინათ, ადამიანები უმუშევარი დატოვეს. ქვეყანას მილიონამდე ლტოლვილი ჰყავს და კიდევ ბინებიდან ასახლებენ ოჯახებს რომელი ერთი უნდა დაასახელო… რა ქნას ხალხმა, ამაზე არავინ ფიქრობს. ხელისუფლებაში მყოფებს ხომ ჯერ კონსტიტუცია აქვთ მოსარგები, თანაც ისე, რომ ვეღარაფერმა წააქციოს.

მიკვირს იმ ხალხის, რომელიც მაინც ამბობს, ეს ხელისუფლება წინაზე უკეთესიაო. სულ მხსნელის მოლოდინში ყოფნა არ შეიძლება. საკუთარ თავს ჩვენვე უნდა ვუშველოთ. რუსეთს ერთ რამეს ვუჩივი ყოველთვის: გაგვაფუქსავატეს, გაგვაზარმაცეს და გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, საქმე აკეთოს, ჩვენ კი ბანტიანი გიტარით ვისხდეთ და ვიქეიფოთ.

_ ხალხი ხედავს, რომ, რუსეთმა ყველაგაგვაფუქსავატა”, ამერიკა მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ 150 ადამიანს აფუქსავატებს. ხალხს სურს, მთავრობასავით იცხოვროს

_ არქიფო სეთური გახსოვთ, ალბათ, რომ ამბობს, _ ამისთვის ორი გოჭი არ უნდა მიმეცა, გაძღა და მე დამიპირისპირდაო? მთავრობას არ უნდა, შენ რომ მოძლიერდე. ძლიერს სხვა მოთხოვნები გაუჩნდება. ღარიბისა და ღატაკის მართვა ადვილია. ელიტამ იცის, ფულით ყველაფერს გადაწყვეტს, ამერიკასაც ხელს აძლევს ასეთი ელიტა.

9 აპრილიდან დღემდე რა მივიღეთ, რას ვზეიმობთ? 27 წელი გავიდა და, რისთვისაც ვიბრძოდით, არაფერი გვაქვს. ჩვენ არ ვართ დამოუკიდებლები და სუვერენულები. ჩადის ჩვენი ქვეყნის პირველი პირი თურქეთში და საქართველოს დროშა არ ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ სუვერენული ქვეყანა არ ხარ, თურქეთი თავისად მიგიჩნევს _ დროშა არა კვახი. დიდგორობა არ აღნიშნოთო, _ გეუბნებიან და ხელისუფლებაც უსიტყვოდ ასრულებს მათ მოთხოვნას. აი, თუნდაც ამ საკითხშიც არ არის მიშასა და ახლანდელ პირველ პირებს შორის განსხვავება. ორივე ერთნაირად ასრულებს ბრძანებებს, თავმოყვარეობა არ აქვთ.

_ დიპლომატი ხართ და პროტოკოლი კარგად გეცოდინებათ, ამიტომ შეგეკითხებით _ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრისას პრემიერი კვირიკაშვილი ფეხზე იდგა, ხოლო ტრამპი მაგიდასთან იჯდა. ეს ნორმალურია?

_ პროტოკოლით ასე არ ხდება. ვიზიტი, როგორც ვიცი, ოფიციალური არ იყო, მათ ერთმანეთი შემთხვევით ნახეს, ისე, როგორც მიშა ხვდებოდა ხოლმე, შემთხვევით. ტრამპი ფეხზე რომ არ ადგეს, რა გასაკვირია, როცა თურქეთმა ოფიციალურ შეხვედრაზე ჩვენი დროშა არ გამოფინა. ასეთი ფაქტები ჩვენს უთავმოყვარეობასა და უსუსურობაზე მეტყველებს. ან რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა ევროპარლამენტის გვეშინია, ევროსასამართლოსი გვეშინია, ვენეციის კომისიის გვეშინია, ელჩის გვეშინია, არასამთავრობოების გვეშინია

ახლა ხალხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, აუცილებლად უნდა ამოიღოს ხმა, ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების უფლება, მაგრამ, როგორც ჩანს, დავუძლურდით, იმედი დავკარგეთ, თორემ, როცა შეგვეძლო, ასიათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში გამსახურდიას, შევარდნაძისა თუ სააკაშვილის წინააღმდეგ…

_ ენდიაიმ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. მის ციფრებსა და პროცენტებში იმხელა ცდომილებაა, რომ კვლევის შინაარსზე ლაპარაკიც კი ზედმეტია

_ არ მგონია, ამ კვლევებს ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს. მათ მიერ გამოკითხული ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია. ამ ენ-დი-აისაც ვერ ვიშორებთ თავიდან, იმასაც ვერ მივაღწიეთ, ამერიკულმა ინსტიტუტებმა რომ არ აგვიბნიოს თავგზა.

ენ-დი-აის ბოლო კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ, თუ ადამინს დაჰპირდები, _ შენს სახელს არ გავაცხადებ, ოღონ სიმართლე თქვიო, და ისიც ამბობს, რაც სურს, ანუ _ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყოო, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის გარკვეული, არცთუ მცირე ნაწილი ჯერ კიდევ შეშინებულია და ხმის ამოღებას ვერ ბედავს. აი, ეს დავინახე ბოლო კვლევებში.

_ ჩვენნაირ ქვეყანას როგორი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს?

_ თუ ქვეყანა საპარლამენტო ხდება, მაშინ პრემიერმინისტრი რატომ უნდა იყოს პირველი პირი, არ მესმის. პირველი პირი პარლამენტის თავჯდომარე გამოდის, ასეა იმ ქვეყნებში, რომლებშიც საპარლამენტო სისტემა აქვთ, სხვა საქმეა შერეული სისტემა.

პრეზიდენტი ვინ იქნება და რა ძალაუფლების მქონე, მნიშვნელობა არ ექნება, თუკი კონსტიტუციას იმ ცვლილებით მივიღებთ, რომელი ცვლილებებიც იგეგმება, რადგან ერთი ადამიანი იქნება ერთპიროვნული მმართველი, მალე ჩვენ “ხაზეინის” ხელში ვიქნებით.

ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. აქ კი “მე ვარ და ჩემი ნაბადის” პრინციპია. ჩვენი საშველი არ იქნება, თუ მართლაც მორჩილად შევხვდებით ამ ყველაფერს.

ასე რომ, გავიმეორებ იმას, რაც თავში ვთქვი:

წინა და დღევანდელ ხელისუფლებებს შორის განსხვავება არ არის _ მმართველობის პრინციპი ერთი და იგივეა, დაპირებებიც _ იგივეისიც გვატყუებდა და ესეც გვატყუებს; არც იმას უნდოდა ხელისუფლების დათმობა და არც ამას სურს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც იმ ხელისუფლებაში იყვნენ, ახლაც ხელისუფლებაში არიან. თუმცა ეს არ მიკვირს, რადგან ივანიშვილი თავის დროზე ამბობდა, რომ ბევრი მათგანი მოსწონდა, მაგალითად, ადეიშვილი, მერაბიშვილი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ “ევროპული საქართველო” “ოცნების” სატელიტია და ფულიც სწორედ მათგან აქვთ. ფული ნაციონალებს აქვს, მაგრამ ამდენი არ უნდა ჰქონდეს ბოკერიას გუნდს. დრო ყველაფერს წარმოაჩენს. ფაქტია, რომ ხელისუფლება რეგრესისკენ მიდის.

“თავისუფლად ვსუნთქავთ” არ არის გამართლება, ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც აპირებენ, მალე სუნთქვის საშუალებასაც არ მოგვცემს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here