სირიის ხელისუფლების სათავეში მოსულმა ახალმა ძალამ, რომელმაც ბაშარ ალ–ასადის ხელისუფლება დაამხო და რომელიც დასავლეთმა დემოკრატად შერაცხა, ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა (ძირითადად ალავიტები და ქრისტიანები) დახოცა.
ახლა რას მოიმოქმედებს კოლექტიური დასავლეთი, ჯერ ცნობილი არ არის. ჩვენი ბედოვლათი ე.წ. პოლიტოლოგები ამბობენ, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ,,ფეიკი” კადრები ვრცელდება, სინამდვილეში კი იქ მხოლოდ მსუბუქი შეტაკებებია ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.
21-ე საუკუნეში ქრისტიანების წამებას ვუყურებთ _ სირიის ხელისუფლების სათავეში მოსული ტერორისტები ჯვარზე გაკრულ ქრისტიანებს ხვრეტენ და გენოციდს ახორციელებენ რელიგიური ნიშნით…
სირიაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვასილ პაპავა:
_ ბოლო დღეებში სირიაში აგორდა ძალადობის მორიგი ტალღა, რომელიც ახალი მთავრობის მიერ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ–ასადის, ერთგული ძალების მიმართ რეპრესიულ კამპანიასთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა მონაცემით, ამ მოვლენებს 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმრავლესობაც მშვიდობიანი მოქალაქეა.
ძირითადი შეტაკებები მოხდა სანაპირო პროვინციებში _ ლატაკიასა და ტარტუსში, სადაც ალავიტების უმცირესობა ცხოვრობს. ალავიტები ასადების ოჯახს მიეკუთვნიან.
ვრცელდებოდა ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, მასობრივი მკვლელობის შესახებ. სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ–შარაამ ყველას სიმშვიდისა და ეროვნული ერთობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შექმნის კომისიას მომხდარის გამოსაძიებლად, მაგრამ ვითარება კვლავ დაძაბულია _ რეპრესიები დღემდე მიმდინარეობს.
სირიის მოვლენები სერიოზულ კითხვებს აჩენს საერთაშორისო საზოგადოების როლზე და იმაზე, რა შედეგები მოაქვს საგარეო ჩარევებს დემოკრატიის სახელით. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირია არასტაბილურ მდგომარეობაშია. ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ახერხებს წესრიგის უზრუნველყოფას, ხოლო შეიარაღებული დაჯგუფებები მასობრივ დანაშაულს სჩადიან.
ალავიტებისა და ქრისტიანების მიმართ წარმოებული რეპრესიული კამპანია აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპები ხშირად შერჩევით გამოიყენება. საერთაშორისო საზოგადოება არ ჩქარობს ამ მოვლენებში ჩარევას, რაც შეიძლება მიუთითებდეს ან საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარების სურვილის ნაკლებობაზე, ან გეოპოლიტიკურ გათვლებზე, რომლებშიც ჰუმანიტარული საკითხები მეორე პლანზე გადადის.
რას მოიმოქმედებენ დასავლელი ლიდერები? სავარაუდოდ, ისინი განაგრძობენ გამართლების ძებნას ან დაელოდებიან ვითარების უფრო გაუარესებას, შემდეგ კი ამას თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენებენ.
_ სირიაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთმა და აშმ–მა გაეროს უშიშროების საბჭოში კონსულტაციების სასწრაფოდ გამართვა მოითხოვეს… არის იმის ალბათობა, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურად ჩაერიოს სირიაში მიმდინარე პროცესებში? სირიელ ქრისტიანებს ხომ დღესაც რუსების იმედი აქვთ?
_ რუსეთი დღეს დიდწილად უკრაინის საკითხითაა დაკავებული და ძნელია იმის თქმა, რამდენადაა მოსკოვი დაინტერესებული, კვლავ ჩაერიოს სირიის საშინაო საქმეებში მასშტაბური სამხედრო გზით. რუსეთის მორიგი სამხედრო კამპანია სირიაში გამოიწვევს ახალ კონფრონტაციას მათთან, ვინც ასადის დამხობაში მონაწილეობდა. გამომდინარე აქედან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა წამოიწყოს სამხედრო კამპანია სირიის ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ.
საერთაშორისო ორგანიზაციების უმოქმედობის ფონზე ალავიტები და სირიელი ქრისტიანები იმედოვნებენ, რომ მათ რუსეთი დაიცავს.
_ პოლიტოლოგები ამბობენ, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება სამხრეთ კავკასიაზეც იქონიოს გავლენა. რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და, თუკი მართლაც დაგვემუქრება საფრთხე, თავდაცვის რა შანსი გვაქვს?
_ სირიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიისთვის საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს შესაძლო არასტაბილურობის გაძლიერებაში, რადიკალური ჯგუფებისა და უცხოელი მოთამაშეების გავლენის ზრდაში.
პირველ რიგში, თუ სირიაში ქაოსი არ შეწყდება, ამან შეიძლება მიგრანტების ახალი ნაკადი გამოიწვიოს, რომელთა რიგებშიც შეიძლება იყვნენ, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე ექსტრემისტული ელემენტები. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი პროცესების გამო ხშირად მატულობს ტერორისტული საფრთხისა და კრიმინალური აქტივობის დონე, უწინარესად, მოსაზღვრე რეგიონებში.
რაც შეეხება თავდაცვას, ბევრი რამ არის დამოკიდებული რეგიონის ქვეყნების შიდა სტაბილურობასა და მათი საგარეო პოლიტიკის პოზიციაზე. თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობები შეძლებენ უსაფრთხოების მოქნილი პოლიტიკის გატარებასა და ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, თავდაცვის შანსი გაიზრდება, მაგრამ, თუ რეგიონი დაუცველი იქნება უცხოური გავლენისგან, სამხრეთ კავკასია კიდევ ერთი დაპირისპირების არენად შეიძლება იქცეს.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი