Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილიჩის ქუდი, ანუ ქართულ-ყირგიზული პარალელები

ვასილიჩის ქუდი, ანუ ქართულ-ყირგიზული პარალელები

„ვარდების რევოლუცია“

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორი ათასი კილომეტრია, მაგრამ მთელ რიგ ასპექტებში ეს ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის სიღარიბე, ქაოსური პოლიტიკა და ფარდობითი დემოკრატიულობა საინტერესო პარალელების გავლების შესაძლებლობას გვაძლევს.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, შორეული ყირგიზეთი თბილისში მხოლოდ 2005 წლის მარტში გაიხსენეს, როდესაც იქ ე.წ. ტიტების რევოლუცია მოხდა. სააკაშვილის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა მისთვის ხელი შეეწყო. ქართველ ტელემაყურებლებს დღემდე ახსოვთ გივი თარგამაძის პირდაპირი ჩართვა ბიშკეკიდან, “ვასილიჩსყირგიზული ეროვნული ქუდი რომ ეხურა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის გუნდის როლიტიტების რევოლუციაში”, რომელსაც წინ უძღოდანარინჯისფერი რევოლუციაუკრაინაში, გაცილებით მოკრძალებული იყო, ვიდრე სურდათ, რომ წარმოეჩინათ; მათფერადი რევოლუციებისმთავარი ექსპორტიორების სახელი პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც დაუმკვიდრდათ. ყირგიზეთი უკანასკნელი დიდი წარმატება იყო. 2006 წლის მარტში მინსკში “ფერადი რევოლუციონერების” ძალისხმევა უშედეგო გამოდგა და სწორედ მაშინ გივი თარგამაძე პირველად გაეხვია შარში – მას სატელეფონო ჩანაწერი გამოუქვეყნეს, სადაც ის საუბრობდა იმაზე, რომ ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე მილინკევიჩი მოსაკლავია.

თუმცა მანამდე იყო წარმატებული რევოლუცია ყირგიზეთში. საინტერესოა, რომ იქაც ჩამოყალიბდა ერთგვარი “ტრიუმვირატი” – ყურმანბეკ ბაკიევის, ფელიქს კულოვისა და როზა ოტუნბაევას შემადგენლობით. თუმცა ოტუნბაევა, ნინო ბურჯანაძისგან განსხვავებით, ავანსცენიდან მალევე “მოტეხეს” (ზოგი იტყვის “ბურჯანაძის მსგავსად” და მიუთითებს, რომ რეალურად ის თითქმის არაფერს წყვეტდა), ამიტომ ექსპერტები, როგორც წესი, საუბრობენ ბაკიევისა და კულოვის (პრეზიდენტისა და პრემიერის) ტანდემზე. იქ ისეთივე გააფთრებული და ნაკლებად თვალშისაცემი ბრძოლა წარიმართა ხელისუფლებისთვის, როგორც საქართველოში სააკაშვილისა და ჟვანიას შემთხვევაში. უბრალოდ, იქ იმდენად დრამატული ფინალი არ ჰქონია _ ბაკიევმა კულოვი, უბრალოდ, ხელისუფლებიდან გააძევა.

ისევე, როგორც საქართველოში, ყირგიზეთში რევოლუციური ხელისუფლება მალევე გამოვიდა ამერიკელი პარტნიორების კონტროლიდან _ ორივე ქვეყანაში რეჟიმის სწრაფი კრიმინალიზაცია და ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება დაიწყო. ეს არ არის “ფერად რევოლუციებთან” დაკავშირებული ფენომენი, მას გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს. გამოჩენილი ამერიკელი ისტორიკოსი არტურ შლეზინგერი 1986-ში წერდა: მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იარაღის მიმწოდებელი შეიძლება აკონტროლებდეს მის მიმღებს, რომ პატრონი იმპერია შეიძლება აკონტროლებდეს კლიენტსმესამე სამყაროში”, მუდმივი ამერიკული შეცდომაა. ამ შეცდომამ, გაუგებარია როგორ, გაუძლო მწარე გამოცდილებას, რომელიც 40-იანებში ჩინეთში და 60-იანებში ვიეტნამში მივიღეთ. როგორც კი პატრონი პირობას დებს, რომ კლიენტს მისი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, მისი გავლენის საშუალებები სუსტდება. დღეს პატრონმა საკუთარ თავს უმაღლესი სანქციის უფლება, კლიენტისთვის დახმარების შეწყვეტა წაართვა. მიიღებს რა ერთხელ ამერიკულ დახმარებას, კლიენტი ვეღარ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც უნდა წავიდეს დათმობებზე ადგილობრივ ჯგუფებთან, რომლებიც დემოკრატიულ ცვლილებებსა და პოლიტიკურ პროცესში ჩართვას მოითხოვენ”.

რევოლუცია ყირგიზეთში
რევოლუცია ყირგიზეთში

ბაკიევის რეჟიმმა 5 წელი გაძლო, სააკაშვილის რეჟიმმა კი _ 9 და ეს, შესაძლოა, ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: პაუზამ, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ აგვისტოს ომის შემდეგ აიღო, და დიდძალმა უცხოურმა დახმარებამ, რომელიც ხელისუფლებამ იმავე პერიოდში მიიღო და საკუთარი მდგომარეობის გასამყარებლად გამოიყენა. ამასთანავე, ბაკიევი, სააკაშვილისგან განსხვავებით, უშუალოდ ვაშინგტონს დაუპირისპირდა, როდესაც ყირგიზეთში განლაგებული ამერიკული ავიაბაზამანასისარენდისთვის გადასახდელი თანხის არაპროპორციული გაზრდა მოითხოვა, შემდეგ კი რუსეთის მხარდაჭერით პარლამენტს მისი გაუქმების (აშშთან ხელშეკრულების დენონსაციის) გადაწყვეტილება მიაღებინა. ეს არ იყო 2010 წლის რევოლუციის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ მან ამერიკელებს ბაკიევის შემდგომი მხარდაჭერის ყოველგვარი სტიმული მოუსპო. აღსანიშნავია, რომ, ბაკიევის დამხობის მიუხედავად, ბაზა 2014-ში მაინც დაიხურა. მისი მნიშვნელობა ავღანეთში მყოფი კოალიციის ჯარების მომარაგებისთვის შემცირდა. ამასთანავე, ამერიკელებს აღარ სურდათ, “მანასი” ყირგიზი პოლიტიკოსების მხრიდან მუდმივი შანთაჟის თემად გადაქცეულიყო. პლუს ამას ყირგიზეთში რუსეთისა და ჩინეთის გავლენა გაძლიერდა.

საინტერესოა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთის კონსტიტუციების ცვლილების პროცესს თითქმის იდენტური ლოგიკა ახასიათებს. ჯერ აკაევის (საქართველოში შევარდნაძის) მმართველობის პერიოდში მოხდა საპრეზიდენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რომელსაც მოჰყვა კონსტიტუციის მისადაგება ავტორიტარი პრეზიდენტის ინტერესებისთვის (2004-ში _ სააკაშვილის, 2007-ში _ ბაკიევის). შემდეგ დაიწყო საპრეზიდენტო რესპუბლიკის დემონტაჟი და გადასვლა საპარლამენტო მოდელზე (ორივე ქვეყანაში _ 2010-ში). მართალია, ყირგიზეთში ეს ბაკიევის დამხობის შემდეგ მოხდა, ხოლო საქართველოში მაშინ, როდესაც სააკაშვილი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ამ ნიუანსს, ალბათ, არ აქვს, რადგან “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება გააგრძელა.

ყირგიზეთში, ისევე, როგორც საქართველოში, 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა. პარლამენტში, რომლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა, მათგან მხოლოდ 5 მოხვდა, მაგრამ ისინი არათუ მყარი კოალიციების შექმნას, არამედ ელემენტარულ თანამშრომლობასაც კი ვერ ახერხებდნენ. ამის გამო დაიწყო უფლებააყრილი პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის როლის ბუნებრივი გაზრდა, რომელიც რიგმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გაამყარა. ექსპერტების უმრავლესობა შემდეგ მოსაზრებას იზიარებს: თუ პრეზიდენტი ატამბაევიმთავარი არბიტრისროლს არ შეასრულებდა, “ჭრელი პარლამენტიქვეყანას ქაოსამდე მიიყვანდა.

2016 წლის დეკემბერში ყირგიზეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩევლებმა მხარი პრემიერმინისტრისა და მთავრობის უფლებების გაფართოებას დაუჭირეს. ატამბაევის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ პრეზიდენტს სურს, ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერმინისტრის სავარძელში გადაჯდეს, თუმცა ის ამ ბრალდებებს უარყოფს. ასეა თუ ისე, ყირგიზეთის რესპუბლიკა საპარლამენტოდ რჩება, თუმცა ჭრელმა და ქმედუუნარო პარლამენტმა, როგორც ელიტა, ისე მოსახლეობა, “ძლიერი ხელის” აუცილებლობაზე დააფიქრა. ძნელი სათქმელია, დასრულდება თუ არა პროცესი მორიგი პერსონალისტური რეჟიმის ჩამოყალიბებით, თუმცა საქართველოსთან გარკვეული პარალელების გავლების შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც არსებობს.

ჩვენ ვხედავთ, როგორ მუშაობს და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ იმუშავებს საპარლამენტო მოდელი ერთი პოლიტიკური ძალის, “ქართული ოცნების”, დომინირების პირობებში. მაგრამ რა მოხდება, თუ ოდესმე (ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება) ისეთივე ჭრელ პარლამენტს მივიღებთ, როგორიც ყირგიზეთმა ბაკიევის დამხობის შემდეგ? შეძლებენ თუ არა ქართველი პოლიტიკოსები ამბიციების შეზღუდვას და კოალიციურ თანამშრომლობას? დააკმაყოფილებს თუ არა მათი მოქმედება მასებს და ხომ არ დასრულდება ყოველივე ახალი დიქტატორის მოსვლით?

15 ოქტომბერს ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტ ატამბაევს მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს _ ის და მისი სოციალურ-დემოკრატიული პარტია მხარს უჭერენ მოქმედ პრემიერმინისტრ ჟეენბეკოვს. მისი მთავარი კონკურენტები არიან ყირგიზეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ომურბეკ ბაბანოვი და დიპლომატი ტაალატბეკ მასადიკოვი. არის კიდევ ორი ათეული კანდიდატი, თუმცა რეალური და დაახლოებით თანაბარი შანსი მხოლოდ ამ სამს აქვს. ერთმანეთს უპირისპირდება ადმინისტრაციული რესურსი, დიდი ფული და კავშირები (მასადიკოვს მხარს ძალოვანთა ნაწილი უჭერს, მას, აგრეთვე, აქვს კარგი კონტაქტები მოსკოვში; მაშინ, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის გუნდი პეკინისკენ იხრება). ძალთა ბალანსი ისეთია, რომ ყირგიზეთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, არჩევნების შედეგის გაპროტესტების, ხელისუფლების დამხობისა დაყირგიზი ივანიშვილის” _ ბაბანოვისგამეფებისჩათვლით. მართალია, ვაშინგტონიფერად რევოლუციებსმხარს ძველი ენთუზიაზმით აღარ უჭერს, მაგრამ 2005 წლის გადატრიალების ერთერთი მთავარი მხარდამჭერ ჯორჯ სოროსის ვაჟიშვილი _ ალექს სოროსი სულ ახლახან, ივნისის დასაწყისში, ბიშკეკში ჩავიდა, პრეზიდენტ ატამბაევსა და ადგილობრივი ელიტის წარმოამდგენლებს შეხვდა. სოროსისა და მისი სტრუქტურების პოზიციები ყირგიზეთშიტიტების რევოლუციისშემდეგ ისეთივე (და, შესაძლოა, უფრო) მყარია, როგორც საქართველოში.

ცხადია, მსგავსების გარდა, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაც შეიმჩნევა. მაგალითად, ყირგიზეთის პოლიტიკაში ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გავლენიანი კლანებისა და მათი კოალიციების დაყოფა “ჩრდილოურად” და “სამხრეთულად”, რომელიც ეროვნული ერთიანობის მიღწევას ხელს უშლის. კიდევ ერთი მწვავე პრობლემა ახალგაზრდა ყირგიზულ სახელმწიფოში უზბეკური უმცირესობის სრულფასოვანი ინტეგრაციაა _ თითქმის 900 ათასი უზბეკი ქვეყნის მოსახლეობის 14,4% შეადგენს. სისხლიანი შეტაკებები, რომლებიც მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში 1990 და 2010 წლებში მოხდა (2010-ში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა), ყირგიზეთის ხელისუფლებას დამშვიდების შესაძლებლობას არ აძლევს. მართალია, ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების შემდეგ ოფიციალური ტაშკენტის ზეწოლა ყირგიზეთის ხელისუფლებაზე და ნაციონალისტური რიტორიკა შეიზღუდა, მაგრამ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემარადიკალური ისლამისტური იდეების გავრცელებაა. მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სეკულარული მუსლიმანური სახელმწიფოა, შესაბამისი იდეოლოგია ახალგაზრდებს შორის მაინც ფართოდ ვრცელდება, ხოლო მეზობელ ავღანეთში, სიტუაციის უკიდურესი გართულებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მოუწევს, უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტი დახარჯოს.

სხვა პრობლემები კი დაახლოებით ისეთია, როგორც საქართველოში _ მკვდარი ეკონომიკა და სიღარიბე, ნაწილობრივ შენიღბული კორუფცია და პოლიტიკური არასტაბილურობა. დადებითი მომენტებიც ერთნაირია _ ფარდობითი დემოკრატიულობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება (რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით) და ინსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა ქვეყნის შემდომი განვითარებისთვის, რომელიც კვლავინდებურად ეჭვქვეშ დგას.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here