Home რუბრიკები ეკონომიკა ვაჟბატონებო, სად და რაში გადაყარეთ, რომელ მინდორში მოაბნიეთ ის ორი მილიარდი ლარი,...

ვაჟბატონებო, სად და რაში გადაყარეთ, რომელ მინდორში მოაბნიეთ ის ორი მილიარდი ლარი, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ამოიღეთ?

5940
ვაჟბატონებო, სად და რაში გადაყარეთ, რომელ მინდორში მოაბნიეთ ის ორი მილიარდი ლარი, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ამოიღეთ?

2012 წელს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთერთი დაპირება სოფლის მეურნეობის აღორძინება იყო. მაშინ, სოფელსოფელ მოარულიქართული ოცნებისლიდერები ამბობდნენ, რომ თითოეული სოფელი ყოველწლიურად ხუთ მილიონ ლარს მიიღებდა და განვითარდებოდა. მართალია, ხუთი მილიონი ლარის დაპირებამ ჩაილურის წყალი დალია, მაგრამ სოფლის მეურნეობაში დახარჯულ ფულს რაც შეეხება

ოფიციალური ცნობით, “ქართულმა ოცნებამ” სოფლის მეურნეობაში, საერთო ჯამში, ორ მილიარდ ლარზე მეტი ჩადო. რიცხვი აშკარად შთამბეჭდავია და შთამბეჭდავ განცხადებასაც გავაკეთებთ _ ის ადამიანები, რომლებსაც ამ ორი მილიარდის განკარგვა ჰქონდათ დავალებული, დასაჭერი არიან და ციხეში ხანგრძლივად გამოსამწყვდევი. ისე არ გაიგოთ, თითქოს ვინმეს დაჭერა გვიხაროდეს, მაგრამ…

საქართველოს მოსახლეობა წლიურად მოიხმარს დაახლოებით 36 ათას ტონა ხახვს. 2017 წელს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მოიყვანეს დაახლოებით 18 ათასი ტონა ხახვი. შესაბამისად, შემოტანილი ხახვის ხვედრითი წილი ბაზარზე 18 ათასი ტონა იყო. 2018 წელს საქართველოში წარმოებული ხახვის რაოდენობამ (ესეც ოფიციალური მონაცემით) შეადგინა 9 ათასი ტონა, ანუ ზუსტად ნახევარი იმისა, რაც 2017-ში იყო. სამაგიეროდ, შემოტანილი ხახვის ოდენობამ 27 ათას ტონამდე მოიმატა, მოსახლეობის მოთხოვნა ისევ 36 ათასი ტონა იყო, ოღონდ ახლა უკვე შემოტანილი ხახვის ხვედრითი წილი გაიზარდა. ანალოგიური სურათია სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე _ ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, ე.ი. საქართველოში მათი წარმოება ორ წელიწადში ორჯერ შემცირდა. ჰოდა, ვაჟბატონებო, სად გადაყარეთ, რაში გადაყარეთ, რომელ მინდორში მოაბნიეთ ის ორი მილიარდი ლარი, რომელიც ჩვენი, რიგითი მოქალაქეების, ჯიბიდან ამოიღეთ? რაც მთავარია, ბოლო ორი წელია, სახელმწიფომ გლეხებისგან პროდუქტების (ყურძნის, ციტრუსის, ატმის) შესყიდვისას ყველანაირი სუბსიდია მოხსნა, და ვერავინ იტყვის, _ ამ ფულის ნაწილი სუბსიდიაში წავიდაო.

რა ხდება რეალურად და რატომ გაურბის ქართველი გლეხი მიწაზე მუშაობას? პირველ რიგში ის, რომ ქართულ ხარისხიან პროდუქტს ფასი ადევს, შემოტანილი, გენმოდიფიცირებული პროდუქტი კი იაფია და, ჩვენი სიდუხჭირიდან გამომდინარე, ის უკეთესად იყიდება. შესადარებლად გეტყვით, რომ რძის პროდუქტების მწარმოებლები ამბობენ, რომ ნატურალური და გაკეთებული რძის ფასში სხვაობა მხოლოდ 50 თეთრია, მაგრამ მოსახლეობა ამ 50 თეთრს უფრთხილდება და, ნატურალურის ნაცვლად, ფხვნილზე დაყენებულ რძეს ყიდულობს.

მხოლოდ ეს უბედურება არ გვჭირს. სოფლის მეურნეობის მიწების 70%-ზე მეტი სახელმწიფოს მფლობელობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწის დამუშავების შემთხვევაში სახელმწიფოს გადასახადი უნდა უხადო. როგორ გგონიათ, რამდენია გადასახდელი თანხა? ფასი ჰექტარზე ათას ლარს სცდება, ე.ი. თუ გლეხს ორი ჰექტარი აქვს, ორი ათასს სახელმწიფოს აძლევს, ერთი ამდენი მიწის დამუშავება-დათესვას სჭირდება, კიდევ ერთი ამდენი _ შხამ-ქიმიკატებს, რათა მოსავალი მოვიდეს. გამოდის, რომ ორი ჰექტარი მიწის დამუშავება გლეხს ექვსი ათასი უჯდება. ამ ორ ჰექტარზე მოსავალმა თავი რომ გაიგიჟოს და, მაგალითად, 20 ტონა სიმინდი მოვიდეს, კილოგრამის თვითღირებულება 30 თეთრი იქნება და ამ თანხის ზემოთ რასაც დაადებს, ის იქნება გლეხის მოგება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში არ იგულისხმება გლეხის შრომა, ანუ ადამიანური რესურსი, რომელიც საქართველოში სათვალავში არც არასდროს ჩაუგდიათ.

თუ გავიხსენებთ კომუნისტების პერიოდს, როცა 15 რესპუბლიკა ხუთწლედებსა და საერთო დოვლათის შექმნაზე იყო აწყობილი, ვნახავთ, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში ლიდერი იყო ჩაის, ყურძნისა და ციტრუსის წარმოებით. იმავეს გაკეთება შეიძლება ახლაც, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი მიწა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ, მაგალითად, როგორც საფრანგეთში, ღვინის უმაღლესი ხარისხის მისაღებად, ერთ ძირ ვაზს ერთი მტევანი შევატოვოთ (საფრანგეთში ძირითადად ასე აკეთებენ, რათა იმ ერთმა ძირმა ვაზმა ერთ მტევანს მაქსიმუმი მისცეს და ასე მიღებული ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფასი 1700 ევროდან იწყება), არც იმის ფუფუნება გვაქვს, ჩინეთის მაღალმთიანი რეგიონივით რამდენიმე ათეული ძირი ჩაი გავახაროთ და მერე ერთი კილოგრამი ჩაი რამდენიმე ათას დოლარად გავყიდოთ. ბაზარში ეს სეგმენტი დაკავებულია (ამ სეგმენტში რომ შეხვიდე, შეიძლება, მაგრამ პოლიტიკური გავლენა-მხარდაჭერაა საჭირო. სად არიან ამ დროს ჩვენი “სტრატეგიული მოკავშირეები”? რატომ ამ რეალურ და ჩვენთვის მართლა საჭირო საკითხში არ გვიჭერენ მხარს? “შეშფოთებულები” არიან, მეტი რა ქნან? _ რედ.). ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ბევრი კარგი ხარისხის ღვინო; უნდა ვაწარმოოთ ბევრი ჩაი, რომელიც იქნება ასევე კარგი ხარისხის, ციტრუსი დაგავიტანოთ იმ ბაზარზე, რომელზეც ქართული პროდუქციის მოთხოვნა არის, იყო და იქნება. რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარს ვგულისხმობთ, იმ ბაზარს, რომელიც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილმა თავხედურად და მიუტევებლად შეურაცხყო, მაგრამ

მაგრამ, რუსეთი ხომ მტრად გვყავს გამოცხადებული. მტრად გვყავს შერაცხილი ქვეყანა, რომლის ბაზარშიც ქართული ეკონომიკის გასაღები დევს. ნაცვლად იმისა, რომ ეს ურთიერთობა როგორმე მოვაგვაროთ, პირიქით _ ვაღიზიანებთ. ევროპელები კი დაცინვით გვეუბნებიან, რომ ქართული არაფერი არ სჭირდებათ, რომ “ევროპულ სტანდარტებამდე ჯერ ვერ მივედით”. საბოლოო ჯამში, ვიღებთ წყალში გადაყრილ დამპალ ციტრუსს, ატამს, გაუსაღებელ ან თეთრებში გასაღებულ ყურძენს და უკმაყოფილო გლეხს. რაც მთავარია, წინ ვერ მიდის ეკონომიკა და ბიუჯეტის შევსებას მხოლოდ გადასახადებით ვცდილობთ. სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მიმართ არასწორი პოლიტიკა რომ აქვს არჩეული, იქიდანაც ჩანს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების 70%-ზე მეტი მის საკუთრებაშია. ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ ხალხის მოთხოვნის შემდეგ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა აკრძალა, მაგრამ, პარალელურად, მიწას არც ადგილობრივებს აძლევს, რადგან იჯარით გაცემა მისთვის უფრო სარფიანია და არ ფიქრობს, რა არის სარფიანი გლეხისთვის (დაამუშაოს თვითონ, ბოლოს და ბოლოს, რისთვის გვაქვს ამხელა სოფლის მეურნეობის სამინისტრო?) წლების წინათ ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო თუნდაც ხახვის წარმოებით, ირანს, თურქეთსა და ინდოეთს ჩამოეკიდებოდა და იქიდან შემოტანილ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს შეიძენდა. მხოლოდ ქვემო და შიდა ქართლის მოსახლეობას, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია იმდენი ხახვი მოიყვანოს, რომ საქართველოს წლის განმავლობაში ეყოფა. მაგრამ იმ იმპორტიორებს ხომ არ აზარალებენ (ნეტავ, რა ინტერესი აქვთ?), რომლებიც აღნიშნული ბიზნესით მილიონებს შოულობენ, ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან?!

მარტივ მაგალითს გეტყვით: 3-4 წლის წინათ ბაზარში ქართული ნიორი 8-10 ლარი ღირდა. მისი ხარისხი ისე მაღალი იყო, რომ მასზე მოთხოვნა მეზობელ სახელმწიფოებსაც ჰქონდათ. ამის გამო გლეხებმა ნივრის მოყვანა დაიწყეს და დღეს ბაზარზე ქართული ნივრის ფასი დაეცა. სამაგიეროდ, რიგითი ადამიანები უკვე არა თურქულ, არამედ ქართულ ნიორს ყიდულობენ, ნამდვილს, გენმოდიფიცირების გარეშე და რა შედეგი მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ გაიაფებული პროდუქტი პრაქტიკულად სრულად შეისყიდეს თურქმა და ირანელმა ბიზნესმენებმა, გაიტანეს ქვეყნიდან და ახლა ისევ თავის გენმოდიფიცირებულ პროდუქციას გვტენიან, თანაც იმაზე ძვირად, ვიდრე ქართულია. ესეც უკონტროლო სიტუაციის ბრალია, იმის, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერზე არ ზრუნავს და არ ზრუნავს ერთადერთი მიზეზის გამო _ რამდენიმე კაცს, რომლებიც ამ საქმით მილიონებს შოულობენ, ხელი არ შეეშალოს (ისევ რიტორიკული კითხვა: ნეტავ, რა ინტერესი აქვთ?).

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართველ ფერმერებს კვერცხის წარმოება აკრძალული აქვთ. ჰო, აკრძალული და ამის ბრალია ის, რომ ბაზარზე ქართული კვერცხი მხოლოდ 12%-ით არის წარმოდგენილი, დანარჩენი კი შემოტანილია. ფერმერებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათ გარკვეული ოდენობის კვერცხის წარმოების უფლება აქვთ, დანარჩენი კი იმპორტიორებისგან უნდა შეისყიდონ. შედეგად, უკრაინიდან 7 თეთრად ჩამოტანილ კვერცხს ქართულ წარწერებს უკეთებენ, ქართულად ფუთავენ და სუპერმარკეტების დახლებზე ამის შემდეგ ხვდება. ვყიდულობთ კვერცხს ქართული წარწერითა და შეფუთვით, სინამდვილეში კი ის უკრაინულია. ისიც ვიცით, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, კონკრეტულ ფერმას კვერცხმდებელი 4 ათასი ქათამი ჰყავდა, დღეში კი 12 ათას კვერცხს უშვებდა. ამ ლოგიკით, ერთ ქათამს დღეში სამი კვერცხი უნდა დაედო. შემოწმების შედეგები არ გახმაურებულა, რადგან იმპორტიორებს არ აძლევდათ ხელს.

ჰოდა, ამ ყველაფრის ფონზე, სასაცილოა, როცა ხელისუფლება ამაყად ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ორმილიარდიანი ინვესტიცია ჩადო. როცა ამ ოდენობის თანხას ხარჯავ, ვალდებული ხარ, ახსნა, რაში დაიხარჯა ეს თანხა და რა შედეგი მივიღეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ შედეგი არ არის და, თუ სხვაგვარადაა, ახსენით, ბატონებო! მაგრამ ციფრები, რომლებიც დავწერეთ, თქვენივე სამსახურების მიერ არის გავრცელებული, ოფიციალურია და, თუ ორი მილიარდი იმისთვის დააბანდეთ, რომ უკუსვლა გვქონოდა, გვერწმუნეთ, ეს ისედაც მოხდებოდა, ორი მილიარდის გაფლანგვის გარეშეც.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here