კარგ მამულიშვილსა და ზუგდიდზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებას, ყველასთვის ცნობილ და პატივსაცემ კაცს – ვაჟა ფიფიას _ 80 წელი შეუსრულდა.
ვაჟა ჩვენი მეგობარია. ჩვენი მეგობრობა კი სათავეს გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან იღებს. უღალატო მეგობარია, თორემ ამდენ ხანს ვერ შევრჩებოდით ერთმანეთს. სამეგობროში გამორჩეული კაცია, გამორჩეული აქტიურობით, ინიციატივებით და სწორედ ამიტომ იქნა არჩეული “საჯიმალოს” თავკაცად. ვაჟა თავისი ხელობის უზადო მცოდნეა ანუ სოფლის მეურნეობის შესანიშნავი სპეციალისტი, უაღრესად განათლებული, შრომისმოყვარე და გამრჯე კაცი. თავისი იარაღი _ კალამი _ ყმაწვილკაცობიდან ხელიდან არ გაუგდია და საზოგადოება “ზუგდიდელის” აქტიური წევრი დღესაც არ იშორებს მას. ერთი მისი მეგობარი ხუმრობით ამბობს, ნეტა ვიცოდე ეს ჩვენი ვაჟა ამდენს რას წერს, თავაუღებლად რომ მუშაობსო.
ბატონმა ვაჟამ საინტერესო ცხოვრება განვლო: მშობლიური სოფლის, ჩხორიის კოლმეურნეობის რიგითი წევრიდან გამგეობის თავმჯდომარემდე. იყო აგროსამრეწველო გაერთიანების მთავარი აგრონომი. სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი, მსხვილი სამეურნეო ერთეულების პირველი პირი, აქტიურად საქმიანობდა ახალგაზრდულ და პარტიულ ორგანიზაციებში.
ვაჟა ღირსეული თვისებებით შემკობილი ზუგდიდელი კაცია. მათ შორის ყველაზ მთავარი გახლავთ ის, რომ მშვენიერი ოჯახის ღირსეული თავკაცია თავის ღირსეულ მეუღლე ლამარასთან ერთად.
ვაჟას ღირსეულ, კაცურ თვისებად ისიც მიგვაჩნია, რომ არ ივიწყებს ზეციურ სასუფეველში მყოფ მეგობრებს და მათი დაბადებისა თუ გარდაცვალების დღეებში აუცილებლად მოინახულებს ხოლმე საფლავებს, დაუნთებს სანთლებს და წაუქცევს თითო ჭიქა ღვინოს.
ვაჟას, კომუნისტურ ეპოქაში დაბადებულ და გაწვრთნილ კაცს, დღეს ბევრი მეგობარი ვერ შეედრება ეკლესიურობაში, მართლმადიდებლური ტრადიციების მსახურებაში, ამიტომაც არის, ალბათ, რომ მძიმე ოპერაციაგადატანილი მისი გული (ღმერთის წყალობით) მშვენივრად მუშაობს და მისი პატრონი მკერდგახსნილთა (გულის ოპერაციაჩატარებულთა) ასოციაცია “გურის” თავმჯდომარეა. 80 წელი ხომ გვემსახურა შენი გული, ჩვენო ვაჟა, ჰოდა, დავლოცავთ მას, რათა ამას იქით ერთი ამდენი კიდევ გემსახუროს!
მეგობრების ჯგუფი:
ბონდო ჯიქია, იგორ ქობალია, თამაზ ცანავა, დემურ ჭანტურია, გული აგუმავა, იანური მესხი