Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო დღეს იქნებოდა ან ირანის რიგითი...

ვაჟა ოთარაშვილი: რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო დღეს იქნებოდა ან ირანის რიგითი სახანო, ან თურქეთის ვილაიეთი

მეფე ერეკლე, გეორგიევსკის ტრაქტატი და დღევანდელი საქართველო

ვაჟა ოთარაშვილი

7 ნოემბერს საქართველოს გმირი მეფის, ქვეყნის ერთიანობისთვის დაუღალავად მებრძოლის _ ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამის გამო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღემდე დაუმსახურებლად პრორუსად შერაცხილი მეფე ერეკლე რეალურად ევროპული ორიენტირის მქონე რეფორმატორი სახელმწიფო მოღვაწე იყო: “ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. მისი მემკვიდრეობის ობიექტური შეფასების დროც დადგა. დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა იდეოლოგიის გამო ერეკლე მეფე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერასთან იყო გაიგივებული. მისი უდიდესი მიღწევები სამხედრო თუ სახელმწიფო სფეროში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში კი _ მივიწყებული ან დამახინჯებული, მსგავსად დანარჩენი ჩვენი ისტორიისა. დამოუკიდებელ საქართველოში კი ნაცვლად მისი მოღვაწეობის ხელახალი გააზრებისა, საბჭოთა პროპაგანდისტული კლიშეების ინერციით გაგრძელდა _ ამ ხელმოწერის გამო მისი განუზომელი მემკვიდრეობის უგულებელყოფა. დროა, დავიწყოთ მისი ღვაწლის გახსენება და აღიარება!”

იმავე განცხადებაში პრეზიდენტი ამბობს, რომ ერეკლე II-მ გლეხობის გათავისუფლების მექანიზმებითა და ტოლერანტული გარემოს განვითარებით შექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო, რომელსაც იმდროინდელ დასავლეთში დიდი ინტერესით უყურებდნენ. მისივე განმარტებით, მეფის ამ რეფორმატორულ მიღწევებს, ისევე, როგორც მის დასავლურ მისწრაფებებს, საბჭოთა პერიოდში მიზანმიმართულად ჩქმალავდნენ, რაც ისტორიის ტოტალური გაყალბების კიდევ ერთი მაგალითია.

შეგახსნებთ, რომ 1783 წლის 24 ივლისს საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე გეორგიევსკის ციხესიმაგრეში ხელი მოაწერა დოკუმენტს (ისტორიაში გეორგიევსკის ტრაქტატის სახელწოდებით ცნობილს), რომლის თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა. ამ შეთანხმებამ ქვეყანა იხსნა, ერთი მხრივ, ირანული; ხოლო, მეორე მხრივ, ოსმალეთის იმპერიის ტოტალური ექსპანსიისგან, რაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველ ერს, როგორც თვითმყოფად ქრისტიანულ ეთნოსს, განადგურებას უქადდა.

ვინ ცდილობს დღეს საქართველოში ისტორიის გაყალბებას და რა პროპაგანდის ნაწილია ის, რომ თურმე ერეკლე II- საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა რუსეთის მფარველობაში შესვლაზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, 7 ნოემბერს ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერეკლე მეორე თავის აზროვნებითა და მსოფლმხედველობით პროდასავლური ორინტაციის მმართველი იყო, რომელმაცტოლერანტული გარემოს განვითარებითშექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო. თქვენი აზრით, მართებულია ეს შეფასება და როგორ ფიქრობთ, სწორად უდგებიან დღეს ჩვენი ისტორიის ამ პერიოდს?

_ მცირე ისტორიული ექსკურსით დავიწყებ. უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ერეკლე II 1762-1798 წლებში იყო გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე და სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ერთ-ერთი დაძაბული და ურთულესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც, ერთი მხრივ, ქვეყანას უტევდა ირანი, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, ფაქტობრივად, თავის სახანოდ გვთვლიდა და, მეორე მხრივ, უტევდა ოსმალეთი. აქ ასევე აღსანიშნავია, რომ 1723 წელს ოსმალეთის იმპერიის ჯარები შემოვიდნენ თბილისში და სისხლის კალო დაატრიალეს _ გაჟლიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა. რაც შეეხება რუსეთთან კავშირს და ამ კავშირის აუცილებლობას, დავიწყოთ იმით, რომ ერეკლემდე მისი მამა, თეიმურაზ II, ასევე ძალიან დიდი და გმირი მეფე, რომელიც იმხანად სხვა გამოსავალს, უბრალოდ, ვერ ხედავდა, წავიდა რუსეთში დახმარების სათხოვნელად. თუმცა, სამწუხაროდ, საეჭვო ვითარებაში, როგორც ამბობენ, შავბნელი ევროპული ძალების ჩარევით, მოწამვლით გარდაიცვალა რუსეთის დედოფალი ეკატერინე მეორე, რის შემდეგაც ასევე ძალიან იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა თეიმურაზიც. სხვათა შორის, ის არ იყო მოხუცი… ახლა რატომ ვყვები ამ ყველაფერს: როგორც გითხარით, ქართლკახეთის სამეფო კარი ჯერ კიდევ ერეკლე II-მდე გაემართა დახმარების საძებნად რუსეთში. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა, იმიტომ, რომ, არა მხოლოდ ერეკლეს ჰქონდა რუსეთის დახმარების იმედი, არამედ ეს იმედი არსებობდა მანამდეც. აქვე ასევე უნდა გავიხსენოთ ჩვენი მეფე ალექსანდრე მეორე, რომელიც სწორედ პრორუსული ორიენტაციის გამო შაჰაბას I-ის დავალებით მოაკვლევინეს გამაჰმადიანებულ შვილს, კონსტანტინემირზას. ეს არის ერთ-ერთი საშინელი ტრაგედია იმჟამინდელ და არა მხოლოდ იმჟამინდელ სამეფო კარზე. აი, ამის შემდგომ გამეფდა თეიმურაზ I, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან წამებულმა იგი აღსაზრდელად შაჰის კარზე გაგზავნა და თავისი ყრმობა იქ გაატარა, შემდგომ მისი პოლიტიკური ორიენტაციაც არის პრორუსული…

_ გამოდის, ყველა ქართველი მეფე, მათ შორის შაჰის კარზე აღზრდილებიც, ქვეყნის მომავალს რუსეთთან კავშირში ხედავდნენ. რით იყო ეს განპირობებული?

_ ეს ყველაფერი განპირობებული იყო ერთადერთი გარემოებით _ მუსლიმანური აგრესიის რკალში მოქცეული პატარა საქართველო გადარჩენის გზას ხედავდა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირში (ხოლო რუსეთის ინტერესი საქართველოსადმი ის იყო, რომ ბრიტანეთის იმპერიის წაქეზებით და ისედაც, ცალკე სპარსეთი და ცალკე ოსმალეთი კავკასიას და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს იყენებდნენ პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკური დივერსიისთვის. რედ.). რაც შეეხება იმას, რომ თურმე საბჭოთა კავშირი ჩვენს ისტორიას აყალბებდა, არავითარი გაყალბება ეს არ არის, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ მას მშველელად მართლმადიდებელი რუსეთი დაუდგებოდა. ახლა სხვა საკითხია, რუსეთი როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ იმ დროს, როცა, მაგალითად, თეიმურაზ პირველმა სთხოვა იმპერატორს დახმარება, თვითონ რუსეთში იყო არეულობა. ეს ბორის გოდუნოვის მეფობის პერიოდია, მოგეხსენებათ, და მათ თავიანთი გაჭირვება ჰქონდათ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შვედეთთან ომობდნენ, ასევე პოლონელებთან და ა.შ.

რას აძლევდა, გარე საფრთხეებისგან დაცულობის გარდა, რუსეთთან კავშირი საქართველოს? დავიწყოთ იმით, რომ ერეკლე II-მ ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა შეიძინა და სერიოზულად გააძლიერა ჩვენი თავდაცვა. ამასთანავე, დადებითი მოვლენა იყო ის, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ციხესიმაგრეები ააშენა, როგორც თერგის, ისე დარუბანდის ხეობაში. მან გარკვეულწილად აღკვეთა მთიელების გაუთავებელი შემოსევები. საერთოდ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი დადებული იყო ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის და ის არ გულისხმობდა საქართველოში მეფობის გაუქმებას. პირიქით, საქართველოს ჰქონდა სრული ჩაურევლობა საშინაო საქმეებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ის კი არა, ტრაქტატის დადებისას რუსეთის იმპერიამ ერეკლეს სთხოვა, ქართველი თავად-აზნაურების სრული ნუსხა წარედგინა, რათა მათ ჰქონოდათ გარკვეული პრივილეგიები. საუბარია იმ პრივილეგიებზე, რომლებითაც რუსეთის თავად-აზნაურობა სარგებლობდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეკონომიკურად, ფაქტობრივად, სული მოათქმევინა ქვეყანას ამ შეთანხმებამ განვითარდა ვაჭრობა და ქართველ ვაჭრებს რუსეთშიც გაჰქონდათ საქონელი და ევროპაშიც. სხვათა შორის, ამ ყველაფერზე შესანიშნავი სამეცნიერო გამოკვლევები და ნაშრომები აქვთ ჩვენს ბუმბერაზ მეცნიერებს, როგორებიც არიან ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია და სხვები. ეს ნაშრომები შექმნილია კომუნისტურ პერიოდში, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ იქ რამე სიყალბეა. პირიქით, მგონია, რომ ჯავახიშვილის, ჯანაშიას, ბერძენიშვილისა და სხვა იმდროინდელი დიდი მეცნიერების მიერ დაწერილი საქართველოს ისტორია გაცილებით ობიექტურია, ვიდრე დღევანდელი ავტორების მიერ შეთხზული, რომლითაც უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში ასწავლიან…

_ დავუბრუნდეთ იმ პროპაგანდას, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატს და არ მხოლოდ მას, აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას, რომლებიც ოდესმე რუსეთთან დაგვიდია, უარყოფითად წარმოაჩენს. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი?

_ მიზანი ნათელი იქნება, თუ დავაკვირდებით იმ ძალებს, რომლებიც ამ პროპაგანდას აწარმოებენ. ესენი არიან ე.წ. პროდასავლური ორიენტაციის ფსევდოლიბერალები, რომლებიც საზრდოობენ სხვადასხვა გლობალისტური ფონდიდან. ისინი რეალურად არ არიან არც პროდასავლურები და, სხვათა შორის, არც “ლიბერალები”, ისინი წარმოადგენენ სექტას, რომელიც ერთი რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ კი არ ილაშქრებს, არამედ ილაშქრებს ადამიანური მორალისა და ზნეობრივი ჩარჩოების წინააღმდეგ. მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო იმ აზრს, რომ, თურმე ერეკლე ევროპული ორიენტირის მქონე სახელმწიფო მოღვაწე იყო და ევროპული ყაიდის სახელმწიფოს აშენებდა. პირველი და მთავარი, რაც ამის მთქმელს ავიწყდება, არის ის, რომ კათოლიკურ ევროპას ქართული მართლმადიდბლური მორალი და მენტალობა ვერასოდეს შეეწყობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპისგან ნამდვილ, მეცნიერულ ცოდნასა და პროგრესს არ მივიღებდით. ეს ერთი. მეორე _ ისტორიას რომ გადავხედოთ, დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროპა რომელიმე ბრძოლაში დახმარებოდა საქართველოს. ეს არის ფაქტი და დღეს მავანი ცდილობს, სარწმუნოებრივი ორიენტაცია შეუცვალონ საქართველოს. ეს პროცესი 1990-იანი წლების შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება. კიდევ ვიმეორებ: ჩვენთვის მართლმადიდებლობა არის მწრამსი, რომლის შესახებაც იდეალური განმარტება აქვს გაკეთებული ერის მამას _ ილია ჭავჭავაძეს. ის, მოგეხსენებათ, ცნობილი იტალიელი მისიონერის, პიეტრო დელა ვალეს, სიტყვებს იმეორებს: ქრისტიანობა ქართველობაა და ეს სინონიმური ცნებებია”…

რაც შეეხება ისევ რუსეთთან კავშირს, უდიდესი ქართველი ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ რუსეთთან დაკავშირება მაინც დადებითი მოვლენა იყო; და ვფიქრობ, რომ კრემლთან ანტაგონისტური პოლიტიკა დამღუპველია საქართველოსთვის. ჩვენ პირისპირ დავრჩით თურქეთის მტაცებელ იმპერიასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 34% აქვს მიტაცებული. ასევე ძალიან საშიშია ირანი… აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთი დღესაც ერთგვარ გეოპოლიტიკურ მფარველად უნდა განვიხილოთ; რომ არა რუსეთის ფაქტორი, თურქეთი თავისუფლად შემოვიდოდა აჭარაში და 24 საათში დაიპყრობდა რეგიონს; ასე რომ, პოლიტიკა, რომელსაც ერეკლე აწარმოებდა, სრულიად მართებული იყო. რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო დღეს იქნებოდა ან ირანის რიგითი სახანო, ან თურქეთის ვილაიეთი; ისეთივე ვილაიეთი, როგორიცაა ჩვენი ისტორიული ტაო-კლარჯეთი, პარხალისა და შატბერდის ხეობები, არტანუჯის ციხე და ა.შ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here