Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ოთარაშვილი: მეჩეთს კი არა, მეჩეთებს ააშენებინებენ და ამას ისე ჩუმად, ისე...

ვაჟა ოთარაშვილი: მეჩეთს კი არა, მეჩეთებს ააშენებინებენ და ამას ისე ჩუმად, ისე მზაკვრულად იზამენ, რომ ხალხი ვერც გაიგებს

აჭარის ისლამიზაცია _ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმში გრანდიოზული მეჩეთის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო

930
ვაჟა ოთარაშვილი

30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმურ თემსა და ქალაქის მერიას შორის მიმდინარე ორწლიანი სამართლებრივი დავა მოსარჩელე მხარის მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებით დაასრულა _ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ და დისკრიმინაციულად ცნო თემისთვის ქალაქის ცენტში ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმა, რაც, მისი განმარტებით, თურმე უხეშად არღვევს თანასწორობის პრინციპებს და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს (ამ შემთხვევაში საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია იგულისხმებოდა) პრივილეგიურ მდგომარეობაში აყენებს.

მოსამართლემ, რომელიც თავიდანვე სოლიდარულად იყო განწყობილი მოსარჩელე მხარისადმი (მეჩეთის მშენებლობის ფონდი), განაცხადა, რომ ზონაში, სადაც თემს ახალი მეჩეთის აშენება სურს, რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიაა (მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზეც), მაგრამ თავის დროზე ქალაქის ხელმძღვანელობას მათ აშენებაზე უარი არ უთქვამს. მისივე განმარტებით, თურმე მერიის მხრიდან საკითხისადმი დისკრიმინაციული მიდგომის არსებობაზე მეტყველებს ისიც, რომ, მოსამართლის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მან ვერ შეძლო მოსარჩელე მხარესთან შედეგიანი მოლაპარაკებების წარმართვა (შედეგიან მოლაპარაკებაში და მორიგებაში, ცხადია, ისეთი შეთანხმება იგულისხმება, რომელიც თემისთვის იქნებოდა მისაღები). ცნობისთვის: მუსლიმი თემი სასამართლოსგან, მერიის გადაწყვეტილების დისკრიმინაციულად ცნობასთან ერთად, მუნიციპალიტეტისთვის მეჩეთის მშენებლობის დასაწყებად ნებართვის გაცემის დავალდებულებასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა: “ეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის დისკრეციული უფლებამოსილებაა”, _ განაცხადა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და დასძინა, რომ ნებართვას არა სასამართლო, არამედ მერია გასცემს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მუსლიმური თემი, უკვე ორი წელია, ბათუმის მერიასთან სასამართლოში დავობს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას ითხოვს. პროცესზე მათ ინტერესებს უცხოეთიდან, კერძოდ, სოროსის ფონდიდან დაფინანსებული “არასამთავრობო” ორგანიზაციები _ TDI (ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) და EMC (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) იცავდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილნი არ არიან და თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სამართლებრივ დავას მომავალშიც განაგრძობენ…

რა საფრთხეებს შეიცავს აჭარაში ისლამიზაციის პროცესი, რას შეცვლის რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთის აშენება და რა ძალა დგას ამ ყველაფრის უკან?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

_ ბატონო ვაჟა, რამდენიმე დღის წინათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციულად ცნო ბათუმის მერიის მიერ ორი წლის წინათ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თავის დროზე მუსლიმანურ თემს უარი ეთქვა ქალაქის ცენტრში მეჩეთის აშენებაზე. ამ საკითხზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ამჯერადაც განვუმარტოთ საზოგადოებას: რა საფრთხეა დღეს ჩვენთვის ისლამიზაცია, რა საფრთხეა მეჩეთების მშენებლობა და ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი.

_ სანამ უშუალოდ ამ საკითხზე ვისაუბრებთ, მინდა, გაგახსენოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამასწინდელი გამოსვლა გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მან განაცხადა, რომ მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, არამედ ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს… ახლა _ რატომ ვახსენე ეს გამოსვლა. ცივილიზებული სამყარო უკვე, დიდი ხანია, მიხვდა, რომ გლობალისტური ელიტის მიერ დამკვიდრებულმა ე.წ. მულტიკულტურიზმის თეორიამ მას, პრაქტიკულად, წაართვა ყველა ინსტიტუტი, რომელიც კი კაცობრიობის ზნეობრივი სიჯანსაღის საფუძველია. ადამიანს პრაქტიკულად უთხრეს, რომ მისი ეროვნული თვითმყოფადობა, კულტურული, რელიგიური იდენტობა მხოლოდ პირობითია და ეს არ უნდა იყოს მსოფლიოს საზოგადოებაში არაფრის განმსაზღვრელი, თუმცა აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი: ამ იდეოლოგიურმა ექსპანსიამ, ამ გლობალისტურმა ექსპერიმენტებმა სრულიად მსოფლიო კი არ მოიცვა, პირველი და უმთავრესი მისი საცდელი ობიექტი გახდა ქრისტიანული სამყარო. აი, ზუსტად აქ მოხდა ოჯახის ინსტიტუტის შერყევა, აქ მოხდა მამათმავლობის პროპაგანდა და ა.შ. სხვა კულტურებში რა ხდება, მაგალითად ისლამური სამყაროში? მუსლიმანურ ქვეყნებში არათუ მოხდა ეს .. მოდერნიზაცია, პირიქით _ ამ იდეოლოგიურ ჭიდილში მათ კიდევ უფრო განამტკიცეს თავიანთი ფასეულობები. რაც შეეხება საქართველოს და კონკრეტულად ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ცხადია, “ლიბერალურიპროპაგანდა აქტიურად ცდილობს, გაამარგინალოს და სასაცილო გახადოს აზრი, რომ მეჩეთების მშენებლობა საფრთხის შემცველია, მაგრამ გადავხედოთ ჩვენს ისტორიულ წარსულს, რას გვეუბნება ისტორიული გამოცდილება

_ რას გულისხმობთ?

_ რისი შედეგია თუნდაც ის, რომ დღეს აჭარაში მუსლიმანური მოსახლეობა თითქმის ნახევარია (მეტი თუ არა)? რომელმა ისტორიულმა პროცესმა განაპირობა ეს ყველაფერი? ახლა ვიღაცა იტყვის, მაშინ სხვა ეპოქა იყო და სხვა პრინციპებით მართავდნენ სამყაროსო, მაგრამ ჩნდება მარტივი შეკითხვა _ რა პრინციპებით იმართებოდა მსოფლიო 1921 წელს, როცა თურქეთმა აჭარის ოკუპაცია მოახდინა? არ ვლაპარაკობ იმ სამასწლიან ბატონობაზე, რომელსაც რეგიონი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში განიცდიდა.

_ გინდათ, თქვათ, რომ დღესაც შეიძლება არსებობდეს თუნდაც რაღაც თეორიული საფრთხე, რომ თურქეთმა ისევ მოახდინოს რეგიონის ოკუპაცია?

_ იმპერიებს და განსაკუთრებით ისეთ აგრესიულ იმპერიებს, როგორიც ოსმალეთი იყო, ახასიათებთ ერთი რამ: ყველა მიწას, ყველა ტერიტორიას, რომელიც ოდესმე ყოფილა მის შემადგენლობაში, ყოველთვის განიხილავს თავისი გავლენის სფეროდ. ეს შეიძლება იყოს ღიად დეკლარირებული, შეიძლება _ ირიბად, ვითარებას გააჩნია, თუმცა დღევანდელ თურქეთს აჭარაში საკუთარი ინტერესები აქვს, მათ შორის ეკონომიკურიც, _ და ეკონომიკური ბატონობა გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელების ერთერთი მექანიზმია _ ეს სიახლე, ალბათ, არავისთვისაა.

მეჩეთებს რაც შეეხება, თურქეთი თავისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად ყოველთვის იყენებდა რელიგიას. ის ამა თუ იმ კულტურაში, ამა თუ იმ ცივილიზაციაში თავისი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ბატონობის გასამყარებლად ყოველთვის მიმართავდა აგრესიულ ისლამიზაციას. ზუსტად ამ პროცესის ხორცშესხმული შედეგი იყო ის, რომ, ფაქტობრივად, ცეცხლითა და მახვილით ამუსლიმანებდნენ აჭარის ქართველობას 300 წლის განმავლობაში. ეს ერთი. და მეორე _ ის, რომ საქართველოში მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები გამწარებული იცავენ მუსლიმანური თემის უფლებებს, რაც, თურმე, ბათუმის მერიას უხეშად დაურღვევია მეჩეთის აშენებაზე უარის თქმით, მაფიქრებინებს, რომ ამ ორგანიზაციებს, შესაძლოა, კავშირები ჰქონდეთ გარკვეულ თურქულ ფონდებთან.

_ არასამთავრობო ორგანიზაციები ახსენეთ და ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ მათი საქმიანობით? სასამართლოში მუსლიმანური თემის ინტერესებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავდა

_ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც საზოგადოებამ გამოიღვიძა და კონსერვატიული მოძრაობა დაიწყო, დადგა ასეთი ორგანიზაციების ან მკაცრად გაკონტროლების, ან საერთოდ აკრძალვის საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულ ე.წ. არასამთავრობოებს, არ მგონია, რომ ერთ ან ორ ორგანიზაციაშია პრობლემა, პრობლემა არის მახინჯ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც გარედან მართულ და დაფინანსებულ მეხუთე კოლონას, პრაქტიკულად, სახელმწიფოს მართვის შესაძლებლობას არ აძლევს. წარმოიდგინეთ, სასამართლო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლო შტო და ეს შტო გადაწყვეტილებას იღებს არა ქვეყნის უსაფრთხოებიდან ან საზოგადოებაში არსებული განწყობებიდან გამომდინარე, არამედ ორი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციის კარნახით. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა პრაქტიკულად არის სოროსის გრანტით დაფინანსებულ ტრენინგებზე დაპროგრამებული რობოტების ხელში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და იმ მოსამართლეზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა, რომელმაც ბათუმის მერიის უარი მეჩეთის აშენებაზე დისკრიმინაციად შეაფასა. თუ არ ვცდები, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე იყო. როგორც ვიცი, პროცესზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ითქვა, რომ მერიის უარი დაუსაბუთებელია, რადგან, თურმე, მას თავის დროზე ეკლესიების მშენებლობაზე არ ჰქონია ანალოგიური პოზიცია.

_ როგორ შეიძლება, ქვეყანამ აიცილოს საფრთხეები? როგორ შეიძლება, გაჯანსაღდეს პოლიტიკური სისტემა?

_ სანამ სასამართლო სისტემას თავზე ასხედან მურუსიძეები და ჩინჩალაძეები, სანამ ქვეყანაში სამართალს განსაზღვრავენ ასეთი ოდიოზური ფიგურები და, რაც დრო გადის, კიდევ უფრო უარესი კადრებით კომპლექტდება ეს სისტემა, უკეთესობის იმედი ნურავის ექნება. მეჩეთს კი არა, მეჩეთებს ააშენებინებენ და ამას ისე ჩუმად, ისე მზაკვრულად იზამენ, რომ ხალხი ვერც გაიგებს.

რაც შეეხება გამოსავალს, ერთადერთი, რამაც ხელისუფლებაში მოკალათებულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს შეიძლება თავზარი დასცეს, არის შეკრული საზოგადოება, რომელიც მკაცრად გააპროტესტებს ამ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას. თუმცა ჩვენ, პოლიტიკური მიდგომების შეცვლა კი არა, არსებული კლანების გასტუმრება უნდა მოვითხოვოთ, რადგან უაზრობა მგონია, მათ ცვლილებები მოსთხოვო. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში პოლიტიკაში შეინიშნება რაღაც ტენდენციები, რომლებიც მიანიშნებს, რომ გარკვეულ ლიბერალურ ძალებს სურთ, შეიქმნან ეროვნული ძალის იმიჯი. მათ შორის “ოცნებაშიც” არიან ასეთები და მათ უკვე ერთგვარი დოღი აქვთ გამართული კონსერვატიული ნიშის დასაკავებლად… მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება აღარ წამოეგება ცრუ დაპირებების ანკესზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გავხდებით დიდი პოლიტიკური აფიორის მომსწრენი, რომლის მცდელობაც მსოფლიოში მიმდინარე ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში აუცილებლად იქნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here