აჭარაში მოღვაწე თურქმა ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა რამდენიმე დღის წინათ ჟურნალ “ფორბსის” ქართულენოვან ვერსიასთან ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას მხოლოდ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის ჭრილში განიხილავს. მისი თქმით, დღეს სახელმწიფოს წინსვლისთვის საკმარისად თავისუფალი ეკონომიკური პოლიტიკა გააჩნია, თუმცა წარმოების გაზრდისა და განვითარების თვალსაზრისით ყველაზე რეალური თურქული მრეწველობის საქართველოში გადმოტანაა, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის პროცესისთვის სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. აი ამონარიდები მისი ინტერვიუდან: “მიმყოლია ქართველი ხალხი, ეს პანდემიის პერიოდშიც კარგად გამოჩნდა…”, “ადრე მეზობელ ქვეყანაში ვიყავი, ახლა ჩემს ქვეყანაში ვარ, მოქალაქეობა მივიღე. ქართულ დროშებს სიამაყით ვაფრიალებ…”
ცნობისთვის: კომპანია metro holdingis-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გალიფ ოზთურქი ერდოღანის ნაციონალისტურ ხელისუფლებასთან დაახლოებული თურქი ბიზნესმენია, რომელიც 2012 წლიდან აჭარაში სხვადასხვა სახის ფინანსურ აქტივობებს ახორციელებს. მათ შორის, როგორც თვითონ აცხადებს, რეგიონის მასშტაბით მან უკვე ააშენა 40 თურქული სკოლა, სადაც ამჟამად 350-მდე თურქი მოსწავლე სწავლობს და მომავალში კიდევ უფრო მეტი ბავშვის ჩამოყვანას აპირებს…
რა ინტერესები აქვს დღეს თურქული ინვესტიციების უკან მდგომ ე.წ. ბიზნესმენებს საქართველოში და რას ნიშნავს კონკრეტულად ოზთურქის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალს თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის ჭრილში განიხილავს? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი ვაჟა ოთარაშვილი.
_ ბატონო ვაჟა, თურქმა ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქმა, რომელსაც აჭარაში, პრაქტიკულად, შესყიდული აქვს ბათუმის ყველა ისტორიული შენობა, ამას წინათ განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი განვითარების პერსპექტივას თურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის ჭრილში განიხილავს. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურებიან მსგავსი “ბიზნესმენები” ჩვენს ქვეყანაში?
_ ეს ე.წ. ბიზნესმენი, რომელიც ყველამ ვიცით, სინამდვილეში რა ბიზნესმენიცაა, არის ტიპური თურქი დამპყრობლის მენტალიტეტის მქონე. უბრალოდ, მოკაკული ხმალი არ უჭირავს ხელში და ცეცხლითა და მახვილით არ მოდის. რაც შეეხება მიზანს, ამაზე ლაპარაკს ცოტა შორიდან დავიწყებ. მოგეხსენებათ, თურქების წინაპრები შუა აზიიდან მცირე აზიაში მე-13 საუკუნეში მოვიდნენ. ოსმალეთის სახელმწიფოს არსებობა კი მე-14 საუკუნიდან იწყება. ამ სახელმწიფოს დამაარსებლად ოსმანი ითვლება, რის გამოც სახელმწიფოს დაერქვა ოსმალეთი. იმ პერიოდიდან მოყოლებული ამ ხალხისა და სახელმწიფოს პოლიტიკა აგებული იყო ერთადერთ პრინციპზე _ მეზობელი ქვეყნების დაპყრობაზე, ძარცვასა და ნადავლის მიტაცებაზე. გამომდინარე აქედან, ეს ქვეყანა თავისი იმპერიული ზრახვებით იყო საქართველოს ერთ–ერთი მტარვალი, რომელმაც არაერთხელ გაასწორა მიწასთან ჩვენი სახელმწიფოებრიობა და საქართველოს ისტორიაში, მოგეხსენებათ, ეს პერიოდი ცნობილია, როგორც დიდი თურქობა. სხვათა შორის, 1510 წელს, როდესაც ოსმალები შემოესივნენ დასავლეთ საქართველოს, სასტიკად ააოხრეს ქვეყანა, გაჟლიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გადაწვეს ქუთაისი თავის ისტორიული ძეგლებით, მათ შორის გელათიც. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი სისასტიკე, რომელიც მათ ჩაიდინეს, სხვა უფრო საზარელი ფაქტებიც ვიცით. ჩვენი დიდი მეფეები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, გიორგი VII და კონსტანტინე I, დაიღუპნენ სწორედ თურქებთან ბრძოლაში. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 1609 წელს, როდესაც ოსმალოთა 60 000-იანი ლაშქარი ქართლში შემოიჭრა კველთა-მანგლისის მხრიდან და მიწასთან გაასწორა, ფაქტობრივად, მტკვრის მარჯვენა სანაპირო _ გაანადგურეს სოფლები: ერთაწმინდა, დღევანდელი სოფელი მეტეხი, ნიაბი, ყარაღაჯი, გრაკალი, დოესი, სასირეთი, ხიდისთავი, უფლისციხე და ა.შ. რომ არა გიორგი სააკაძის დიდი მხედართმთავრული ნიჭი და ბრწყინვალე გამარჯვება ტაშისკართან, საქართველოს უდიდესი საფრთხე ემუქრებოდა… ვიღაც იტყვის, _ ისტორია რა შუაშიაო? იმ შუაშია, რომ პროცესები მეორდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ყველაფერი ქრონოლოგიური სიზუსტითაც ხდება. ვგულისხმობ იმას, რომ იმ უმძიმეს წლებში, როცა ოსმალეთი მუსრს ავლებდა მართლმადიდებელ საქრისტიანოს და, მათ შორის, საქართველოს, ის ასევე აქტიურად მიმართავდა ეკონომიკურ ექსპანსიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ახორციელებდა.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, სადაც ომით ვერაფერს ხდებოდა, აწესებდნენ ხარკს. გლეხებს მიწას ართმევდნენ და მისი დაბრუნების ერთადერთი გზა ისლამის მიღება იყო. გარდა ამისა, ყოველწლიურად ათასობით ტყვე გაჰყავდათ ქვეყნიდან, ძირითადად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. რა კავშირშია ეს ყველაფერი დღევანდელ ვითარებასთან? დღეს მართალია, ომი არ მიმდინარეობს და თურქები ცეცხლითა და მახვილით არ მოდიან, მაგრამ მათი იმპერიული პოლიტიკა უცვლელია _ მოდის ვიღაც “ინვესტორი”, რომელიც სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ინვესტორი კი არა, ჩვეულებრივი პანთურქისტული იდეებით შეპყრობილი ემისარია და ყიდულობს ყველაფერს. შემდეგ იღებს საქართველოს მოქალაქეობას მოღალატე ხელისუფლების დახმარებით და იწყებს ექსპანსიას ორი მიმართულებით: ერთი _ ეკონომიკის, მეორე _ განათლება–კულტურის. წარმოიდგინეთ, 40-მდე თურქული სკოლა აქვს ამ ადამიანს უკვე საქართველოში გახსნილი და 350-მდე თურქი მოსწავლე ჰყავს ჩამოყვანილი. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რა არის ეს, თუ არა XXI საუკუნის თურქიზაცია და ისლამიზაცია, რომელსაც მოღალატე ხელისუფლებების მიერ მეგობრად და პარტნიორად გამოცხადებული ისტორიული მტერი, უკვე წლებია, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს?
_ სხვათა შორის, “ფორბსთან” ინტერვიუში თურქი ბიზნესმენი დიმიტრი ქუმსიშვილს ახსენებს და ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან იცნობდა… როგორ ფიქრობთ, “ქართულ ოცნებაში” იყვნენ კონკრეტული ძალები, რომლებიც მსგავს “ინვესტორებს” ეხმარებოდნენ და ხელს უწყობდნენ თავიანთი მიზნების განხორციელებაში საქართველოში?
_ დიმიტრი ქუმსიშვილი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და, ჩვენ რომ დღეს ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ ეროვნული, პატრიოტული ხელისუფლებით, ამ ადამიანის საქმიანობაზე დაწყებული უნდა იყოს გამოძიება. ყოველ შემთხვევაში, მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქუმსიშვილი, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თურქებისგან ქრთამს არ იღებდა.
თურქეთი ის სახელმწიფოა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიან ადამიანებს ხოცავდა აჭარაში და არა მხოლოდ. სხვათა შორის, ორი საუკუნის წინათ ჭოროხის ხეობაში ერთ დღეში 30 ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი. მიზეზი იყო ის, რომ მათ ისლამი არ მიიღეს. ეს იყო იმპერია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სჩადიოდა წარმოუდგენელ ბოროტებას და ამას თვითონ თურქი მემატიანეებიც არ უარყოფენ. ნახეთ, რას წერენ ცნობილი თურქი და ირანელი ისტორიკოსები _ ჰასან რუმლუ, ისკანდერ მუნში, მუსტაფა ნაიმა, ევლია ჩელები და სხვები… თურქების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა და ეს ყველაფერი გრძელდებოდა 1801 წლამდე, სანამ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში არ შევიდა. აი, ამის მერე უკვე იწყება რუსული ხიშტითა და ხმლით აქედან თურქების განდევნა და საქართველოს ძველი ტერიტორიების დაბრუნება და ეს პროცესი გრძელდება მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებამდე. ამ პერიოდში რუსეთი, მოგეხსენებათ, თითქმის კონსტანტინოპოლამდეც მივიდა და, რომ არა ისევ დასავლეთის აქტიური ჩარევა ოსმალეთის სასარგებლოდ, მართლმადიდებელი საქრისტიანოს დიდ მიზანს რუსეთის იმპერია აასრულებდა _ მართლმადიდებელ სამყაროს დაუბრუნებდა კონსტანტინოპოლს, თურქთაგან სტამბოლად წოდებულს.
_ დღეს თურქეთის ნებისმიერ კრიტიკას ლიბერალური ელიტა თურქოფობიად აფასებს და “რუსული პროპაგანდის” ნაწილად რაცხავს. ამ პირობებში რა ბერკეტები არსებობს ქვეყანაში აგრესიული პანთურქისტული იდეების წინააღმდეგ სამოქმედოდ?
_ პირველი და უმთავრესი _ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისტორია არ გაყალბდეს და მომავალი თაობები ამ ყალბი ისტორიით არ მოწამლონ. თურქეთი შეიძლება იყოს ჩვენი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ ის ვერასდროს ვერ იქნება მეგობარი. სხვათა შორის, ჩვენ დავიანგარიშეთ და ერთი საუკუნის განმავლობაში ოსმალეთი 54-ჯერ დაესხა თავს საქართველოს. 21-22 შემოსევა იყო განსაკუთრებით სასტიკი. ყოველ საუკუნეში ერთხელ დაახლოებით 300 ათასი ქართველი ეწირებოდა ამ შემოსევებს… მოღალატე თუ არა ხარ, შეიძლება სახელმწიფოს, რომელთანაც ასეთი სისხლიანი წარსული გაკავშირებს, მეგობარი უწოდო?!
_ ოზთურქის მსგავსად, ჩვენმა ხელისუფლებებმა ათასობით თურქს მისცეს საქართველოს მოქალაქეობა. ამასთანავე, საზღვარგარეთ, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ხშირად უარს ეუბნებიან ანალოგიურ მოთხოვნაზე. მეტიც, მოსკოვში მოღვაწე ქართველ პოლიტოლოგს ალექსანდრე ჭაჭიას საერთოდ გაუუქმეს საქართველოს მოქალაქეობა, იმ მოტივით, თითქოს ის საშიშია ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის(!)… ოზთურქი და მისთანები სასარგებლონი არიან ჩვენი ქვეყნისთვის და ჭაჭია არის საშიში?! ეს ყველაფერიც მიზანმიმართულად ხდება?
_ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმითა და შინაარსით ნიღბავენ. სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლებები ერთი ძალის ორი განშტოებაა, რომლებიც განსხვავებული ფორმებით ასპარეზობენ პოლიტიკურ არენაზე. ერთს აცვია ლურჯი ფორმა, მეორეს _ წითელი. საქართველოსთვის ორივე დამღუპველია.
რაც შეეხება ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ან შენარჩუნებაზე უარის თქმას, მით უფრო, გაუქმებას, ეს ცხადყოფს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აქტიურ მუშაობას ჩვენთან, რაც ძალიან საგანგაშოა.
ვფიქრობ, გამოსავალი არის ის, რომ საქართველომ უნდა მოაგვაროს ურთიერთობა რუსეთთან, რაც უმნიშვნელოვანესია, ამასთანავე _ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ სამხედრო მიუმხრობლობა. აი, ეს იქნება საბოლოოდ გარანტი იმისა, რომ ვერც დასავლეთი და ვერც სხვა რომელიმე პოლიტიკური ვექტორი პლაცდარმად ვერ გამოგვიყენებს.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია