Home რუბრიკები პოლიტიკა ვამბობთ სააკაშვილს _ ვგულისხმობთ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს

ვამბობთ სააკაშვილს _ ვგულისხმობთ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს

სააკაშვილი

მკითხველს, ალბათ, ახსოვს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, _ საქართველო მსოფლიოს მე გავაცანიო. მაშინ ვაიპატრიოტებმა ხმაური ატეხეს, _ რა სჭირს საქართველოს, უდიდესი ისტორიისა და კულტურის ქვეყანას, სააკაშვილის გასაცნობიო. არადა, მართალი იყო იმჟამინდელი პრეზიდენტი, ვინაიდან თანამედროვე, დახვეწილი საკომუნიკაციო საშუალებების წყალობით, ინტერნეტში და ტელეეკრანზე მუდამპირველ გვერდზეჰქონდათ გამოტანილი საქართველოსამბები საგმირონი”.

მსოფლიოს ახსოვს 2003 წელს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სააკაშვილის შევარდნა, მოქმედი პრეზიდენტის _ შევარდნაძის დარბაზიდან “გაპარება”, ტრიბუნაზე გამარჯვებული სააკაშვილის მიერ შევარდნაძისთვის განკუთვნილი ჩაის მოსმა და პატრიოტული სიტყვა.

ახსოვს უკვე სააკაშვილის პრეზიდენტობისას აჭარის შტურმი, აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძის ბათუმიდან იძულებითი წასვლა; ქართველ სამართალდამცავთა პირველი მარცხი ცხინვალში და დაჩოქება; 2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილი ავტონომიის დასაბრუნებლად, დამარცხება და ჰალსტუხის ღეჭვა, გორთან მიწაზე ხოხვა.

სხვაც ბევრი ახსოვს, სასაცილოც და დამამცირებელიც. სააკაშვილის მმართველობის 9 წლის განმავლობაში ბევრი რამ იყო ისეთი, რისი გახსენება ჟრუანტელს გვგვრის და ცუდ გუნებაზე გვაყენებს. მათ შორის ცოცხს გამორჩეული ადგილი უკავია. გვახსოვს, ვნებამოძალებული პრეზიდენტის ნადირობა ადგილობრივ თუ უცხო ქვეყნის ქალებზე, შემდეგ გავრცელებული ჭორ-მართალი, უფრო _ მართალი. გვახსოვს, ადგილობრივ ლამაზმანებთან ერთად, პრეზიდენტის თვითმფრინავით, სპონტანურად, რომელიმე სახელმწიფოში დროის გასატარებლად გაფრენა. გვახსოვს მისი გამოუცნობი “მუშაობის” სტილი _ ღამის ორ საათზე, კარგად ნაქეიფარზე, მეტროპოლიტენის გახსნა და სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების გაღიმებული სახეები ესკალატორზე.

სხვაც ბევრია გასახსენებელი _ “საამაყო” და ქვეყნისთვის “დადებითი” იმიჯის შემქმნელი. იმ ცხრაწლიან პერიოდში ყველა, ვისაც რაღაცის თქმა შეეძლო, განსაკუთრებით _ ინტელიგენცია, პირში წყალს იგუბებდა და ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ხედავდა. ხმას არავინ იღებდა, ისინიც კი, ვინც შემდეგ თავგამოდებით ლანძღავდნენ სააკაშვილს. ასეთთა რიგში არის ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, _ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინ ჩავერთე, როდესაც დავინახე, რომ სამშობლოს ვკარგავდიო.

დიახ, მართალია ბიძინა, სააკაშვილის ქცევა სამშობლოს დაკარგვის ტოლფასი იყო, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ბიძინამ ყველაზე გვიან შენიშნა ნგრევა, შენიშნა მას შემდეგ, როდესაც სააკაშვილთან გაუუარესდა ურთიერთობა. მანამდე კი დიდძალი ფული დაახარჯა სააკაშვილსა და მის ოჯახს, ისევე, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს.

ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ის იქნებოდა ქვეყნის უგვირგვინო მეფე _ ისე, როგორც დღეს არის, ხოლო სააკაშვილი მისი სურვილების შემსრულებელი და ბიძინაზე დამოკიდებული უმაღლესი მოხელე, ისეთები, როგორებიც დღეს არიან კვირიკაშვილი და სხვანი.

ბიძინას ჩანაფიქრი სააკაშვილის მიმართ არ ასრულდა, არც ასრულდებოდა, სააკაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე. სააკაშვილს თუ ვინმე უღელს დაადგამდა, იყო აშშ და არა ივანიშვილი.

ასეა დღესაც. სააკაშვილი ბაჯაღლოა აშშის გარკვეული წრეებისთვის, მათთვის, ვისზეც პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ცვლა არ მოქმედებს. ეს უნდა სცოდნოდა მილიარდერ ივანიშვილს, მაგრამ შეზღუდულმა განათლებამ და აზროვნებამ ამის საშუალება არ მისცა.

ივანიშვილი იყო პიროვნება, რომელმაც ხელი გაუმართა სააკაშვილს “ვარდების რევოლუციისას” და შემდეგაც. და რომ არა ივანიშვილის ფინანსები, სააკაშვილის მმართველობა “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე სულს დალევდა. სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ ივანიშვილის დამსახურებაა? არა! სააკაშვილის გამარჯვებაც და ხელისუფლების შენარჩუნებაც სააკაშვილისვე დამსახურებაა. სწორედ მან შეძლო ბიძინა ივანიშვილის დაყოლიება; სწორედ მან შეძლო სხვათა დაყოლიება და ხალხის თვალში ნაცრის შეყრა გაუთავებელი სატელევიზიო შოუებით, მუდამ ტელეეკრანზე ყოფნით და ა.შ.

ცნობილი დიპლომატი, პარლამენტის წევრი “ოცნებიდან”, ამჟამად პრემიერმინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე ერთი წლის წინათ წერდა, რომ სააკაშვილის ფენომენი დროით არის განპირობებული, ანუ იყო ისეთი დრო, რომელიც სააკაშვილმა “შეირგოო”. ძნელია, დაეთანხმო პატივცემულ თედოს. დროსა და გარემოს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მათ მილიონში ერთი თუ ირგებს სათავისოდ. გარდა ამისა, სააკაშვილმა თვითონ შექმნა “დროც და გარემოც” რევოლუციისა, რომელსაც სათავეშიც ჩაუდგა და გაიმარჯვა კიდეც.

აი გამარჯვების შემდეგ რა გააკეთა ქვეყნისთვის, ეს არის საკითხავი. ამ კითხვას უდავოდ გაეცემა პასუხი _ უემოციო, აკადემიური, მაგრამ თანამედროვეთა დიდი ნაწილისთვის სააკაშვილის მმართველობის ეპოქა იყო აუტანელი, სადამსჯელო ოპერაციებით აღსავსე, განუკითხაობით განთქმული.

სად აისახა ყოველივე ეს? _ არსად, მხოლოდ სააკაშვილის თანამედროვეთა თავებში. იქ კი, სადაც უნდა ასახულიყო დანაშაულის სახით, მსგავსი არაფერი მომხდარა. უმნიშვნელო დარღვევებმა გაიქროლეს ჩვენს გონებაში, ნაცვლად სერიოზული დანაშაულისა, რომელთა რაოდენობას ვინ მოთვლის.

ვინც უნდა “მოთვალოს”, ისეთი ჩლუნგი, გამოუცდელი და ბიძინას მორჩილია, რომ მისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ (პროკურატურა). რით არის ეს გამოწვეული, მხოლოდ ზემომოყვანილი თვისებებით? _ არა! სააკაშვილის მეცადინეობით, მისი მარიფათით, მისი პიროვნებითა და დამსახურებით ამერიკელი ბოსების წინაშე.

საქართველოდან გაქცეული სააკაშვილი აღმოჩნდა ამერიკაში, რომელმაც ასწავლა, დააპურა, გაზარდა და გზაზე დააყენა. შემდეგ იყო ხეტიალი სხვა ქვეყნებში და ბოლოს ადგილი გამოუძებნეს საქართველოსავით გონგამოცლილ უკრაინაში. აშშ-მა ახალი უკრაინული პროექტი წამოიწყო _ “მაიდნის რევოლუცია”, რომელსაც სათავეში ჩაუყენა აშშ-ის სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირები, მათ შორის, სააკაშვილის თანაკურსელი პოროშენკო.

რატომ უკრაინა?

ვისაც ზბიგნევ ბჟეზინსკის წიგნი აქვს წაკითხული საჭადრაკო დაფაზე პაექრობის შესახებ, მისთვის ნათელია _ რატომ. უკრაინა ის ქვეყანაა, რუსეთის მოსაზღვრე და მტრულად განწყობილი, რომელმაც წყალი უნდა შეუყენოს რუსეთს, როგორც სუპერსახელმწიფოს. სააკაშვილი კი ის პიროვნებაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში რუსეთს ლანძღავს და აგინებს.

“ვარდების რევოლუციის” უკრაინელთათვის გაცნობაში დიდი წვლილი მიუძღვნის აშშ-ს, მაგრამ არანაკლები _ სააკაშვილსა და მის ნაცებს. შედეგი _ “ნარინჯისფერი რევოლუცია”, იუშჩენკო-ტიმოშენკოს პირველი პროამერიკული მთავრობა, უკრაინის ეკონომიკური დეგრადაცია და ქვეყნის ძარცვით გაჩენილი მილიარდები.

მხოლოდ დროს უნდა დავაბრალოთ სააკაშვილის დანათესავება იუშჩენკოსთან? _ არამც და არამც! მხოლოდ სააკაშვილის მარიფათს. რომელი პრეზიდენტი გააკეთებდა იმას, რაც სააკაშვილმა გააკეთა? არჩევნებში გამარჯვებულ იანუკოვიჩს ყირიმში მოულოდნელად ჩააკითხა და გამარჯვება მიულოცა, მანამდე კი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. არამხოლოდ ლანძღავდა, სპეცჯგუფიც გაგზავნა საქართველოდან უკრაინაში საარჩევნო კამპანიის ასარევად.

“მაიდნის რევოლუციის” შემდეგ მოსულ ხელისუფლებას ამერიკელმა მრჩევლებმა შესთავაზეს უცხოელი მოხელეების, მათ შორის ქართველების, გამოყენება. ასე გაჩნდნენ პოროშენკოს კარზე სააკაშვილი და საქართველოში შეძულებული ნაცი მოხელეები. სამწუხაროდ, ისე, როგორც სააკაშვილმა, ვერც ერთმა მათგანმა ვერაფერი არგო ახალ “სამშობლოს”.

სააკაშვილი არ არის პოლიტიკოსი, რომელიც მაგიდას მიუჯდება და გულდასმით გაეცნობა მასალებს. მისთვის უცხოა კაბინეტში მუშაობა, ვინაიდან ამას სჭირდება სიდინჯე, საკითხებში ჩაღრმავება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. მისთვის კაბინეტში ყოფნა უწყლო აკვარიუმში თევზის ყოფნის ტოლფასია. ის არეულობის, რევოლუციის დიდოსტატია. ის ვერ ეტევა ქვეყნის ჩარჩოებში და ამიტომაც საზღვრის გარეთ გაჭრას ლამობს. ხან სად არის და ხან _ სად.

სააკაშვილი რევოლუციონერი, უფრო სწორად, ამრევია, რაც კარგად იციან მისმა აღმზრდელმა ამერიკულმა სპეცსამსახურებმა. სწორედ ამიტომაც იყენებდნენ და მომავალშიც გამოიყენებენ ვითარების დასაძაბავად, ამიტომაც გადაისროლეს უკრაინაში.

სააკაშვილის უკრაინაში დასახლებას პოროშენკოს აბრალებენ, რაც არასწორია. პოროშენკომ, უბრალოდ, გაიზიარა აშშის მოთხოვნა. .. რეფორმატორები სწორედ ის პოლიტიკური ძალა იყვნენ და არიან, რომლებსაც უკრაინა ამერიკულ რელსებზე უნდა შეეყენებინა. სააკაშვილმა ეს მოახერხა, თუმცა, ნაწილობრივ. ამჯერად შეუსრულებელი მეორე ნაწილის შესრულების პროცესი დაიწყო.

მცდარია მოსაზრება, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გვამია. თუ ეს ასეა, მაშინ აშშ-ც პოლიტიკური გვამია, ვინაიდან იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებს, თავისუფლად შეიძლება დავარქვათ ამერიკული საქმე. სადაც სააკაშვილია, უნდა ვიგულისხმოთ აშშ-ის სპეცსამსახურები, რაც თვალნათლივ დამტკიცდა სააკაშვილის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას.

სააკაშვილის გვერდით არა მხოლოდ ცნობილი პოლიტიკოსი და ოპოზიციონერი, “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემოქმედი ტიმოშენკო იდგა, არამედ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი, უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი ნალივაიჩენკო. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს წინასწარ დადგმული პროექტია, რომელიც პოროშენკოს ჩამოგდებას ისახავს მიზნად. სააკაშვილი ამ გეგმის მთავარი შემსრულებელია, ვინაიდან მხოლოდ მას ხელეწიფება ისეთი ვითარების შექმნა, როგორიც იყო უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას. დაისჯება ამისთვის სააკაშვილი?

მხოლოდ ჯარიმის გადახდით, მეტი არაფრით. ოფიციალურმა ვაშინგტონმა ხომ გვაუწყა, რომ თვალს ადევნებს სააკაშვილის მოქმედებას. რაც შეეხება პოლონეთს, ის სააკაშვილის მხარეზეა, ისე, როგორც ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა ქვეყნები.

უკრაინის თავზე ახალი რევოლუციური ღრუბლები გამოჩნდა, რასაც უდავოდ მოჰყვება კოკისპირული წვიმა დღევანდელი ხელისუფლების დამხობით და ახლის მოსვლით. ასე სურს აშშ, რომელიც, კარგა ხანია, მართავს უკრაინას. ამ რევოლუციას სააკაშვილი წარმართავს _ აშშის სპეცსამსახურების ჯილა.

საქართველოში ხშირად საუბრობენ სააკაშვილის ტაკიმასხარაობაზე, ჩამოწერილ პოლიტიკოსობაზე და ა.შ. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. პოლიტიკური არენიდან ჩამოწერა ისეთი პოლიტიკოსისა, როგორიც სააკაშვილია, საქართველოს საქმე არ არის _ ეს აშშ-ის საქმეა. ჩამოწერს ის სააკაშვილს _ ჯან-ღონით სავსე აგენტს, პოლიტიკური თამაშებისა და ცხოვრების გაფურჩქვნის ასაკში შესულს? არ ჩამოწერს, ვინაიდან მისგან ბევრს ელიან. სწორედ სააკაშვილმა შეძლო საქართველოს გარდაქმნა ისეთ ქვეყნად, როგორიც დასავლეთს სურს. მან შეასრულა ალენ დალესის თითქმის ყველა მოწოდება და საქართველო შეაბრუნა, მათი გაგებით, უკეთესობისკენ; ჩვენი აზრით, _ უარესობისკენ, მაგრამ ჩვენი აღქმა ქვეყნისა ვიღას სჭირდება _ ჩარეცხილებს, საიქიოდ გამზადებულებს?

რაც შეეხება ახალ თაობას, თითქოს, საქართველოში კი არა, აშშ-ში დაიბადნენ და გაიზარდნენ. აი ეს გააკეთა სააკაშვილმა, ამისთვის უმადლიან მას აშშ-ის გარკვეული წრეები, ამისთვის ხუჭავენ თვალს სააკაშვილის ავხორცობაზე, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებზე, რეპრესიებსა და ყოველივე ნეგატიურზე, რაც საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში ხდებოდა.

სააკაშვილს უფრო დიდი გააკეთებინეს _ ქვეყნის, ერის თვითშეგნება დაანგრევინეს, ამასთან შედარებით ყველა დანარჩენი წვრილმანია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here