რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც ამბობენ, მისივე ნების საწინააღმდეგოდ ხელი უკვე მოაწერა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ზარ–ზეიმით შეხვდნენ.
უმცირესობაც და უმრავლესობაც, ხელისუფლებაც და ოპოციზიაც ერთ ჭკუაზე არიან, _ სანქციებმა ოფიციალურ მოსკოვს თავზარი დასცა და პუტინის ხელისუფლება, წელს თუ არა, გაისად მაინც დაემხობაო. თუმცა ისტორია გვკარნახობს, რომ ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს რუსეთს მსგავსი სანქციები ვერაფერს აკლებს. საქართველო კი დღითიდღე დიდი დარტყმის საფრთხის წინაშე დგება, მაგრამ ამერიკული წყლისა და პამპერსების იმედად დარჩენილ ქვეყანას, თითქოს ერთი სული აქვს, ზესახელმწიფოთა სამკვდრო–სასიცოცხლო დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცეს. რას ემსახურება რეალურად რუსეთისთვის სანქციების გამკაცრება, რა ზომებს მიიღებს საპასუხოდ ოფიციალური მოსკოვი და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, გვესაუბრება უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია.
_ ბატონო ვალერი, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას საქართველოში ბევრი ოპტიმისტურად უყურებს. ზოგს სწორედ ეს ნაბიჯი მიაჩნია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობად. რას მოგვიტანს ეს პროცესები და, საერთოდ, საქართველომ როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებაში?
_ ამ ვითარებაში კონკრეტული დასკვნის გამოტანა ძალიან რთულია. მე, უბრალოდ, საქართველოზე ვფიქრობ. სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლებაში ბევრს სჭირდება ფსიქიატრიული დახმარება, იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მესმის განცხადებები, რომლებიც ამოვარდნილია რაციონალურობის ჩარჩოებიდან. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას სრულიად პოლიტიკურ სპექტრზეც, ვინაიდან, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, ყველა სუბიექტი იმეორებს ერთსა და იმავეს _ დასავლეთი მოკავშირეა, ნატო ჩვენთანაა, სხვა გზა არ არსებობს, რუსეთი უნდა დაეცეს… ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სიბეცე, რომელიც სჭირთ პოლიტიკურ ავადმყოფებს.
რაც შეეხება სანქციებს, ჯერ ერთი, ეს სანქციები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ კონგრესმენებს ეს სჭირდებოდათ პოლიტიკური თვალსაზრისით, ტრამპის შესატორტმანებლად. მოგეხსენებათ, ტრამპს თავდაპირველად ლოიალური კურსი ჰქონდა კრემლის მიმართ აღებული და ამ დოკუმენტის მიღებით ეს ლოიალურობა გააუქმეს, ანუ რეალურად მოხდა რა, მანამდე ე.წ. მაგნიტსკის სიაში თუ იყო, ვთქვათ, 43 კაცი, ახლა არის 73. ეს არაფერს ნიშნავს და თვით ევროპა რომ განაცხადებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით პრობლემები მექმნებაო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა უაზრო სანქციებზეა საუბარი?!
რაც შეეხება იმ ქართველებს, რომლებსაც ფსიქიატრიული დახმარება სჭირდებათ, ვთქვათ, დავუშვათ, დაიშალა რუსეთი, წარმოიდგინეთ თავის ნებაზე მიშვებული ჩრდილოეთ კავკასია უკონტროლო იარაღითა და და შეიარაღებული დაჯგუფებებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი მესაზღვრეები მყარად დადგებიან თავიანთ ადგილზე და ეს პროცესები აქეთ არ გადმოვა, ძალიან ცდება. რუსეთის დაშლა ჩვენთვის არც ერთ შემთხვევაში არ მოიტანს კარგ შედეგს და, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ ეს შეიძლება იყოს საქართველოს ხსნა, ის არის სამკურნალო. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმორებ, რომ ასეთი ადამიანების ადგილი არათუ ხელისუფლებაში და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, საერთოდ, პოლიტიკურ სპექტრში არ უნდა იყოს, რადგან ასეთი ხალხი სახელმწიფოსთვის ყოველთვის წარმოადგენს საფრთხეს, თავისი სიბეცით, უცოდინარობითა თუ ბოროტებით, რა მნიშვნელობა აქვს…
_ სანქციების დოკუმენტში ადგილი საქართველოსაც დაეთმო. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა უნდა განაგრძოს მოქმედება, რათა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთის გავლენის სფეროდან გათავისუფლება შესაძლებელი შეიქნეს. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სწორედ ამას მოჰყვა ყველაზე მეტი ოვაცია. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
_ ეს არის, უბრალოდ, საუბრები, რომელიც ვერ გასცდება საუბრებს. მიაქციეთ ყურადღება სიტყვების თამაშს: გაღრმავებული ურთიერთობა, ღირსეული პარტნიორობა, უფრო ღმა და ღირსეული… ამ სიტყვების მაღალ ხარისხში აყვანა ხდება იმისთვის, რომ მორიგი სატყუარა გადაუგდონ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც, სამწუხაროდ, ასეთ არაჯანსაღ გარემოს ქმნის ქვეყანაში. აი, ეს არის პრობლემა და ამ პრობლემების სათავედ მიმაჩნია გაურკვევლობა. გაურკვევლობას ვხედავ არა მხოლოდ გარე ძალებისგან, არამედ შიგნითაც. ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიმართულება.
_ რუსეთმა მოსკოვში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. ეს, ჩანს, დასაწყისია იმ საპასუხო ქმედებებისა, რომლებსაც კრემლი, ალბათ, კიდევ უფრო მკაცრი ფორმებით განახორციელებს მომავალში. საქართველოს მიმართ რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ?
_ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას ჰქვია დიპლომატიური ომი. ჩვენ კი ერთ რამეში უნდა ვიყოთ დარწმუნებული: რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება არც ერთ შემთხვევაში კარგს არაფერს მოგვიტანს. თუმცა დღეს საქართველოში ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ დღევანდელი რუსეთი არ არის ელცინის რუსეთი, რომელზეც გააძლიერებენ ზეწოლას, და ის, შესაბამისად, შეამცირებს თავის გავლენას კავკასიაში. ეს არ მოხდება იმიტომ, რომ დღევანდელი რუსეთი, ელცინისდროინდელ რუსეთთან შედარებით, წარმოუდგენლად ძლიერია და, რაც უნდა სანქციები დაუწესონ, ყოველთვის იქნება სერიოზული ძალა.
_ თქვით, რომ რუსეთ–ამერიკის დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს, კონკრეტულად რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას?
_ დღეს საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება, ატარებს წვრთნებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ა.შ. ომისთვის არავინ ემზადება, დარწმუნებული იყავით და არც ერთი ნაბიჯი ჩრდილოეთიდან საქართველოს მიმართულებით ამ თვალსაზრისით არ გადმოიდგმება, თუ არ ჩავთვლის იმ ე.წ. მცოცავ ოკუპაციას. სხვათა შორის, ამ თემაზე ძალიან აქტიურობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომლის განცხადებებიც, სიმართლე გითხრათ, ცოტა შეუსაბამო მეჩვენება. მცირე ხნის წინათ მას მივწერე ასეთი რამ: ხომ იყავით იქ, “საზღვართან”, წამოდით, მივიდეთ და ორივემ დავდგათ ბანერები, რომ ამის იქით არის ოკუპირებული ტერიტორია და, ხალხო, ნუ გადახვალთ-თქო. ამასაც არ აკეთებენ. ანუ, რისი თქმა მინდა: მთავრობამ უნდა იფიქროს თავის ხალხზე, ხოლო აღიარება-არაღიარება სხვა სტანდარტებია. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა არ ჰქვია, ეს არის საკუთარი ხალხის მიმართ გულგრილობა, რომლის შედეგიც ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცნობიერებული არ აქვთ.
_ რა გიპასუხათ ხიდაშელმა იმაზე, რაც მისწერეთ?
_ არაფერი, რა უნდა მიპასუხოს? მე ვიცი, მას რაც სჭირს: ეგონა, ჩემ გარშემო ტრიალებს დედამიწაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ყველაზე ცუდი კი მისთვის არის ის, რომ იმ მთავრობაზე, რომელშიც იყო, დღეს ცუდის თქმა უწევს. კრიტიკა და მხოლოდ კრიტიკა. თურმე მაშინ კარგი იყო, დღეს არ ვარგა…
_ როგორ შეაფასებთ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს _ “ღირსეული პარტნიორი _ 2017”, რომელშიც ამერიკული ტექნიკა მონაწილეობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ამასაც მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს?
_ ცხადია, ეს პოლიტიკური ოვაციები გაზვიადებული რეაქცია იყო და რეალურად მას ამხელა მნიშვნელობა არ აქვს. ხუთმა “აბრამსმა” და რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორმა გაიარა, მერე რა?! სომხეთიც მონაწილეობდა ამ სწავლებაში, მაგრამ არ გაიძახის მათი პრეზიდენტი, ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორიაო. ახლა რა გამოდის: სომხეთის შეიარაღებული ძალები რუსეთს შეუგზავნია იქ აგენტად?!
_ ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა სიამაყით აღნიშნა, ამერიკულმა ტექნიკამ რუსი სამხედროებისგან ხუთას მეტრში გაიარაო…
_ მერე რა, რომ გაიარა?! დრო იყო, ამერიკელი და რუსი სამხედროები ერთად ატარებდნენ წვრთნებს, ქვეყანა დაიქცა?! ამას ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ამით ვიღებთ მხოლოდ ერთ რამეს _ კიდევ ერთხელ მოტყუებულ და თვალში ნაცარშეყრილ ხალხს, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, ყელში ამოუვიდეს ეს ყველაფერი.
_ აშშ–ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზეც გაზვიადებული შეფასებები გაკეთდა: ამერიკა განუხრელად განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, ვაშინგტონი კვლავ რჩება საქართველოს უპირობო მოკავშირედ და ა.შ… რას ნიშნავდა რეალურად ეს ვიზიტი?
_ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტზე ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩამოვიდა, გააკეთა გარკვეული განცხადებები, რომლებშიც მაინცდამაინც ბევრი კონკრეტიკა არ იყო, და დატოვა გაღიმებული, გახარებული პოლიტელიტა. ანუ, მაიკ პენსის სიტყვები რეალურად იყო შემდეგი: ბიჭებო, განაგრძეთ ლეგენდებში ცხოვრება. აი, ამ ილუზიებსა და ლეგენდებში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს. ეს იყო და ეს.
_ ამას ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს?
_ ბევრი, ალბათ, ხვდება, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ გამოხატავს. თუ გამოხატავს, ეს იქნება მისი პოლიტიკური აღსასრული, რაც, ცხადია, ყველამ იცის და პოლიტიკური კარიერის გაწირვა არავის სურს…
_ როგორი კურსი უნდა გაატაროს საქართველომ, საერთაშორისო პოლიტიკური პროცესებიდან რომ არ ამოვარდეს და უარყოფითად არ აისახოს სახელმწიფოზე ის გლობალური გარდაქმნები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს?
_ სიმართლე გითხრათ, დღეს გასატარებელ რეალურ კურსს ვერ ვხედავ, ერთადერთი, რაც უსათუოდ გასაკეთებელია და ამაში ორი აზრი არ არსებობს, არის ის, რომ ქვეყანამ უნდა მოახერხოს ეკონომიკური რესურსების კონსოლიდაცია. თუ ეკონომიკის აღორძინება ვერ მოხერხდა, გინდა “აბრამსებს” ჩაუვლია აქ, გინდა _ გერმანულ ტექნიკას და გინდა _ ირანულს. ასე რომ, ლეგენდებს თავი დავანებოთ და რეალური ცხოვრებით ვიცხოვროთ. უნდა ვნახოთ, სად არის სინამდვილეში სარგებელი, სადაა გასაღების ბაზარი და ა.შ. თუ სიდუხჭირე არ აღმოიფხვრა, ხალხს ელემენტარული საარსებო პირობები არ გაუუმჯობესდა, ვერანაირი სიტყვიერი გამხნევება ამერიკიდან საქმეს ვერ უშველის…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია