რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ დაჭრილი ჟურნალისტი ტატიანა ფელგენგაუერი ხელოვნური კომის მდგომარეობაში იმყოფება და მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო მოსკვი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჟურნალისტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუშინ 48 წლის თავდამსხმელმა ბორის გრიცმა ჟურნალისტს დანა ყელის არეში დაარტყა. ის რედაქციაში მთავარი შესასვლელიდან შევიდა და დაცვის თანამშრომელს სახეში გაზის აეროზოლი შეასხა. ეს რედაქციასთან დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს.
დაკავებულმა განაცხადა, რომ ფელგენგაუერს მასთან ხანგრძლივი ტელეპათიური კავშირი ჰქონდა. დაკავებულს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.
დღეს სასამართლო აღკვეთის ზომაზე იმსჯელებს. გამოძიება ბორის გრიცის დაკავებას ითხოვს.