Home რუბრიკები საზოგადოება ეშმაკთა “საზეიმო” თავყრილობა

ეშმაკთა “საზეიმო” თავყრილობა

2195
ეშმაკთა “საზეიმო” თავყრილობა

ეშმაკთა მბრძანებლის ფართო მოსაცდელში გნიასია. ხმაურობს და როკავს ბოროტების ბუდე. მორიგ თავყრილობაზე მხიარულად ცხადდებიან ქაჯეშმაკები _ სიკეთეზე შეტევის წარმატებაში დარწმუნებულები ერთობიან, სანამ მთავარი ეშმაკი ადუღებულ კუპრში ბანაობას დაასრულებს. ბოლავს მიწისპირი. გოგირდის მყრალი კვამლი აქაიქ აშფოთებს ადამიანებს. კარგად იციან, რომ ქვესკნელში ქაჯეშმაკთა გააქტიურება ზესკნელის ქაჯეშმაკებს შეჰმატებს ძალას და ყველგან მათი როკვა დაიწყება, თუმცა ბოლო პერიოდში ისედაც გვარიანად წამლავენ ადამის მოდგმას.

ბელზებელი მდუღარე კუპრიდან ამოვიდა, ბალანი შეიბერტყა და ეშმაკების შემოსვლა ბრძანა. გოგირდის სუნით აქოთებული ბუნაგი წვრილ-მსხვილი ეშმაკებით გაივსო. ბელზებელი მაღალი ლოდის ქიმზე მოკალათდა.

_ ჩვენი მოვალეობაა ადამიანთა მოდგმის გადაჯიშება. ადამიანი ეშმაკად ვერ იქცევა, მაგრამ ისეთი ბოროტებით შეუძლია სიცოცხლის მოწამვლა, რომ ეშმაკებსაც გაუკვირდებათ. თუ ადამიანს მომხვეჭელობა შეეყარა, თავისუფალია ადამიანობისგან, ის ეშმაკის მსახურია, რადგან გაუმაძღრობაშეყრილი სიკეთის გზაზე ვეღარ შედგება, ფულს დაემონება და სიწმინდეებს გაწირავს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს სამყარო ბოროტების ბრძოლაა სიკეთესთან. ჩვენი მოვალეობაა ბოროტების შხამით სიკეთის სიტკბოს ჩამწარება, _ თქვა ბელზებელმა.

_ ამიერიდან ჩვენი შეკრებები საზეიმო იქნება, _ აჭყივლდა გაქუცული ბებერი ეშმაკი ჩმახი, უხსოვარ დროიდან ქართველთა გადაგვარება-გადაჯიშება რომ ევალებოდა.

_ რა გაქვს საზეიმო? _ ჰკითხა ბელზებელმა.

_ ბოროტებას, უსირცხვილობას, გარყვნილება-სიბილწეს, რომელსაც ვქადაგებ, არასდროს ჰქონია ისეთი წარმატება, როგორც ბოლო ხანს, _ თქვა ჩმახმა და ბელზებელის საამებლად დაიღრიჭა.

_ კუდამოძუებულიც მინახავხარ, საქართველოდან გამოპანღურებულიც, იქით გახედვას რომ ვეღარ ბედავდი და მეხვეწებოდი, სადმე პაპუასებთან გამიშვიო, გახსოვს? _ ნიშნის მოგებით უთხრა ბელზებელმა.

_ მახსოვს, როგორ არა, სწორედ ამიტომ დავამსგავსე პაპუასებს. ახლა საქართველოში შენი იდეების ზეობაა. მეც, როგორც რიგითი ქურუმი, დამოძღვრას არ ვაკლებ და შედეგად ჩემი ეშმაკეულნი უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქს ლანძღავენ. უღმერთოები ეშმაკების სამსახურში ჩავაყენე და მალე აქ, ადუღებულ კუპრში ჩვენი ბალნის ტილებთან ერთად იფართხალებენ.

_ გვითხარი, როგორ მოახერხე ქართველთა გადაჯიშება, რომ ამ ყეყეჩმა, რქამოტეხილმა ბეჩავმა რუსეთის ეშმაკმაც გაატოკოს თავი, თორემ რუსეთმა შეიძლება, სრულიად გაგვიქარწყლოს დიდი აღზევება, _ თქვა ბელზებელმა.

_ ხომ იცით, უგარყვნილესო და უგათახსირებულესო მბრძანებელო, ტრაბახში ვერავინ მჯობია, მაგრამ ქართველთა გადაჯიშებას მაინც ვერ დავიკვეხნი. რაოდენობით მცირე, მაგრამ შემოქმედებითი და ადამიანური სიწმინდეების საძირკველში ჩადებული წვლილის მიხედვით დიდი და მძლავრი ერია. წმინდანთა ხსოვნასა და ტრადიციებს არ ღალატობენ, _ ბრაზი შეეპარა ჩმახს.

_ აბა, რა თავბრუ დაგვახვიე ფუჭი ბაქიბუქით?! _ იჭყივლა ბელზებელმა.

_ როგორ ფიქრობთ, მბრძანებელო, ქართველების ასე დაბეჩავებას და გაუბედურების გზაზე შეყენებას ეშმაკის ჭკუის მოქნილად გამოყენება არ უნდოდა? _ თქვა ჩმახმა და ცოტა ხანს გაჩუმდა.

_ მაშინ ქართველების დაბეჩავებაზე მოგვიყევი, _ უთხრა შემრიგებლური ტონით ბელზებელმა.

_ კარგად იცით, ქართველებს, როცა მათ მოსპობას წინ აღარაფერი ეღობებოდა, უფალმა, მეფე ერეკლე მეორის მცდელობით, რუსეთი მოუვლინათ მხსნელად და გადამრჩენად. სანამ რუსებთან მეგობრობდნენ, ქართველები ისე გამრავლდნენ და გაძლიერდნენ, რომ გააქრეს ჩემი ხსენება. სადღაც კლდის ნაპრალში ვაფარებდი თავს. გარეთ გამოსვლისაც კი მეშინოდა, რუსეთის ეშმაკივით რომ არ მოვესროლეთ.

როგორც კი ნაპრალიდან გამოსვლის საშუალება მომეცა, ეროვნული მოძრაობის ნიღბით საქართველოში უმადურობის შხამის დათესვა დავიწყე და ვეცადე, ქართველებს ერთგული მეგობარი და მხსნელი რუსეთი შეეძულებინათ. მართალია, ქართველებს რუსეთი ვერ შევაძულე, მაგრამ ხელისუფლებაში სწორედ ჩემი შხამით მოწამლული ფულის მონების დასმა შევძელი, ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ახმახმა და ჩახმახმა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში სულ ჩემი, ახმახისა და ჩახმახის ერთგული ეშმაკეულნი მბრძანებლობენ და რუსეთის გინებით ქართველ ხალხს გარყვნილებისკენ ექაჩებიან. ამაში დიდი წვლილი შეაქვთ პარტიად წოდებულ ახმახისა და ჩახმახის მსახურ ბანდებს და ევროპაში ტვინგამოლაყებულ არასამთავრობოდ წოდებულ დემაგოგი ახალგაზრდების ხროვას. მართვის აღვირი ჩემი ეშმაკეულების ხელშია და დღემდე წარმატებით აბითურებენ ხალხს. მას შემდეგ, რაც ქართველებთან ვტრიალებ მათ დასაყენებლად ეშმაკ-ქაჯურ გზაზე და ყოველგვარ სიკეთეს ბოროტებით ვწამლავ, ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბევრჯერ ისეთი მოსპობა-გადაგვარების ბოროტი ცეცხლი შევუნთე, რომ არ მეგონა, სიკეთისკენ თუ მობრუნდებოდნენ, მაგრამ ყოველთვის გონს მოდიოდნენ და ახალი ძალით ებრძოდნენ ეშმაკისეულს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამჟამად გარყვნილება-გადაგვარება- მოსპობის ბორბალი გამალებით ბრუნავს და სიკეთის ხსენებას აქრობს, ამხელა გამოცდილების მქონე ეშმაკს მაინც შიშის ჭია მღრღნის _ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მცხოვრებ ხალხს უფალი სწორედ მაშინ ეხმარება, როცა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. გევედრებით, უუწმინდურესო, უფალი დაგვეხსნას და ქართველთა სახსენებელს გავაქრობ, _ თქვა ჩმახმა და კისერი მოიდრიკა.

_ რა, უფალს სიკეთეზე ხელი ავაღებინო და ბოროტების მფარველობა ვთხოვო?! შე თავქარიანო ბებერო, ვეღარ შეიგნე, რომ უფალი ცდილობს, სიკეთის გზაზე დაგვაყენოს. თითის გატოკებით შეუძლია ჩვენი მოსპობა, მაგრამ სიკეთის, სიყვარულის, ცოდვების შენდობის დიდსულოვან მსახურს ამის გაკეთება არ სურს. ჩვენც სწორედ მისი დიდი მოთმინებით ვსარგებლობთ და ვამწარებთ მის მიერ სიკეთისთვის, ბედნიერებისა და სიყვარულისთვის შექმნილ სამყაროს. შენ კი გინდა, რომ უფლის მოთმინების ფიალას ამ თავხედური თხოვნით ბოლო წვეთი მივამატო და ეშმაკთა არსებობა გავაქრობინო?! _ აჭყივლდა ბელზებელი, რომლის ნათქვამიც ქაჯ-ეშმაკთა თავყრილობის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა _ ეგონათ, სამყაროს ეშმაკები განაგებდნენ და თურმე რა შესძლებია უფალს!

_ უფალი ჩემსავით ბოროტების მსახური რომ იყოს, ეშმაკთა ხსენებას გააქრობდა. ამიტომ სიფხიზლეა საჭირო, ეშმაკეული ხალხისთვის სიკეთისა და ბედნიერების მოტანის სურვილით უნდა შევნიღბოთ, _ განაგრძო ბელზებელმა.

_ სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი, _ შეაწყვეტინა მეტიჩარა ჩმახმა.

_ ჩამოფქვი, რისი თქმა გინდა, _ აღარ დატუქსა ბელზებელმა მეტიჩარა ჩმახი.

_ როცა ბოროტებას ვანთხევ და გარყვნილებას ვამრავლებ, ხალხის საკეთილდღეოდ დემოკრატიის სახელით ვნიღბავ.

_ შენ რას ნიღბავ, შე ტრაბახა! _ წამოხტა უშველებელღოჯებიანი ზორბა ეშმაკი ახმახი, რომელსაც ჩმახი მუხლებამდეც ვერ სწვდებოდა.

_ დემოკრატიის ნიღბით მე ვათახსირებ კაცობრიობას! _ დაიჩხავლა ახმახმა. _ დემოკრატიის სახელით სატანის საჯირითო არენად მე ვაქციე ერაყი. სიკეთე ბოროტებად ვაქციე და ახლა იქ ქაოსი ბობოქრობს.

_ მბრძანებელო, მეც ახმახის გვერდით ვარ, _ აქა-იქ ბალანგაცვენილი, მოკუზული ბოროტება გვერდით ამოუდგა ახმახს და ამაყად დაიჯღანა. მას აჰყვა ბალანზე მოჭიდებული სვასტიკიანი ეშმაკი და ორი პატარა სიმახინჯე.

_ რა საშინელი ეშმაკია და რა სასიამოვნოდ მახინჯი წვრილფეხობა ჰყოლია, _ ამოიკნავლა ახალგამოჩეკილმა ეშმაკმა.

_ ახმახი ამერიკელთა გადაგვარებას ემსახურება, ჩახმახი კი ნატოდ წოდებული ევროპის უბედურებაა, მაგათ შორის ბევრს რომ ხმაურობს ეგ რახრახია, უკრაინელთა ჭირად შექმნა ბელზებელმა. უკრაინელებს უნდა აურიოს ტვინი, რათა მოძმე რუსებს მტრად მოეკიდონ. ის პატარა, ვირთხას რომ ჰგავს, ცახცახია _ ბალტიისპირეთის ხალხების გასაუბედურებლად შექმნილი ეშმაკი, რომელიც ფაშიზმის აღორძინებას ემსახურება და ხალხს რუსეთის ინტერვენციით აშინებს. ჩახმახს ბალანზე რომ ეკვრის და წრიპინებს ეშმაკეთის სიამაყეა _ ფაშიზმი. კარგა ხანს ჩვენთან, პენსიონერებთან იყო, მაგრამ ბელზებელმა მისი კვლავ ამოქმედება ისურვა და ჩახმახთან გაამწესა. ჩმახი კიდევ საქართელოს საუკუნეებგამოვლილი უბედურება, თითქმის ბელზებელის ასაკისა.

_ შენ ვინა ხარ? _ არ ასვენებდა ცნობისმოყვარეობა ახალგამოჩეკილი ეშმაკს.

_ მე ძველი რომის ეშმაკი ვარ, აწ უკვე დამსახურებული პენსიონერი. ლათინთა უძლიერესი მოდგმის გამრყვნელი და ამომგდები. აღსაზრდელად შენც მოხვალ ჩემთან და ნახავ, როგორ გამოგაწრთობ გარყვნილების ქურაში.

_ აგერ მაღალი, მწითური, რქამოტეხილი, წელში მოხრილი და ალაგ-ალაგ ბალანგაცვენილი არის ფაფახი, რუსეთის მოსასპობად შექმნილი არარაობა, _ ლათინთა ამომგდებმა მისკენ გადააფურთხა, _ რუსეთში ფეხქვეშ გაიგდეს და ძლივს გამოასწრო.

_ ახმახო და ჩახმახო, თქვენ ხართ ეშმაკების სიამაყე, _ საზეიმოდ გამოაცხადა ბელზებელმა და ატყდა ეშმაკების გამაყრუებელი ჭყივილი.

_ დიდი მადლობა, მბრძანებელო, შექებისთვის, გვერწმუნეთ, დედამიწას ეშმაკების საჯირითო მოედნად გადავაქცევთ, _ ერთხმად ამოიჭყივლეს ხოტბაშესხმულებმა.

_ ამას როგორ აპირებთ, მოგვიყევით და გაახარეთ თავყრილობის მონაწილენი, _ ბრძანა ბელზებელმა.

_ უწინარესად, გარყვნილების, აღვირახსნილობის, ერთი და იმავე სქსის პირთა შორის ქორწინების დაკანონებით, ყველა გათახსირებულის აღლუმებით უნდა წავბილწოთ ადამის მოდგმა. ვაი მას, ვინც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ დააკანონებს. ეს ყველა ბოროტება და სიმუხთლე დემოკრატიის ნიღბით რყვნის ადამიანებს და სვრის ყველა სიწმინდეს. გარდა ამისა, მადლობა, უუწმინდურესო, რომ ფაშიზმის აღორძინება ბრძანეთ და ჩემს ბალანზე მოჭიდებულნი წარმატებით სპობენ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა ობელისკებს პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, _ ამაყად განაცხადა ჩახმახმა. _ საქართველო რატომ დაივიწყეთ, _ აჭყივლდა ჩმახი, _ იქ უფრო ადრე არ დავიწყეთ ობელისკების აფეთქება და ძეგლების ნგრევა?!

_ დაიწყეთ, მაგრამ გაჩერდით, _ შეედავა ჩახმახი.

_ ხალხი ისე იყო აღშფოთებული, რომ ჩვენს ლაქია ნაციონალებს გაპუტავდნენ და ბუმბულს ქარს გაატანდნენ, მაგრამ ეშმაკური მეთოდით ვითომ ხალხის რჩეულები მოვიყვანეთ ხელისუფლების სათავეში, მოვიგონეთ კოჰაბიტაცია და ასპიტი ნაციონალები ნარის ეკალივით მოვამრავლეთ. ახლა, ერთის ნაცვლად, ასპიტი ნაცების პარტიად წოდებული იმდენი ბანდა გვყავს ჩასათბურებული, მალე ნახავთ, როგორ კარნავალს გავმართავთ საქართველოში, _ ამაყად იჭყივლა ჩახმახმა.

_ უჩვენოდ მეტიჩარა ყვინჩილასავით გაგპუტავდნენ, _ გაუწყრა ჩახმახი ჩმახს. ახმახმაც დაუბრიალა თვალები და ჩმახს პასუხის გაცემის სურვილი ლაშებზე შეახმა.

_ მე და ახმახმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგად მოპოვებული სიმშვიდე არ შევარგეთ კაცობრიობას. მას შემდეგ ცეცხლითა და ყალბი დემოკრატიის ბანგით ვსპობთ და ვანადგურებთ ადამიანისთვის ნებისმიერ სიკეთეს. მხოლოდ საბჭოთა კავშირი გვიშლიდა ხელს. ეს ქვეყანაც დაიშალა და მსოფლიოს ჯოჯოხეთად გადაქცევაში ხელს აღარავინ გვიშლიდა, მაგრამ მართლმადიდებელი რუსეთი ისევ წამოიმართა და ყოველივე ეშმაკისეულს, სადაც კი ხელი მიუწვდება, უფლის სახელით სპობს.

_ რას აკეთებს რუსეთზე პასუხისმგებელი ფახფახი?! გავკრეჭ და ლოდზე მივაბამ! _ აჭყივლდა ბელზებელი.

_ მბრძანებელო, რისთვის მემდური, ჩემზე უკეთესად ვინ გაისარჯა? რუსეთი სამოქალაქო ომის ქარცეცხლით ვინ დააბეჩავა? სტალინი რომ არა რუსეთის ხსენებას გავაქრობდი. რატომ არ მომაშორე?! ხელი ჩამავლო და მოუსავლეთში მომისროლა, რქა მომტეხა და ძვლები დამიმსხვრია. სანამ სტალინი ცოცხალი იყო ქვესკნელში რად იმალებოდი? ცოტაც და ეშმაკების სახსენებლს გააქრობდა ფაშისტებთან ერთად. მე რა შემეძლო, როცა ზურგზე ბოლი აგადინა და ზესკნელისკენ ამოხედვასაც ვეღარ ბედავდი.

_ სტალინისნაირი უძლიერესი გონებისა და კაცობრიობის ბედნიერებისთვის თავდადებული ადამის მოდგმას არ ჰყოლია. ცოტაც და ბოროტებას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ, ხომ ხედავ, გადავრჩით, _ ამოღერღა ბელზებელმა.

_ მისი სიკვდილის შემდეგ ჩემ მიერ გაწვრთნილმა სიბილწემ არ დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა? მას შემდეგ ჩემი შერჩეულნი არ ღრღნიდნენ სტალინის ძლიერი გონებით ნაგებ ქვეყანას? რამხელა ძალისხმევა დამჭირდა ადამიანთა მოდგმის იმედად შექმნილი ქვეყნის დასაშლელად?

_ დაგჭირდა კი არა, დაგვჭირდა, _ შეუსწორა ბელზებელმა.

_ ჰო, დაგვჭირდა. რუსეთი უკვე ყასბის კუნძზე გვყავდა შემოდებული ჩვენი მსახური ლოთი ელცინის დახმარებით. მაგრამ მის ადგილას ეშმაკთა მოდგმის დაუძინებელი მტრის, პუტინის მოსვლა რატომ დაუშვით?! _ აჭყივლდა ფახფახი.

_ ვინ იფიქრებდა უკვე დასანაწევრებლად გამზადებული რუსეთის გამოცოცხლებას? ამაში უფლის ხელი ურევია! წადით, ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ, უფლის გაღიზიანებას ერიდეთ! _ აჭყივლდა ბელზებელი.

ქაჯები თავპირისმტვრევით გაცვივდნენ.

_ ვაჰმე, ქართველებს თუ ისევ გადმოხედა უფალმა, რა მეშველება?! _ ამოიკვნესა ჩმახმა და ეშმაკთა ბანდას შეერია.

გივი სომხიშვილი,

მწერალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here