Home რუბრიკები პოლიტიკა ეს ხელისუფლება დანაღმულ ველზე დააბიჯებს

ეს ხელისუფლება დანაღმულ ველზე დააბიჯებს

ეჭვი გვაქვს, ხალხი ამათაც სანაგვეზე მოისვრის

1212
ეს ხელისუფლება დანაღმულ ველზე დააბიჯებს

საქართველოს ხელისუფლება ზეიმობს _ ივლისში ტურისტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რაც თურმე გასულ წელთან შედარებით ათი პროცენტით მეტია. რა თქმა უნდა, ამ ამბავს შესაბამისი პრესკონფერენციები მიეძღვნა, ტურიზმის სააგენტოს გარდა, მქუხარე ტაში მთავრობის წევრებმაც დასცხეს. იქ ვიღაცამ ისიც თქვა: თითო ტურისტის მიერ დახარჯული, სულ ცოტა, 200 დოლარი რომ ვიანგარიშოთ, გამოდის, გასულ თვეში საქართველოს მოსახლეობამ 200 მილიონი ჩაიდო ჯიბეშიო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ციფრებში ძალიან კარგი და საინტერესოა, უფრო მეტიც _ იმედისმომცემი, მაგრამ

ჯერ ის ვთქვათ, რა დამალა ტურისტულმა სააგენტომ. იმავე მონაცემებში გარკვევით, ძალიან გარკვევით წერია, რომ ივლისში ჩვენს ქვეყანას ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც ეწვივნენ, თუმცა მათი რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,8%-ით ნაკლებია. შესაძლოა, პროცენტულად ბევრი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენი ემიგრანტი გვყავს, შთამბეჭდავ რიცხვს ვიღებთ. ესეც არ იყოს, აღნიშნული მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ემიგრანტებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, სამშობლო წელიწადში ერთხელ მაინც მოინახულონ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მათ სარჩენად დარჩენილებს ცხოვრება გაუძვირდათ, მეტი სჭირდებათ და საქართველოში ჩამოსასვლელი თანხაც სწორედ ამიტომ ვეღარ დაზოგეს. კარგი იქნებოდა, ტურიზმის სააგენტოს ესეც ეთქვა, მაგრამ ცუდი ხომ უნდა დავმალოთ, როცა აგერ, მილიონი ტურისტი გვყავს ერთ თვეში.

ახლა უშუალოდ ტურისტებზე გადავიდეთ. ამ მიმართულებით თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი ლიდერობენ. რა გამოდის? ჩვენ მიერ ნაქებ ევროპასა და ამერიკას საქართველო, როგორც ქვეყანა, დიდად არ აინტერესებს; აინტერესებს, როგორც კოლონია. კოლონიაში მოგზაურობა კი დიდი ვერაფერი პატივია. სამაგიეროდ, “აგრესიულიმეზობელი რუსეთი ისევ არ გვტოვებს, ასიათასობით რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და შემდეგ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს ისევ ის საქართველოა, სტუმართმოყვარე, მხიარულიდა სხვებსაც ურჩევენ, გვეწვიონ. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ითქვა, რომ რუსმა ტურისტმა იჩხუბა, რომ რუსი ტურისტი ქართველ არასრულწლოვან გოგოებს აეტორღიალა, რომ ავტომობილით მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ვერ გაიხსენებთ, იმიტომ, რომ რუსებმა, ქცევის გარდა, ისიც იციან, რომ საქართველოში ადამიანები ცხოვრობენ.

სამაგიეროდ, ამის განცდა ხელისუფლებას აქვს დაკარგული. დიახ, დაკარგული აქვს, რადგან ჯერ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო მოწოდება _ არიქა, შვილებს შრომა ასწავლეთ და მოსამსახურეებად გაზარდეთ, რადგან ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ და ჩამოსულ ტურისტებს მომსახურება სჭირდებათო. მერე იმის გამო იყო მიშა უკმაყოფილო, ქართველ სტუდენტებს მიმტანებად ვასაქმებთ, მაგრამ ღიმილი ვერ ვასწავლეთ, ეს კი ძალიან ცუდიაო. გაზულუქებულ და უზრდელ ტურისტს (და ასეთი ბევრია), ძნელია, გაუღიმო მაშინ, როცა არ იცი, მიმტანობის ფასად ნაშოვნი ფულით სწავლის გადასახადი გადაიხადო, მშობლებს წამალი უყიდო, ტანსაცმელი შეიძინო, რომ სასწავლებელში მეორე წელსაც იმავე ფორმით არ მიხვიდე თუ, ბოლოს და ბოლოს, ნორმალურად იკვებო. ამ პირობებში გაღიმება ძნელია და მით უმეტეს მაშინ, როცა სოციალურ ქსელებში კარგად ჩანს, სად ისვენებენ პოლიტიკოსების შვილები, რომლებსაც მშობლები რატომღაც არ ასწავლიან მომსახურებას, პირიქით, იმას ასწავლიან, როგორ მიიღონ ამ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამე; მერე, როცა არდადეგები დასრულდება, განაგრძონ სწავლა საზღვარგარეთ ძვირად ღირებულ სასწავლებლებში, რათა სამშობლოს “დაბრძენებული” და უცხოურდიპლომიანი დაუბრუნდნენ, მამიკოების ადგილები დაიკავონ.

გნებავთ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ და ნახავთ, რომ არც ერთი მინისტრისა და დეპუტატის (ვიმეორებ, არც ერთის) შვილი არ სწავლობს ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, თუ სასკოლო ასაკისაა, ფასიან, .. ელიტურ სკოლაში დადის. ახლა ვიღაც გვეტყვის: აქვს მამას შესაძლებლობა და რატომაც არაო, მაგრამ ნურას უკაცრავად! ჩვენს შვილებს რომ ეუბნებიან, გინდათ თუ არა, არდადეგებზე არ დაისვენოთ, დასაქმების პროგრამაში ჩაერთეთ, მიმტანებად, დამლაგებლებად, ჭურჭლის მრეცხავებად იმუშავეთ, ფულისა და შრომის ყადრი გაიგეთო, რატომ არ სურთ, საკუთარ შვილებსაც იგივე ასწავლონ თუ თავიდანვე აჩვევენ მბრძანებლობას, შრომით კი სხვებმა _ ჩვენმა შვილებმა _ იშრომონ?

თქვენ არ გვიმტკიცებთ, შრომა აკეთილშობილებს ადამიანსო?! მაშინ რატომ არ გინდათ, რომ თქვენი შვილები კეთილშობილი იყვნენ?! ან უცხოეთში რომ სწავლობს და აქ ჩამოდის, საქართველოში მაინც დაასვენეთ, ქართული ადათ-წესები აქ მაინც ისწავლონ, აქ მაინც შეიყვარონ საქართველო, რეგიონებში, სადაც ასე თუ ისე შემორჩენილია ქართული სული… მაგრამ არა, მალდივის კუნძულებიდან ან მონაკოდან თუ არ ატვირთა შვილმა სოციალურ ქსელში ფოტო, მშობელი ავტორიტეტს დაკარგავს, შვილი დაიჩაგრება _ თანატოლები დასცინებენ: სვანეთში, რაჭაში, მთა-თუშეთში, სამეგრელოში რამ წაგიყვანაო… და ამიტომ ხალხის ყვლეფით აქ ნაშოვნი მილიონები უცხოეთში იხარჯება…

შემოდგომაზე ახალი სასწავლო წელი იწყება და ყველა მშობელმა იცის, რომელ სკოლაში შეიყვანს შვილს. თბილისის პირველი გიმნაზია ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება. განათლების სამინისტრომ იქნებ აგვიხსნას, როცა სკოლებში მოსწავლთა მიღების რეგისტრაცია დაიწყო, მაშინვე რატომ განულდა პირველი სკოლის ადგილები?! დიახ, რეგისტრაციის დაწყებიდან მეორე წამზე პირველ სკოლაში პირველკლასელთათვის ადგილები, უბრალოდ, აღარ იყო. ჰაერში დარჩნენ და სხვა სკოლებში გადანაწილდნენ იქვე მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც ტერიტორიულად ერგებოდათ პირველ სკოლაში მისვლა. მიზეზი მარტივია _ პირველი სკოლის პირველ კლასში მოხვედრა სამთავრობო დონეზე წყდება. ნუ, ვინც “იჩალიჩა”, ის მოხვდება, ვინც არა და… ამ სკოლაში მოხვდა ჩემი ახლობლის შვილიც, რომლის მამამაც მთავრობის წევრთა ლამის ნახევარი ჩარია ამ საქმეში, თუმცა ყველაზე საინტერესო წინ ელოდა, როცა საკუთარი შვილის მომავალ პედაგოგს შეხვდა. მისგან რჩევაც მიიღო: ზაფხულში შვილი უცხოეთში დაასვენე, რადგან ყველა პირველკლასელს სოციალურ ქსელში სურათი სწორედ უცხოური კურორტებიდან ექნება და არ დაიჩაგროს, ბულინგის მსხვერპლი არ გახდესო. ხვდებით, რა ხდება? თუ პირველი სკოლის პირველკლასელს სოციალურ ქსელში პრესტიჟული დასასვენებელი ადგილიდან არ უდევს ფოტო, შეიძლება ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდეს. ამ ჩემმა ახლობელმაც შვილი თავის დასთან გაუშვა _ საბერძნეთში, იმ დასთან, რომელიც იქ ვიღაც მოხუცს უვლის და იძულებული შეიქნა, ერთკვირიანი შვებულება აეღო. მან სასწრაფოდ წაიყვანა ძმისშვილი ჯერ ესპანეთში, შემდეგ _ საფრანგეთში, ბოლოს _ გერმანიაში, სურათები გადაუღო და ბავშვი ახალ სასწავლო წელს “მზად შეხვდება”.

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას ჰქონდა იმის განცდა, რომ ისინი მუდმივად იქნებოდნენ ქვეყნის სათავეში და ამიტომ შვილებს თავიანთი ადგილებისთვის ამზადებდნენ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ახლა იმავე დანაღმულ ველზე დღევანდელი ხელისუფლება დააბიჯებს და ზუსტად ისე იქცევა, როგორც მისი წინამორბედი. ჰგონიათ, რომ გავლენა, თანამდებობები მუდამ ექნებათ და მერე შვილებს გადაულოცავენ მემკვიდრეობით. წინა ხელისუფლებას ხალხმა თავისი ადგილი მიუჩინა _ სანაგვეზე მოისროლა და მიუხედავად ამისა, დღევანდელი ხელისუფალნი მათი სისხლიანი ხელების გაწმენდით არიან დაკავებული. ეჭვი გვაქვს, მოვა დრო და ხალხი ამათაც წინამორბედის გზას გაუყენებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ძალაუფლებით ტკბობა და რიგითი ადამიანების ფეხებზე დაკიდება (რბილად ვამბობთ) იქნება. დაიჯერეთ, ბატონებო, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება! შეიგნეთ, რომ შვილები ჩვენც გვიყვარს (შეიძლება თქვენზე მეტადაც კი), არ გვსურს, რომ ისინი მოსამსახურეები იყვნენ, ჩვენი სამსახური იკმარეთ, თორემ შვილების გამო ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი და შეიძლება, ყელზე მორგებული ჰალსტუხები ისე მოგიჭირონ, სუნთქვა ვეღარ შეძლოთ. ერთ თვეში ჩამოსული მილიონი ტურისტი კი ნუ გიხარიათ, ის იტირეთ, ერთ თვეში საქართველოში ჩამომსვლელი ემიგრანტების რაოდენობა რომ შემცირდა, რადგან სწორედ მათზე დგას ქართული ეკონომიკა და სწორედ მათ მიერ გამოგზავნილი ფულით ვიხდით გადასახადებს. ის იკმარეთ, რომ ემიგრანტების გამოგზავნილ ფულს დამცირებისა და ცრემლის სუნი აქვს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here