Home რუბრიკები საზოგადოება “ეს რომელ ტიბიკონში სწერია?”

“ეს რომელ ტიბიკონში სწერია?”

ანუ მე უნდა მწყინდეს, ჩემსას რომ იჩემებ, თუ შენ _ ჩემსას რომ ვითხოვ?!

დავითგარეჯი

საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ ხალხს, ანუ ამომრჩევლებს აუწყა, რომ შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ საქართველოს შანსი გაუჩნდა, დაიბრუნოს 3500 ჰა მიწის ფართობი, რომელსაც ამჟამად აზერბაიჯანი თავისად მიიჩნევს. ითქვა ისიც, რომ ამ საკითხზე მუშაობა, წლებია, მიმდინარეობსო.

რატომ შემოინახა ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ მაინცდამაინც 2020 წლის ოქტომბრისთვის და მანამდე სიტყვაც არ დასცდენია? _ აი კითხვა, რომელიც ყველას გაუჩნდა, მაგრამ ხელისუფლების მომხრეებმაგულში დაიმარხეს”, ხოლო ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა აიტაცეს და დავითგარეჯის თემა დილეტანტების სალაყბოდ გადააქციეს. უკვე ისმის ათასი ჭორი თუ ვარაუდი იმის შესაბამისად, თუ ვის რა აძლევს ხელს: ზოგს უნდა, რომნაციონალური მოძრაობასაერთოდ ჩამოშორდეს საქართველოს პოლიტიკას; ზოგი კიქართულ ოცნებასამუნათებს _ უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრაო, ისინი პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, ანუ რასაც უფროსობა ავალებდაო და .., ზოგიერთისთვის კი დავითგარეჯაზე მნიშვნელოვანი აზერბაიჯანის არწყენინებაა

ერთი მათ თავში ჩამახედა:…

მე უნდა მწყინდეს, ჩემსას რომ იჩემებ, თუ შენ _ ჩემსას რომ ვითხოვ?!

როგორც ჩანს, ასეთი ბედი გვარგუნა განგებამ (თუმცა ყველაფერს განგებას ვერ დავაბრალებთ). ისტორიამ შემოგვინახა ცნობები, ჩვენთან ჩამოსახლებული თუ შემოკედლებული უცხოელები რომ ისე გაზულუქებულან, მასპინძლის ადგილის დაკავებაც კი მოუნდომებიათ. სწორედ ერთერთ მსგავს პრობლემაზე წერს ილია ჭავჭავაძე 1897 წელს საგანგაშო წერილს სათაურითტფილისში სომხობამ ხელთ იგდო ქალაქის თვითმართველობა”. “ქალაქი ტფილისი ჩვენი საკუთრებაა და მისი სვებედი ჩვენს ხელთ უნდა იყოსო”, _ სომხები ასეთ ხმამაღალ განცხადებებსაც კი არ ერიდებოდნენ თურმე, რასაც ცხადია, უპასუხოდ ვერ დატოვებდა ერის მამა. “ამისთანა ქადილს და ბევრს კიდევ სხვას გულღვიძლს თავისს ადგილას გავუსინჯავთ და მაშინ დავინახავთ, შიგ რა ჰყრიაო”, _ წერს ილია.

დღეს კი ჩვენი მეზობლებისგან გვესმის, რომ დავითგარეჯა ალბანური ძეგლია და ქართველების არასდროს ყოფილაო, ალბანელებისგან კი ჩვენ _ აზერბაიჯანელებს მემკვიდრეობით გვერგოოამ აბსურდის დასრულება კი შესაძლებელია მხოლოდ მყარი არგუმენტების მეშვეობით, რომლებსაც თურმე მავანნი ვიღაცის დავალებითა თუ ბრძანებით გულდაგულ მალავდნენ.

ვის არ აძლევს ხელს საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნება?

მე ვერ წარმომიდგენია, ეს ყველაფერი თუნდაც სულერთი იყოს ქართველი კაცისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცისთვის კონკრეტული ფართობი მშობლიური მიწა კი არ არის, არამედ რაღაც მიწის ნაგლეჯი, რომლის გამოც მეზობელთან დავა დიდი უგუნურებაა. ჰოდა, ვაიტელევიზიების ვაიჟურნალისტები ხან ვის ჩრიან პირში მიკროფონს და ხან ვის, ოღონდაც ვინმეს რამე წამოაცდენინონ ხელზე დასახვევი და მერე დაიწყება ეროვნებათა შორის სიძულვილზე ლაპარაკი, თუმცაეროვნულის დევნა და ძულების ატეხა აქ რა შუაშია?” სწორედ ეს კითხვა დასვა ილიამ, როდესაც სომხების მიერ საქართველოს დედაქალაქის მართვის წინააღმდეგ გამოვიდა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომზოგი სომეხი აქაც მოიპოვება იმოდენად განათლებული ჭკუითა და გულით, რომ ამისთანა თავგასული მოძღვრება სწყინს და ეთაკილებაო”. ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანელ ერს ჰყავს ჭკვიანი და სამართლიანი ერის კაცები, რომლებმაც კარგად იციან, რომ სამართლიანობის სურვილიბუნებითვე თანდაყოლილი აქვს ყოველს სულიერს და ნურავინ იფიქრებს, რომ იგი სურვილი ოდესმე ხმას არ ამოიღებს და თავისს დროზე სულთამხუთავსავით კარზე არ მიადგება შემაგინებელს თავისის მკაცრის და სამართლიანის განაჩენითა”.

ტფილისში სომხობამ ხელთ იგდო ქალაქის თვითმართველობა

კარგა ხანია, რაც აქაურმა რუსულმა გაზეთებმა გამართეს ცხარე საუბარი სომხების თაობაზე ჩვენში. საგნად ერთმანეთთან დაჯახებისა ის გულახდილად კადნიერი მოქმედება სომხებისა შეიქმნა ჩვენში, რომ ტფილისში სომხობამ ხელთ იგდო ქალაქის თვითმართველობა და აღარავის სხვა თესლის კაცს, რომელთა საერთო რიცხვიც 53% მკვიდრთა შეადგენს, არ იკარებენ და, როგორც ჰსურთ, ისე ჰბატონობენ და ჰპატრონობენ სრულად სხვისს დედაქალაქსაო.

ვინც იცის ყოვლად ცნობილი თვისება და თვითნება აქაურ სომხობისა, რომელიც ეჩოს უფრო ჰგავს, სულ თავისაკენ მთლელს, და არა ხერხსა, რომელსაც თავისაკენაც გამოაქვს და სხვისაკენაც გააქვს, ის ადვილად მიხვდება, რა გულთბილი და გულტკბილი პატრონი ეყოლება სხვებსა, სომხებთან ერთად მცხოვრებელსა, თუ მართლა სომხებმა დაიჩემეს სხვისი პატრონობა ტფილისში. რომ დაიჩემეს და მორჩნენ და ამას გულახდილად იქადიან კიდეც, _ ეს აღარავისთვის დამალული არ არის. ისე ხელის გულიც ადვილად დასანახავი არ არის, როგორც ეს ამბავი. ეს ყველასათვის ცხადია და თვითონ აქაური სომხობაც ამას არამც თუ უარს არა ჰყოფს, პირიქით, იქადის კიდეც “ტფილისის ლისტოკის” პირით, _ ასეც უნდა იყოსო: ქალაქი ტფილისი ჩვენი საკუთრებაა და მისი სვებედი ჩვენს ხელთ უნდა იყოსო. ამისთანა ქადილს და ბევრს კიდევ სხვას გულღვიძლს თავისს ადგილას გავუსინჯავთ და მაშინ დავინახავთ, შიგ რა ჰყრია.

ეხლა კი იმას ვიტყვით, რომ გაზეთმა “კავკაზმა” ამისთანა მდგომარეობა ტფილისის საქმეებისა მეტისმეტ უსამართლობად იცნა და გამოესარჩლა სხვა თესლის მკვიდრთა, რომელიც ტფილისში ცხოვრობს და რომელსაც სომხების წყალობით პირში ჩალა აქვთ გამოვლებული. რა თქმა უნდა, ამისთანა სარჩელს “კავკასისას” ყური არ მოუყრუეს აქაურმა სხვა რუსულმა გაზეთებმა და ასტყდა ერთი დავიდარაბა და წეწვა-გლეჯა. უღონოთა ღონე ხომ მოგეხსენებათ, რა არის? ხავსია, რომელსაც წყალწაღებული ხელსა სჭიდებს ხოლმე, როცა სხვას ყოველს ღონეს მოკლებულია. რომ მოპირდაპირენი ვერას გახდნენ, ერთს ლიბერალურს ფრაზას ჩაჰკიდეს ხელი და დღევანდლამდე ამასა ჰხედნიან. ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისგან. აი სწორად ამ გზით მოუარეს “კავკასსა” და შესწამეს, შენ დევნა და ძულება ეროვნული გინდა ჩამოაგდო ჩვენში, გინდა სომხები და ქართველები ერთმანეთს სამტროდ გადაჰკიდო და ესეთი საქციელი რა საკადრისია ეხლანდელ დროშიო. საკადრისი არ არის, მართალია, ხოლო ერთი ჩავუფიქრდეთ ამ “კავკასის” მიერ ატეხილს ამბავსა და ჩვენს თავსვე ვკითხოთ: ეროვნულის დევნა და ძულების ატეხა აქ რა შუაშია? სხვა არა იყოს რა, მარტო ამ გარემოებას დავუკვირდეთ: სომეხი კადნიერად და მოურიდებლად იჩემებს ქართველის დედაქალაქს, სადაც სომეხი, სწორად რომ ვსთქვათ, ხიზანია და ქართველი _ ბინადარი, ადგილის კაცი. რა ჰგონია დევნაძულების მოძულეთა, ეს ამბავი დიდის სიყვარულის დამთესავია? აი, თუ სადმე დევნა-ძულებაა, მიზეზი სად არის, თუ სამართლით განსჯა სასურველია. შემოხიზნული კაცი პატრონს ეუბნებოდეს: მე ვარ, რაცა ვარ, შენ ვინა გდიხარო. _ ეს კი დევნა ძულების ამტეხი არ არის და ის კი ამტეხია, რომ დაჩაგრულმა და უმადურობით გაოცებულმა პატრონმა ხმა ამოიღოს. ეს კაცი მადლობის მაგიერ, უყურეთ, რა ოინს მიშვრებაო: სახლიდამ, საცა მე შევიხიზნე, ჩემის სისხლით შევინახე მტრისაგან და ჩემის ოფლით ვკვებე და გავაძღეო, ახლა მე მითხოვსო, თითონ უნდა ჩემს სახლში მარტო ყოფნა და მე კი გარედ მაგდებსო.

დაუფიქრდით ამ ორს გარემოებას და გულზე ხელის დადებით გვითხარით: ამ ორს შემთხვევაში ვინ არის ამტეხი დევნა-ძულებისა? ის, რომელიც ასე ექცევა სისხლის პატრონს, თუ სახლის პატრონი, რომელსაც სხვა დანაშაული არა მიუძღვის რა, გარდა იმისა, რომ არ უნდა თავისი სახლიდამ გამოდებულ იქმნას, თავისს სახლში ხმაამოუღებელი იყოს და ამას საქვეყნოდ ჰღაღადებს და სჩივის. ჩაგრულია მიზეზი დევნაძულების ატეხისა თუ მჩაგვრელი? ამას განა დიდი ხაზი და ლარი უნდა, თუ ჭკუა ჭკუისა და გული გულის ადგილას აქვს ადამიანს და თვალებზე ხელს არ იფარებს განგებ, რომ მართალი არ დაინახოს?! როგორ არის ეს? მტაცებელი კი სიყვარულის დამთესია და ამისი გამმხილებელი კი _ დევნაძულებისა?! ეს რომელ ტიბიკონში სწერია? მაშ გავუჩუმდეთ, ვსთქვათ, მტაცებელს იმის შიშით, რომ დევნაძულება ჩამოვარდება და ამის ატეხა საკადრისი არ არის? თუკი მტაცებელია სადმე, _ იქ მარტო მტაცებელი არის დევნა-ძულების მიზეზი და ამის დევნა-ძულებას თხოულობს ღვთისა და კაცის კანონი და თვით ბუნება ადამიანისა.

დავითგარეჯი

მაშ ის უფრო საკადრისია, რომ მტაცებელმა ითარეშოს და სხვამ ყველამ პირი წყალით ავივსოთ, ან ბარაქალა ვეძახოთ? აქ საქმე მარტო იმაშია, ტყუილ-უბრალოდ ხომ არავინ არის შეწამებული, უსაბუთოდ გამოყვანილი მტაცებლად. აქ რიდი კი არ უნდა იმისი, რომ ან მტაცებელი შეგვიძულებს ჩვენ, ან ჩვენ იმას და ამიტომ უნდა ხმა გავიკმინდოთ. პირიქით, მთელის რისხვით და წყრომით უნდა მივესიოთ მტაცებელს _ სულ ერთია, ცალკე კაცი იქნება თუ რაზმად დაწყობილი კრებული, და თუ კრებულია, მით უფრო უარესი. მტაცებელს ჯერ იმითი ვძულვართ, რომ გვტაცებს, თორემ სიყვარულით ტაცება არავის გაუგონია, მერე ჩვენც იმიტომ ვდევნით და გვძულს, რომ არ გვინდობს და გვძარცვავს, თორემ სიყვარულით და ლოცვაკურთხევით არავინ დახვედრია მტაცებელსა და არავის გაუსტუმრებია სახლიდამ დალოცვითა _ ღმერთმა მშვიდობის მგზავრობა მოგცესო. თავში კაცი თუ კრებული გვცემს _ ეგ სიყვარულის რგვაა, თუ არ დაგიშლიათ, და გვემული ან სხვა ვინმე, ამ საქციელის მნახველი, ხმას იღებს: “კაცო, რას იცემები!” _ ეს კი ძულების, დევნის ამტეხია. ეს ასეთი ლოღიკა იმისთანა აქლემია, რომ შეიძლება სომხების წინაც დაიჩოქოს და მაშინ რაღას იტყვიან სომხები? იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე, ცალკე კაცი იქნება თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისს სასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან როხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა. განათლებულმა და გულწმინდა სომხობამ კარგად იცოდა, რომ პატიოსანი კაცი, რომელსაც გულში უღვივის მუდამ სურვილი ჩაგრულთათვის შველისა და შეწევნისა, ბევრია ქვეყანაზე და ამ უტყუარ იმედით გაჰბედა ხსნა სომეხმა თავისის თავისა მჩაგვრელთა ხელისაგან. უამისოდ ბრძოლის ატეხა ოსმალეთში მათ მიერ უგუნურება იქნებოდა. და თუ ამ პატიოსან კაცთა სარჩლსა თვისდა მოქმედების ქვაკუთხედად ჰგიებს სომხობა ჩვენს გარედ, ჩვენში რად უნდა უკვირდეს და იკიცხებოდეს მათ მიერვე, როცა პატიოსანი კაცი, თუნდა უცხოც, ჰხედავს მათგან სხვის ჩაგვრას და ამას გულახდილად ამხელს? გამხილება კი არ არის დევნა-ძულების ამტეხი მიზეზი, არამედ გამხილებულის ჩადენა და ქმნა არის. აქ არის სათავე დევნა-ძულებისა და მარტო საბუთიანი გამხილება არის ამ სათავის მოწყვეტის წამალი. აქ ეროვნება და სხვა ამისთანა მაღალ ფარდის სიტყვა მოსატანი არ არის.

ქურდს, ვსთქვათ, ქართველსა, რომ სომეხმა მსაჯულმა უთხრას, ქურდი ხარო, _ ესეც ხომ შეიძლება განგებ გაფიცხებულმა წინდაუხედაობამ ეროვნულ ფეხზე დააყენოს და შესწამოს ეროვნულ დევნა-ძულების ატეხა. ამ გზით, ვინ იქნება იმისთანა ჭკუით გლახა, გააფრთხილოს სომეხი მსაჯული: ჰა, ქურდს ქურდად ნუ იცნობ, თორემ ეროვნულ დევნა-ძულებას ასტეხავ და მტრობას ჩამოაგდებ სომეხთა და ქართველებს შორისო. ამით, რასაკვირველია, ქურდი სიხარულით თავს დაიხსნის ხელახლად საქურდავად, მაგრამ გაქურდულს და ერთობ გაქურდვას რა პასუხს მისცემთ? ნუთუ ეს თვალწინ დასაყენებელი საგანი არ არის? და თუ არის, აქ საძიებელი მარტო ის უნდა იყოს, საბუთიანად იცნა მსაჯულმა ქურდი ქურდად თუ არა. სხვა არაფერი აქ მოსატანი არ არის და შესაწყნარებელი. გვეტყვიან, რომ აქ მთელს სომხობაზე არის ლაპარაკი და არა ცალკე კაცზე, როგორც თქვენს მაგალითშიო. მართალია, სომხობაზე არის, მაგრამ არა მთელს სომხობაზე. სხვა სომეხთან, რომელნიც, ვინ იცის, სად არიან დასახლებულნი, ჩვენ რა ხელი გვაქვს! ღმერთმა იმათს კაცურკაცობას და ადამიანურს სულთა სწრაფვას ხელი მოუმართოს ყველგან. ჩვენ პირველნი გულითადის სიხარულით მივეგებებით ამ მართლა-და სასიხარულო ამბავს. აქაურ სომხობაზე თუ ვილაპარაკებთ ან სხვანი ჰლაპარაკობენ, ეგ სულ სხვა საქმეა. აქ მთელს ერთან საქმე არავის არა აქვს რა. ყველამ კარგად იცის, რომ არ არის ქვეყანაზე იმისთანა ერი, რომელ შორისაც კარგიც არ იყოს და ავიც. უეჭველია, სომხებსაც ეყოლებათ იმისთანა კაცნი, რომლის წინაშე ჩვენც ქუდს მოვიხდით პატივისცემის ნიშნად. აქ ჩვენ ვლაპარაკობთ მარტო ჩვენს სომხობაზე, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, რაღაცა ცალკე რაზმად დაეწყო და იმისთანა მოძღვრებას ადგია, რომ თვით გონებაგახნილ სომხებსაც კი უნდა ეთაკილებოდეს, არ მოსწონდეს. ჩვენც გვსურს ჩვენებურ სომხების ბედნიერად ცხოვრება ჩვენშიაც, მაგრამ ისე კი, რომ სხვისი ბედნიერებაც იწამოს. იწამოს ის, რის მეოხებითაც თვითონვე ჰსურს ყოფნა ქვეყანაზე და ქვეყანაში ცხორება და, რაც თავისის თავისათვის ჰსურს, ის ისურვოს სხვებისათვისაც. განა ესე კია საქმე ჩვენში, ესე იგი იქ, სადაც სომხები შემოხიზნულნი არიან, ჩვენის სისხლით დაცულნი მტრისაგან და ჩვენის ოფლით მაძღარნი? აი საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა დინჯად მოფიქრებული, საბუთიანი და არა ღობეყორეს მოდება და ლიბერალურ ფრაზების ტყუილუბრალოდ პრანჭვა და ფანტვა.

აქ რა ეროვნებაა მოსატანი? რა დევნა, რა ძულებაა, როცა ერთი მეორეს ამხელს _ შენ ცუდსა ჰშრებიო? თუნდ ეგეც არ იყოს, ეროვნების საქმე კავკასიაში არც სომხების ხელშია, არც ქართველისაში იმ მხრით, რომ ერთიცა და მეორეც ღონებამოკლებულია. ერთმა მეორე სჩაგროს ეროვნების ფეხზე წამოყენებით, მაგის ნებას ან ერთს, ან მეორეს ვინ მისცემს? განა სომხებს შეუძლიათ, ქართველს ნება არ მისცენ თავისი რჯული, თავისი ენა, თავისი სარწმუნოება, თავისი ისტორიული სულთასწრაფა იქონიოს, ან ქართველს შეუძლია განა ყოველივე ეს ჩამოართვას სომხებსა? აქ თუ სამდურავი ისმის სომხების მიმართ, მარტო იმის თაობაზე, რომ აქაურ კრებულს სომხებისას მეტად კადნიერად დაუდვია თავისის ცხოვრების სახსრად და საგზლად ერთი მეტისმეტად შეუწყნარებელი მოძღვრება: ჩვენ და არავინ სხვაო. ამას ეხლა აღარა ჰმალვენ, პირიქით, საქვეყნოდ ჰყვირიან კიდეც. რა თქმა უნდა, ზოგი სომეხი აქაც მოიპოვება იმოდენად განათლებული ჭკუითა და გულით, რომ ამისთანა თავგასული მოძღვრება სწყინს და ეთაკილება. მაგრამ ჯერ ამათ იმოდენა გავლენა არა აქვთ აქაურს სომხობაში, რომ თვალი აახილებინონ და თავისიანი დააჯერონ, რომ “სულ მე და მარტო მე” იმისთანა საბოლოვოდ მკვიდრი ნიადაგი არ არის, რომ ამაზე ფეხი მაგრად მოიკიდოს კაცმა, ერთხელაც იქნება, ფეხს მოასხლეტინებენ, თუ არა მოატეხინებენ, იმიტომ, რომ სხვასაც ცხოვრება და სიცოცხლე უნდა და ეს სურვილი სხვისა, სომხობისაგან თუ სხვა ვისგანმე შეგინებული და უარყოფილი, მეტისმეტად ძლიერია, რადგანაც ბუნებითვე თანადყოლილი აქვს ყოველს სულიერს და ნურავინ იფიქრებს, რომ იგი სურვილი ოდესმე ხმას არ ამოიღებს და თავისს დროზე სულთამხუთავსავით კარზე არ მიადგება შემაგინებელს თავისის მკაცრის და სამართლიანის განაჩენითა.

განა ვერავინ ჰხედავს, რა გზას ადგია აქაური სომხობა? რა თვალად აშკარად დასანახავი ერთიანი ძარღვი სჩანს იმის მოქმედებაში იმისდა მიუხედავად, რომ მათ შორის არიან იმისთანანიც, რომელთაც ძლიერ აწუხებს ამისთანა მდგომარეობა საქმეთა და ვერა გაუწყვიათ რა, რომ საქმე იმ კაცთმოყვარულ მცნებაზე დააყენონ, რომელიც ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვასაც აცხოვრეო. ეს მცნება, ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა, კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება, ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხდის, სხვაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვარას და თელვას. ჩვენებურ სომხობას ეს დავიწყებული აქვს და ჩვენს გარეთ თუმცა სხვის ადამიანობას მთელის თავისის სამართლიანობის უფლებით წინ აყენებენ და თხულობენ: მეც კაცი ვარ და კაცად მიცანიო, _ შენ კი, ესე იგი ჩვენში, სულ სხვას ჰქადაგობენ, _ მე ვარ კაცი და სხვა არავინ მინდა ვიცნო კაცად და ადამიანადაო. ეს მხარე აქაურ სომხობისა, თითქმის საერთო მხარე, ყველას თვალწინ გვიდგა და აი აქ არის ის დამალული მშვილდი, რომელიც დაშხამულს ისარს ისვრის ძულებისას და დევნისას. აქაურ სომხებს, თუ ყოველს ამას აქამომდე უთმობდნენ, ეხლა აღარავინ დაუთმობს. სომხობას, როგორც ერს, აქ არავინ სძულობს, არავინ სდევნის. აქ ეროვნულს მტრობას და ძულებას ადგილი არა აქვს. აქ ჰღაღადებს დათრგუნვილი უფლება ადამიანისა, რომლის მიზეზი რაზმად დაწყობილი ჩვენებური სომხობაა. ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას, თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან.

საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათმყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ, რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე ამისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასაგან. შენც იყავ და მეც მამყოფე _ განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის? დავანებოთ ამას თავი და ერთი ვიკითხოთ: თუ აქ ვინმე ეროვნულ ნიადაგზე გამართულს ძულებასა და დევნას ჰხედავს, ვინ არის ამისი ერთადერთი მიზეზი? _ აქაური სომხები და სხვა არავინ. ვინ გაიცალკევა თავი და შეიკეტა კარი, რომ სხვა არავინ გააჭაჭანოს? მარტო სომხებმა და სხვა არავინ.

შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ, მაგალითად, თუნდ სომხების მოქმედება ტფილისში. განა სომხობის სახელით არ მოიმწყვდიეს თავი ტფილისის თვითმართველობაში და სხვას კარი გამოუგულეს, აქ თქვენ ადგილი არა გაქვთო?! აბა ერთი მთელი საბჭო ჩამოთვალეთ, ვინა სხედან? თითო-ოროლას გარდა, სულ მთლად სომხები არიან. თუ აქ პროგრამმა მოქმედებისა ტფილისის ავკარგიანობაა, და უნდა იყოს კიდეც, ნუთუ სხვა თესლის კაცნი ამ საქმისა და პროგრამისათვის ხელაღებით უვარგისნი არიან, რომ არ ეღირსნენ სომხებთან ერთად ყოფნას საბჭოში. განა ცხადი არ არის, რომ აქ არ მოქმედებდა პროგრამმა და საქმე, ქალაქის კეთილდღეობის შესახები? ეს რომ ასე ყოფილიყო, მეტისმეტი თავგასულობა იქნებოდა სომხებისაგან, რომ ტფილისში სომეხს სომხის მეტი სხვა არავინ ეცნო ხეირიან კაცად ქალაქის მოვლა-პატრონობისათვის.

ამ ოთხის წლის წინად მოხდენილმა არჩევანებმა ცხადად დაგვანახვეს, რომ მარტო ერთადერთი ღირსება იყო საჭირო, რომ ხმოსნად ამორჩეული ყოფილიყო კაცი. იმას კი არ კითხულობდნენ, რა უნარის კაცი ხარ, არამედ იმას, _ სომეხი ხარ თუ არაო. თუ სადმე ეჭვმისატანია ეროვნული ძულება და დევნა, ვინ გადაიტანა და ვის გადააქვს დღესაც ამ ნიადაგზე საქმე? ამისთანა ცხადი მაგალითი ეროვნულ დევნისა და ძულებისა სხვისაგან ვის გინახავთ? ვის გამოუვლია ასე თვალსაჩინოდ და მოურიდებლად პირში ჩალა სხვას ერის წარმომადგენლებისათვის ტფილისში, საცა სცხოვრებს სომეხთა ერთად 53% უწინდელ ანგარიშით და დღევანდელით უფრო ბევრად მეტი სხვა ერის მკვიდრი? ვინ შეიკეტა თავი ცალკე, ვინ გავიდა ცალკე, ვინ შემოივლო გარს ზღუდე ცალკე ეროვნებისა და სხვას არავის არც ეკარება და არც იკარებს ტფილისში? _ სომხებმა და სხვამ არავინ. აი, საცა სამართალია, სად არის ეროვნული დევნა და ძულება და არა იქ საცა მარტო მხილებაა ამგვარის საქციელისა. გაგვიბატონდნენ ტფილისის თვითმართველობაში, ქალაქი ხელთ იგდეს და თითქო სიცილით გვეუბნებიან: თუ ცხონებაა, ჩვენ, სომხებიც კარგად გაცხონებთო. ვინც იცის, რამდენად გულუხვია და ხელგაშილი აქაური სომეხი სხვის ცხონებისათვის, იმას, რასაკვირველია, არა დაუშლის რა, ამ იმედით იცხოვროს. ხოლო ძალად, თუნდ ცხონებაც იყოს, კაცს ვერაფრად ეჭაშნიკება და იმ ცხონებაზე ხომ აღარა ითქმის რა, რასაც აქაური სომხობა ჩვენდა უნებურად გვიქადის.

19 მარტი, 1897 წელი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here