Home ახალი ამბები საქართველო ეს კეთდება იმისთვის, რომ კოჭი გაუგორონ დასავლეთს, რათა თვალები დახუჭონ დანარჩენ ...

ეს კეთდება იმისთვის, რომ კოჭი გაუგორონ დასავლეთს, რათა თვალები დახუჭონ დანარჩენ არადემოკრატიულ ნორმებზე!

თამაზ მეჭიაური

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში 20 კვალიფიციური პარტიის არსებობას სიმახინჯეს უწოდებს და დასძენს, რომ სანამ ბლოკები იქნება პოლიტიკურ სისტემაში მანამდე ეს სიმახინჯე არ გაქრება.  კობახიძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ  5%-იანი ბარიერი მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში შეიცვალოს დემოკრატიული ვითარება.  


“სიმახინჯეა, რომ საქართველოში არსებობს 20 ე.წ. კვალიფიციური პარტია და ვიდრე ბლოკები იქნება, ეს სიმახინჯე დარჩება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. 5%-იანი ბარიერი არის უპირობოდ მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს სტაბილური საპარლამენტო სისტემა. რაც შეეხება ე.წ. ბონუსს, ანუ გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას, ამასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს სტაბილური განვითარება დემოკრატიული პროცესების. ჩვენ ვცვლით არა ერთ სისტემას უკეთესით, არამედ შემოგვაქვს კარგი ოპტიმალური სისტემა საქართველოსთვის. როცა საქმე ეხება ამას, აქ, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვერ წავალთ კომპრომისზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინაშე”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის პროექტში არსებულ ცვილებებზე სასაუბროდ  ,,საქართველო და მსოფლიო“ ყოფილ პარლამენტარ თამაზ მეჭიაურს  დაუკავშირდა.

თამაზ მეჭიაური:

– ერთი მხრივ,  ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს კონსტიტუციის ისეთი პროექტი, რომელიც არ მისცემს საშუალებას პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და ნაციონალურ მოძრაობას გახდნენ გმირები. თუკი ისეთ ნორმებს შეიტანენ კონსტიტუციაში, რომელებიც დემოკრატიასთან ახლოსაც არ არის თავისთავად ცხადია გაცილებით უფრო არადემოკრატებს მისცემენ  საშუალებას  დემოკრატიის ნიღბით გამოვიდნენ და იბრძოლონ სამართლიანობისთვის.

არ მომწონს კონსტიტუციის  პროექტი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. კერძოდ, მანდატები პროპორციულად უნდა ნაწილებოდეს.  პარტიების შეზღუდვა  დამატებითი ბარიერების შექმნაა, რაც ემსახურება პოლიტიკური სივრციდან მათ გაქრობას. გარდა ამისა, ბლოკების შექმნის აკრძალვა სრულიად არადემოკრატიულია.

დიდი შეცდომაა კონსტიტუციაში ევროატლანტიკური არჩევანის ჩაწერა, რადგან  ეს ნიშნავს  მომვალი ხელისუფლების დაბლოკვას, იმიტომ, რომ  მათ ერთმევათ ეროვნული ინტერესების ლავირების საშუალება, რაც დანაშაულის ტოლფასია.  ჩემი აზრით, ეს კეთდება იმისათვის, რომ კოჭი გაუგორონ დასავლეთს, რათა თვალები დახუჭონ დანარჩენ არადემოკრატიულ ნორმებზე.

ეკა ზარნაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here