ბოლო პერიოდში აშკარად ვლინდება იმის ნიშნები, რომ ჩვენი საზოგადოებრიობა უბრუნდება წიგნის ეპოქის ტრადიციულ ღირებულებებს, ბეჭდური სიტყვისადმი ნდობას, ხოლო პარტიული ტელევიზიების მომწოდებლური აქცენტები სულ უფრო ემსგავსება გახმოვანებულ გრაფიკებს რკინიგზის სადგურის მორიგე დიქტორის მიერ, რომელიც მთელი ცხოვრება რადიოში მუშაობაზე ამაოდ ოცნებობდა.
“ყურადღება, ყურადღება! მატარებელი #47 სენაკი-თბილისი გამოვიდა მეზობელი სადგურიდან და ჩამოდგება თბილისის ვაგზლის პირველ პლატფორმაზე!”
უსმენ, უჯერებენ, იცავენ პირობებს, რომლებიც აუცილებელია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სულ ესაა.
ხალხს მაინცდამაინც არ სჯერა, რომ ასე დაამყარებენ სოციალურ თანასწორობას.
აქა-იქ არ ერიდებიან ხმამაღლა იკითხონ:
_ გაზეთები რას წერენ ამაზე?
ან იჯერებენ, ან _ პირიქით.
“პირიქითობის” ტენდენცია მატულობს, რაც, ეტყობა, ნიშნავს, რომ გაზეთებს თანდათან უბრუნდება სიმართლის მთქმელის უპირატესობა.
ბეჭდვითი სიტყვის “მოლაპარაკე თავებით” ჩანაცვლების მოდურ მისწრაფებას, ჩანს, ფლანგები შეუსუსტდა “ფეიკების” მოგონებით ან “ფეიკებთან” ბრძოლის გაძლიერების გამო.
ეს გამჟღავნდა იმ შემთხვევაშიც, რომელსაც დღეს განვიხილავთ და რომელსაც ავთანდილ ჯორბენაძის წიგნის “როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის ახალი სისტემა” გამოცემის ფაქტიც ადასტურებს.
მოხსენებები, მოხსენებები და ისევ მოხსენებები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში, მთავრობაში თუ 24 პოლიტიკური პარტიის ფრიად არამდგრადი პარლამენტის წინაშეა წარდგენილი, თავმოყრილია ამ წიგნში.
ის პერიოდი, უწინარესად, ხასიათდებოდა მოსახლეობის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესებით, იზრდებოდა ავადობების მაჩვენებლები, შემცირდა შობადობა, მოიმატა სოციალურად საშიშმა დაავადებებმა _ ტუბერკულოზმა, ფსიქიკურმა დაავადებებმა, ნარკომანიამ, ტოქსიკომანიამ.
ამ ჯოჯოხეთური ქაოსის პერიოდში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უნდა შედგომოდა ორი ამოცანის გადაწყვეტას:
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებას;
2. მედიცინის, როგორც დარგის გადარჩენას.
დავითისა და გოლიათის ბრძოლის ბიბლიური ფაქტის მსგავსი რამ იყო, მაგრამ არაბიბლიური, რეალური დამარცხების პერსპექტივით დამძიმებული და შესასრულებლად ძალიან ძნელი.
მაგრამ ბიბლიაზე უფრო ხშირად ბიბლიური სასწაულები ცხოვრებაში ხდება.
სამინისტროს ხელმძღვანელობას საკრალური მინიშნებების ძებნა არ დაუწყია და ქართული მედიცინის კორიფეების აქტიური მონაწილეობით შეუტია კრიმინალების, შიგა და გარე სეპარატისტების, საკუთარ თავზე შეყვარებული “პოლიტიკოსებისა” და ყველა მათი კუდისგამქიცინებელი ფინიის მიერ თავგზააბნეულ ქვეყანაში საქმის დალაგებას, დამშვიდებას, ხალხის ჯანმრთელობის გაუმჯობესების რეალურ ლიანდაგზე დაყენებას.
ავტორი სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ ახალი მოდელის პირობებში სრულიად იცვლება მოქმედი სახელმწიფო დაფინანსების ფორმა და მეთოდები. ტრადიციული ბიუჯეტურ-მუხლობრივი დაფინანსების წესი იცვლება პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული დაფინანსების პრინციპებით.
ახალი სისტემის ქვაკუთხედი ხდებოდა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საბაზისო პროგრამა. სამინისტრო უნდა შედგომოდა ისეთი პრიორიტეტული საკითხების გადაწყვეტას, როგორიც იყო:
1. დედათა და ბავშვთა სამედიცინო მომსახურება;
2. ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა;
3. პრევენციული მედიცინა;
4. სოციალურად საშიშ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა (ტუბერკულოზი, ფსიქიური დაავადებები, ნარკომანია და სხვ.);
5. ონკოლოგია და სხვ.
ამასთანავე, ახალი პროგრამა ითვალისწინებდა სამედიცინო სფეროში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, საკუთრების ყველა ფორმის სამედიცინო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების ჩამოყალიბებას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას, ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენციის შექმნას სამართლებრივი და ეკონომიკური ხელშეწყობის გზით.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ემორის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ორგანიზაციის სკოლა, ექსპერტები გერმანიიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის შექმნაში მონაწილეობდა აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და სხვა საერთაშორისო ცენტრები.
ეს იყო საფუძვლიანი რეორგანიზაცია, რეფორმა მთელი სისტემის.
ღრმად ხომ არ შევტოპეთ ავტორის დასკვნების სიღრმეებში, როცა მისი რჩევა და გამოცდილება ზედაპირზე დევს და ყოველგვარი “გამეცნიერება” ან “გამხატვრულობა” მხოლოდ გაართულებს პრობლემის სრულად აღქმას? შეფასება აკადემიკოს როინ მეტრეველს ვთხოვეთ:
_ წიგნის ენა, ანუ მოხსენებების სტილი, ენერგეტიკა, რომელიც საქმეს უნდა გამოადგეს, ავტორისავე უნდა დარჩეს. მემუარული “თავისუფლება” გამორიცხულია. ამითაც არის ბატონ ავთანდილის წიგნი ღირებული და ბევრი ნაშრომისგან სასიამოვნოდ გამორჩეული. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ წიგნი, რომელიც ბატონმა ავთანდილმა შემოგვთავაზა, არის ენციკლოპედია რეფორმისდროინდელი ჯანდაცვის ისტორიის და, საერთოდ, ამ დარგის ჩამოყალიბების ისტორიის საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების პირველ ეტაპზე.
როგორც ვიცი, ავტორი აპირებს ამ ნაშრომის გაგრძელებას, ანუ 1997 წლის შემდგომი პერიოდის დამატებით, რაც ორმაგად გაზრდის მისადმი ინტერესს. ჩემი აზრით, წიგნი “როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემა” განსაკუთრებით საინტერესო და სამაგიდო დოკუმენტური კრებულის მნიშვნელობას იძენს სამედიცინო დარგის მუშაკებისთვის, რადგან ამ სისტემის განხორციელებაში სწორედ ისინი იღებენ მონაწილეობას და ყველა სიძნელე მათი გადატანილია, ხოლო ყველა წარმატება და სიხარული ალალია მათზე.
რეზო გაბრიაძე მის სიცოცხლეში გამოცემულ წიგნთა შორის უკანასკნელში “GEDEVANI, პორტრეტი საუკუნის ფონზე” წარსულის გენიალური ქართველი ექიმების გვარებს იხსენებს და ასე ახასიათებს მათ: ისინი “უკეთილშობილესი ადამიანები იყვნენ” _ საერობო ექიმების თაობა.
“თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ ხალხს!
ნებისმიერ ამინდში! წვიმაში და პაპანაქება სიცხეში!
თოვსა და ქარიშხალში! სოფლებსა და ქალაქებში!
მთასა და ბარში! თვითონ ხშირად ავადმყოფები!
სიცხიანები! ღიმილიანები, წყნარები, ჭკვიანები!
ნუგეშის მომცემნი და უანგარონი! ზრდილნი!
სუფთად, ლამაზად ჩაცმულები!
გამოხუნებული ქოლგით! ფერდაკარგული საკვოიაჟით! ლატკიან კალოშებში!..
ნუ დავიზარებთ, წავიდეთ და აუცილებლად დავუნთოთ ჩვენი მშობლების, ბებია–ბაბუების და დროში დაკარგულ, გაბნეულ–გამობნეულ ჩვენს მკურნალებს სანთელი.
ეს მადლიერების სანთელია!
გვახსოვდეს, უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა!”
დასტურ ასეა.
ასე კი არის, მაგრამ საკითხი მადლობის გადახდის ავთანდილ ჯორბენაძესაც გადასაჭრელად წინ დაუდგა. ამ ეთიკურ პრობლემას ვინ როგორ აგვარებს, ვინ როგორ, მანაც ორიგინალურად, ანუ ისე, როგორც იულიუს კეისარმა თავის დროზე მახვილით გადაჭრა გორგალი, რომლის გახსნა ვერვინ შეძლო, ავთანდილ ჯორბენაძემ თავისი წიგნის სრული ექვსი გვერდი დაუთმო კოლეგების ჩამოთვლას და მათთვის გულწრფელი მადლობის თქმას (გვერდები: 337-242), თან დემოკრატიულ ჭრილში:
“მინდა, აგრეთვე, მადლობა გადავუხადო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის მიმართ უარყოფითად განწყობილ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ კრიტიკულ მოსაზრებებს, რომლებითაც გვეხმარებოდნენ გადასადგმელი ნაბიჯების უკეთ გააზრებაში.
და უმთავრესი _ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც, მიუხედავად 90-იანი წლების უდიდესი ტრაგედიებისა, არ დაკარგეს უკეთესი მომავლის რწმენა და, რომელთა ნდობა ყველაზე დიდი სტიმული იყო ჩემს მუშაობაში”.
დავემორჩილეთ და წარმოვადგინეთ ქართველი მკითხველის სამსჯავროზე.
ყველაფერი, რაც წაიკითხეთ, ისტორიაა, ერთ წიგნად აკინძული, რომლის მსგავსითაც ბევრი სხვა ვერ დაიკვეხნის.
ისტორია წარსულია.
ფილოსოფოსები ამბობენ, რომ აწმყოც წარსულია, რადგან ხელშესახებია _ ჩვენ თვალწინ ხდება, მატერიალურია.
სინამდვილეში აწმყო არის ის დრო, რომელიც ჯერ არ მომხდარა.
ორიგინალობენ.
ჩვენ ტრადიციულ აწმყოზე ვლაპარაკობთ, რომელშიც ვცხოვრობთ, ვარსებობთ, რომელიც რეალური მატერიაა.
* * *
მაშ, ასე ვთქვათ _ რა ხდება დღეს? რას ამბობენ სპეციალისტები?
დღეს პრობლემათა პრობლემა კოვიდპანდემიაა. რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის კლინიკაში, როგორაა ჩართული ეს სამედიცინო დაწესებულება მოუცილებელი სენის დაძლევაში?
ამჟამად კოვიდ-19-ის განყოფილება გაშლილია 43 საწოლზე, რაც ცენტრის საწოლთა საერთო რაოდენობის 30 პროცენტს შეადგენს. 43 საწოლიდან 4, განკუთვნილია ინტენსიური მეთვალყურეობისა და მკურნალობისთვის.
2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით კოვიდ-19-ის განყოფილებამ 1000-მდე პაციენტი გაატარა, მათ შორის 34 (პაციენტთა საერთო რაოდენობის 3,4 პროცენტი) იყო კრიტიკულად მძიმე, 264 პაციენტი (26,4 პროცენტი) _ მძიმე, ხოლო 720 (70,2 პროცენტი) _ საშუალო სიმძიმის.
“ცალკეულ შემთხვევებში ვლინდებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რომლის მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა ფართო სპექტრის დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევებით ხორციელდება.
რემდესივირი გადაესხა 328 პაციენტს;
ტოცილიზუმაბი გადაესხა 40 პაციენტს;
მონოკლონური ანტისხეულები გადაესხა 37 პაციენტს.
ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 23 პაციენტში (გატარებული პაციენტების 2,3 პროცენტი), რაც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ნიშნულითაც ერთ–ერთი საუკეთესო შედეგია”. ეს ძნელადგასაგები ციტატა სპეციალისტების ანგარიშიდან არის ამოწერილი.
ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პანდემიის პირობებში ახალი სამოქმედო პრინციპების სწრაფ და ეფექტიან ადაპტირებას და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე პაციენტებისთვის.
არანაკლებ საყურადღებოა “პოსტკოვიდური” მდგომარეობების პრევენცია და მკურნალობა, რომლის განხორცილებაც საქართველოში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციებისა და ადგილის სწორად განსაზღვრის გარეშე, _ ამბობენ კლინიკის სპეციალისტები.
ცნობილი და სახელოვანი ექიმი თენგიზ ცერცვაძე: “მიუხედავად ცენტრის სპეციფიკისა და უმძიმესი კოვიდპაციენტებისა, ჩაფიძის გულის ცენტრს ერთ–ერთი საუკეთესო შედეგები აქვს.
წლეულს, იანვარ-თებერვალში დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სერიოზული კვლევების შედეგების მიხედვით, სწორი გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მნიშვნელოვნად ამცირებს სიკვდილობას, პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობას და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას.
კლინიკაში ტოცილიზუმაბს წარმატებით იყენებენ ჯერ კიდევ COVID პანდემიის ადრეული პერიოდიდან, თუმცა რიგი ობიექტური თუ სიბიექტური მიზეზების გამო ამ მედიკამენტს ყველა COVID კლინიკა დღემდე არ იყენებს, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს.
ახალი მეთოდი წარმატებული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის კლინიკა, აქ მაის-ივნისში ტოცილიზუმაბით წარმატებით უმკურნალეს შვიდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფებს (ექვსი მათგანი გამოჯანმრთელდა და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება კრიტიკულად მძიმე), რაც ძალიან კარგი შედეგია.
“ჩაფიძის გულის ცენტრი” ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკაა, მაგრამ აქ 2020 წლის ნოემბრიდან ფუნქციობს COVID განყოფილება, რომელშიც ტოცილიზუმაბის გარდა წარმატებით იყენებენ სხვა თანამედროვე მიდგომებსაც.
“ჩაფიძის გულის ცენტრის”, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა COVID კლინიკის (ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, კლინიკა “ნიუ ვიჟენი”, კლინიკა “თბილისი ცენტრალი” და სხვ.), წარმატებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტოცილიზუმაბი უფრო ფართოდ უნდა გამოიყენონ ქვეყნის წამყვანმა COVID კლინიკებმა, რა თქმა უნდა, ჩვენებებისა და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით”, _ წერს ცერცვაძე.
* * *
ჩვენი წერილის ამ პასაჟს შეიძლება ქვესათაურად “კოლეგები კოლეგების შესახებ” დავარქვით.
პანდემიას ებრძვიან დღეს, როგორც უხილავ და ულმობელ მტერს.
ქართველი ერის ისტორია რომ განუწყვეტელი ომების ისტორიაა, ყველამ იცის. იციან, რომ ამ ბრძოლებში გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ ბურჯთაგანია ქართველი ქალის გმირობა და თავდადება.
კლინიკა, რომელსაც ჯორბენაძეების გვარი ოთხივ კუთხით პატრონობს, წარმატებთ ართმევს თავს დღევანდელ ურთულეს გამოწვევებს.
კლინიკა ლეგენდარული ქალბატონის _ გულიკო ჩაფიძის სახელს ატარებს.
ნუგზარ ფოფხაძე, არმაზ სანებლიძე, პაციენტები