Home რუბრიკები საზოგადოება ეს არ არის ცრუ პატრიოტთა და ცრუ ლიბერალთა ქვეყანა, საქართველო ეკუთვნის ქართველ...

ეს არ არის ცრუ პატრიოტთა და ცრუ ლიბერალთა ქვეყანა, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს

1005
ილია ჭავჭავაძე

რა არის სინამდვილეში ლიბერალიზმი და რა ღირებულებებს ატარებს ის? დღეს, როცა ქართველი ლიბერალების მისამართით ხშირად ისმის ფრაზები _ ათეისტები, ლიბერასტები, ეროვნული ფასეულობების მტრები, ტრადიციებთან მებრძოლები და . ., ამ კითხვაზე პასუხი მოდი ისევ დიდი ილიას ნააზრევში ვეძებოთ, მით უფრო, რომ დღეს იმაზეც კამათობენ, იყო თუ არა ერის მამა ლიბერალი და რაში გამოიხატებოდა მისი ლიბერალობა. ფაქტი ის არის, რომ ილიასთვის მთავარია სიმართლე და არა იდეოლოგიები: “სწორედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღირსების საწყაო ლიბერალობა ან რეტროგრადობა ან სხვა ამისთანა კი არ არის, არამედ ეს: მართალია კაცი თუ მტყუანი”.

სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი!

დღეს როგორ გინდა, გაარკვიო, ვინ სიმართლეს ამბობს და ვინ ტყუის, როცა ქვეყნის გულშემატკივრობას იჩემებენ “ყველა ყრუი,

ყველა ცრუი,

ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;

მცირე, დიდი _

ყველა ფლიდი,

ცუღლუტი და მანკიერი……

უზღუდონი,

გზამრუდონი,

არგამტანი და ცბიერი;

მტრის არმცნობი,

მოყვრის მგმობი,

გარეთ მხდალი, შინ ძლიერი…”…

რომლებიც, წლებია, ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრით ხელისუფლებაში მოდიან და მიდიან.

მაგრამ დღეს ხალხი აღარაა ძველებურად მიამიტი, უფრო ზუსტად, ბრმად მიმნდობი, აღარ უსმენს ცრუპენტელებს _ ცრუ პატრიოტებსა და ცრუ ლიბერალებს, მაგრამ უსმენს სულმნათ ილიას:

დროა, ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადების ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნული შფოთის ატეხა ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოასწავებს და ლიბერალობის შეგინებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექაქუხილს ტყუილ ლიბერალებისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.

…ეხლანდელ წვრილფეხობას კი რომ უთხრათ, შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრადულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება _ ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, მართალს საკუთარი ფასი აქვს თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის”(“ქვათა ღაღადი”. 1899 წელი).

სწორედ “ეროვნული შფოთის ატეხაა” იმ “ტყუილი ჭექა-ქუხილის” მიზანი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ დედაქალაქში დაიწყო და ახლა რეგიონებშიც გადაინაცვლა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. ოპოზიცია კი “გაერთიანდა” და მოითხოვს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მთავრობის გადადგომასა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებულ ცესკოს; “ძალა ერთობაშიაო” და “ქართულ ოცნებას” ერთად უტევენ. მერე, თავისას თუ მიაღწევენ, ისევ ერთმანეთს დაერევიან, ჩვენ კი, ხალხი, კვლავ გაჭირვებული და მშიერი, ისევ არავის ვემახსოვრებით. ძალიან მონდომებულნი არიან, მაგრამ ხალხი ვერ გამოიყვანეს ქუჩაში, ამიტომ თვითონ პოლიტიკოსები და მათი აქტივისტები მართავენ ხელჩართულ ბრძოლებს საღებავებით, კვერცხებითა თუ ცოცხებით “ნაციონალური მოძრაობისა” თუ “ქართული ოცნების” ოფისებთან. ქუთაისში გაიმართა მსვლელობა სლოგანით “დემიშიზაცია იწყება ქუთაისიდან”.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ, რადგან ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ეკლესიასა და პატრიარქს, რასაც მათ ქართველი ხალხი არ აპატიებს. გრიგოლ ვაშაძემ ამ აქციას ხელისუფლების უნიჭო სპექტაკლი უწოდა, ამით მმართველი პარტია სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას ცდილობსო.

მოძრაობა “გაბედეს” წევრებმა კი დედაქალაქში საქალაქო სასამართლოს ეზოში და მის გარეთ ლობიო დათესეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ეს გარჯა არც პოლიტიკურადაა მომგებიანი და არც დეკემბერში დათესილი ლობიოა მოსავლიანი. როგორც ყოველთვის, ამჯერადც შეცდომა დაუშვეს: ყველაფერს არა მხოლოდ თავისი დრო და ადგილი აქვს, არამედ ცოდნა და წესების დაცვაც სჭირდება. 2020 წლის არჩევნებამდე კი არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ამ “მეამბოხეებს” კი მიზნის მისაღწევად, ალბათ, კიდევ ბევრი სიურპრიზი აქვთ მომზადებული საზოგადოებისთვის.

განა ილიას არ სურდა ქმედითი, მღვიძარე, მჩქეფარე საქართველოო?! _ გაიკვირვებს მავანი. ვუპასუხებთ, რომ ამგვარი არა. ილიას ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედება, მისთვის მოღვაწეობა ჰქონდა მხედველობაში და არა კარიერას დახარბებულ ადამიანთა ბრძოლა ურთიერთშორის.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებშიც მძიმე სიტუაცია იყო საქართველოში _ ერს იმდენად დაკარგული ჰქონდა ეროვნულ-პატრიოტული გრძნობა, რომ მხოლოდ ხორციელი არსებობა მიაჩნდა სიცოცხლის მიზნად და სწორედ ამ დროს მოევლინა მას ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი თერგდალეულთა დასით. ნურც ჩვენ დავკარგავთ იმედს, ბაზალეთის ტბის ძირას ჩადგმული აკვანი არ მაქვს მხედველობაში, მაგრამ იმის იმედი ნამდვილად მაქვს, რომ საქართველოში არიან განათლებული, მამულის სიყვარულით გულანთებული ადამიანები, რომლებიც დღეს ახალ თერგდალეულებად მოევლინებიან.

როგორი საქართველო დახვდათ თერგდალეულებს?

მოვუსმინოთ ილიას:

ეს იყო დრო “ჩვენის გონებრივისა და ეროვნულის მიძინებისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამგვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ.… მაშინ რომ ქართველისათვის გეკითხათ:

_ რას ფიქრობთ, რა გსურთო?

_ სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, _ გიპასუხებდნენ.

მაგის გარდა კიდევაო?

კიდევ სიცოცხლე გვინდაო, _ გეტყოდნენ.

რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო?

ისეო, _ გეტყოდნენ, _ რომ გავლაგამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო”.

აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი

ახლა თავად განსაჯოს მკითხველმა _ განა სწორი არ იყო ილიას დიდი თანამებრძოლი აკაკი, როცა ასე გაპირუტყვებულს, ეროვნულგრძნობადაკარგულს, მონობას შეგუებულს და მარტო მუცელზე მაფიქრალ საქართველოს “ფურთხის ღირსი” რომ უწოდა?!

ისევ მოვუსმინოთ ილიას, რას ამბობს იმ დროის დაცემულ საქართველოზე, რომელიც მან პოემა “აჩრდილში” გამოხატა:

აქ არვის _ დიდსა თუ

პატარასა, _

ქვეყნის ტკივილით

არ სტკივა გული,

დაჰვიწყებია, რომ

ქვეყნად ცასა

ღვთივ მოუცია მარტო

მამული”.

შემდეგ ილია ამ პოემაში უფრო დეტალურად აგვიწერს ქართველთა მხრივ დაკარგულ ეროვნულ-მამულიშვილურ გრძნობას, მის გულცივობას საკუთარი სამშობლოს მიმართ, როცა იგი ეხება საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთას:

აწ აღარა სჩქეფს

წყარო ცხოველი,

ხე ცხოვრებისაც იგი

დამჭკნარა

და იგი დედაქალაქი

ვრცელი

აწ სამიკიტნო დაბად

გამხდარა.

ნგრეულან მისნი დიდნი

პალატნი,

დიდი ცხოვრება მის

დაცემულა,

დღეს იმ ცხოვრების

წმინდა ალაგნი

პირუტყვთ ქელვითა

შეგინებულა”.

თბილისშიც იგივე სასოწარმკვეთი მდგომარეობაა:

აგერ ტფილისიც

ყრმასაც და ბერსაც,

ქალსა _ მახინჯსაც

და მშვენიერსაც,

დიდსა, პატარას,

თავადსა, გლეხსა,

მე უხილავი ყურსა

ვუგდებდი,

მაგრამ კი, ვფიცავ

ქართვლის სახელსა,

მათ აზრში აზრსა

მე ვერ ვპოვებდი.

* * *

რისთვისც მამანი

იღვწოდნენ უწინ _

დღეს შვილთ არ

უღირთ არც ერთ

ფლურადა.

გრძნობას ოქროსა

ფასად ჰყიდიან,

მთავრის ღიმილზე _

პატიოსნებას

და დაჟანგებულ

ბორკილზე სცვლიან

თავის მამულის

თავისუფლებას”.

ყველაზე სამწუხარო კი აი რაა:

და ძესა შენსა დღეს

არც კი სწამს

შენი აღდგენა,

განწირულების

შთასდგომია მას

გულში წყლული,

მას დაჰკარგვია ტანჯვათ

შორის შენდამი რწმენა

და დაუგდიხარ,

ვით ტაძარი

გაუქმებული”.

იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი

კითხულობ ამ სტრიქონებს და დღევანდელი სურათი გიდგას თვალწინ. ერი რომ ასე დაეცემა ზნეობრივად და გონებრივად, იგი დასაღუპავადაა განწირული.

ლექსში “რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით” ილია ამხელს ქართველი კაცის იმ დროისათვის დამახასიათებელ უგუნურებასა და ბედოვლათობას, პოლიტიკური დაშლილობის იმ პერიოდში თუ როგორ “ვწეწდით და ვიწეწებოდით ურთიერთბრძოლით, როგორ ვღალატობდით ურთიერთს, _ როგორ მოვარყიეთ ამ გზით ქართლის ბჭენი და შემდეგ უღონოდ ქმნილნი როგორ გავრბოდით და გამოვრბოდით ქრისტიანობის ნიღბით მოვლენილი ცრუმეგობრის წინაშე სახვეწნელად, ხოლო, როცა ამ მზაკვარმა მტერმა “ხელთა გვიგდო, წაგვიჭირა თოკი ყელში და ქართვლის ბედი ბურთსავითა სათამაშოდ წინ გაიგდო _ ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად როგორ ვჯირითობდით და ვბურთაობდით”. და ამგვარად, როცა ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, “ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ როგორ ვისხედით და ხელს ვითბობდით”.

ცრუმეგობრები არც ახლა გვაკლია და ხან ერთი და ხან მეორე ხელისუფლება მათთან ერთად აბურთავებს საქართველოს ბედს.

შეცდომებზე სწავლობენო, ამიტომ ილია თავის პუბლიცისტურ წერილებში დიდ როლს ანიჭებდა წინაპართა შეცდომების მხილებას. იგი წერდა: “ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკვას, როგორ უნდა მოვიქცეთ… თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ. ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს. აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულის მოყვარე და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების აღიარება ნახევარი გასწორებაა”.

1089 წელს საქართველოს რომ არ მოვლენოდა დავით აღმაშენებელი, ჩვენი შთანთქმა თურქ-სელჩუკთაგან გარდაუვალი იყო. შესაძლოა, რუსულ უკიდეგანო მორევში საქართველოს გათქვეფაც გარდაუვალი ყოფილიყო, თერგდალეულებსა და ხალხოსნებს თავი რომ არ გადაედოთ ამ ბრძოლაში, მაგრამ, რაც განსაკუთრებით საყურადღებო და გასათვალისწინებელია დღეს, ეს იყო მშვიდობიანი ბრძოლის გზა. ქართველმა სამოციანელებმა შეცვალეს დამპყრობელთან შეთქმულება-აჯანყებებით დაპირისპირების მეთოდი. ეს არჩევანი შექმნილი რეალობის გონივრულ ანალიზს ეფუძნებოდა. XIX საუკუნის პირველი მესამედის დაუსრულებელ აჯანყებებში განცდილმა მარცხმა ქართველი ერის სასიცოცხლო ენერგია შეასუსტა. გაღებული მასშტაბური მსხვერპლი ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანას უმძიმეს შედეგებს უქადდა. საჭირო იყო იმგვარი საშუალების გამოძებნა, რომელიც სანუკვარ მიზანს შედარებით უსაფრთხოდ და ერისთვის ნაკლები ზიანით მიგვაღწევინებდა. ილია ჭავჭავაძეს შესანიშნავად ესმოდა, რომ თავისუფლება, როგორც ეროვნული ბედნიერების წინაპირობა, მსხვერპლის გარეშე წარმოუდგენელია (“თავისუფლების მშოვნელი ამ ქვეყნად მხოლოდ თოფია”), მაგრამ ბრძენკაცი იმასაც ითვალისწინებდა, რომ გამუდმებული აჯანყებები ერს ღონეს აცლიდა და მის მომავალს უნუგეშოს ხდიდა, ამიტომ ილიამ და თერგდალეულებმა გეზი მშვიდობიანი ბრძოლაზე აიღეს, რომლის იარაღად ცოდნა და განათლება დაიგულეს. ეს მკაფიოდ ჩანს აკაკი წერეთლის ლექსში “დედა და შვილი”. როდესაც ეროვნული თავისუფლებისთვის გულანთებული შვილი დედას მიმართავს: “დედილო, მომეც ფარ-ხმალი, რომ ავასრულო ვალიო!”

დედის პასუხი ასეთია:

“ადრეა შვილო ჯერ კიდევ,

წიგნია შენი ხმალიო!”

თერგდალეულებს ერისთვის იმაზე მეტი პრაქტიკული ამოცანა არ დაუსახავთ, რისი მიღწევაც კონკრეტულ ვითარებაში უმსხვერპლოდ და უზიანოდ იყო შესაძლებელი.D

ილია ჭავჭავაძეც მიიჩნევდა, რომ “ომი უბედურებაა, ომი დამთქმელია ადამიანის სიცოცხლისა, ადამიანის ღვაწლისა, მონაგარისა” და რომ: “მორიგებით, მშვიდობიანობით საქმის გათავება, რასაკვირველია, ყოველთვის კარგია”.

ადამიანის უფლებები საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი ზრუნვისა და დაცვის საგანი უნდა იყოს. ილია ჭავჭავაძე ამ საკითხს სულაც კაცობრიობის პროგრესს უკავშირებდა. მისი სიტყვით: “რა არის მთელი პროგრესი კაცობრიობისა, თუ არა ის, რომ ადამიანის პიროვნება, ადამიანის სინდისი, ყოფაცხოვრება, _ უსაბუთოდ, უსაფუძვლოდ არავისაგან ხელშეხებული არ იყოს, არავისაგან შემწიკვლულ, შეგინებულ, შევიწროებულ”.

თერგდალეულთა ნააზრევში განსაკუთრებით ხაზგასმულია ადამიანის ღირსების საკითხი, რომელიც “ჭეშმარიტ ლიბერალობას… დიდი ასოებითაა აქვს დაწერილი თავის დროშაზედ” (ილია). ილია “კაცებურის ღირსების გრძნობას” “ღვთაებრივ გრძნობას”, “ადამიანთათვის მომადლებულ საუნჯეს” უწოდებდა, მასვე ადამიანის ღირსება “ზნეობით კუთვნილებად” მიაჩნდა და მოითხოვდა, რომ იგი “ღრმად პატივცემული” ყოფილიყო. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თერგდალეულები ადამიანის უფლებებს ყოველთვის მოვალეობასთან ერთად განიხილავდნენ. “ადამიანის შვილი ერთის მხრით უფალია, მეორეს მხრით მოვალე” და “მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი” (ილია).

თერგდალეულებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულება ჰქონდათ კერძო საკუთრების მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებაში. “კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევსმთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. …კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბილზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდა იყოს, იაფად არ დაუჯდება”, _ წერდა ილია. მისივე სიტყვით, “ხელშეუხებლობა პირადის საკუთრებისამერმისის ქვაკუთხედად არის აღიარებული, და ყოველს, რაც ჰზღუდავს და ჰხუთავს ამ ხელშეუხებლობას, რჯული ძნელად იშვნევს, ძნელად იწყნარებს”.

აქცია

ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თერგდალეულთა პუბლიცისტიკაში ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებს. ილია ჭავჭავაძეს თანასწორობა იმ საჯარო უფლებად მიაჩნდა, რომელიც ყველას კუთვნილი და ყველასათვის ერთნაირად ძვირფასია. “თანასწორობა სულია და გული ყოველის წყობისა”, _ წერდა იგი. ძმობას, ერთობასა და თანასწორობას მხარს უჭერდა აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი. ასევე, თანასწორობის უფლებას იცავდა ნიკო ნიკოლაძეც.

თერგდალეულთა ნააზრევიდან განსაკუთრებით ხაზგასასმელი საკუთარი შესაძლებლობების რწმენის საკითხია, ანუ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, “საკუთარი თავის მოიმედობა”. ამ უაღრესად საგულისხმო პრინციპს თერგდალეულები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ პირად ინიციატივას, საკუთარი უნარის, ნიჭისა და თვითმოქმედების გამოვლენას ქვეყნის წინსვლაგანვითარების პირობად სახავდნენ და, ცალკეულ პიროვნებებსა თუ ჯგუფებს კი არა, არამედ მთელ ერს მოქალაქეობრივი აქტივობისკენ მოუწოდებდნენ. ისევ ილიას დავიმოწმებთ: “ჩვენი ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ”, “ჩვენს გარეშე ჩვენი ხსნა სიზმარია”.

“ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, წელში გამაგრდეს, გონებრივად და ქონებრივად მოღონიერდეს და თვითონ გახდეს თავის ბატონ-პატრონი”, _ ეს კი აკაკის აზრია.

საინტერესოა იაკობ გოგებაშვილის თვალსაზრისი პატრიოტიზმზე საერთოდ და კერძოდ ქართველი კაცის დამოკიდებულებაზე მამულისადმი, რომელიც “იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას”. “ბევრგან ვხედავთ პატრიოტებსა, რომელთაც უნდათ, სხვის უბედურებაზედ ააშენონ თავიანთ ქვეყნის ბედნიერება. პრუსიის პატრიოტს ტრეიჩკეს რომ ჰკითხო, რასა სთვლი საჭიროდ გერმანიის ბედნიერებისთვისო, გიპასუხებს: დასავლეთით საფრანგეთის მიწასთან გასწორებას, სამხრეთით ავსტრიის წელში მოკაკვას და აღმოსავლეთით რუსეთის მიმსხვრევასაო. მეშჩერსკის, სუვორინს და კატკოვს რომ შეეკითხო, როგორი უნდა იყოს რუსის პატრიოტიო, გიპასუხებენ: იგი უნდა სჩაგრავდეს ყოველ სხვა ტომს, რუსებთან შემოერთებულსა, და გარედ უნდა ელტოდეს და ნატრულობდეს მთელს ევროპის გაქელვასაო. ჩინეთის პატრიოტები უფრო კიდევ მომეტებულს რასმე ნატრულობენ: მთელი კაცობრიობა ჩვენის ბაღდიხანის ქვეშევრდომი, უმორჩილესი მონა უნდა შეიქმნასო.

ჩვენში პატრიოტობა სხვა თვისებისაა, სხვა გვარის ხასიათისაა: იგი იპყრობს მხოლოდ წმინდა გრძნობას მამულის სიყვარულისას. ამ გრძნობაში თავისთავის მეტი არა ურევიარა. ვისიმე სიძულვილი, ვისიმე დათრგუნვის სურვილი, ვისიმე გაუბედურების წადილი მასში სრულიად არ იპოვება. ჩვენს პატრიოტებს სურთ აღდგენა და დაცვა ჩვენის უფლებისა, ეროვნებისა, თვითმმართველობისა, ლიტერატურისა, კულტურისა, რომელთა გარეშე არა ხალხს არ შეუძლიან სიცოცხლე და ადამიანური არსებობა. ჩვენი მამულიშვილები ნატრულობენ ჩვენის ქვეყნის ბედნიერების მიღწევას წმინდა და სწორი გზით, იმ გზით, რომელიც სხვის უბედურებაზედ არ არის გავლებული. როგორც წარსულში ჩვენი ერი იბრძოდა არა სხვა ხალხების დამონავებისათვის, არამედ თავის საკუთარის დამოუკიდებლობის დაცვისათვის, ისე ეხლა ჩვენი მამულიშვილები მოღვაწეობენ არა იმ განზრახვით, რომ სხვანი დავთრგუნოთ და მათის დამცირებით ჩვენი თავი ავიმაღლოთო, არამედ იმისათვის, რომ ჩვენს ერსაც გავუკვლიოთ ფართო გზა გონების განვითარებისა, ზნეობის ამაღლებისა და კეთილდღეობისაო. ერთის სიტყვით, ჩვენში მამულის სიყვარულმა მიიღო ისეთივე წმინდა მიმართულება, რომელსაც ამ ბოლოს ჟამს დაადგა დაწინაურებული, საუკეთესო წილი ევროპის დემოკრატიისაწარსულში ჩვენ გვქონდა ამაზე უფრო ფართო ეროვნული ნიადაგი; მაგრამ ამ ნიადაგზედ წმინდა პურთან ხშირად ითესებოდა აზიური ღვარძლი და ჭვავიამის გამო წარსულიდგან უნდა გადმოვიტანოთ ეროვნული ნიადაგი და ევროპის ნაწარმოებში ავარჩიოთ სათესად წმინდა პური გონების, ზნეობის და ეკონომიურის სფეროებიდგან… (იაკობ გოგებაშვილი/ რჩეული თხზულებანი/ . 1/ თბ. 1989). ასე რომ, ნურავინ შეიქმნის იმის ილუზიას, რომ საქართველო მავანთა საჯილდაო ქვა იქნება მუდამ. ეს არ არის ცრუ პატრიოტთა და ცრუ ლიბერალთა ქვეყანა, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს! მაგრამჩვენი ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ”, “ჩვენს გარეშე ჩვენი ხსნა სიზმარია” (ილია), “ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, წელში გამაგრდეს, გონებრივად და ქონებრივად მოღონიერდეს და თვითონ გახდეს თავის ბატონპატრონი (აკაკი).

* * *

ჩემს ბავშვობაში უფროსები გვაფრთხილებდნენ: ტყუილს თუ იტყვი, ცხვირი გაგეზრდებაო, ან _ როცა იტყუები, შუბლზე გაწერიაო. ამ მეამბოხე ვაი პოლიტიკოსებს, მართალია, გარეგნულად არ ეტყობათ, მაგრამ იმხელა ცხვირები გაეზარდათ, რომ, საჭიროა თუ არა, ყველაფერში ყოფენ, შუბლზე კი ძალიან გარკვევით აწერიათ სამასოიანი სიტყვარომელიც ზუსტად მათზეა ზედგამოჭრილი.

_ უცენზურო სიტყვები და თქვენ?! არ გეკადრება ქალბატონს… _ ყურში ჩამჩურჩულებს ჩემი ერთი ძველი ნაცნობი ნაცი.

_ ?!

_ სამი ასოო

_ ცრუ რატომ არის უცენზურო სიტყვა?!

_ უი! მე ვიფიქრე

_ ასეა: “Каждый думает в меру своей испорченности”! თუ ის გირჩევნიათ, რაც გაიფიქრეთ, იყოს ნება თქვენი!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here