ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის თქმით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში წამყვანი ქვეყანაა და ის უსაფრთხოების კონტრიბუტორია.
ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“საქართველო არის წამყვანი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ჩვენ რა თქმა უნდა მხარს გიჭერთ ამ ყველაფერში. ჩვენ მხარს დაგიჭერთ, რომ ნატოს წევრი ქვეყანა გახდეთ. გააგრძელეთ ბრძოლა განვითარებისთვის, გააგრძელეთ მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და სამაგალითოა, რომ თქვენ ხართ უსაფრთხოების კონტრიბუტორი ქვეყანა”, – განაცხადა ესპანეთის პრეზიდენტმა.
კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება და ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება, ასევე, შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტები ხურვალეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრებიან. კერსტი კალიულაიდი წეროვნის საჯარო სკოლასაც ეწვევა.
კერსტი კალიულაიდი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და ესტონური პროექტის ხელშეწყობით დაარსებულ კომპიუტერულ კლასს მოინახულებს.
ესტონეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სახელმწიფო ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში თბილისს, მცხეთასა და იმერეთის რეგიონს დაათვალიერებს.
საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დამყარდა.