მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პროცენტულად პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის ზრდით. თითქოს სხვა გასაჭირი არ გვეყოფოდა, ახლა ესეც დაგვემატა და, სამწუხაროდ, ამ ჯაჭვის გაწყვეტა ვერ მოვახერხეთ. ვერ მოვახერხეთ ბევრი რამის გამო და, უპირველესად, იმიტომ, რომ კოვიდინფიცირებულები ქუჩაში თავისუფლად დადიან და ჩვენს ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან. მხოლოდ ის რად ღირს, რომ სამართალდამცველებმა გასულ კვირას ინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმეს, რომელიც მგზავრებს ემსახურებოდა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდა.
როცა ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როცა დღეში 40-მდე ადამიანი კვდება, იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც ყარაბაღის ომში უკვდებოდათ აზერბაიჯანელებსა და სომხებს, საინფორმაციო საშუალებები დღის მთავარ გამოშვებას იწყებენ იმით, რომ თურმე პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” იშლება და მისი ლიდერები ერთმანეთს წაეკიდნენ. გამოდის, რომ დღის მთავარი მოვლენა ათასობით ახალი ინფიცირებული და 40-მდე შავით შემოსილი ოჯახი კი არა, ის არის, უკანალმოშიშვლებულები როგორ მოაგვარებენ ერთმანეთში ურთიერთობას და შეურიგდება თუ არა იაგო ხვიჩია ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს.
ზოგიერთი ტელეწამყვანი უფრო შორსაც წავიდა და ტელეეთერში გაკეთებული სიუჟეტი არ იკმარა, სოციალური ქსელის საშუალებით მოუწოდა “გირჩელებს”, _ ეგებ შერიგდეთ, ერთად უნდა იყოთო. რაც ყველაზე საინტერესოა, აღნიშნულ პარტიას არაერთი მედიასაშუალება “თავისუფლების კუნძულად” მოიხსენიებს.
როცა წინა მოწვევის პარლამენტმა მარიხუანის ლეგალიზაციაზე კანონი მიიღო, ერი თუ ბერი აღშფოთდა. რეალურად ისე ჩანდა, თითქოს რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ამ ყველაფრის მომხრე და პარლამენტარებმა გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებში ლიბერალური ფრთის წარმომადგენელთა ზეწოლის შედეგად მიიღეს. პრაქტიკულად, ერთადერთი პარტია, რომელიც მარიხუანის ლეგალიზაციას არამხოლოდ ხმამაღლა ითხოვდა, არამედ მას საჯაროდ, სატელევიზიო ეთერში მოიხმარდა, “გირჩი” იყო.
წესითა და რიგით, “გირჩისთვის” საკადრისი პასუხი ამომრჩეველს სწორედ ამ არჩევნებზე უნდა გაეცა და… გასცა კიდეც. 55 598 _ ეს არის ხმების ის რაოდენობა, რომელიც “გირჩმა” საპარლამენტო არჩევნებში აიღო და პარლამენტში ერთბაშად 4 კაცს შეიყვანს. სწორედ ეს ოთხეული დაერია ერთმანეთს და, უდიდესი ალბათობით, დავის მთავარი თემა სწორედ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხია. პარტიის ლიდერ ჯაფარიძეს გარეთ დარჩენა სურს, მომდევნო სამეულს _ შესვლა. როგორც გვითხრეს, ყველაზე მწვავე დაპირისპირება პარტიისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ თანხაზე უარის თქმის შემდეგ მომხდარა. რამდენიმე ასეულ ათასზე უარი პარტიის წევრებს არ მოეწონათ და თურმე, პარტიის ოფისში ქოთნებში მოყვანილი მარიხუანა სულ ფოთოლ–ფოთოლ გაუკრეფიათ.
ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ “გირჩის” დამფუძნებელმა და ლიდერმა ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ არც ისე დიდი ხნის წინათ თქვა: არავის საქმე არ არის, მე ფულს პირით და მარჯვენა ხელის მოძრაობით თუ ვიშოვი და თანაც ამით ვინმეს სიამოვნებას მივანიჭებო. ჩემი ნება რომ იყოს, იმ 55 598 ადამიანის სახელსა და გვარს გამოვამზეურებდი, რადგან ერმა უნდა იცოდეს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც გარყვნილებასა და მომავალი თაობის ნარკოტიკებით გადაგვარებას მისცეს ხმა. ისიც ხომ ყველამ იცის, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, კანონპროექტი შეიტანოს განსახილველად და ამისთვის არც მოსახლეობაში სიარული და ათასობით ხელმოწერის შეგროვება სჭირდება და არც სხვა რამ. “გირჩი” კი ხმალამოღებული იბრძვის იმისთვის, რომ არამხოლოდ მარიხუანის, არამედ სხვა ნარკოტიკების ლეგალიზაციაც მოხდეს და ახალგაზრდებს დაუკანონდეთ გადაგვარების გზით სიარული. იმავე “გირჩის” პროექტით, აუცილებელია საქართველოში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებაც დაკანონდეს და, თუ ამ კავშირს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს, ისინი თავისი ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლებით” შეძლებენ ამ ყველაფრის “ეკლესიურად აღსრულებას”, ხოლო კანონიერად საჯარო რეესტრი დაარეგისტრირებს. ეს უნდათ, ეს სურთ და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ არსაიდან მოსული პარტია მოულოდნელად ლიბერალთათვის ძლიერ ბერკეტად რომ იქცა.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ლიბერალთა ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი სასტიკი აგრესიაა. ისინი პირდაპირ გადადიან იმ ხალხის განადგურებაზე, ვინც მათ არ ეთანხმება და ამის ნათელი მაგალითი ცოტა ხნის წინათ ამერიკაში განვითარებული მოვლენებია, როცა ლიბერალიზმის სახელით დაარბიეს მაღაზიები, ძეგლები და იმავე ლიბერალიზმის სახელით ფეხის დაბანის რიტუალიც არაერთხელ გამართეს. როცა ლიბერალებს არ ჰყავთ ობიექტი, რომლზეც აგრესიის ამონთხევა შეუძლიათ, ერთმანეთისკენ იწევენ და ახლა “გირჩში” სწორედ ეს ხდება, ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასულნი. ისე რომ არ გაიგოთ, რომ მხოლოდ “გირჩის” აგრესიაზე ვლაპარაკობთ, იმავე ლიბერალიზმის დროშით მოქმედი ბაია პატარაიას ქცევებს დააკვირდით: ის აგრესიას არასდროს არ მალავს განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანთა მიმართ და, თუ მას რამე არ მოსწონს, არავისაც არ უნდა მოეწონოს, თუნდაც ეს “რამე” ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული საფეხბურთო მატჩი იყოს.
2016 წლის მოწვევის პარლამენტში იყო ინიციატივა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც პარტიას, საქმიანობა აკრძალვოდა, მაგრამ ეს საკითხი პარლამენტმა ჩააგდო. ცუდი არ იქნება, თუ ახალი მოწვევის პარლამენტი მაინც მოახერხებს იმდენს, რომ მიიღოს კანონი, რომლის მიხედვით ამორალურ, საზოგადოებისთვის მიუღებელ პლატფორმაზე მყოფი პარტიების რეგისტრაცია ოფიციალურად გაუქმდება. ახლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალების ქორწინება ამორალური არ არის, მაშინ… თუმცა, რაღა მაშინ, 55 598 ადამიანი ასე ნამდვილად არ ფიქრობს და საქართველოსთვის ეს რაოდენობა კატასტროფულად დიდია. ამ ადამიანების ნახევარს ხმა ისეთი პარტიებისთვის რომ მიეცათ, რომლებიც, წლებია, ეროვნულ იდეოლოგიას ქადაგებენ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხვდებიან, 1-2 კაცს გაიყვანდნენ და, სხვა თუ არაფერი, ხმამაღლა იყვირებდნენ: ჯერ საქართველო და მერე დანარჩენიო. მაგრამ არა, ბატონებო, სწორედ იმიტომ აქციეს არსაიდან მოსული ხალხი პოლიტიკურ ფიგურებად, რომ მათ ეკლესია დააკნინეს, ქართულ თავმოყვარეობას თავზე გადაუარეს და თავისუფლების სახელით სურთ, შეცვალონ ყველა და ყველაფერი. ახალგაზრდების ნაწილს კი მარიხუანა მოსწონს, ვერ ხვდება იმას, რომ ამით მომავალს ანგრევს და ამიტომ, აღტკინებული, გაბრუებული ხმას აძლევს იმ ადამიანს, რომელიც ამ აღტკინებას და გაბრუებას ჰპირდება, რომელიც მისი მშობლის წინააღმდეგია. არავინ არ მალავს, რომ “გირჩის” მხარდამჭერები, ძირითადად, სწორედ 19-20 წლის ახალგაზრდები არიან და ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა. რაც მთავარია, ამ ყველაფერს დასავლეთში უდიდესი მხრადაჭერა აქვს და რეალურად, “გირჩის” ლიდერმა ზუსტად იცის, რომ ბიუჯეტის თანხებზე უარის თქმა არ ნიშნავს უფულოდ დარჩენას, საერთაშორისო ორგანიზაციები მათ მშიერს ნამდვილად არ დატოვებენ და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, რათა “გირჩმა” დაწყებული საქმე შეუფერხებლად განაგრძოს.
ვინც ამ პარტიის პლატფორმას არ იცნობს, არც ის ეცოდინება, რომ ე.წ. ბიბლიურ თავისუფლებას თავისი მიტროპოლიტები ევროპის ყველა ქვეყანაში ჰყავს. ჰო, მისი წევრები ამ თითქოს რელიგიური ორგანიზაციის სახელით მოგზაურობენ, პატივსა და დიდებაში არიან და არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. ამ ყველაფერს კიდევ ერთი მიზანი აქვს _ არ არსებობს რეალურად არც ძველი სარწმუნოება, არც სასწაული, აგერ, გუშინ დაარსებული ორგანიზაციის წევრები ერთ საათში მიტროპოლიტებიც ხდებიან, ეპისკოპოსებიც და წოდებებს ყოველგვარი საფეხურების გავლის გარეშე არიგებენ.
დასავლეთს მთავარ ძალად საქართველოში სწორედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დახვდა და მისი ავტორიტეტი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეარყიეს. შედეგად, რაც ვერ მოახერხეს გარედან, მშვენივრად ახერხებენ შიგნიდან და “გირჩში” ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ გაერთიანდა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაევლო და “ბიბლიური თავისუფლების” მრევლი გამხდარიყო. ამით მათ მართლმადიდებლობაც შეურაცხყვეს და ქვეყნის სამსახურზეც თქვეს უარი, ჰოდა, მიზანიც სწორედ ეს არის. და, საერთოდ, ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება.
უხილავ მტერთან ომის პირობებში მთავარ თემად აღნიშნული პარტიის ლიდერთა დაპირისპირება რომ გაქვს, ესეც არ არის შემთხვევითი. დღეში 40-მდე ადამიანი იღუპება და ათასობით ავადდება, ერს კი თურმე ის აინტერესებს, რა მიმოწერა აქვთ ერთმანეთთან “გირჩის” ლიდერებს, რომლებიც ნარკოტიკების ლეგალიზებასა და ჰომოსექსუალთა ქორწინებას მოითხოვენ.
ბესო ბარბაქაძე
სამწუხაროა მაგრამ მართალი ბრძანდები ბატონო ბესო.
აქტიურია დასავლეთი, გაანარკომანებს ახალგაზრდობას და ამით მოეხსნება ყველა წინააღმდეგობა, რომელიც აფერხებს ამ ქვეყნის ჩაძირვის გზაზე. მიზანი-კი ეს არის. ერთი ეგ არის: თვით ისინიც აქტიური ნარკომანიის გზას ადგანან… იქითაც გზა ჰქონიათ!
ღმერთო, დაიხსენი ჩვენი ახალგაზრდობა სატანისაგან…