Home რუბრიკები ისტორია ეროვნული წარსულის გაფრთხილება _ ეს იგივე თანამედროვეობის გაფრთხილებაა

ეროვნული წარსულის გაფრთხილება _ ეს იგივე თანამედროვეობის გაფრთხილებაა

5176
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძის, XIX . მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ბელადის, აზროვნებასა და საქმიანობაში იმთავითვე თავისებურად გამოკვეთილი ადგილი ეკავა მის დაინტერესებას როგორც ზოგადი, ისე, უმეტესად, ეროვნული ისტორიით. ილია გატაცებით სწავლობდა ისტორიის, როგორც დარგის, ფილოსოფიურმეთოდოლოგიურ პრობლემებს. ისტორია ილიას ეროვნული გამოღვიძებისთვის დიდ ძალად მიაჩნდა, ამ კუთხით აფასებდა იგი ამ დარგის საზოგადოებრივ ფუნქციას და დანიშნულებას, მიუთითებდა ისტორიის აღმზრდელობით საზოგადოებრივ როლზე, რაც მას ყველგან და მუდამ ჰქონია. იგი, ენასთან ერთად, არსებობისა და პოლიტიკური წინსვლის საშუალებაა. მკითხველს შემოკლებით ვთავაზობთ ისტორიკოს შოთა ბადრიძის წერილსილია და საქართველოს ისტორია”.

“ილიას აზრით, ეროვნული კონსოლიდაციისთვის მებრძოლ ძალებს ისტორია ეხმარება, კრიტიკულად გაიაზრონ თავიანთი წარსული, ადრე დაშვებული შეცდომები. ამასთანავე, ისტორია მიძინებულ ეროვნულ გრძნობებს უღვიძებს ხალხს. ილია მკაფიოდ განმარტავდა ისტორიის ამ ნიუანსს, თუნდაც ევროპის ხალხების ეროვნული გამოღვიძების მაგალითით. ილიას თქმით, ვიდრე ავსტრია-უნგრეთის სლავების ეროვნული გამოღვიძება დაიწყებოდა, ამ ქვეყნის მოამაგეებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ისტორიას. ავსტრიის სლავებმაც გააღვიძეს თავისი ისტორია, მოიგონეს დიდებულნი დრონი წარსულისა, ამ ნიადაგზედ ამოაყვავეს თავისი სლავიანობა.

ილია დარწმუნებული იყო, რომ საკუთარი ისტორიის ცოდნით და თავის ქვეყანასა თუ უცხოეთში მისი პროპაგანდით, ამ ისტორიის შემქმნელ ერს საშუალება ექნებოდა, ეარსება და თავი დაეცვა სხვა, არაკეთილმოსურნე ძალებისაგან, რომლებიც ამ ხალხის ეროვნული ისტორიის მრუდედ გაშუქებით, თვით ამ ხალხის უკულტუროდ ან ვინმეს წინაშე ცოდვილად გამოცხადების გზით არსებითად ამ ხალხის თანამედროვე არსებობასა და სამომავლო პრობლემებს უთხრის ძირს.

ამავე შეხედულებას უკავშირდება ილიას ის აზრი, რომ ისტორიის გაუთვალისწინებლობა და მისთვის ანგარიშის გაუწევლობა ერის დაქვეითება-დასუსტებისა და გაქრობის ერთ-ერთი წინაპირობაა. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს _ ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავაც. ისტორია თავის გულისფიცარზე იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ ბეჭდვითა, როგორც სარკე, გვიჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის და გაძლიერებისათვის” (დავით აღმაშენებელი. თხზ., . 4, გვ. 178. ივ. ჯავახიშვილი, გვ. 70). მსგავს აზრს ილია სხვაგანაც გამოთქვამდა: “ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრებისა აღმოფხვრა ხსოვნისაგან მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთთან გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელია, გაუგებარია და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისა. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდუვალი, როგორც ყოველივე ბუნებური კანონი (ერი და ისტორია, ტ. 4, გვ. 200).

თეორიულად განმარტავდა რა ისტორიის დიდ როლს ერის პრაქტიკულ ცხოვრებაში, ილია მიიჩნევდა, რომ, ვინც თანამედროვეობისა და მომავლისათვის იბრძვის, მან თავისი წარსულისადმი პატივისცემა უნდა შეინარჩუნოს და არც სხვას მისცეს მისი გაყალბების უფლება. ეროვნული წარსულის გაფრთხილება _ ეს იგივე თანამედროვეობის გაფრთხილებაა.

ილიას აზრით, არსებობისათვის მებრძოლი ერი ვალდებულია, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად იაზრებდეს თავის ისტორიას, ითვალისწინებდეს წარსულში დაშვებულ შეცდომებს, ამოიცნობდეს მათ, ამ გზით ადგენდეს, თუ რა უშლიდა მას ხელს ან ეხმარებოდა წინსვლაში. მხოლოდ ამგვარად შესძლებს ერი ერთგვარი თეორიული გეგმის შემუშავებას თავისი დღევანდელი თუ მომავალი პრაქტიკული მოქმედებისათვის. ასეთ ერად მიაჩნდა ილიას ქართველობა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ქარტეხილების გამო XIX საუკუნეში განსაკუთრებით დაზიანებულად მოეღწია და ახლა, ილიას დროს და მისი მედროშეობით, ახალ ძალებს ეძებდა და აგროვებდა ეროვნული წინსვლისათვის.

საკუთარი ისტორიის კრიტიკულად შეფასების საჭიროებასთან დაკავშირებით ილია შენიშნავდა, რომ ეს პრაქტიკით არის ნაკარნახევი, ვინაიდან ისტორიას შეუძლია ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულოს წარსულსა და აწმყოს შორის. მისი თქმით, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, რა კეთილი _ ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და რაში უქმობდა (თხზ., ტ. 4, გვ. 202).

ისტორიის ფუნქციაზე ილიას შეხედულებათა გაცნობისას საყურადღებოა მისი ის აზრი, რომ ისტორიული ფაქტების, წარსულის გამოჩენილ პიროვნებათა ღვაწლის გათვალისწინება მომდევნო თაობების მოღვაწეობაზე დიდ აღმზრდელობით და ზნეობრივ, დადებით თუ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. ისტორიის საზოგადოებრივი ფუნქცია ამ მხრივაც გამოკვეთილია და ცხოველმყოფელი. ილიას აზრით, ისტორია მოგვითხრობს ბევრ დიდებულ ადამიანზე, მის ღვაწლზე, რის გამოც მათი საქმენიც მისაბაძია თანამედროვეთათვის. “დიდ ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარის ისტორიისანი არიან (ერი და ისტორია, გვ. 203).

ანალოგიურ აზრს გამოთქვამს ილია დავით აღმაშენებელზე მსჯელობისას. მისი სიტყვებით, გარდა იმისა, რომ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა (ე.ი. გამოჩენილ ადამიანთა _ შ.ბ.) მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ ბუნებოვანის შარავანდედითა და თაყვანისცემის სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა (დავით აღმაშენებელი, თხზ., ტ. 4. გვ. 180).

ყველაფრიდან ჩანს, რომ ილიას ისტორიის საზოგადოებრივი ფუნქციის გაგება უმთავრესად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინტერესების ასპექტში აინტერესებდა, მის ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებას ერის იდეოლოგიურ სამსახურში ხედავდა და, შესაბამისად, ცდილობდა, თავისი თაობის წინამძღოლობისას ისტორიის, როგორც დარგის, სწორედ ეს თვისება და ძალა გამოეყენებინა. ამგვარი რამ სავსებით ბუნებრივი და გასაგებია იმ პიროვნებისაგან, რომელიც ყველა ფილოსოფიურ თუ პოლიტიკურ დოქტრინას მუდამ იმის მიხედვით აფასებდა, თუ რა პრაქტიკული სარგებლობა შეიძლება ჰქონოდა მას ქართველი ერის მომავალი განვითარებისათვის.

ილიასეული ისტორიის ფილოსოფიის დახასიათებისას ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ როგორ უკავშირდებოდა მისი აზროვნების ეს მხარე საერთოდ მის მსოფლმხედველობისას, როგორ წარმოედგინა ილიას საზოგადოების განვითარების ხასიათი და მამოძრავებელი ძალები.

ილიას აზრით, ისტორიული პროცესის შესწავლისა და ახსნისათვის ყურადღება უნდა მიექცეს საკითხების ფართო წრეს, რომლებიც, ერთად აღებული, ცივილიზაციას ქმნის. “ძველი საქართველოს ეკონომიური წყობილების შესახებ” ილია წერდა: ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი. ჩვენს ისტორიაში ან სულ არ არის ფაქტები ჩვენი ხალხის ცხოვრების შესახებ და, თუ არის _ კანტიკუნტად სადმე, ისიც მეტად საეჭვოა. ჩვენ ვამბობთ მარტო იმისთანა ფაქტების თაობაზედ, რომელშიაც ერთობ ხალხი იჩენს თავისთავსა, თავის თვისებასა, თავის მონაწილეობას ისტორიაში.

ერთი სიტყვით, ჩვენის შიდაცხოვრების ისტორია ჯერ ფარდააუხდელია და უცნობია ჩვენგან. ჩვენიქართლის ცხოვრებახალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა და ხალხი კი, როგორც მოქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული. თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა, კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა საქმეთა (ტ. 4, გვ. 175).

ილია ჭავჭავაძის ისტორიოგრაფიული კონცეფციის მთავარი საყრდენია მისი შეხედულება კულტურაზე, რომლის ევოლუციაც, ილიას აზრით, ისტორიის მამოძრავებელი ფაქტორია.

ილიას მიხედვით, კულტურა მეტად ფართო ცნებაა და მოიცავს ადამიანთა საზოგადოების მოღვაწეობის მრავალ მხარეს _ ეკონომიკას, მეცნიერებას, სოციალურ წყობას და ა.შ. ყველა ერი, თუ მას საამისო საშინაო და საგარეო პირობები გააჩნია, შეძლებისდაგვარად ცდილობს თავისი ამ კულტურის განვითარებას, ინტენსიური შემოქმედებითი მუშაობით წარმართავს მას. ილიას აზრით, ინტენსიური ცხოვრება ერთსა და იმავე დროს სათავეც არის და შედეგიც კულტურისა, რომელიც “ათასისწლობით შენებულა, აგებულა კაცობრიობის დაუღალავი და დაუძინებელი ჯაფით, გარჯით და მხნეობით”. კულტურა და მისგან განუყოფელი ინტენსიური ცხოვრება კაცობრიობის ღონისა და სიმკვიდრის დედაბოძი და ქვაკუთხედია. იგია თვითონ დაუშრობელი სათავე ღონისა, იგი ღონის ღონეა ერისა, თუ ასე ითქმის, _ იგი ფარია და ხმალი არსებობისათვის ჭიდილში”.

კულტურის განსაზღვრას უკავშირდება ისიც, თუ როგორ წარმოუდგენია ილიას პროგრესის ცნება. ილია ჭავჭავაძე, მისი თანამედროვე თერგდალეულების მსგავსად, პროგრესის გააზრებას ბურჟუაზიული დემოკრატიის პოზიციებიდან ახდენდა. მას უზომოდ სჯეროდა საზოგადოების პროგრესისა, რასაც მის ტექნიკურ-ეკონომიკურ, ინტელექოტუალურ სრულყოფაში ხედავდა. თავისი მოღვაწეობის მთელი ნიუანსებით, ასე თვლიდა იგი, მისი თაობა საკუთარ ქვეყანაში ამ პროგრესის რეალურად დამკვიდრებისათვის იბრძოდა. ამ გზით ქართველი ერი ეზიარებოდა მსოფლიო კულტურის საუკეთესო მონაპოვრებს, გახდებოდა ეკონომიკურად მდიდარი და სოციალურად და პოლიტიკურად თავისუფალი. დადგებოდა დრო, როცა ქართველი ქართველს აღარ დაჩაგრავდა და, ბუნებრივია, ქართველი აღარ იქნებოდა ვინმეს ხელის შემყურე. აი, საკითხები, რომლებიც პროგრესის დასამყარებლად და გამარჯვებისათვის აღელვებდა ილიას. ამ მხრივ XIX ს. კაცობრიობის ისტორიაში მას განსაკუთრებულ საუკუნედ ეჩვენებოდა, რომელიც დიდი ტექნიკური სიახლეებით _ ტელეგრაფი, ტრანსპორტის ახალი სახეობები და სხვ. აღინიშნა. ამასთანავე, ილიას აზრით, პროგრესი თავს იჩენდა კაცობრიობის კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლაშიც მისი პრაქტიკულად უსაზღვროდ გაფართოების გზით. აქვე პროგრესის ცნების განმარტებისას ილია იმოწმებდა ბეკონის ცნობილ სიტყვებს, რომ პროგრესი _ ეს არის “გაუთავებელი შორს გადგმა არშემძლებელის საზღვრებისა”.

აღნიშნულ თვალსაზრისს ი. ჭავჭავაძე საზოგადოების განვითარების კანონებზეც ავრცელებდა. ჭავჭავაძე შესანიშნავად იცნობდა როგორც უცხოეთის, ისე საკუთარი ქვეყნის კლასობრივი ბრძოლების ფაქტებს, რაც, მაგალითად, ბატონყმობის გაუქმების პერიოდში ქართველი ერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის დამაჩქარებელ ფაქტორად მიაჩნდა. ილიამ აშკარად დაგმო კლასობრივი ბრძოლის გამწვავების სიკეთის აღიარება და ამის საპირისპიროდ, კლასთა თანამშრომლობის აუცილებლობის ქადაგება დაიწყო, ვინაიდან, მისი აზრით, კლასთა ბრძოლა დაასუსტებდა და დაქსაქსავდა ქართველთა ეროვნულ ძალებს, გათიშავდა მათ და გამოიწვევდა დენაციონალიზაციას. ამგვარი თვალსაზრისი ქართველი ერის კონკრეტული ეროვნული ამოცანების ილიასეული შეფასებით იყო გაპირობებული და მას ანალოგი სხვა ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ იდეოლოგიაშიც აქვს. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ი. ჭავჭავაძეს კლასთა ბრძოლის თავისი გაგება საქართველოს ისტორიული განვითარების პროცესზეც გადაჰქონდა და ამტკიცებდა, რომ ჩვენში არასოდეს ყოფილა კლასთა ბრძოლა და საქართველოც, კლასობრივი თვალსაზრისით, ჰარმონიული ქვეყანა იყო.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here