Home რუბრიკები ეკონომიკა ეროვნული ვალუტის მორიგი მარათონი

ეროვნული ვალუტის მორიგი მარათონი

8598
ეროვნული ვალუტის მორიგი მარათონი

გასულ კვირაში ეროვნულმა ვალუტამ მორიგი მარათონი მოაწყო და გაიქცა. ხელისუფლება საკუთარ თავს არ აბრალებს ლარის კურსის დაცემას და ყველაფერს გარე ფაქტორებით ხსნის. ექსპერტები კი ამბობენ, რომ გარე ფაქტორებს ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს ამ ყველაფერზე და მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში ინვესტიციების სერიოზული ნაკლებობაა.

თუ 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით საქართველოში 1.8 მლრდ დოლარი შემოვიდა, გასულ წელს ეს რიცხვი 600 მილიონით შემცირდა. ლარის სტაბილურობისთვის კი თურმე ყოველწლიურად, სულ ცოტა, 4-მილიარდიანი ინვესტიციაა საჭირო, რათა უცხოური ვალუტის დეფიციტი არ შეიქმნას. ინვესტიციები არ ჩანს, ლარი გარბის და ამ ყველაფერს ხელისუფლება მშვიდად უყურებს. მიზეზი მარტივია: როცა დაბალი ხელფასი გაქვს, პროდუქტის რამდენიმე თეთრით გაძვირებაც კი პრობლემაა, მაგრამ, როცა რამდენიმე ათასი გერიცხება ყოველი თვის ბოლოს, მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მოუვა ვალუტას.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ 2012 წლის არჩევნების წინ “ქართული ოცნება” გვარწმუნებდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ფასებს შეგნებულად ბერავდა, რომ გადასახადების შემცირება შეიძლებოდა, რომ ბენზინის თითოეული ლიტრიდან ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლის მთავარი დაკვეთა მაინც სამართლიანობის აღდგენა იყო, ანუ იმ ადამიანების დასჯა, რომლებმაც თავის ერზე იძალადეს, რომლებმაც მოსახლეობა კრიმინალად გამოაცხადეს, რომლებსაც სურდათ, მოსახლეობის ნახევარი მონად ჰყოლოდათ, მეორე ნახევარი _ ციხეში. ეს არ მოხდა, არ მოხდა გადასახადების შემცირებაც. მეტიც, ხელისუფლებამ უმარტივესად იმართლა თავი: რაღაც ვერ გავთვალეთ და დავთვალეთო და… გადასახადები გაზარდა.

სხვათა შორის, დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრობისას ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასმა მოიმატა და მაშინ ქუმსიშვილმა ხმამაღლა და ამაყად თქვა: მომატებული აქციზი იმას ნიშნავს, რომ ნავთობკომპანიები ბიუჯეტში დამატებით 600 მილიონს შეიტანენო. მაშინ ვკითხე ქუმსიშვილს: ბიუჯეტში დამატებით თანხას ვინ შეიტანს _ ნავთობკომპანიები თუ მოსახლეობა, რადგან საეჭვოა, ნავთობკომპანიებმა მოგების მარჟას დააკლონ-მეთქი და ასე ნუ უყურებთ პროცესებს, ისინი ვერ გაბედავენ ფასის მომატებასო! გაბედეს კი არა, იმაზე მეტად გააძვირეს, ვიდრე აქციზმა მოიმატა. კომპანიებმა მარტივი ლოგიკით იმსჯელეს _ ხელისუფლება არ ინდობს ხალხს, ჩვენ რატომ დავინდოთო?! და 50 თეთრით გაძვირებულ აქციზს, ზედ თავიანთი 20 თეთრიც დაამატეს და ბენზინი ერთბაშად 70 თეთრით გააძვირეს. ანალოგიური რამ მოხდა თამბაქოზე, საკვებ პროდუქტებზე.

ისიც გავიხსენოთ, გასული წლის შემოდგომაზემოულოდნელადგაძვირებულ პურზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგი რომ ჩაატარა და კონკურენციის სააგენტოს შეფს, ნოდარ ხადურს პირადად დაავალახელოვნურადმომატებული ფასის კვლევა და დამნაშავეების გამოვლენა. ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ხადურის უწყებას დასკვნა არ გამოუქვეყნებია, არც ბახტაძეს გახსენებია, რა დაავალა ხადურს და მთავარ საკვებზე მომატებული ფასიც შეგვრჩა. რეალობა კი ის არის, რომ ხადურმა, ბახტაძემაც და, საერთოდ, ყველამ ყველაფერი კარგად იციან: ისიც, რაც ხდება და ისიც, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები იმის იმედად არიან, რომ მოსახლეობას ნახევარი წლის წინათ გაცემული დაპირება არ ემახსოვრება და აკი არც ახსოვს კიდეც. ქართველებს ხომ ერთი უცნაურობა გვჭირს: არასოდეს არ ვაღიარებთ, რომ ეკონომიურად გვიჭირს. ქართველი თუ გამოვა საპროტესტო აქციაზე, ხელს გვერდით მდგომისკენ გაიშვერს: იმას რომ შია, იმიტომ ვარ აქ, თორემ მე მაძღარი ვარო. ეს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო მასშტაბით არაერთხელ გამართულა საპროტესტო აქციები სწორედ სიდუხჭირის გამო და ამაში გასაკვირი ან დასაძრახი არაფერია, მაგრამ ჩვენ მეტისმეტად ამაყები ვართ.

იცით, რა მაინტერესებს? ის ადამიანები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომლებიც 7 წლის წინათ გვიმტკიცებდნენ: გატყუებენ, ჩვენ კი არ მოგატყუებთ და ფასებს ისე დავარეგულირებთ, თვითონაც მიხვდებით, რა ოდენობის ფულს გიღებდნენ ჯიბიდან ყოველთვიურადო? მივხვდით, როგორ არ მივხვდით _ იმაზე მეტს ვიხდით ყველაფერში, ვიმეორებ _ ყვე-ლა-ფერ-ში, ვიდრე მანამდე ვიხდიდით, შემოსავალი კი არ გაზრდილა. ახლა, თუ პენსიის მომატებას წამოგვაძახებთ (არაერთხელ წამოგიძახებიათ), დაგიანგარიშებთ დოლარის მიმართ რამდენი იყო ლარი 2012-ში და რამდენია ახლა. მსყიდველუნარიანობა დაკარგა ლარმა, იმ ლარმა, რომელმაც გასულ კვირას მორიგი მარათონი მოაწყო.

რაც შეეხება მათ, ვისაც, წესითა და რიგით, პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეს, სოლიდური სამსახური მიიღეს და ახლა იქიდან გვმოძღვრავენ და მთავარი, რასაც გვეუბნებიან, ის არის, რომ თურმე 9-წლიანი უღელი მოგვხსნეს. არავინ დავობს, რომ წინა ხელისუფლება ცუდი იყო, რომ იყო ერზე ძალადობა, მაგრამ, აბა, ხალხს ჰკითხეთ: აქვს თუ არა მათთვის მნიშვნელობა, კისერზე დადგმული უღელი წითელი იქნება თუ ლურჯი? ჩანს, სწორედ ფერებშია სხვაობა, თორემ დანარჩენში _ არაფერში. უმრავლესობა ვერ ხედავს სხვაობას და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვეჭვობთ, იმ 9 წელს მოსახლეობა იმ წლებსაც დაამატებს, “ოცნების” პირობებში რომ მოუწია არსებობა; სწორედაც რომ არსებობა, რადგან ამას ცხოვრება არ ჰქვია.

დაზუსტებული ინფორმაციით, ხელისუფლება კვლავ ფიქრობს გადასახადების მომატებაზე, თუმცა გვარწმუნებენ, რომ ეს გადასახადების მატება მოსახლეობას არ შეეხება და მხოლოდ კომპანიებს გაუძვირდებათ როგორც ენერგომატარებლები, ისე აქციზისა თუ სხვა გადასახადები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს მორიგი თვალში ნაცრის შეყრა იქნება, რადგან, მაგალითად, თუ პურის ქარხანას გაუძვირდება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და საბიუჯეტო გადასახადები, როგორ გგონიათ, ბატონებო, პურის ფასი არ მოიმატებს? და ვინ გადაიხდის ნამატს? სწორია _ მოსახლეობა. ხელისუფლება არაპირდაპირ, მაგრამ წიხლს მაინც მოსახლეობას აჭერს და ბოლომდე ცდილობს, გამოწუროს.

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მთავრობა შეგნებულად აკეთებს ამ ყველაფერს და აინტერესებს, სად გადის მოთმინების ზღვარი; ბოლომე უჭერს ქამარს და ამ მხრივ ზუსტად ისე იქცევა, როგორც მისი წინამორბედი. ნაციონალების მიერ შემოჭერილ-გადაჭერილი ქამარი ერმა ცხრა წლის შემდეგ გაწყვიტა და მისი შემოჭერა ამ პირობებშიც აღარ სურს. ქამარი ახლაც გაწყვეტაზეა შემოჭერილი და ეჭვი გვაქვს, ისიც თუ გაწყდა, მოქმედ გუნდს გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება.

ერთ წელზე მეტი დარჩა არჩევნებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რაღაც უნდა მოიფიქროს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს რაღაც კი ისეთი უნდა იყოს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მოეწონოს. როგორც გვეუბნებიან, გადასახადების შემცირება გამორიცხულია, რადგან ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტი არ შეივსება და ლარის კურსს ვინ ჩივის, ხელფასებსა და პენსიებს ვერ დაარიგებენ. გამორიცხულია სამუშაო ადგილების იმ რაოდენობით შექმნა, რამდენიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს დააკმაყოფილებს. ასევე გამორიცხულია მორიგი ტყუილის მოგონება, რადგან ხელისუფლებაში ორი ვადით ყოფნის შემდეგ ძნელი იქნება იმის ახსნა, რატომ არ შეცვალეს არაფერი, რატომ არ შეამცირეს სიღარიბე და რატომ გაუარესდა ცხოვრება. რჩება ერთადერთი გზა _ ამომრჩეველს ერთჯერადად დაურიგებენ 50 ან 100 ლარს და ხმებს იყიდიან. ახლა საქმე ის არის, დათანხმდება თუ არა ამ ყველაფერს საქართველოს მოსახლეობა. ხმების გაყიდვის შანსი ძალიან დიდია, რადგან ადამიანებს არსებობის პრობლემა უდგათ და, თუ ზაქარია ქუცნაშვილს დავუჯერებთ, 100 ლარი კაცს 25 დღეს უნდა ეყოს კვებისთვის. თუ არ დავუჯერებთ და ჯიუტად დავდგებით იმაზე, რომ ეს ხელისუფლება აღარ გვინდა, მაშინ უნდა ავირჩიოთ სხვა და უბედურებაც ისაა, რომ ის სხვა არ ჩანს. არ ჩანს ძალა, რომელსაც ხალხი ენდობა, რომელსაც დაუჯერებს, რომლის იმედიც ექნება. 21- საუკუნის არქიფოებმა იმედი მოკლეს და ახლა ერს სრული უიმედობა სჭირს.

ხშირად გვეუბნებიან, მხოლოდ კრიტიკას ჯობია, გამოსავალი მოძებნეთ, თუ მაგრები ხართო, და აკი მოვძებნეთ კიდეც: პირველ რიგში, ერი და ქვეყანა უნდა გიყვარდეთ და, თუ ამბობთ, რომ პენსიონერებს 200 ლარი ჰყოფნით და 5-სულიან ოჯახს _ 361 ლარი, ანალოგიურ რელსებზე გადადით თქვენც, ხელფასიდან მორჩენილი ათეულ მილიონობით ლარი კი სამუშაო ადგილების შექმნას მოახმარეთ და გვეშველება.

ლიმონა დევდარიანის არ იყოს, რად გინდათ ამდენი ფული, შპალერად ხომ არ ხმარობთ მართლა და მართლა?!

გასულ კვირას ეროვნულმა ვალუტამ მორიგი მარათონი მოაწყო

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here