ეროვნული გმინვა-კივილი

    რუსეთი თუ თურქეთი?   საკითხი ახლა არ დამდგარა, დიდი ხანია, დგას, მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ  საკითხი ასე დგას? რამ განაპირობა საკითხის ასე დაყენება და როგორ არის ასახული ეს საკითხი ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში? საერთოდ, რას ნიშნავს საკითხის ასე დაყენებარუსეთი თუ თურქეთი? აი, ასე, ერთბაშად წამოტივტივდა რამდენიმე შეკითხვა, რომელთა აქტუალურობა დღეს განსაკუთრებით თვალში საცემია.

     თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა: „გვსურს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით რეგიონში ახალი ერა დაიწყოს. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტია”. ეს ნათქვამი რას ნიშნავს? იმას ხომ არა, რომ ამ რეგიონს (მათ შორის საქართველოსაც) თურქეთი გააკონტროლებს? რა თქმა უნდა, ამას ნიშნავს! ბაქოში ყოფნისას თურქეთის პრეზიდენტმა ასეთი განცხადებაც გააკეთა: „დღეს ჩემს ძმასთან (ალიევთან – ვ.კ.) ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნა, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთიც (სურვილის შემთხვევაში). ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის მასშტაბით”.  არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ამ ნათქვამში რუსეთის თემა დიპლომატიური ეტიკეტისთვის იყო შემოტანილი. სინამდვილეში კი სრულიად სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე  – კავკასიიდან რუსეთის გაძევებასა და თურქული დომინანტის გაძლიერებასთან. ეს კომპლექსური პროექტია, რომელიც რამდენიმე საფეხურისგან შედგება:

    1. რუსეთის გაძევება რეგიონიდან;

    2. თურქული ფაქტორის გაძლიერება კავკასიაში;

    3. დასავლეთის მისვლა კასპიის ზღვასთან;

    4. რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ჩამოცილება;

    5. რუსეთის ფედერაციის საბოლოო რღვევისთვის საფუძვლის ჩაყრა.

     ამ რთულ გეოპოლიტიკურ პროცესს სამომავლოდ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაუკავშირდება, მაგრამ სადღეისოდ ეს ამოცანები დგას.

    რუსეთის გაძევება რეგიონიდან, პრაქტიკულად, მოიცავს დანარჩენ საკითხებსაც, რადგან ამის შემდეგ რეგიონში დასავლეთს სრული კარტ-ბლანში ექნება. რუსეთისთვის თუნდაც ერთი სუბიექტის გამოცლა,  რღვევის დაწყებას ნიშნავს, მაგრამ რა ძალა შეძლებს რუსეთის გაძევებას რეგიონიდან? ეს ის ცენტრალური საკითხია, რომელსაც დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა. რუსეთის ფედერაციის ჯაჭვში ყველაზე სუსტი რგოლი კავკასიაა. ათეული წლების განმავლობაში ამუშავებენ და ჩაგვძახიან კავკასიის ერთიანობის შესახებ. ამ ლოზუნგის ავტორებმა შესანიშნავად იციან, რომ კავკასიის გაერთიანება მხოლოდ ისეთ ძალას შეუძლია, როგორიც საბჭოთა სახელმწიფო და კომუნისტური იდეოლოგია იყო.  ამ ჭრელ რეგიონს, რომელიც მუდმივად ფეთქებადია, სხვა ვერაფერი გააერთიანებს, მაგრამ მათ ეს ამბავი ნაკლებად ადარდებთ. ისინი კავკასიის ერთიანობის იდეას მხოლოდ იმიტომ უტრიალებენ, რომ მის ქვეშ ავტომატურად  იგულისხმება  რუსეთის დაშლა. ვითარება, რომელიც ახლა ამიერკავკასიაში იქმნება,  სტალინის გარდაცვალების (1953 წ.) შემდეგ დაწყებული იმ პროცესების გაგრძელებაა, რომლებიც ანტისაბჭოთა და ანტირუსული იდეების გენერირებითა და გავრცელებით ხასიათდებოდა. დასავლური რუსოფობია, ბუნებრივია, მანამდეც არსებობდა, მაგრამ ამ სამარცხვინო მოვლენამ საბჭოთა კავშირში სწორედ ამ დროიდან შემოაღწია და იგი დღემდე არ განელებულა, პირიქით.

    რაც შეეხება თურქული ფაქტორის გაძლიერებას კავკასიაში, მას ორი მომენტი უკავშირდება: 1. .. დიდი თურანის იდეა, ომელი თურქეთის იმპერიის აღორძინებას ნიშნავს; 2. თურქეთის (თურქული იმპერიის) მისვლას კასპიის ზღვის სანაპირომდე, რაც კასპიის საბადოებთან ნატოს (მავე აშშის) მისვლას და ფეხის მოკიდებას ნიშნავს. არა მგონია, ამერიკელებისთვის დიდი თურანის იდეა  თავისთავად მომხიბვლელი იყოს, რადგან გაერთიანებული თურქეთი – ბალკანეთიდან ჩინეთამდე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებით და ცენტრალური აზიით, კასპიის ზღვაზე გასასვლელითა და ნავთობისა და გაზსადენებზე კონტროლით მათთვის ახალი პრობლემა და თავსატეხი უფრო იქნება, ვიდრე პარტნიორი და მოკავშირე. მიუხედავად ამისა, ამერიკელები ამ იდეასაც მხარს დაუჭერენ, ოღონდ  სანამ მასში კასპიის ზღვამდე დასავლეთის მიყვანისა და კავკასიაში რუსეთთან ბრძოლის საშუალებას ხედავენ. ასეთია ამიერკავკასიაში დაწყებული პროცესის მამოძრავებელი გეოპოლიტიკური ფაქტორები.

    ამ ამბავს აქვს მეორე მხარეც, რაც უშუალოდ საქართველოსთან არის დაკავშირებული: რა ელის საქართველოს მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში? ეს არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი იმ ფონზე, ომელი დღეს გვაქვს. საქართველოში უცხო ტომის შემოდინების მასშტაბებმა ყოველგარ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და, არც მეტი, არც ნაკლები, ქართველთა გენოციდის სახე მიიღო.

     „ევროპული სახელმწიფოები მიგრაციული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. 2015 წლის იანვრიდან  სექტემბრამდე  ევროკავშირის  წევრ სახელმწიფოებში დარეგისტრირდა შვიდასი ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ. ამ ხნის განმავლობაში ევროპაში შემოვიდა ერთი მილიონიდან მილიონ რვაასი ათასამდე ლტოლვილი და არალეგალური მიგრანტი”. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული პრესა ავრცელებდა. დავფიქრდეთ: ორ მილიონზე ნაკლებმა მიგრანტმა ნახევარმილიარდიანი ევროკავშირი თუ სერიოზულად დააზიანა, სამმილიონიანი საქართველო რა მდგომარეობაში უნდა იყოს, თუკი შემომსვლელთა რაოდენობა ევროპისას კი არ ჩამორჩება, აჭარბებს კიდეც. სამხედრო თვალსაზრისით დამპყრობელი და ოკუპანტი იმის მეასედ ზიანს ვერ მოუტანს ქვეყანას, რასაც ეს დემოგრაფიული ცუნამი გვიზამს, რომელიც ისე გადაუვლის და გადმოუვლის საქართველოს, რომ მისგან აღარაფერს დატოვებს.

    აქ მივადექით საკითხს – რუსეთი თუ თურქეთი?ორი საუკუნის (მე–19, მე–20) განმავლობაში საქართველო ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი რუსეთის ბაზაზე ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა კი არ უარესდებოდა, უმჯობესდებოდა. ქართული ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა რევოლუციურ აღმავლობას განიცდიდა; კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, განათლება საოცარ სიმაღლეებს აღწევდა; ქართული ჯიში კი არ კნინდებოდა, ჯანსაღდებოდა, ღონიერდებოდა და იხვეწებოდა. სამი ათეული წელიწადია, რაც საქართველო თურქულ (არაოფიციალურ) გავლენას განიცდის და უკვე ვხედავთ,  რა დამანგრევლად მოქმედებს ეს ამბავი ქართულ იდენტობაზე, დემოგრაფიაზე, კულტურაზე, სულიერებაზე, ყოფიერებასა და ცნობიერებაზემიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე კატასტროფულად ჩამორჩება ევროპულ, რუსულ, ამერიკულ, თურქულ ცხოვრების დონეს, თბილისში საცხოვრებელი ფართობის ფასები მსოფლიო მეგაპოლისების ფასებს უტოლდება და შესაძლებელია, უსწრებს კიდეც. ვისთვის აშენებენ და ვინ ყიულობს ბინებს თბილისში ან ბათუმში? არაქართველები, შემოსული უცხოელები, რომლებიც თანდათანობით ფუძნდებიან და იკავებენ საქართველოდან გაქცეული ქართველების ადგილს. ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ, უმრავლეს შემთხვევაში, მონური შრომით გამომუშავებული საცოდავი თანხებით ვერასოდეს შეიძენენ ბინას თბილისში, რომელიც მოსკოვის, ლონდონის პარიზისა და ნიუ-იორკის ბინების ფასებს გაუტოლდა. ვინ ქმნის ამ ვითარებას? მშენებელი, რომელიც ცდილობს, რომ მაღალ ფასად გაყიდოს ფართობი? არა! ამა ვითარებას ქმნის სახელმწიფო, ხელისუფალი, კანონმდებელი, რომელიც არ არეგულირებს  ვითარებას  და კანონით არ ზღუდავს უცხოელებისთვის საქართველოს ღიად გადაბარების შემზარავ პროცესს. ამ პროცესში მხოლოდ თურქები არ მონაწილეობენ, მთელი აღმოსავლეთი თუ დასავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი გამეცადინებულია იმაზე, რომ უკვე განწირული საქართველოსგანმისი წილიროგორმე მიიღოს. მიუხედავად ამისა, თურქეთზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ დღეს იგი საქართველოზე (ამიერკავკასიაზე) ოფიციალური გავლენის მოპოვებას ცდილობს, რის შემდეგ უბატონოდ ხმის გამცემი არ ეყოლება. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ისტორიულ მტრად გვყავს გამოცხადებული და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვეტილი გვაქვს, მაინც რუსეთის ფაქტორი გვიცავს, რადგან რუსეთის ინტერესებთან ღიად შეჯახებას ერიდებიან. თუკი შეძლებენ ამ ფაქტორის განეიტრალებას და ამიერკავკასიიდან რუსეთი გაძევებას, მომთაბარე, ოკუპანტი, დამპყრობელი, მყიდველი და წამლეკავი მერე ნახეთ; ეკლესიათა მმუსვრელნი მერე ნახეთ; სულში ხელის მოფათურენი და ჩამფურთხებელნი მერე ნახეთ; იდენტობის წამშლელნი მერე ნახეთ; დემოგრაფიული ცუნამი მერე ნახეთ! აი, ეს განსხვავებაა ისლამურ თურქეთსა და მართლმადიდებელ რუსეთს შორის. მათ ერთმანეთისგან მხოლოდ რელიგია არ განასხვავებთ, მათ შორის ცივილიზაციური განსხვავებაა, ადამიანური განსხვავებაა, ფილოსოფური და ფსიქოლოგიური განსხვავებაა, მენტალური განსხვავებაა, ყოფითი განსხვავებაა, თუ გნებავთ, ლიტერატურული და სახელოვნებო განსხვავებაა… დღეს ამ სიღრმეებში ვერ შევალ, მაგრამ, თუ გვიწერია, რომ თურქულმა (ისტორიულმა) ჟინმა და ვნებამ გადაგვიაროს, განსხვავებას აუცილებლად იგრძნობთ, ომლის გამოც ერთი დიდი ეროვნული გმინვაკივილი აღმოგვხდება, მაგრამ გვიანი იქნება!

    მოვლენათა ამ საშინელი განვთარების წარმოდგენაც კი იმდენად შემზარავია, აზრი იმედს ეპოტინება, იმედს იმისა, რომ ეს ასე ვერ მოხდება, მაგრამ რას ეფუძნება ეს იმედი? სრულიად ლოგიკურ აზრს იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთს ვერსაიდან ვერ გააძევებს, ვერც დააჩოქებს და ვერც დაშლის. დასავლეთს რუსეთის დამარცხების რესურსი არ გააჩნია, სამაგიეროდ რუსეთს აქვს დასავლეთისგან (თუ აღმოსავლეთისგან) თავის დაცვის რესურსი. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის ფიზიკურ არსებობას საფრთხე თუ შეექმნება,  რუსეთს აქვს საიმისო რესურსიც, რომ განაცხადოს: „რად გვინდა ისეთი მსოფლიო, სადაც რუსეთი არ იქნება?!” (ვ.ვ. პუტინი).

    ვალერი კვარაცხელია

    P. S.  პრეზიდენტი ტრამპი რუსეთს ემუქრება და  კონკრეტული განცხადების გაკეთებას აპირებს. დასავლური პრესა უკვე აქვეყნებს ვერსიებს,  რას შეიძლება შეიცავდეს ტრამპის ეს განცხადება. პორტალი AXSIOS ავითარებს აზრს, რომ ეს იქნება უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება მოსკოვის დაბომბვა.

    КОММЕРСАНТ-ის აზრით, ეს იქნება ეკონომიკური სანქციების ახალი პაკეტი. Bloomberg TV-ის მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ შეიცვლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემა, ეს გაცილებით მეტ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს.

    ერთი სიტყვით, ყველაფერი ვითარების გართულებისკენ წავიდა. ტრამპს კი, ალბათ, დაავიწყდა, რომ უკრაინის კრიზისის დაძლევას ერთ დღეში აპირებდა…

    ვ.კ.

                                                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here