ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი
მეთერთმეტე გამოშვება
“ყველა ერი საკუთარ თავს სხვებზე მაღლა აყენებს, ეს ბადებს პატრიოტიზმს და… ომებს”.
დეილ კარნეგი
ერი, ხალხი, ბრბო…
ერი ეთნიკური ნიშნით ერთობაა, ხალხი _ სოციალური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ნიშნით. ბრბო დეგრადირებული მასაა, რომელიც ერისა და ხალხის ნიშნებს ებღაუჭება, მაგრამ ერთიც დაკარგული აქვს და მეორეც.
ოცდაათი წელიწადია, რაც ქართველი ხალხის დეგრადაცია მიმდინარეობს. სახე დავკარგეთ და ღირსება ზედ მივაყოლეთ. აღარც ფორმა შეგვრჩა და აღარც შინაარსი. როგორი გასაკვირიც უნდა გეჩვენოთ, პატრიოტიზმი (ნაციონალიზმი) აღმოჩნდა ის ხაფანგი, რომელშიც ორივე ფეხით გაგვაბეს…
ყველაფერი იქამდე დაიწყო, ვიდრე ჩვენ გვგონია, რომ დაიწყო. გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლები გაიხსენეთ _ საბჭოთა პერიოდი, პროლეტარული ინტერნაციონალიზმისა და სოციალური თანასწორობის იდეალების ეპოქა. საქართველოს ტელევიზია გადაცემებს მერაბ ბერძენიშვილის შთამბეჭდავი ძეგლის გამოსახულებით იწყებდა _ “კიდევაც დაიზრდებიან”. ეს შესანიშნავი მონუმენტი, რომელიც მარნეულში 1975 წელს დაიდგა, დიდ სამამულო ომში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას მიეძღვნა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ქანდაკება სცდება თუნდაც ისეთი ეპოქალური მნიშვნელობის თემატიკას, როგორიცაა დიდი სამამულო ომი, რომელსაც ასიათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. იგი ზოგადისტორიული, ზოგადეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. არამარტო დღეს, როდესაც დიდი სამამულო ომის, როგორც ისტორიული მოვლენის, არსი ისე შეცვლილია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის აღარც მოიხსენიება სახელით _ დიდი სამამულო, არამედ მაშინაც კი, როდესაც იგი ჯერ კიდევ წმინდა ომად იყო შერაცხული და მისი გმირების სადღეგრძელოს სუფრასთან განსაკუთრებული მოწიწებით წარმოთქვამდნენ, “კიდევაც დაიზრდებიან” საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაცილებით უფრო ტევადი შინაარსის მატარებელი სიმბოლო იყო, ვიდრე რომელიმე ომი, გნებავთ _ დიდი სამამულო, გნებავთ _ დიდგორი და გნებავთ _ ყველა ომი ერთად აღებული, რომელ ომებშიც ქართველებს სამშობლო მკერდით დაუცავთ. ეს საქართველოს მარადიულობისადმი მიძღვნილი ძეგლია, რომელიც ავტორმა დიდი სამამულო ომის თემას კარგად მოარგო და გამარჯვების ოცდამეათე წლისთავის თარიღით მოხერხებულად შენიღბა…
საქართველოში ეს არავის გამოჰპარვია, პირიქით, საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობა, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ძეგლის ავტორზე მეტად იყო დაინტერესებული ეროვნული იდეალების წინა პლანზე წამოწევით. საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია, კომუნისტური იდეალების პროპაგანდის ნაცვლად, საქართველოს ეროვნული იდეალების პროპაგანდას ეწეოდა და სწორედ ამიტომ ატრიალებდა ამ შესანიშნავი ქანდაკების გამოსახულებას ქართველი ხალხის თვალწინ ყოველ ცისმარე დღეს. ამ კონკრეტულ ფაქტს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ კარგი მაგალითია, თორემ მარტო ეს კი არ იყო. საქართველოს ტელევიზია და რადიო სავსე იყო ეროვნული სულისკვეთების მქონე გადაცემებით, ნარკვევებით, ჟურნალებით, რეპორტაჟებით, რუბრიკებით, ტიხრებით და ა.შ. ვინც საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების საქმიანობას ამ თვალსაზრისით შეისწავლის, მრავალ საინტერესო ფაქტს იპოვის. მე კი ამ საკითხზე ასე ვრცლად იმიტომ შევჩერდი, რომ დაგანახვოთ, როდიდან და რა მონდომებით აღვივებდნენ საბჭოთა საქართველოში პატრიოტიზმსა და ეროვნულ (ნაციონალურ) სულისკვეთებას. სხვა საკითხია, რატომ აკეთებდნენ ამას, სამშობლოს სიყვარულის გასაღვივებლად თუ ამ სიყვარულის სოციალისტურ იდეალებთან დასაპირისპირებლად და მისი იდეოლოგიური საფუძვლების შესარყევად. საბჭოთა კავშირში ეროვნული ცნობიერების მიზანსწრაფულ გაღვივებას საბოტაჟით, ხელოვნურად შექმნილი დეფიციტითა და ცხოვრების სოციალისტური წესისთვის მიუღებელი მრავალი სხვა მოვლენით ავსებდნენ, რასაც ხელოვნურად გამოჩეკილი ე.წ. დისიდენტების ძირგამომთხრელი საქმიანობა ემატებოდა, რითაც მთელი ეს “პატრიოტიზმი” შესანიშნავად ორგანიზებულ ანტისაბჭოთა თაიგულად ყალიბდებოდა და ხალხში სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას აჩენდა.
აუცილებლად გაჩნდება შეკითხვა: კომუნისტები და მათი პროპაგანდის საშუალებები ეროვნულ სულისკვეთებას თუ აღვივებდნენ, მათ ამ ქცევას უარყოფითად რატომ აფასებ? ქცევის შეფასებამდე ჯერ არ მივსულვარ, ჯერ ქცევის მოტივების ახსნას ვცდილობ, ვინაიდან ქცევის შეფასება შეუძლებელია ქცევის მამოძრავებელ მოტივში წვდომის გარეშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო ქცევის აღმძრავი მოტივი _ ხალხში პატრიოტული შეგნების ამაღლება თუ ნაციონალისტური ვნებების გაღვივების გზით სოციალისტური სისტემის მიმართ გაუცხოვებისა და სიძულვილის გაჩენა? განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ქართული პატრიოტიზმის გაღვივება მიზანს კი არ წარმოადგენდა, საშუალება იყო მხოლოდ. მიზანი საბჭოთა კავშირის დაშლა და სოციალისტური სისტემის დანგრევა იყო, რომლის შედეგადაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ–ისა და კოლექტიური დასავლეთისთვის ადვილად ჩასაყლაპ ლუკმად უნდა ქცეულიყვნენ. აი, ეს იყო მთავარი. ამ ჭეშმარიტების გააზრების შემდეგ, რაშიც დღეს ეჭვის შეტანა შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ადვილია იმ შეფასების გაკეთება, რომ “პატრიოტიზმი”, რომელსაც შევარდნაძე და მისი მსგავსნი თავიანთი პროპაგანდისტული მანქანისა და საბჭოთა დისიდენტების გამოყენებით რესპუბლიკებში ნერგავდნენ, საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური მონაპოვრის დასანგრევად მიმართული მამაძაღლური და ვერაგული ქმედება იყო, რომელსაც, სამშობლოს სიყვარული კი არა, დასავლეთის სპეცსამსახურებთან სამარცხვინო თანამშრომლობა ასაზრდოებდა. კონკრეტულად საქართველოს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ერის ბრბოდ ქცევის საშინელი პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ხელოვნურად თავსმოხვეული ეროვნული იდეალებით აღტყინება ხალხს საკუთარი არსისა და რაობის წინააღმდეგ მიმართულ იმ ქმედებად უქციეს, რომელმაც აწმყოსთან ერთად მომავალიც დაუნგრია და გაუცამტვერა. მოტყუებულსა და გაბითურებულ ერს საკუთარი თავისთვის თვითონვე გამოატანინეს განაჩენი. ერი თუნდაც ომში დამარცხდეს, თუკი სულიერად არ გატყდება, ერად რჩება, ხოლო ერი, რომელსაც მოატყუებენ, ხაფანგში გააბამენ და საკუთარი თავის წინააღმდეგ აღძრავენ, ერის თვისებას კარგავს…
იმ პერიოდში ქართველ ხალხს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა თუ დაუსახეს პატრიოტიზმად, დღეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას უსახავენ სამშობლოს სამსახურში დგომის ერთადერთ ნიშნად და საზომად. იმხანად ვინმეს რომ ეთქვა, საბჭოთა კავშირის დაშლაში კი არა, მის გადარჩენაშია საქართველოს გადარჩენაო, წარმოიდგინეთ, ამის მთქმელი რა მასშტაბის მოღალატედ გამოცხადდებოდა. არადა, საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, არც საქართველო დაიშლებოდა და ეკონომიკური, კულტურული, მორალური, დემოგრაფიული თვალსაზრისითაც არ განადგურდებოდა, ყოველმხრივ დაცულ და განვითარებულ რესპუბლიკად დარჩებოდა. დღესაც ასეა: ვინც ამბობს, რომ საქართველოს გადარჩენა რუსეთთან მტრობასა და დაპირისპირებაში კი არ არის, რუსეთთან საერთო ინტერესებისა და საერთო ენის გამონახვაშიაო, ის ითვლება კოლაბორაციონისტად, მოღალატედ, მტრად… სამაგიეროდ, ერის ღირსეულ შვილებად ჯიბეში ლაყეკვერცხებჩაწყობილი ის ბრბოა მიჩნეული, რომელსაც ტვინიც იმ კვერცხებივით აქვს გალაყებული და, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ევალება, უკიდეგანო აგრესიისა და სიძულვილის გადმონთხევაა მათ მიმართ, ვისკენაც მიუთითეს, დავალების მიმცემებმა თითი ვისკენაც გაიშვირეს. შევარდნაძის ტელევიზია წვეთ–წვეთობით თუ აღვივებდა ანტისაბჭოთა ნაციონალიზმის ბაცილას, დღევანდელი ტელეარხებიდან ნიაღვრად მოედინება ანტირუსული და პროამერიკული განწყობილებების გამღვივებელი პროპაგანდა. დააკვირდით: ტელეარხები ორ ბანაკად არიან გაყოფილი _ პროსახელისუფლო და პროოპოზიციური, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ბოღმითა და გესლით არიან აღვსილნი, მაგრამ შეხედეთ, რა ერთსულ და ერთხორც არიან ქცეულნი, როდესაც საქმე ანტირუსულ ისტერიკას ეხება. ამიტომ ნუ წარმოიდგენთ, რომ მედიასაშუალებათა სახით საქმე ორ განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს. ეს ერთი მოვლენა და პროპაგანდის ერთი მიმართულებაა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მათ ერთმანეთი მოსწონთ თუ არ მოსწონთ, უყვართ თუ არ უყვართ, ისინი ემსახურებიან ერთ საქმეს _ ანტირუსული ისტერიკის გაღვივებასა და დასავლური ინტერესების ქართულ, ეროვნულ ინტერესებად წარმოჩენას.
ანალოგიური მდგომარეობაა პოლიტიკურ სპექტრშიც. დააკვირდით ორ ნაწილად გაყოფილ პოლიტიკურ ბანაკებს. ისინი ერთნაირი მონდომებით გაჰყვირიან, რომ მეორე მხარეა რუსეთის ინტერესების გამტარებელი. ნაცები ამტკიცებენ, რომ ქოცები არიან პუტინისა და კრემლის აგენტები, ქოცების მტკიცებით კი, პირიქით _ ნაცები წარმოადგენენ პრორუსულ ძალას, რომლებმაც რუსებს მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები, შემდეგ კი შეგნებულად და მიზანმიმართულად დაუთმეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. ჯიბეში ლაყეკვერცხებჩალაგებული ნახირიც დღედაღამ ტელეეკრანზეა გამოჩრილი და აღვირახსნილი ანტირუსული ისტერიკა აქვს გაჩაღებული, რომელიც შედეგის მიხედვით სულაც არ არის ანტირუსული, პირწმინდად ანტიქართული მოვლენაა, ვინაიდან რუსეთს ვერაფერს აკლებს, გარდა იმისა, რომ საქართველოს დაშლა-დასუსტებისკენ მიმართული ქმედებებისკენ უბიძგებს, ვინაიდან მეზობელი სახელმწიფოდან ასე უარყოფითი განწყობისა და ქმედების ვითარებაში რუსეთი იძულებულია, დაიცვას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება, რომელსაც აშშ და კოლექტიური დასავლეთი აშკარა ხელყოფით ემუქრება, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიიდანაც.
საქართველოში აშშ–ის სპეცსამსახურებმა რეგვენი პატრიოტის იმგვარი სელექციური ჯიში გამოიყვანეს, რომელიც სიტყვით საქართველოს სიყვარულს ღაღადებს, საქმით კი დასავლეთის ინტერესებს ემსახურება. რეგვენი იმის გამო არის რეგვენი, რომ მას თეთრისა და შავის, კარგისა და ცუდის, ზნეობრივისა და უზნეოს გარჩევა უჭირს; რეგვენი იმადაც არის რეგვენი, რომ მან საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესების დაყენება არ იცის; რეგვნის რეგვნობა იმაშიც ვლინდება, რომ მას სხვისი მოსმენა, სხვისი აზრის გაგება და მიღება არ შეუძლია; რეგვენს რეგვნობა იმაზეც ეტყობა, რომ, აზროვნების ნაცვლად, აკვიატება და აჩემება ახასიათებს; რეგვენი პერსპექტივაზე არასოდეს ფიქრობს, ყოველთვის იმწამიერი გამორჩენითაა დაინტერესებული. მოკლედ, არ არსებობს პატარა რეგვენი, ნებისმიერი რეგვენი დიდი, მასშტაბური, უკიდეგანო რეგვენია, თუმცა, ჩვენდა “საამაყოდ” უნდა ითქვას, რომ ქართველი რეგვენი უფრო მონუმენტური, უფრო მძიმე და შთამბეჭდავი რეგვენია, ვიდრე სხვა რომელიმე რეგვენი. ქართველ რეგვენთა კიდევ ერთი თავისებურება დემოკრატიულობაა. ვერსად ნახავთ იმგვარ დემოკრატ რეგვნებს, როგორსაც საქართველოში. დემოკრატიით გაღიზიანებული და დემოკრატიითვე აღგზნებული ქართველი რეგვნები დემოკრატიულ, კოლექტიურ ორგაზმამდე მიდიან, როდესაც დემოკრატიასა და გამოხატვის უფლებას იცავენ, ოღონდ სხვისას არა, მხოლოდ საკუთარს. სხვაგან არსად გამიგია ე.წ. კონტრაქციის ცნება. ეს პირწმინდად ქართული მოვლენაა. მაგალითად, ადამიანთა ჯგუფი იკრიბება რომელიღაც ღონისძიებაზე და ახდენს აზრთა შეჯერებას, აფუძნებს კანონით ნებადართულ რაღაც ორგანიზაციას, სახავს სამომავლო გეგმებს, გამოთქვამს სწორ თუ არასწორ, მისაღებ თუ მიუღებელ მოსაზრებებს, ან რაღაცას აპროტესტებს, ან რაღაცას ზეიმობს და ა.შ. ესაა დემოკრატია და ადამიანთა უფლებების რეალიზაცია. ამ დროს მოდიან ქართველი რეგვნები, რომლებიც გამოხატვის უფლების საბაბით თავს ესხმიან ამ ადამიანებს და იწყება ლაყე კვერცხების სროლა და ვაი-უშველებელი. ამას კონტრაქციას ეძახიან. გამოდის, რომ მათი აზრია ერთადერთი სწორი აზრი, რომ მათ აზრს აქვს არსებობის უფლება, სხვათა აზრს _ არა. ასე იქცევიან დემოკრატიის უზურპატორი ეს რეგვნები, რომელთა უკან დასავლეთის სპეცსამსახურები, ფინანსური მაგნატები და ავანტიურისტული პოლიტიკური ჯგუფები დგანან. ქართული პატრიოტიზმი ასე გადაგვარდა რეგვენთა პატრიოტიზმად, დემოკრატია _ რეგვენთა დემოკრატიად, თავისუფლება _ რეგვენთა თავისუფლებად.
ქართველი ხალხი ჩაიძირა ამ რეგვნულ პროვოკაციებსა და საქმის გარჩევებში, ქართველმა ერმა ამ გაუთავებელ ალიაქოთსა და აყალ-მაყალში, რეგვნების ამ გაუთავებელ მოსმენა-ყურებაში სახე დაკარგა და ბრბოდ ჩამოყალიბების შეუქცევადი პროცესები დაიწყო… რა თქმა უნდა, არსებობს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც ყოველივე ამის საწინააღმდეგოდაა განწყობილი, მაგრამ მათ არსად მიესვლებათ და ხმა არსად ამოეღებათ, რადგან მათთვის ყველა კარი ჩარაზულია, ყველა სარკმელი და ჭუჭრუტანა დახშულია; ყველა დარბაზი, ყველა ტრიბუნა და ყველა მიკროფონი რეგვნებმა დაიპყრეს. რეგვნებმა და ნაძირალებმა, რომლებიც, ოცდაათი წელიწადია, თავზე დაგვასხდნენ, საქართველო მძევლად აიყვანეს და თავიანთ პირობებს გვკარნახობენ.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოში უნდა ჩატარებულიყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია, სადაც მსოფლიოს ოცდახუთზე მეტი სახელმწიფოს პარლამენტებია გაერთიანებული, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოების, აშშ-ის და, რა თქმა უნდა, საქართველოსიც. რუსეთის დუმის წევრი სერგეი გავრილოვი 2018 წლიდან ამ ორგანიზაციის პრეზიდენტადაა არჩეული. 2019 წელს ასამბლეის მორიგი სესიის ჩატარების ადგილად თბილისი იქნა შერჩეული, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით და მისი მოწვევით. სხვაგვარად ვერ მოხდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ ასამბლეას სამუშაო ადგილად პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი შეურჩია (აბა, სტუმრები ხომ არ შეარჩევდნენ?!). დარბაზში, სადაც სესია უნდა გამართულიყო, ასამბლეის წევრები ისე დასხდნენ, როგორც ამას დარბაზის სპეციფიკა და განლაგება მოითხოვდა: ასამბლეის ხელმძღვანელები _ პრეზიდიუმში, წევრები _ დარბაზში (აბა, დარბაზს ხომ არ გადააკეთებდნენ?!). ორგანიზაციის პრეზიდენტი და სესიის წამყვანი ბუნებრივად ჩაჯდა იმ სავარძელში, რომელიც ცენტრში დგას და, რომლიდანაც პარლამენტის თავმჯდომარე სხდომებს უძღვება მაშინ, როდესაც იმ დარბაზში პარლამენტი მუშაობს. არაფერი უცნაური და არაჩვეულებრივი არ მომხდარა. ყველაფერი ლოგიკურად და ბუნებრივად მიმდინარეობდა. დარბაზი რაკი დაუთმეს, ის ადამიანები (მართლმადიდებლები) დარბაზს გამოიყენებდნენ, სესიას ჩაატარებდნენ და წავიდოდნენ. თუკი საქართველოში არსებობს კანონი ან წესი (პირადად მე ამ კანონისა და წესის შესახებ არაფერი მსმენია), რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პარლამენტის სხდომების გარდა სხვა ღონისძიებებს არ უნდა დაეთმოს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ, თუკი ასეთი კანონი არსებობს, მაშინ რატომ დაუთმეს დარბაზი სხვა ორგანიზაციას? ხოლო ასეთი კანონი თუ არ არსებობს, ის ორგანიზაცია რა შუაშია, რომელსაც დარბაზის გამოყენების უფლება ოფიციალურად მისცეს?! პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი როგორ ჩაჯდაო, რომ გაჰყვირი, რეგვენი და პროვოკატორი თუ არ ხარ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი წმინდა სავარძლად არის გამოცხადებული თუ რა, რომ იქ სხვა პირის ჩაჯდომა ეროვნულ სიწმინდესა და ღირსებას გვილახავდეს?! პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ბაგრატ მესამის სავარძელია, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის თუ რომელიმე პატრიარქის, რომ მის გამო ყელში დანა გამოისვით და ვენები გადაიხსენით?! გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას ხომ არ ჩამჯდარა, მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობის პროცესში ჩაჯდა, როგორც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და სხდომის წამყვანი. შესაბამისად, იგი ამ ასამბლეის პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა და არა _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. იმ სესიაზე პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ბ-ნი კობახიძე დარბაზში რომ შესულიყო და თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარიყო, ეს იქნებოდა პროტოკოლის დარღვევა და არა ის, რომ მართლმადიდებელთა ასამბლეის სესიის მსვლელობისას იმ სავარძელში გავრილოვი იჯდა. მართლაც უკიდეგანო რეგვენი თუ არაა ადამიანი, ამდენს კი უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ესენი ვერ ხვდებიან, რადგან რეგვნობასთან ერთად უკიდეგანო პროვოკატორებიც არიან. მათი სირეგვნისა და პროვოკატორობის, მათი სიბინძურისა და ყოვლისმკადრებლობის შედეგი იყო ის არეულობა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოჰყოლოდა. ამას ხომ მთელი საქართველო ღია ეთერში უყურებდა? სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში ერთხელ უკვე მოსული სააკაშვილი ამავე გზით მოსვლას მეორედ გეგმავდა. რა არის აქ გაუგებარი? რა, არ შეჭრილა პარლამენტში და არ აუღია ხელისუფლება?! ვინც იმას ვერ ხვდება, რას გეგმავდა სააკაშვილი, რეგვენია, აბა, რა არის, ხოლო ვინც ხვდება, რაც იგეგმებოდა, და მაინც სააკაშვილს უჭერს მხარს, ბინძურია, აბა რა არის?!
ჩამოვიდა პოზნერი საქართველოში და ატეხეს ერთი ამბავი. ჩემთვის პოზნერი მიუღებელი პიროვნებაა იმიტომ, რომ არათანმიმდევრული მსოფლმხედველობის კაცია, ხან საბჭოთა პროპაგანდისტია, ხან _ ამერიკის, ხან _ რუსეთის. პრინციპები არ გაჩნია და ამ რეგვნებივით მედროვეა. ერთი სიტყვით, არ არის ეს პოზნერი კარგი კაცი, მაგრამ ქართველი რეგვნებისთვის რატომაა პოზნერი მიუღებელი? თურმე, ნუ იტყვით, პოზნერს ოდესღაც აზრი გამოუთქვამს, რომ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალს ვერასოდეს დაიბრუნებსო. მერე სად ხედავთ აქ დანაშაულს? ასე ფიქრობს კაცი და თქვა ის, რასაც ფიქრობს. აბა, რა ექნა, ჯერ ის გაერკვია, რეგვენ ქართველებს რა მოეწონებათო და იმის მიხედვით ეთქვა ის, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობდა?! მეც დაახლოებით პოზნერივით ვფიქრობ და მაინტერესებს, რას მიზამთ. კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ, სანამ საქართველო ქოცებად და ნაცებად არის გაყოფილი; სანამ საქართველოში ქართულენოვანი ამერიკული ტელეარხები ბოგინებენ და წერა–კითხვის უცოდინარი ჟურნალისტები ქართულ ცნობიერებას წამლავენ; სანამ საქართველო რეგვენთა და პროვოკატორთა სათარეშოა; სანამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გარედან თავსმოხვეული რუსოფობია ბატონობს; სანამ რეგვენი ქართველები ბნედიანებივით გაიძახიან ნატოსა და ევროკავშირის პერსპექტივაზე; სანამ საქართველოში ხალხის ხმა და ნამდვილი საზოგადოებრივი აზრი გასაქანს ვერ პოულობს, მანამდე საქართველო ვერც ტერიტორიულად გამთლიანდება, ვერც ეკონომიკურად წამოიმუხლებს, ვერც ზნეობრივად გაჯანსაღდება და საერთოდ ვერ გასწორდება წელში. აჰა, ასე ვფიქრობ, ასე ვარ დარწმუნებული, ასეთია ჩემი არგუმენტები. მოდით ახლა და მესროლეთ ტალახი, ორივე მხარის რეგვენებო და მედროვენო. ხალხის დიდმა ნაწილმა იცის (ალბათ, თქვენც გრძნობთ), ვის ესვრის ტალახს და ვის დამარხავს ისტორია ნაგავში, მაგრამ თქვენ ეს არ გადარდებთ, თქვენ მხოლოდ იმის დარდი გაქვთ, კუჭი რასაც გკარნახობთ, მაგ კუჭითა და კუჭს მიბმული ორგანოებით “მოაზროვნეებო”!
რუსეთთან ინტერესების შეჯერებასა და ურთიერთობის მოწესრიგებაზე ფიქრის ნაცვლად, რაც საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, ქართველი რეგვნები ხან ვის დასდევენ ლაყე კვერცხებით და ხან _ ვის. შემდეგ კი მთელი წელიწადი ტელეეკრანებიდან ბაქიბუქობენ, როგორ გააძევეს ჩვენი დაუძინებელი მტრები საქართველოდან. ძვირფასი დრო კი, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, გადის, იფლანგება.
ქართველი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ დასავლეთმა სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ გონიერ თაობას ყველა მიმართულებით გზა ჩაუკეტა, ხოლო ნაციონალიზმის ბაცილით დასნებოვნებულ რეგვნებს ყველა გზა გაუხსნა. მათაც არ დააყოვნეს, საქართველო მძევლად აიყვანეს და მის განთავისუფლებას ცოცხალი თავით არ აპირებენ.
ვალერი კვარაცხელია
P.S. რეგვენმა პატრიოტებმა, რომლებიც პოზნერს ლაყე კვერცხებით დასდევდნენ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ალექსანდრე გრიბოედოვის დიდებული ძეგლი (ავტორი _ აკადემიკოსი მერაბ მერაბიშვილი) ანტირუსული წარწერებით ააჭრელეს და შეურაცხყვეს.
იდგა ქართველთა სიძე, მშვენიერი ნინო ჭავჭავაძის მეუღლე, კლასიკოსი მწერალი და თავის ბრწყინვალე ნაწარმოებში _ “ვაი ჭკუისაგან” ორი საუკუნის წინ ნათქვამ წინადადებას გულდამძიმებული იმეორებდა: Чтоб истребил Господь нечистый этот дух пустого, рабского, слепого подражанья…
ვ. კ.
ბ-ნო ვალერი, ჩემი ნება რომ იყოს ხვალვე დაგნიშნავდით საქართველოს პრეზიდენტად ! შგეწიოთ “ხარება” – დღესასწაულის მადლი !
უღრმესი მადლობა ბატონო ვალერი ბოლოდროინდელი მოვლენებისა და ზოგადად, ჩვენი ყოფის ასეთი ზუსტი ანალიზისა და შეფასებისთვის!!! უვიცობამ, გაუნათლებლობამ, სიხარბემ, ყველაფერმა ცუდმა და და ქართველი ერისთვის მიუღებელმა მავნებლობამ ერთბაშად იჩინა თავი ყველგან, ყველა სფეროში. ვინ არის ეს ხალხი? რა უფლებით ლაპარაკობენ და მოქმედებენ ქართველი ხალხისა და საქართველოს ჯანსაღად მოაზროვნე მოსახლეობის სახელით? სად არის მთავრობა? სად არიან ჩვენი დიპლომატები? რატომ ”წყდება” ყველა საკითხი ქუჩაში, წივილ-კივილის ფონზე? როგორი იმიჯი ექმნება ამით ჩვენს ქვეყანას? ფიქრობენ ამაზე? სამწუხაროდ, მართლა ბრბოდ ვიქეცით!!!
ბ-ნო ვალერი, თქვენ, როგორც ყოველთვის, სწორად წერთ: „პატრიოტიზმი (ნაციონალიზმი) აღმოჩნდა ის ხაფანგი, რომელშიც ორივე ფეხით გაგვაბეს…“ მაგრამ ვფიქრობ, არასწორია საბჭოთა დისიდენტური მოძრაობისათვის „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ დაბრალება და ე.წ. „ეროვნული მოძრაობის“ მასთან გაიგივება. საბჭოთა კავშირი დასაშლელი არ იყო, რადგან დაშლა ნიშნავდა ნაბანი წყლისათვის ბავშვის (რევოლუციის მონაპოვარის – უფასო განათლება, უფასო მკურნალობა, უფასო ბინა და ა.შ.) გადაყოლებას მაგრამ რეფომა ნამდვილად სჭირდებოდა, რადგან სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კანონიც აღარ სრულდებოდა. ამ თვალსაზრისით, საჭირო და გამართლებული იყო დისიდენტური მოძრაობა, რომელიც სამართლებრივ ამოცანას ისახავდა მიზნად (Правозащитники) და არა ეროვნულ ამოცანას, რაც საბჭოთა კავშირში იდეალურად გადაწყვეტილი გახლდათ. ამიტომ ბოროტება იყო გამსახურდიასა და ფსევდოპატრიოტების მიერ დისიდენტურ-სამართლებრივი მოძრაობის „ეროვნულ“ კალაპოტში გადაიყვანა საქართველოში, რაც რუსმა დისიდენტებმა გამსახურდიას ეს სამართლებრივი მოძრაობის ღალატად ჩაუთვალეს. შევარდნაძე და სპეცსამსახურები, ცხადია, აქეზებდნენ მას ამაში, თუმცა ფეოდალისტურ-პატრიოტული კომპლექსები ამ ვაჟბატონს უიმათოდაც ჰქონდა. (ამის შესახებ ვწერდი გაზ. „საქართველოს რესპუბლიკი“ 2007 წლის 2 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში: „ეროვნული მოძრაობა როგორც სამართლებრივი მოძრაობის ფარვატერი“).
პოზნერს გამოკიდებული პროვოკატორები საქართველოს სახელს რომ უტეხენ და დიდ დანაშაულს რომ სჩადიან , ეს ნათელია. პოზნერი თავისი მერყევი პოზიციებით რომ არ გამოიყურება ნორმალურად , ესეც ნათელია , მაგრამ მისი დანაშაული ის არის , რომ აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკაშირებით განცხადების გაკეთების შემდეგ ეყო თავხედობა და საქართველოში ჩამოვიდა. ერთია დიდად დანაშაულებრივი მისი განცხადება , თითქოს „აფხაზეთი და ცხინვალი არ დაუბრუნდება საქართველოს“ და მეორეა განცხადება , რომ აფხაზეთსა და ცხინვალს ამა და ამ შემთხვევაში დავიბრუნებთ. ამ ორ განცხადებას შორის დიდი განსხვავებაა , რადგან პოზნერის განცხადება არის ქართველთა გრძნობების შეურაცხყოფა და არანაირად არ შეიძლება შედარება და თქმა ასე: „მეც დაახლოებით პოზნერივით ვფიქრობ“ .
საქართველო დაიბრუნებს არა მარტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს , არამედ ყველა იმ რეგიონს , რომელიც დავკარგეთ ისტორიის მანძილზე ჩვენი ურწმუნოების შედეგად.
ერი ეთნიკური ერთობა რასიზმია. შავკანიანი ქართველი არ გაგიგია რასისტო!!!!