“გემშვიდობები, ჩემო სამშობლოვ. შესაძლოა, ვეღარ დავბრუნდე, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ამ მიწაზე ფაშისტები ვერ შემოვლენ”, _ ასე ემშვიდობებოდნენ ოჯახსა და სამშობლოს ახალგაზრდები დიდ სამამულო ომში წასვლის წინ.
“ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში”, _ ასეა მოხსენიებული მსოფლიო ისტორიაში 1941_1945 წლების ომი, რომელშიც ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს. ფრონტზე საქართველოდან ნახევა? მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან 300 ათასი დაიღუპა, 100 ათასი ხეიბარი დაბრუნდა. ამ ომის შემდეგ ქვეყანას 164 გმირი შეემატა. დღეს საქართველოში 900-ზე ნაკლები ომის ვეტერანია, თუმცა მათი ყოფა ქართულ სახელმწიფოში არც ისე სახარბიელოა… ჩვენი გაზეთის სტუმრები, დიდი სამამულო ომის ვეტერანები, შოთა ბუაძე და ტარას იჩქიტიძე, სისხლისმღვრელი ომის მძიმე წლებს იხსენებენ.
“39 შეღავათით ვსარგებლობდით, ყველაფერი წაიღეს, წაგვართვეს, დაგვამცირეს”
შოთა ბუაძე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი:
_ ყველაფერი მახსოვს ან რა დამავიწყებს ომის ქარცეცხლს?!
1942 წელს საშუალო სკოლა დავასრულე, იმავე წელს გამიწვიეს ჯარში. სოჭთან ახლოს, ლაზარევსკაიაში აღმოვჩნდი. საზენიტო არტილერიაში მოვხვდი, აეროდრომს ვიცავდით. დიდი, ძალიან დიდი ბრძოლები იყო. გერმანელები ყოველ წუთს, ყოველ წამს გვესხმოდნენ თავს თვითმფრინავებით. რამდენიმე თვეს დავრჩით იქ, შემდეგ კრასნოდარში გადავედით, რადგან ის ერთ-ერთი საკვანძო სარკინიგზო ადგილი იყო. იქიდან მარაგდებოდა კავკასიის ფრონტი საკვებით, იარაღით… კრასნოდარი გერმანელების თავდასხმის ობიექტი იყო. ასე რომ, მძიმე ბრძოლები გადავიტანეთ, ისეთი მძიმე ვითარება იყო, მიწურების გათხრასაც ვერ ვასწრებდით…
როდესაც ფრონტმა სხვა მიმართულებით გადაინაცვლა, ჩვენი ბატალიონი უკრაინაში მე-20 სატანკო კორპუსს შეუერთდა. უკრაინაში დავრჩით ომის დასასრულამდე.
ყველაზე მძიმე წუთები კრასნოდარში გადავიტანე, ფრონტის ხაზზე ისე მოვხვდი, იარაღი ხელში არასოდეს მჭერია, ასე ვთქვათ, პირტიტველი ბიჭები ვიყავით. მართალია, არტილერია ფრონტის წინა ხაზზე არ მოქმედებს, მაგრამ მტრის მოგერიება ყველასთვის ერთნაირად საშიშია, განსაკუთრებით კბილებამდე შეიარაღებული ფაშისტური გერმანიის თავდასხმისას.
_ რას ნიშნავს თქვენთვის გამარჯვების დღე?
_ ეს უდიდესი დღესასწაულია, ჩვენ ფაშიზმი დავამარცხეთ, ჩვენ მსოფლიო ვიხსენით ბოროტებისგან _ ეს ყველამ ერთად შევძელით. ამაზე საამაყო და სასიხარულო რა უნდა იყოს?! დიდებული დღეა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ვამაყობ, რომ ჰიტლერელთა განადგურებაში, მსოფლიოს გათავისუფლებაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის.
გულდასაწყვეტია საქართველოს ხელისუფლებების ჩვენდამი დამოკიდებულება, ვიტყოდი, უდიერი დამოკიდებულება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი.
ვიღაც ცრუ, ფსევდოისტორიკოსმა წლების წინათ სისულელე თქვა, _ დიდი სამამულო ომი ჩვენი ომი არ იყო და ამდენი ქართველი სხვის ომში იბრძოდა, უცხო ქვეყნისთვის დაიხოცაო. იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაა გაჩაღებული, ვეტერანებს არ გვინდობდნენ, გვცემდნენ, როცა დაგვინახავდნენ. ამის გამო, დიდი ხანია, მედლებს არ ვატარებ, სამწუხაროა, რომ თავდადება წყალში ჩაგვიყარეს.
მთავრობები იცვლებიან, მაგრამ ჩვენდამი დამოკიდებულება _ არა. რამდენიმე წლის წინათ კრასნოდარში მიგვიწვიეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავ გრანდიოზულ ღონისძიებაზე. ავტობუსიდან ჩამოვდიოდი, ახალგაზრდები რომ მოცვივდნენ და ხელი შემაშველეს ჩამოსვლაში დასახმარებლად. ვუთხარი, ჯერ ხელის შეშველება არ მჭირდება–მეთქი, მათ კი მიპასუხეს _ თქვენ არა მხოლოდ ჩვენი სამშობლო იხსენით, არამედ, ჩვენი მომავალიცო… ქართველი ახალგაზრდები კი ამას ვერ ათვითცნობიერებენ. უფრო მეტიც, რომ დაგვინახავენ, გვეკითხებიან _ კიდევ ცოცხლები ხართო?
დიდი სამამულო ომის ვეტერანები ათასიც არ ვართ დარჩენილი, რელიკვიად შემოვრჩით ამ ქვეყანას და მთავრობა ჩვენი მდგომარეობის ოდნავ შესამსუბუქებლად არაფერს აკეთებს. შეღავათით მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას ვსარგებლობთ. ხო, კიდევ 22 ლარის შეღავათი გვაქვს დენსა და ბუნებრივ აირზე. მთავრობებმა ჩვენზე გული აიყარეს…
არადა, 39 შეღავათით ვსარგებლობდით, ყველაფერი წაიღეს, წაგვართვეს, დაგვამცირეს.
საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ მსოფლიო შემოიარა, რათა გაეგო, სად, რა შეღავათებით სარგებლობენ ომის ვეტერანები და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩვენ ვართ. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა, რას გვერჩოდნენ? ვინმეზე ნაკლებად ვიბრძოდით, თავს არ ვწირავდით? საქართველოს დიდი სამამულო ომის 164 გმირი ჰყავს. ბოლოს და ბოლოს, გენერალისიმუსი ქართველი იყო…
_ რამდენიმე დღის წინათ ერთ–ერთ გადაცემაში თქვეს, რომ სტალინისა და ჰიტლერის იდეოლოგია ერთნაირი იყოო…
_ სტალინის მაგინებელი კაცი საზოგადოებას არ უნდა გააკარო, იზოლაციაში უნდა მოაქციო, თუ ლექტორია, სტუდენტებთან არ უნდა შეუშვა. რამხელა მკრეხელობაა სტალინისა და ჰიტლერის შედარება! წარმოუდგენელია პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ადამიანი სტალინს ლანძღავდეს. მან ხომ კაცობრიობა იხსნა საშინელი ბოროტებისგან, ტირანიისგან. სტალინმა თავისი ცოდნა, გამოცდილება, სიყვარული და რწმენა გამარჯვებისკენ მიმართა. სწორედ ამან გვიხსნა ფაშიზმისგან.
ჰიტლერის შესახებ თუ ვინმეს რამე წაუკითხავს, აუცილებლად ეცოდინება მისი იდეოლოგია. ის მხოლოდ გერმანელებზე ზრუნავდა და, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქართველებს თავზე ხელს გადაგვისვამდა, ძალიან ცდება. თუმცა რა გასაკვირია, რომ ცდებოდნენ, წიგნს არ კითხულობენ, ისტორიას არ სწავლობენ, განსაკუთრებით _ დიდი სამამულო ომის ისტორიას. ყველას ვურჩევ, გაეცნონ იმ დღეების ქრონიკას, იმ წლების ისტორიას.
ომის მონაწილე ვარ, იმ საშინელი დღეებისა და იმ ფაქტების მომსწრე, რაც მაშინ ხდებოდა. პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი სტალინი ქმედებებზე…
ფრონტის ხაზი 1 300 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და სტალინის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ყველა ოპერაციის შესახებ იცოდა. ავითარებდა მრეწველობას, ქმნიდა იარაღს. საოცრებებს სჩადიოდა. სტალინი გამარჯვებისკენ უკანმოუხედავად მიდიოდა და მივყვებოდით ჩვენც.
გერმანელები მოსკოვთან იყვნენ, ბინოკლით უყურებდნენ საბჭოთა კავშირის დედაქალაქს და სწორედ მაშინ, სტალინის დავალებით, საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ მოჭადრაკეთა უმრავლესობა ომში იყო წასული. სტალინმა მაშინაც გაგვაოცა, როდესაც “გიორგი სააკაძე” გადაიღო, იმხანად ძალიან გვიჭირდა, ომის ქარცეცხლში ვიყავით.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ ველოდით სტალინის გამოსვლას რადიოში, როგორ გულდასმით ვუსმენდით და შემდეგ მის სიტყვებზე რამდენს ვფიქრობდით.
სტალინი სომეხი, რუსი, ინგლისელი ან, სულერთია, რომელი ერის შვილიც უნდა ყოფილიყო, გავაღმერთებდით. საშინელებაა, რომ ჩვენ მას არ ვაფასებთ. არადა, მისნაირი ადამიანები, როგორც ერთმა ინგლისელმა სწავლულმა განაცხადა, 500 წელიწადში ერთხელ იბადებიან.
მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, სამამულო ომის წლები შეისწავლონ; იცოდნენ, რომ ჩვენ სხვის ომში არ ვიბრძოდით. პატრიოტიზმი ჩვენთვის უმთავრესი იყო. მსოფლიო გაოცებული იყო საბჭოთა ხალხის სამშობლოსადმი სიყვარულით.
პატივს მივაგებ მარო მაყაშვილის ხსოვნას, მაზნიაშვილის ხსოვნას, მაგრამ იცით, რამდენი მაყაშვილი და მაზნიაშვილი გვყავდა ფრონტზე? _ ასობით, ათასობით. მხოლოდ ბოლნისელი პეტრიაშვილის გახსენება რად ღირს _ სხეულით გადაეფარა გერმანელების ტყვიამფრქვევს, თავისი ასეულისთვის გზა რომ გაეთავისუფლებინა. ახალგაზრდა კაცმა საცეცხლე წერტილი სხეულით გადაფარა, ჩააჩუმა… ეს მოხდა 1943 წლის იანვარში.
ომში ჩემი რაიონიდან ბევრნი წავედით, ჩემთან ერთად თანაკლასელიც იყო. როდესაც მატარებელში ავედით, ვთქვით: “მშვიდობით, სამშობლოვ, ჩვენ, ალბათ, ვეღარ დავბრუნდებით, მაგრამ ფაშისტები ჩვენს მიწაზე ფეხს ვერ დადგამენ”. სამშობლო და სტალინი განუყოფელი იყო.
რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პრემიერმინისტრის მადლობის წერილი გადმომცეს, რომელშიც ეწერა: “მადლობა, თქვენ ბოროტებისგან იხსენით მსოფლიო”. მინდა, ახლა ვკითხო: მადლობას რომ გვეუბნება და იცის, რომ ბოროტებისგან ვიხსენით მსოფლიო, ის არ იცის, რომ ჩვენ მეთაური გვყავდა, გენერალისიმუსი გვყავდა? რა, მთავარსარდლის გარეშე მოვიგეთ ომი?
სტალინის ძეგლი ქურდულად მოხსნეს და დღემდე არ დაუბრუნებიათ თავის ადგილას. არ შეიძლება სტალინის ლანძღვა, არ შეიძლება, დიდ სამამულო ომზე ილაპარაკო და სტალინი არ ახსენო. დადგება დრო და ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოგვიბრუნდება. ისტორია ასეთ შეცდომებს არავის მიუტევებს. ქართველებს არ შეგვეფერება ვიღაცის საამებლად სტალინის გინება. პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ბოლო წლებში მომიწია გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩასვლა, ყველა გვეუბნება, სტალინს ქართველები არ აფასებთ და სხვა როგორ დააფასებსო…
შეხედეთ დღევანდელ მსოფლიოს და გადახედეთ ისტორიას, გადახედეთ სტალინისდროინდელ მსოფლიოს. ვინც აზროვნებს, მიხვდება დიდი ბელადის ძალასა და შესაძლებლობებს.
“აღარც მინდა, სადმე ჯილდოებით გამოვჩნდე… იყო დრო, როდესაც საცემადაც იწევდნენ. დღეს ასე აღარ არის, მაგრამ…”
ტარას იჩქიტიძე, დიდი სამამულო ომის ვეტერანი:
_ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ფაშისტური გერმანია ჩვენს სამშობლოს დაესხა თავს. რადიოთი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გამოვიდა და თქვა: “ჩვენი სახელმწიფო საფრთხის წინაშეა, ყველანი _ სამშობლოს დასაცავად!”.
მისი სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულიად საბჭოთა კავშირის მოსახლეობა ომში ჩართულიყო.
გერმანიას რამდენიმე დიდი ქვეყანა უკვე დაპყრობილი ჰქონდა, თანაც ამ ქვეყნების დასაპყრობად სულ რამდენიმე დღე დასჭირდა. ჰიტლერს ეგონა, საბჭოთა კავშირსაც ადვილად მოერეოდა. ომის დასაწყისში ჩვენი შეიარაღება სუსტი იყო, მხოლოდ კარაბინები გვქონდა. მოკლედ, საბჭოთა არმიის შეიარაღება გერმანიის შეიარაღებასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა _ კბილებამდე შეიარაღებული იყვნენ და ჯარისკაცებიც ყველაფრით უზრუნვეყოფილი ჰყავდათ. ჩვენი დაპყრობის შემდეგ ჰიტლერის ბოროტება სრულიად მსოფლიოზე გავრცელდებოდა.
ფაშისტებმა დაიპყრეს უკრაინა, ბელორუსია, დონბასი, ლენინგრადი, კავკასიაში შემოვიდნენ… ყველამ კარგად ვიცოდით, რომ გზადაგზა ყველაფერი შესაქმნელი გვქონდა, ჯარს მოდერნიზაცია სჭირდებოდა, ჰიტლერი, როგორღაც უნდა შეგვეჩერებინა… არმიის მოდერნიზაციასა და იარაღის გაუმჯობესებას უკანდახევისას ვახერხებდით.
ფაშისტები სტალინგრადთან რომ მოვიდნენ, ჩვენ უკვე საკმაოდ ძლიერები ვიყავით და საშუალება არ მივეცით, გზა გაეგრძელებინათ. სტალინმა მთავრობა კუიბიშევში გაგზავნა, თვითონ კი კრემლში დარჩა, მარტო მართავდა ყველაფერს.
სტალინგრადის მისადგომებთან ორ თვეს ვიბრძოდი. საბჭოთა არმიამ საუკეთესო ტექნიკა მიიღო და 1943 წლის 2 თებერვალს შეტევაზე გადავედით. 300 ათასი გერმანელი ჯარისკაცი ტყვედ ავიყვანეთ.
სტალინმა მისი და ქვეყნის ერთგული ჯარის ძალისხმევით დიად გამარჯვებას მიაღწია. 1417 დღის განმავლობაში ვიბრძოლეთ, ფაშისტები თავიანთ ბუნაგში გამოვამწყვდიეთ და დავამარცხეთ.
დიდი ბრძოლები გავიარეთ. გადავლახეთ ვოლგა, დნეპრი, დუნაი… გავიარეთ ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი… ბრძოლით, თავგანწირვით გერმანიამდე ფეხით ჩავედით და გამარჯვების დროშა ავაფრიალეთ.
გერმანიას მსოფლიოს დაპყრობა სურდა, ჰიტლერი მხოლოდ გერმანელების კეთილდღეობაზე ზრუნავდა, სხვა დანარჩენი მისთვის სულერთი იყო, ამიტომ, ფაშისტების გამარჯვების შემთხვევაში, ერები გადაშენდებოდნენ, ჩვენგან არაფერი დარჩებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თავი უნდა დაგვეცვა, სამშობლო დაგვეცვა, რათა გადავრჩენილიყავით. საბჭოთა ჯარისკაცებმა დიდი მისია შევასრულეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სრულიად მსოფლიოს წინაშე.
სამწუხაროა, რომ დღეს ეს არ ფასდება, მაგრამ მჯერა, ისტორია ამ დიად გამარჯვებას არ დაივიწყებს. რამდენიმე დღის წინათ ახალგაზრდებმა შეხვედრა მოგვიწყეს, ეს ახალგზრდების ის მცირე ნაწილია, რომელიც ჩვენს ღვაწლს აფასებს… მათ სწორად აღნიშნეს, რომ საქართველომ ფაშიზმის დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მიხარია ასეთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა.
ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა _ გაგიხარდათ, რომ დაიჭერითო? ვუპასუხე, _ გამიხარდა, რომ მხოლოდ დავიჭერი, არ მოვკვდი და შემეძლო ისევ ფრონტის ხაზს დავბრუნებოდი-მეთქი. ჭრილობის მოშუშების შემდეგ ისევ ომში დავბრუნდი, სნაიპერი ვიყავი და 59 გერმანელი სნაიპერი შევიწირე…
_ ბატონო ტარას, როგორ განვითარდა მოვლენები ომის შემდგომ პერიოდში, როგორი იყო თქვენი ცხოვრება?
_ ომის შემდეგ გერმანიაში დავრჩი. გერმანია ოთხ ნაწილად დაიყო. საფრანგეთის, ინგლისის, საბჭოთა კავშირისა და ამერიკის საჯარისო ნაწილები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიყავით განაწილებულნი. ჩვენს შენაერთს გიორგი ჟუკოვი ხელმძღვანელობდა. მე ცენტრალური საარტილერიო ბაზის კომკავშირის კომიტეტის მდივნის თანამდებობა მეკავა. იქ გერმანულიც კარგად ვისწავლე, კარგი ხელფასიც მქონდა. მოკლედ, რამდენიმე წელიწადი გერმანიაში მომიწია ცხოვრება.
გერმანელები ძალიან მოწესრიგებულნი არიან, ომის შემდეგ მალე დააყენეს ქვეყანა ფეხზე. დღეს ჩემი შვილიშვილი იენში სწავლობს, იმ ქალაქში, სადაც დაჭრილი მიმიყვანეს.
1947 წელს გერმანიიდან, საოკუპაციო არმიის რიგებიდან, ბალტიისპირეთში გადამიყვანეს, იქიდან კი საქართველოში დავბრუნდი. მშობლები ცოცხალი აღარ დამხვდნენ.
ომში ისე წავედი, საშუალო სკოლა დასრულებული არ მქონდა, ამიტომ ერთწლიანი საბუღალტრო კურსები გავიარე და მუშაობა ელმავალმშენებელ ქარხანაში დავიწყე. თავდაპირველად ბუღალტრობა შემომთავაზეს, მაგრამ ვერ გავბედე, გამოცდილება არ მქონდა და მოლარედ დავინიშნე. მალე ოჯახიც შევქმენი. დრო გადიოდა და მივხვდი, უმაღლესი განათლება მჭირდებოდა. თბილისში მოსკოვის სასწავლებლის ფილიალი იყო და გადავწვიტე, იქ ჩამებარებინა გამოცდები. გამომცდელს ძალიან გაუკვირდა, ჩემი წლოვანება რომ შეიტყო და მკითხა, _ აქამდე სად იყავიო. ვუპასუხე, რომ ფრონტზე ვიყავი. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. სწავლა დასრულებული არ მქონდა, რომ ჩემი სასწავლებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და ეკონომიკურ-სტატისტიკური ფაკულტეტი დავამთავრე. ამის შემდეგ წარმატებული ცხოვრება მქონდა _ კარგი სამსახური, ოჯახი, სოფელში სახლ-კარი ავაშენე… წლების განმავლობაში დიდი პატივით გვიღებდნენ მთელს საბჭოთა კავშირში. გამარჯვების დღეს, როცა გრანდიოზული ღონისძიებები იმართებოდა, ყველგან გვიწვევდნენ.
გულდასაწყვეტია, რომ დღეს არავის ვახსოვართ, არავის ვჭირდებით. ახლანდელი ახალგაზრდები მოხუცებს პატივს არ სცემენ. ამას წინათ ავტობუსში ადგილის დათმობა ვთხოვე ერთ ახალგაზრდას და შემომიკურთხა. გასული წლის 9 მაისს ვაკის პარკიდან ავტობუსით მოვდიოდი, ჯილდოები მეკიდა გულზე. პატარა ბავშვმა შემომხედა და დედას ჰკითხა, _ რა უკეთიაო, დედამ კი უპასუხა, _ არ ვიციო… მეწყინა, სიმართლე გითხრათ, აღარც მინდა, სადმე ჯილდოებით გამოვჩნდე… იყო დრო, როდესაც საცემადაც იწევდნენ. დღეს ასე აღარ არის, მაგრამ…
რამდენიმე წელიწადია, რუსეთის პრეზიდენტის _ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად სხვადასხვა ქალაქში დიდი ღონისძიებები იმართება. ჩვენ ყველგან გვიწვევენ და სწორედ იქ, იმ ღონისძიებებზე ვგრძნობთ, რამხელა წვლილი გვაქვს შეტანილი ფაშისტური ბოროტების დამარცხებაში. უსაზღვროა იმ ადამიანების პატივისცემა ჩვენდამი. ასეთი დღეები სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს, გვაბედნიერებს…
მინდა, დღევანდელმა ახალგაზრდებმა, მხოლოდ ევროპა კი არა, პოსტსაბჭოთა სივრცეც ნახონ, გაიარონ, იცოდნენ, რამხელა იყო საბჭოთა კავშირი, როგორი ერთიანი იყო ეს უზარმაზარი ქვეყანა. კარგია ევროპა, კარგად ვიცნობ ევროპელებს, ბევრი კარგი თვისება აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მათგან კარგი არაფერი გადმოგვაქვს, მხოლოდ ცუდზე ვართ ორიენტირებულნი. ვურჩევ, სამშობლოს მიხედონ.
მინდა, იცოდნენ, რომ ჩვენ გამარჯვებას ერთობით მივაღწიეთ.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი