Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი ქალის ხუშტურების გადამკიდე ქვეყანა ყველა მიმართულებით ზარალდება

ერთი ქალის ხუშტურების გადამკიდე ქვეყანა ყველა მიმართულებით ზარალდება

2984
სალომე ზურაბიშვილ

ალბათ, გახსოვთ, როგორ უნამუსოდ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები და როგორი პროტესტი მოჰყვა იმხანად მის გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან _ ლამის მთელი საქართველო ფეხზე დადგა, მაგრამ ნაციონალურმა ხელისუფლებამ და პირადად სააკაშვილმა რქებით გაიტანა გადაწყვეტილება და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება ბოლომდე გამოიყენა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მთავარი, რაც ხალხმა დაიჯერა, იყო ის, რომ მკვლელები გარეთ აღარ გამოვიდოდნენ და პრეზიდენტი დამნაშავეებს ხელის ერთი მოსმით არ შეიწყალებდა, მაგრამ ამაოდ. ჯერ იყო და, გიორგი მარგველაშვილმა კლასელები, მეგობრები და სანათესაო შეიწყალა, ახლა კი სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც, უბრალოდ, ახსნა არ აქვს.

დავიწყოთ იმით, რომ ახალმა პრეზიდენტმა დღემდე ვერ მოახერხა და შეწყალების კომისია ვერ თუ არ ჩამოაყალიბა. ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა შეიწყალოს. საზოგადოდ, ადრე არსებული კომისიაც ბევრ კითხვებს აჩენდა, მაგრამ, ასე თუ ისე, ახსნა ჰქონდა, საუბარი იყო რეკომენდაციებზე და შემდეგ, როცა დიდი კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, კომისიის წევრები ამბობდნენ, რომ კონკრეტულ ადამიანებზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერთპიროვნულად მიიღოო. შესაბამისად, ვიცოდით, რომ კონკრეტული ადამიანები კომისიამ კი არა, პრეზიდენტმა შეიწყალა და შემდეგ, როცა ვიგებდით, რომ ეს ადამიანები მისი ოჯახის წევრები ან ბავშვობის მეგობრები იყვნენ, გადაწყვეტილების მოტივსაც ვხვდებოდით.

2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ “ლეგასში” 22 წლის პოლიციელი _ თარაშ მუკბანიანი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამაზ დევაძე სარფში მას შემდეგ დააკავეს, როცა საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. სასამართლომ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს იმის მიუხედავად, რომ ადვოკატები ამტკიცებდნენ, დევაძეს მუკბანიანი განზრახ არ მოუკლავს, უბრალოდ, იარაღი წაართვა და შემდეგ, ტყვიის ამოღებისას ეს იარაღი გაუვარდაო. ექსპერტიზის დასკვნაში კი ისიც წერია, რომ მუკბანიანი სასტიკად იყო ნაცემი. არსებობდა ვარაუდი, რომ კონფლიქტი დაიწყო გარდაცვლილმა, რომელიც ნასვამი იყო, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ დამნაშავედ ცნო დევაძე და მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოზევე გაირკვა, რომ იმავე 2014 წელს, აღნიშნულ კონფლიქტამდე რამდენიმე თვით ადრე, დევაძემ ფიზიკურად შეურაცხყო კიდევ ერთი პოლიციელი, მაგრამ მაშინ დაუსჯელი დარჩა. კულუარულად საუბრობდნენ იმაზეც, რომ დევაძე .. კანონიერი ქურდის _ მინდია გორაძის (იგივე ლავაოღლის) გარემოცვის წევრი იყო და მისი მფარველობითაც სარგებლობდა.

ჰოდა, ასეთი საქმის ფიგურანტი პრეზიდენტმა ხელის ერთი მოსმით შეიწყალა და, რაც მთავარია, გვიმტკიცებს, რომ არ არის ვალდებული, ახსნა-განმარტება გააკეთოს, რადგან ეს მისი დისკრეციული უფლება ყოფილა. სწორედ ამ ტერმინზე გააკეთა აქცენტი ზურაბიშვილმა და…

“დისკრეციული უფლებამოსილება _ ეს არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება”, _ ასეა განმარტებული ეს ტერმინი საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონში. პირდაპირ არის მითითებული, რომ “საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე” უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რაც პრეზიდენტმა, უბრალოდ, არ გააკეთა. ისე, თუ პრეზიდენტი არ აპირებს საზოგადოებისთვის ამ გადაწყვეტილების ახსნას და ამომრჩევლის აზრი არ აინტერესებს, ეგებ ოჯახს მაინც აუხსნას, რატომ მოიქცა ასე და პასუხი გასცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთი წუთითაც კი არ დავიწყებიათ 22 წლის ბიჭის შეწყვეტილი სიცოცხლე.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მისი ამომრჩეველი რეალურად საქართველოში 2-3%-იც კი არ ყოფილა და, რომ არა მმართველი გუნდის მხარდაჭერა, პრეზიდენტი კი არა, დეპუტატიც ვერ გახდებოდა, ამიტომ სადღაც მართალიც კი არის, რომ ამბობს, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი არ ვარო, რადგან ამომრჩეველი, უბრალოდ, არ ჰყავს, მაგრამ ოჯახი?!

საინტერესოა, რას ეტყვის გიორგი გახარია თავის თანამშრომლებს, რომლებიც კრიმინალის წინააღმდეგ იბრძვიან: როგორ აუხსნის, რომ მათ კრიმინალს, შესაძლოა, თავი შეაკლან, მაგრამ დამნაშავე შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს და მკვლელმა გარეთ თავისუფლად იაროს?! ამის ახსნა შეუძლებელია და, სავარაუდოდ, ამიტომ ელიან მმართველი გუნდის წევრები პრეზიდენტის განმარტებას, მაგრამ ეს განმარტება არ ჩანს. თითის გაშვერა დევაძისკენ არასწორი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მასთან ყველაზე ცოტა პრეტენზია შეიძლება გვქონდეს _ კაცი შეიწყალეს და გამოვიდა და რატომ შეიწყალეს, ეგ მისი საქმე ნამდვილად არაა.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ისეთ განცხადებას აკეთებს ან ისეთ ქმედებას სჩადის, რომლის ახსნაც შეუძლებელია. ეს გადაწყვეტილებები და განცხადებები კი არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯს ვნებს, არამედ ეკონომიკასაც ურტყამს და საგარეო კურსსაც. პარალელურად, ინვესტიციების მხრივ ეს სახელმწიფოზე უარყოფით გავლენას ახდენს და ასე, ერთი ქალის ხუშტურების გადამკიდე, ქვეყანა ყველა მიმართულებით ზარალდება.

ის თუ გახსოვთ, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ზურაბიშვილმა პირველი რა განაცხადა? რუსეთს არ დაველაპარაკები, მტერია ეგ ქვეყანაო, _ ასე თქვა (სხვათა შორის, თავისივე საარჩევნო დაპირების საწინააღმდეგოდ) და ეს მაშინ, როცა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე საშინაო თუ საგარეო პრობლემების მოგვარება გამორიცხული რომ არის, კარგად მოგეხსენებათ. ამის მერე იყო, ევროპა-ამერიკას კუდი რომ უქიცინა პრეზიდენტმა და სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო. ჰო, ვერაფერი, რადგან დაპირებები მათი მხრიდან მანამდეც იყო და ახლაც იგივე მეორდება, ქმედითი ნაბიჯები კი არც მანამდე გადადგმულა და არც ახლა გადაიდგმება.

ისიც გვახსოვს, პრეზიდენტმა დავითგარეჯში რომ იპოზიორა და შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადება შეიქნა მაპროვოცირებელი იმისა, რაც დღემდე ხდება. პარადოქსია, მაგრამ ესეც ფაქტია: ყველა თანხმდება, რომ აზერბაიჯანი ჩვენს ისტორიულ ადგილებს გვეცილება, მაგრამ ის მეგობარი სახელმწიფოა, აი, რუსეთი კი ოკუპანტია. ალბათ, აქეთ საქართველოს სხვანაირი მიწა აქვს და მისი დაკავება უცხო ქვეყნის მიერ ოკუპაციად არ ითვლება. და რაც მთავარია, ამას არავინ აპროტესტებს და ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ.

საქართველოს საზღვრებს გარეთ ასეა _ პრეზიდენტი ქვეყნის სახეა, ხოლო მისი განცხადება ითვლება ქართველი ხალხის განცხადებად და ხედვად. უცხოელებს არ აინტერესებთ, როგორ და რა ვითარებაში აირჩიეს პრეზიდენტი, რომ მას მოსახლეობამ იმიტომ მისცა ხმა, ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნებულიყო. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი ილაპარაკებს, ეს ავადაც და კარგადაც ჩვენს ქვეყანას წაადგება, თუმცა ჯერ კარგი არც არაფერი უთქვამს და არც არაფერი გაუკეთებია. აი, ცუდი კი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ იმდენია, უკვე სათვალავი აგვერია.

ქვეყნის ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავედით და პრეზიდენტის უფლებები მაქსიმალურად არის შეზღუდული, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ ქაღალდზეა. პრეზიდენტი ქვეყნის სახეა კონსტიტუციით და რეალურადაც სწორედ პრეზიდენტის განცხადებების საფუძველზე არაერთხელ მოვხვდით გაუგებრობაში და, რაც მთავარია, ამის ახსნას ხშირად ვერც მმართველი გუნდის წევრები ახერხებენ, ოპოზიცია კი ცეცხლზე ნავთს ასხამს და ისედაც გაფუჭებულ საქმეს ბოლომდე წყალს ატანს.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ პრობლემებზე ისე აპელირებს, რომ რჩევასაც არავის ეკითხება. ის პრობლემების მოგვარების ისეთ გადაწყვეტას სთავაზეობს ყველას, როგორიც თვითონ მიაჩნია სწორად, მაგრამ ძირითად შემთხვევებში მისი ნაფიქრი ქვეყნისთვის საზიანოა. ზურაბიშვილი შანსს არ უშვებს ხელიდან, რუსეთი არ გალანძღოს და, საქმე საქმეზე როცა მიდგება, ვერ ასახელებს გზებს, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. ის ამბობს, რომ რუსეთთან საუბარი არ შეიძლება და ევროპასა და ამერიკას ესაუბრება, ისინი კი მხოლოდ შეშფოთებააღშფოთებით არიან დაკავებულნი, გვაიძულებენ, რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე უარი ვთქვათ და პრობლემა გაურკვეველი ვადით დაკონსერვდეს. უფრო ზუსტად, არც თუ გაურკვეველი ვადით, როგორც კი ევროპასა თუ ამერიკას დასჭირდება, მაშინვე წამოწევენ ხოლმე თემას, ურთიერთობას ძაბავენ და შემდეგ რუსეთს საქართველოთი ევაჭრებიან. ეს არის ფაქტი და ვერსად გავექცევით. ჰოდა, სანამ საქართველო დასავლეთის სავაჭრო ნივთია, მანამ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ პრეზიდენტმა ციხიდან მკვლელები გაათავისუფლოს და ახსნა-განმარტებაც არ იკადროს, იმიტომ, რომ თურმე ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. სულ სალომეს უნდა ეხლა მაგ ხუშტურებზე სიარული აი. ეტყვიან ესე ქენიო და ესეც შვება. მერე ეტყვიან ეს თქვიო და ამბობს. ხელფასი და პრემია კი აქ როგორც შენ ავტორო და რა პონტში არ იაროს ჩვენ რო ვიცით იმის ხუშტურებზე? შენც მასე არ ხარ შე კაი დედმამიშვილოოოო? დდდდ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here