საერთაშორისო ინსტიტუტები აქტიურად უწევენ პროპაგანდას ერთი და იმავე სქესის პირთა ოჯახებს; ცდილობენ, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ბავშვის აღზრდა შეიძლება ისეთ ოჯახებში, რომლებშიც დედ–მამის ნაცვლად არიან “მშობელი #1” და “მშობელი #2”, რომ ტრადიციული ღირებულებები (ქმარი, ცოლი) წარმავალია და გაქრება.
ინტერნეტსივრცეში ქვეყნდება უამრავი რეალური ისტორია იმ ადამიანებისა, რომლებიც ჰომოსექსუალურ ოჯახებში აღიზარდნენ. ამ ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ამბავი კანადელი ქალის მონათხრობია, რომელიც წიგნადაა გამოცემული _ “დავასრულოთ წარსული: ჰომოსექსუალურ ოჯახში აღზრდის შესახებ”. ავტორია დონ სტეფანოვიჩი, ჰომოსექსუალების ოჯახში აღზრდილი ქალი. იგი ილაშქრებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც კანადაშია დაკანონებული. აგრეთვე, კატეგორიულად არ ეთანხმება, რომ “მამა” და “დედა” სხვა ვარიანტებით შეიცვალოს, მაგალითად, “კანონიერი მშობლით”.
დონ სტეფანოვიჩი ქალია, რომელიც აღიარებს, რომ ცხოვრება გაუუბედურეს. იგი გეების ოჯახში გაიზარდა, მისი ერთი მამა იმუნოდეფიციტით გარდაიცვალა. სტეფანოვიჩი უმთავრესად კანადური კანონების ნიუანსებს აკრიტიკებს _ ოფიციალურმა ოტავამ, ფაქტობრივად, გაანადგურა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იმით, რომ აკრძალა დებატები ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიზანშეწონილობის შესახებ (არაბუნებრივ ფასეულობათა საჯარო კრიტიკას შეიძლება კანონით გათვალისწინებული სასჯელი მოჰყვეს).
მწერალმა ქალმა, ჰომოსექსუალების მიერ აღზრდილ სხვა ადამიანებთან ერთად, არაერთხელ მიმართა სხვადასხვა უწყებას, მათ შორის აშშ-ის უმაღლეს სასამართლოს, პატივისცემით მოპყრობოდა ადამიანების თხოვნას ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის, აღიარების შესახებ, მაგრამ “ახალ” რეალობაში სრულიად განსხვავებული ვითარება ჩამოყალიბდა: დასავლური ინსტიტუტები ახალგაზრდობას კვლავაც თავს ახვევენ ოჯახის ისეთ “ალტერნატიულ” ვარიაციებს, როგორიცაა ორი კაცის თუ ორი ქალის კავშირი.
“ერთი და იმავე სქესის პირთა ოჯახების ბავშვები ხშირად მალავენ თავიანთ უბედურებას და ისე უჭირავთ თავი, თითქოს არ ენატრებათ თავიანთი ბიოლოგიური მშობლები. სრულად ემორჩილებიან უფროსების გავლენას, რომლებიც აიძულებენ, არსებულ ოჯახზე მხოლოდ პოზიტიურად ილაპარაკონ”, _ დარწმუნებულია სტეფანოვიჩი.
ერთი და იმავე სქესის პირთა ოჯახში დათრგუნვილი მწერალი ქალი აქტიურად იბრძვის ქორწინების ერთადერთი სწორი განსაზღვრის დასაკანონებლად _ ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი. სხვა დაზარალებულებთან ერთად მხოლოდ ტრადიციული ოჯახისა და ბავშვებისთვის სრულფასოვანი ოჯახის შენარჩუნების უფლების დასაცავად იღვწის.
კანადაში მოქმედებს გენდერულ-ნეიტრალური ენა სქესისა და “დედისა” და “მამის” ცნებების მითითების გარეშე. ამ ენას აჩვევენ ბავშვებს სკოლებში მშობლებთან შეუთანხმებლად.
“მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონის ძალით დაცვა არავის უფლებებს არ დააზარალებს. ეს სიცრუა”, _ ასკვნის სერაფიმოვიჩი.
სინამდვილეში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების, როგორც დადებითი და “ნორმალური” მოვლენის, ტირაჟირება კოლოსალურად აზიანებს ტრადიციულ ფასეულობებს. ასეთი ხასიათის პროპაგანდის მასშტაბი უფლებას გვაძლევს, დავასკვნათ, რომ გეიოჯახის მოწონების დაძალება დარტყმის ქვეშ აყენებს ბავშვების უფლებას, ჰყავდეთ ბიოლოგიური მშობლები.
კანადელი მწერალი ქალის გამოცდილება გვასწავლის, რომ ბევრ ადამიანს, რომლებიც ჰომოსექსუალთა ოჯახში გაიზარდნენ, გარკვეული პრობლემები აწუხებს, რომელთა შესახებ დასავლური ინსტიტუტები დუმილს ამჯობინებენ. საკითხისადმი ასეთმა მიდგომამ შეიძლება მკვეთრად ნეგატიური შედეგი გამოიღოს _ ტრადიციული ფასეულობანი დისკრიმინირებული აღმოჩნდება: მსოფლიოსთვის გასაგები ცნებები “ცოლი” და “ქმარი”, “დედა” და “მამა” შეიძლება სამუდამოდ გაქრეს.