Home რუბრიკები ისტორია ერთად აღმოსავლეთის ომებში

ერთად აღმოსავლეთის ომებში

1230
ივანე ანდრონიკაშვილი

ნიკოლოზ პირველმა გადაწყვიტა, საბოლოოდ მოეგვარებინა .. აღმოსავლეთის საკითხი. მიაჩნდა, რომ ოსმალეთის მიმართ თავისი ზრახვების სისრულეში მოსაყვანად ხელსაყრელი მომენტი იყო. მართალია, 1829 წლის ადრიანოპოლის ზავმა რუსეთს გარკვეული უპირატესობა მიანიჭა, მაგრამ თავისი მიზნების სისრულეში მოყვანისგან ჯერ კიდევ შორს იყო.

ინგლისთან მოლაპარაკების წარუმატებლობის შემდეგ ნიკოლოზმა გადაწყვიტა, აშკარად ემოქმედა. მანწმინდა ადგილებისდაცვის მომიზეზებით თურქეთში გაგზავნა ელჩობა მენშიკოვის მეთაურობით, რომელსაც დავალებული ჰქონდა, თუ დიპლომატიური გზით ვერ მოახერხებდა, თურქეთის იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანულ მოსახლეობაზე თურქეთს რუსეთის პროტექტორატი ეცნო, იმ შემთხვევაში აშკარა კონფლიქტი გამოეწვია. საფრანგეთისა და ინგლისის ელჩების მიერ დაიმედებულმა თურქეთის სულთანმა რუსეთის წინადადებები არ მიიღო და 1853 წლის ნოემბერში თურქეთი რუსეთთან ომში კვლავ ჩაება.

წერილი III

ომი თურქეთთან

ქართველმა ხალხმა, რომელიც 1806-1812 და 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომებში ოსმალეთის მიერ მოტაცებული მიწა-წყლის დასაბრუნებლად იბრძოდა, ამჯერადაც მთელი თავისი ძალები დარაზმა და აქტიურად ჩაება საუკუნოვანი მტრის წინააღმდეგ ომში.

მდგომარეობას განსაკუთრებით ის გარემოება ართულებდა, რომ საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდანაც განუწყვეტელი საფრთხე ემუქრებოდა. აქედან ყოველთვის მოსალოდნელი იყო რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მიურიდების _ შამილისა და მაჰმად-ემინის შემოჭრა. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული იყო, კავკასიაში მოქმედი ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიურიდების წინააღმდეგ მოსალოდნელი ბრძოლისათვის მუდმივ მზადყოფნაში ჰყოლოდა.

რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე თურქები შეუდგნენ თავიანთი ძალების კონცენტრაციას საქართველო-ამიერკავკასიის საზღვრების გასწვრივ. მოწინააღმდეგის ყურადღება თბილისისკენ იყო მიმართული. თბილისის ხელში ჩაგდება ამიერკავკასიაში ბატონობას განაპირობებდა. ასე რომ, თურქეთისათვის კავკასიის ფრონტზე წარმოებული საომარი მოქმედების მთავარი მიზანი თბილისის აღება იყო. რუსეთისათვის კი კავკასიის შესანარჩუნებლად თბილისის დაცვა უპირველეს სტრატეგიულ აუცილებლობას წარმოადგენდა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საპატიო და პირველხარისხოვან ამოცანად იყო გამოცხადებული. თბილისის დასაცავად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ალექსანდროპოლის ციხესიმაგრეს, რომელიც კეტავდა ყარსიდან თბილისისკენ მიმავალ პირდაპირ გზას. ასეთივე მნიშვნელობისა იყო ყარსიდან არდაღანზე და ბორჯომის ხეობისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ახალციხეც. ითვალისწინებდა რა ამ მდგომარეობას, ადგილობრივი მთავარსარდლობის მიერ რეგულარული ჯარებისა და მილიციის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ყარსის მიმართულებით ალექსანდროპოლში, ახალციხესა და ახალქალაქში იყო თავმოყრილი.

კავკასიის ფრონტზე საომარი მოქმედებები რუსეთ-თურქეთის ომის გამოცხადებამდე დაიწყო. ოსმალეთმა ისარგებლა იმ მდგომარეობით, რომ რუსეთის ძალები ჯერ კიდევ არ იყვნენ კონცენტრირებულნი საზღვრებთან და 1853 წლის 15-16 ოქტომბერს ღამით მოულოდნელად თავს დაესხა გურიის საზღვარზე შეკვეთილის საგუშაგოს, სადაც იმყოფებოდა მხოლოდ მცირერიცხოვანი რუსთა რაზმი და გურიის სახალხო ლაშქარი გიორგი გურიელის მეთაურობით. ერთმა მუჭა გარნიზონმა და სახალხო მილიციამ გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია მტრის 5000-მდე კაციან ჯარს. უთანასწორო ბრძოლამ შეკვეთილის საგუშაგოს დასაკავებლად მთელ ღამეს გასტანა, გარნიზონისა და მილიციის წინააღმდეგობა არ შეწყვეტილა, ვიდრე საბოლოოდ არ ამოწურეს ტყვია-წამლის მარაგი. თურქები სასტიკად გაუსწორდნენ მამაც მებრძოლებს. მათ თითქმის მთლიანად ამოხოცეს გარნიზონი. ბავშვებსა და ქალებსაც კი არ ინდობდნენ და უმოწყალოდ ხოცავდნენ. ბრძოლაში დაიღუპა მილიციის მეთაური გიორგი გურიელიც.

2 ნოემბერს ალექსანდროპოლის მახლობლად სოფელ ბაიანდურთან რუსეთის ჯარს მორიგი ბრძოლა ჰქონდათ თურქებთან. ალექსანდროპოლიდან დასაზვერად გასულ რუსთა მცირერიცხოვან ჯარს, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ 7 ბატალიონი შედიოდა, სრულიად მოულოდნელად თავს დაესხა მთელი ანატოლიის კორპუსი. რუსთა ჯარი ილია ორბელიანის მეთაურობით მთელი დღის განმავლობაში გმირულად იგერიებდა მტრის თავდასხმას. საღამოს გენერალ ბებუთოვის მიერ მაშველი ჯარის მოყვანის შემდეგ თურქები უკან გაბრუნდნენ.

4 ნოემბერს ოფიციალურად გამოცხადდა რუსეთ-თურქეთის ომი.

1853 წლის ნოემბრის დასაწყისში თურქების მნიშვნელოვანი ძალები დაიძრა ახალციხისკენ. ახალციხის ხელში ჩაგდება თურქებს ბორჯომის ხეობისა და სურამის გავლით თბილისისაკენ გაუხსნიდა გზას. მტერი ყოველი მხრიდან გარშემოერტყა ახალციხის ციხესიმაგრეს. თურქების ძალები გაცილებით სჭარბობდნენ ახალციხეში დაბანაკებულ რუსის ჯარებს. ყარსიდან, არდაღანიდან და აჭარიდან მტერს ახალ-ახალი ძალები ემატებოდა და ახალციხის მდგომარეობა სულ უფრო კრიტიკული ხებოდა. ახალციხის რაზმის უფროსი გენერალი კოვალენსკი შეშფოთებული სასწრაფო დახმარებას თხოულობდა. იგი ამიერკავკასიაში სახელგანთქმულ გენერალს, ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილს ემუდარებოდა, ჩასულიყო ახალციხეში და ხელში აეღო ახალციხის მისადგომებთან ოსმალების განდევნის ორგანიზაცია. 12 ნოემბერს გენერალი ანდრონიკაშვილი მაშველი ჯარებით მივიდა ახალციხეს. ანდრონიკაშვილის განკარგულებაში მყოფი ახალციხის რაზმი 800 კაცისგან შედგებოდა. მათ რიცხვში 2 რაზმეული, ერთი ასეული ქართული მილიცია და მოხალისეები იყვნენ. ოსმალთა რაოდენობა კი 20 000-ს აღწევდა. ახალციხეში მისვლისთანავე, 14 ნოემბერს, დილიდან, ანდრონიკაშვილმა ოსმალებს საარტილერიო ცეცხლი დაუშინა, მაგრამ დაინახა, რომ არტილერიით სასურველ მიზანს ვერ მიაღწევდა და ჯარი ხელჩართულ ბრძოლაზე გადაიყვანა. მისი იერიში იმდენად ელვისებური და მედგარი იყო, რომ მტერი შედრკა და უკან დახევა დაიწყო. საღამოსათვის სრულიად დემორალიზებული თურქეთის არმია, სასტიკად დამარცხებული, არდაღანისკენ გარბოდა. რუსებისა და ქართველების ლაშქარს ხელთ ჩაუვარდა მდიდარი ნადავლი. თურქებმა ბრძოლის ველზე დატოვეს ზარბაზნები, საარტილერიო ყუმბარები, თოფისწამალი, ვაზნები და სხვ. მოკლული იყო 1500-ზე მეტი თურქი ჯარისკაცი, დაჭრილი _ 2000. ახალციხესთან მოპოვებულ გამარჯვებაში განსაკუთრებით ისახელა თავი გორის რაზმმა.

თბილისში დაბრუნებულ გენერალ ანდრონიკაშვილს ქართველმა ხალხმა საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ქალაქის შემოსასვლელთან მას შეეგებნენ ქართველი თავად-აზნაურების ცხენოსანი რაზმი, მეფისნაცვლის ამალა და მთელი თბილისის მოსახლეობა, საბურთალოს მინდორი მთლიანად მოფენილი იყო ხალხით.

ახალციხესთან გამარჯვების შემდეგ ალექსანდროპოლის რაზმის მეთაურმა და კავკასიის ჯარების მთავარსარდალმა ბებუთოვმა თავისი ჯარები ყარსისკენ დაძრა. 19 ნოემბერს ყარსის მახლობლად სოფელ ბაშკადიკლართან მოხდა გადამწყვეტი შეტაკება ბებუთოვის რაზმსა და თურქეთის ძირითად ძალებს, ანატოლიის კორპუსს შორის. აქაც, მიუხედავად მტრის მრავალრიცხოვნებისა, ბებუთოვმა სასტიკად დაამარცხა ისინი. ბაშკადიკლარის ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გენერალმა ივანე ჭავჭავაძემ, რომელიც შემდეგში ამ ბრძოლისათვის გიორგის ჯვრით დაჯილდოვდა.

ბაშკადიკლართან გამარჯვებით დაამთავრდა 1853 წლის კამპანია. ერთი დღით ადრე, 18 ნოემბერს, ადმირალმა ნახიმოვმა სინოპთან თითქმის მთლიანად გაანადგურა თურქეთის ფლოტი.

ამიერკავკასიის ცენტრალურ პოზიციებზე მტრის განადგურების პარალელურად გურია-სამეგრელო-იმერეთის საზღვრებზე კვლავ დაძაბული მდგომარეობა იყო. გურიის საზღვრებზე თურქები აძლიერებდნენ ჯარების თავმოყრას, მათი რიცხვი იმ დროისათვის უკვე 30 ათასს აღემატებოდა. ისინი გურია-სამეგრელოდან აფხაზეთში გაჭრასა და მაჰმადიანებისა და შამილის ჯარებთან შეერთებას აპირებდნენ. რეგულარული ჯარების ნაკლებობის გამო გურია-სამეგრელო-იმერეთის საზღვრების დაცვის სიმძიმე ადგილობრივ მილიციას დააწვა.

სინოპთან თურქების ფლოტის განადგურებამ შეაშფოთა ინგლის-საფრანგეთი, ისინი აშკარად ხედავდნენ იმ საშიშროებას, რაც შავ ზღვაზე რუსეთის გაბატონებისაგან მოელოდათ და 1854 წლის იანვარში მოკავშირეთა ფლოტი, თურქეთის გემების დაცვის საბაბით, შავ ზღვაში შემოვიდა. ინგლის-საფრანგეთის გაერთიანებული ფლოტის შავ ზღვაში გამოჩენა და უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ომის გაჩაღება, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, მოკავშირე სახელმწიფოთა შორის ძირფესვიანად ცვლიდა კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს მდგომარეობას _ იგი აშკარა კატასტროფის წინაშე იდგა. მეფისნაცვალ ვორონცოვს კარგად ესმოდა ის საფრთხე, რომელიც შავ ზღვაში მოკავშირეების ფლოტის შემოსვლით შეექმნა საქართველოს. მართალია, მოკავშირეების მიზანი სევასტოპოლი იყო, მათ რუსეთის ფლოტის განადგურება და ყირიმის თურქეთისათვის დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ მათი მხოლოდ გამოჩენაც კი შავ ზღვაზე საკმარისი იყო იმისათვის, რომ რუსეთი კავკასიის საბოლოოდ დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დამდგარიყო.

1854 წლის მარტში რუსეთსა და ინგლის-საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა და ინგლის-საფრანგეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ომის შემდგომი მსვლელობა რუსეთს კარგს აღარაფერს უქადდა. 1854 წლის მარტში მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალმა რეადმა, საჭიროდ მიიჩნია რუსი ჯარების გამოყვანა აფხაზეთიდან. ამ უაღრესად ძნელი ოპერაციის შესრულება მან აფხაზეთის მთავარს, გენერალ-ადიუტანტ მიხეილ შარვაშიძეს მიანდო. შარვაშიძეს ჩრდილო კავკასიის ტომებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დიდი გავლენით სარგებლობა მათ შორის. მან ყოველი ღონე იხმარა ამ დავალების წარმატებით შესასრულებლად და, მართლაც, მოახერხა, სრულიად უდანაკარგოდ გამოეყვანა რუსის ჯარი აფხაზეთიდან სამეგრელოში.

დასავლეთ საქართველო სრულიად უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა _ მტერს სამეგრელოსა და იმერეთში შემოსაჭრელად გზა გახსნილი ჰქონდა. მართალია, აფხაზეთიდან გამოყვანილი 5 ბატალიონით გურიის რაზმი გაძლიერდა, მაგრამ ეს უმნიშვნელო გაძლიერება იმ საფრთხესთან შედარებით, რაც დასავლეთ საქართველოს სანაპირო სიმაგრეებისა და აფხაზეთის ევაკუკციით მოელოდა, არაფერს ნიშნავდა. 1854 წლის კამპანიაში კავკასიის ფრონტზე “რიონის მხარის” დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, საჭირო იყო გურიის რაზმის გაძლიერება, კავკასიის ცენტრალური პოზიციებიდან მაშველი ჯარების გადასროლა დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ამ დროისათვის ყარსთან 60-ათასკაციანი ანატოლიის კორპუსი მოვიდა და სრულიად შეუძლებელი გახდა ამ ღონისძიების ჩატარება.

ომის კრიტიკულ ეტაპზე ახალციხე-გურიის რაზმების უფროსად დაინიშნა გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი. ის სასწრაფოდ გაემგზავრა ოზურგეთში და ენერგიულად შეუდგა გურიის რაზმის საბრძოლო წესრიგში მოყვანას. 1854 წლის მარტის ბოლოსათვის გურიის რაზმში სულ 10 ბატალიონი, 2 ასეული რეგულარული ჯარი და 40 ასეულამდე სახალხო მილიცია ითვლებოდა. ისინი განლაგებული იყვნენ ოზურგეთის განაპირა მხარეებსა და ჩოხატაურის მაღლობებზე. მოსალოდნელი იყო მტრის თავდასხმა ბათუმისა და სოხუმ-კალეს მხრიდან, გარდა ამისა, შესაძლებელი იყო, თურქები შეტევაზე გადმოსულიყვნენ არდაღანიდან და აჭარიდან და თავს დასხმოდნენ ახალციხეს. ანდრონიკაშვილმა აუცილებლად მიიჩნია მჭიდრო კავშირის დამყარება გურიისა და ახალციხის რაზმებს შორის, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ, საჭიროების შემთხვევაში მსწრაფლ დახმარებოდნენ ერთმანეთს. ამ მიზნით, მან ბრძანა, წესრიგში მოეყვანათ იმერეთ-ახალციხის დამაკავშირებელი ყველაზე მოსახერხებელი აბასთუმნის გზა. აბასთუმნის გზის დაცვა ქუთაისის მცხოვრებლებს დაევალათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here