ლეგენდარული საბჭოელი (რუსი) ფეხბურთელი ლევ იაშინი 1929 წლის 22 ოქტომბერს დაიბადა მოსკოვში. ის პირველი საბჭოელი ფეხბურთელია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ჯილდო “ოქროს ბურთი” დაიმსახურა და დღემდე ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი ერთადერთი გოლკიპერია.
ბავშვობა და სიჭაბუკე
ლევ იაშინი მოსკოვში დაიბადა 1929 წლის 22 ოქტომბერს მამა პეტრე იაშინი ქარხანაში ზეინკლად მუშაობდა, დედა ალექსანდრაც იმავე ქარხნის თანამშრომელი იყო. პირველი საფეხბურთო გაკვეთილები ბიჭმა თავისი სახლის ეზოში მიიღო. ლევ იაშინი 11 წლის იყო, როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო. ოჯახთან ერთად ის ულინოვსკში გადავიდა და უფროსებს ეხმარებოდა, როგორც მტვირთავი. მალე მიიღო ზეინკლის კვალიფიკაცია და დაიწყო სამხედრო მოწყობილობების დამზადება. ომის შემდეგ იაშინი მოსკოვში დაბრუნდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა, საღამოობით კი ტუშნოში (მოსკოვის რაიონი) მოყვარულთა საფეხბურთო კლუბ “კრასნი ოქტიაბრის” შემადგენლობაში თამაშობდა. ცოტა ხნის შემდეგ ის მოსკოვის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში აიყვანეს მეკარედ.
კარიერა
იაშინი მხოლოდ მოსკოვის “დინამოს” მაისურით გამოდიოდა და ამ კლუბის შემადგენლობაში 22 წლის განმავლობაში ითამაშა. ის ჰოკეისაც შესანიშნავად თამაშობდა. 1953 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც კი გახდა და ქვეყნის ნაკრებშიც მიიწვიეს, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთი აირჩია.
ლევ იაშინმა საბჭოთა მეკარეებს შორის პირველმა დაიწყო ფეხით ბურთის გადაცემა, ბურთის დაჭერის ნაცვლად მისი მოგერიება. ამაში მას ეხმარებოდა სიმაღლეც (189 სმ) და გრძელი ხელებიც. ლევ იაშინს მოქნილობისთვის, სწრაფად გადაადგილებისა და სწორი პოზიციის შერჩევისთვის “შავი ობობა” შეარქვეს (შავი იმიტომ, რომ ყოველთვის მუქი ფერის მაისურებს იცვამდა. სინამდვილეში მისი მაისური არა შავი, არამედ მუქი ლურჯი იყო).
1956 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მელბურნის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების შემდეგ, 1960 წელს ლევ იაშინმა მოიგო ევროპის პირველი ჩემპიონატიც (ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა ფეხბურთელებმა _ მიხეილ მესხმა, სლავა მეტრეველმა და გივი ჩოხელმა).
ლევ იაშინი 6-ჯერ იყო “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სიაში. 1960 წელს, როცა სსრკ–ის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, “ოქროს ბურთი” კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელ ლუის სუარესს გადასცეს _ ურუგვაელი ფორვარდის სეხნიას, იაშინმა მე-5 ადგილი დაიკავა, 1961 წელს კი _ მეოთხე.
1963 წელი წარმატებული აღმოჩნდა იაშინისთვის: სსრკ-ის ჩემპიონატის 27 მატჩში მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა. წლის ბოლოს კი მონაწილეობდა “საუკუნის მატჩში”, რომელიც ლონდონში, “უემბლიზე” გაიმართა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებსა და ინგლისის ეროვნულ გუნდს შორის. “უემბლიზე” გამართული მატჩი მიეძღვნა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დაფუძნების 100 წლისთავს, ე.ი., ფეხბურთის დაბადების 100 წლისთავს. ეს იყო ფეხბურთის შემქმნელებისა და მათი მიმდევრების შეხვედრა. გაიყიდა მატჩზე დასასწრები 100 ათასი ბილეთი. ლევ იაშინი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში აღმოჩნდა ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც იყვნენ ესპანელები _ ჰენტო (ჩემპიონთა თასის ექვსგზის გამარჯვებული) და ალფრედო სტეფანო (ჩემპიონთა თასის 5-გზის გამარჯვებული), პორტუგალიელი ეუსებიო ჩემპიონთა თასის გამარჯვებული _ 1962 წ.), ფრანგი როაიმონ კოპა (1958 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი) და უნგრული წარმოშობის ესპანელი ფერენც პუშკაში.
მატჩი დამთავრდა ინგლისელთა გამარჯვებით 2:1. ლევ იაშინს, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს, ამ მატჩში ბურთი არ გაუშვია. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად იაშინი და გრივსი დაასახელეს. ბევრ ინგლისელს მიაჩნდა, რომ 1963 წელს “ოქროს ბურთი” ინგლისელ გორდან ბენქსს ეკუთვნოდა, მაგრამ თვითონ შესანიშნავმა ინგლისელმა მეკარემ განაცხადა: იაშინი “სამაგალითი იქნება ყველა მეკარისთვის”-ო.
აღსანიშნავია, რომ ფიფამ “საუკუნის მატჩში” მონაწილეობისთვის თბილისის “დინამოს” ლეგენდარული თავდამსხმელი მიხეილ მესხი მიიწვია, მაგრამ სსრკ-ის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას აცნობა, რომ “მესხი საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა” და მის ნაცვლად შეეძლოთ, ლევ იაშინი გაეგზავნათ.
“საუკუნის მატჩის” შემდეგ, 1963 წლის 10 ნოემბერს ლევ იაშინმა რომში გამართულ ევროპის 1964 წლის შესარჩევი ტურნირის საპასუხო მატჩშიც გაიბრწყინა, როცა მაცოლას პენალტი აუღო და იტალიელები გათამაშებიდან გამოთიშა (პირველი მატჩი, რომელშიც სსრკ-ის ნაკრების კარს რამაზ ურუშაძე იცავდა, საბჭოელებმა 2:0 მოიგეს).
1963 წელს სწორედ ამ ორ მატჩში ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა პრესტიჟული ჯილდოს “ოქროს ბურთის” ლევ იაშინისთვის გადაცემა.
“ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში 21 ჟურნალისტი მონაწილეობდა, მათგან 11-მა პირველ ადგილზე იაშინი დაასახელა, 5-მა _ მეორეზე, 1-მა _ მესამეზე, დანარჩენებმა სამეულში არ შეიყვანეს.
ლევ იაშინმა გამოსათხოვარი მატჩი 1971 წლის 27 მაისს ჩაატარა _ ეს იყო მატჩი მსოფლიოს ვარსკვლავების ნაკრებსა და სხვადასხვა ქალაქის “დინამოს” ფეხბურთელთა ნაკრებს შორის. მატჩში მონაწილეობდნენ: ინგლისელი ბობი ჩარლტონი, გერმანელი გერდ მიულერი და სხვა გამოჩენილი ფეხბურთელები.
კარიერის დასრულების შემდეგ ლევ იაშინი მწვრთნელად მუშაობდა ბავშვებისა და ახალგაზრდების გუნდებთან. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და მასმედიის წარმომადგენელთა აღიარებით, ლევ იაშინი XX საუკუნის საუკეთესო მეკარედ ითვლება და შესულია სპორტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.
პირადი ცხოვრება
ლევ იაშინი დაქორწინებული იყო ვალენტინა იაშინზე. ჰყავს ორი ქალიშვილი _ ნადეჟდა და ელენე. სახელგანთქმული მეკარე 1990 წლის 18 მარტს გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად დადგმულია უამრავი ქანდაკება და მონუმენტი, ხოლო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საუკეთესო მეკარისთვის ლევ იაშინის სახელობის პრიზი დააწესა.
ლევ იაშინის მიღწევები:
* სსრკ-ის თასის მფლობელი მოსკოვის “დინამოს” შემადგენლობაში 1953, 1967, 1970 წლებში;
* სსრკ-ის ჩემპიონი მოსკოვის “დინამოს” შემადგენლობაში _ 1954, 1955, 1957, 1959, 1963 წ.;
* ოლიმპიური ჩემპიონი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში _ 1956 წ.
* ევროპის ჩემპიონი სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში _ 1960 წ;
* სსრკ-ის საუკეთესო მეკარე _ 1960, 1963, 1966 წ;
* ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი “ფრანს ფუტბოლის” ვერსიით _ “ოქროს ბურთის” მფლობელი.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა