Home სხვადასხვა დაიჯესტი ერდოღანმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ადგილი მიუჩინა

ერდოღანმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ადგილი მიუჩინა

სკანდალი ევროკავშირსა და თურქებს შორის

226
ერდოღანმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ადგილი მიუჩინა

ევროკავშირის კომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ანკარაში ოფიციალურ შეხვედრაზე დაამცირეს _ მას დასაჯდომად სკამი არ შესთავაზეს. “დიქტატორი!” _ აღშფოთდნენ ევროკავშირში, გულისხმობენ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

თურქეთის პრეზიდენტისგან ყველაფერია მოსალოდნელი. პრობლემა ევროკომისიის თავმჯდომარის რეაქციაა: ერდოღანის აღმაშფოთებელი თავხედობის პასუხად რატომ არ მიატოვა იქაურობა და მორჩილად “გადაყლაპა” დამცირება, _ წერს ბერძნული გამოცემა Ta Nea-ს მიმომხილველი ვასილის კანელისი.

ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ორგანოს ხელმძღვანელმა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “ევროკავშირის პრემიერმინისტრმა” თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ურეაქციოდ მიიღო.

ევროპა აფორიაქებულია იმ ეპიზოდის შემდეგ, როცა ერდოღანმა ასე დაამცირა ურსულა ფონ დერ ლაიენი და მასთან ერთად ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც ვერ გაბედა იმის გაკეთება, რაც საჭირო იყო _ დაეთმო ადგილი ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის და ამით განემუხტა უხერხული ვითარება.

სიმართლე უნდა ითქვას, ბევრი სხვაგვარ საქციელს არც ელოდა თურქეთის პრეზიდენტისგან. მან დაამტკიცა, რომ ლიდერია (თავისი ქვეყნისთვის) და ქედს არავის მოუხრის. აჩვენა, რომ შეუძლია, ყველა დაამციროს ისე, როგორც მოესურვება, და ამაზე რეაქცია არავის ექნება, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, როგორც ეს ცოტა ხნის წინათ გააკეთა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტის შეტევა უპასუხოდ არ დატოვა. ერდოღანმა, თავისი ძალისა და ძალაუფლების წარმოჩენის გარდა, რაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გამოავლინა, თურქული კულტურის აუდიტორიაზეც ითამაშა. ეს კულტურა კი მკვეთრად განსხვავდება დასავლეთის ცხოვრების წესისგან. ის ღრმად კონსერვატიულია, საერთო არაფერი აქვს ბურჟუაზიულ თავაზიანობასთან, თანამოსაუბრის პატივისცემასთან, როცა ის მოწინააღმდეგეა. და, რაც მთავარია, განსხვავებაა ქალის პატივისცემაში. ევროპის კომისიის ხელმძღვანელი არის ქალი, რომელსაც არ გაუპროტეტებია მასპინძლის უღირსი საქციელი.

შეხვედრის კადრებმა მსოფლიო შემოიარა. დარბაზში, რომელიც მომზადებულია თურქეთის პრეზიდენტისა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებებისთვის, შედის სამი პირი _ თვითონ ერდოღანი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მაგრამ იქ სულ ორი სკამია. ერდოღანი დაჯდა თავის სავარძელში თურქეთის დროშასთან, მეორე სავარძელი ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაიკავა შარლ მიშელმა, ლაიენი კი იძულებული იყო, ობოლივით დამჯდარიყო დივანზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს წინ.

თავმჯდომარე ევროპის საბჭოსი, რომელშიც შედიან ევროკავშირის ქვეყნების მთავრობის მეთაურები, ბრიუსელის უმაღლესი წარმომადგენელია საერთაშორისო არენაზე, მაგრამ მას ძალიან ცოტა უფლებამოსილება აქვს. ის თურქეთის პრეზიდენტ-სულთანმა, როგორც ტოლი, ისე მიიღო.

ევროკომისიის ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, მთავრობის თავმჯდომარეა საპარლამენტო რესპუბლიკაში და უამრავი უფლებამოსილება აქვს. ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა ერდოღანმა, მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენის დამცირების სურვილმა სძლია.

შარლ მიშელმა ვითარების გამოსწორება სცადა და მომხდარს “პროტოკოლური შეცდომა” უწოდა, რომელიც გამოწვეული იყო მიმღები მხარის სწრაფვით, ყველაფერი მართებულად გაეკეთებინა, მაგრამ მას ჩავუშოღლუმ უპასუხა, რომ ამ შეხვედრაზე “ყველაფერი საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებითა და ჩვეულებრივი პროტოკოლით გაკეთდა”.

იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი გამოესარჩლა ფონ დერ ლაიენს და ერდოღანს დიქტატორი უწოდა. დრაგის არ სჯერა, რომ ეს ყველაფერი შემთხევით მოხდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს: ეს იყო ერდოღანის შურისძიება, რომ თურქეთი, უკვე 20 წელია (უფრო 34 წელი, თუ განაცხადის შეტანის მომენტიდან ავითვლით), ამაოდ აკაკუნებს ევროკავშირის კარზე. ფორმალურად ევროკავშირისა და თურქეთის მოლაპარაკებები ინტეგრაციაზე დღესაც მიმდინარეობს და ორივე მხარისთვის ნათელია, რომ წარმატებით ვერ დასრულდება. ეს იცის ერდოღანმა.

სულთან-რეზიდენტი პრეტენზიას აცხადებს ისლამური და თურქული სამყაროს ლიდერობაზე. ოდესღაც (დიდი ხნის წინათ) ერდოღანი ევროკავშირში შესვლის მთავარი მომხრე იყო და თანამემამულეებს ჰპირდებოდა, რომ ამას აუცილებლად მოახერხებდა. მას შემდეგ თურქეთში ელექტორატი შეიცვალა _ ისლამისტების ნაწილი ყველაფერში მხარს უჭერს სულთან-პრეზიდენტს, ვესტერნიზებული ქალაქები კი (უწინარესად, სტამბოლი, რომლის მერიც იყო ერდოღანი) მარიო დრაგის ეთანხმებიან, მაგრამ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს კვლავ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. ამას ერდოღანი ითვალისწინებს. თავის მხრივ, ევროკავშირი არ ტოვებს მოლაპარაკებების მაგიდასდასავლეთისთვის თურქეთის შენარჩუნებისსტრატეგიის გამო და, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხარჯზე ევროკავშირის გაფართოებას გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე. ბრიუსელი იმედოვნებს, რომ თურქული ვირი წავა იმ სტაფილოსკენ, რომელიც ცხვირწინ აქვს ჩამოკიდებული.

ამიტომაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერდოღანმა, ევროკავშირი კი არა, პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენი დასაჯა, რომელიც, შარლ მიშელისგან განსხვავებით, ხშირად აკრიტიკებს თურქეთს (ე.ი., მის სულთანს) მილიტარიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ერდოღანისა და ფონ დერ ლაიენის ურთიერთობა გაცილებით ადრე გაფუჭდა, როცა ფრაუ ურსულა გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო და ანკარასა და ბერლინს შორის ურთიერთობა დაიძაბა _ ლაიენმა უარი უთხრა თურქეთს იარაღის შესასყიდად რამდენიმე კონტრაქტის გაფორმებაზე. ამის საპასუხოდ ერდოღანმა გერმანელები სამხედრო ბაზაინჯირლიყიდანგააძევა.

ერდოღანმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ადგილი მიუჩინა

ის სიმწვავე, რომლითაც ფონ დერ ლაიენი ერდოღანს აკრიტიკებს, მიუთითებს, რომ მას ძველი წყენა არ დავიწყებია; მით უმეტეს _ ერდოღანს, რომელიც არასდროს არაფერს ივიწყებს და არავის არაფერს მიუტევებს. აქედან გამომდინარეობს სკამების კაზუსიც: სულთანმა დემონსტრაციულად მიუთითა ევროკომისიის მეთაურს (და მასთან ერთად ბევრ თურქ ქალს, რომლებსაც არ მოსწონთ ერდოღანის პროპაგანდა), რომ მისი ადგილი მეორე რიგშია, ამასთანავე, ისლამისტების მსოფლმხედველობიდანაც არ გადაუხვევია, მაგრამ მთავარი საკითხი ამ ვითარებაში არის არა ის, რატომ მოიქცა ერდოღანი ასე, არამედ ის, რა მოხდება ამის შემდეგ. პასუხი მარტივია _ არც არაფერი. და ეს იცის ერდოღანმა, რომლის ხელშიც ევროკავშირზე ზემოქმედების ძლიერი ბერკეტია _ თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებულია ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა ბანაკები, რის გამოც ევროკავშირი ფულს იხდის. თუ თურქეთი გადაწყვეტს მისთვის საზღვრების გახსნას, ევროკავშირი უმწვავეს მიგრაციულ კრიზისს მიიღებს, რაც, ადრინდელი კრიზისების გათვალისწინებით, ძალიან არ სურთ ბრიუსელსა და ბერლინს, მით უმეტეს, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის ევროსკენტიკოსების რაოდენობას. ეს ვითარება სულთანპრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ სივრცეს აძლევს, ითამაშოს ჯარიმის ზღვარზე და დაამციროს ის, ვინც აწყენინა, და ისიც, რასაკვირველია, ასე განაგრძობს ასე მოქმედებას. ევროპელი ექსპერტების აზრით, ერდოღანს თავს გაუვიდა და მისგან ყოველწლიურად ახალი სიურპრიზებია მოსალოდნელი, მაგრამ არავინ ჩანს, ვინც მას გონზე მოიყვანს.

რა სკამი, რის ურსულა, მას მთიან ყარაბაღში ომის გაჩაღების გამოც არავინ მოსთხოვა პასუხი.

regnum.ruსა და vz.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here