Home ახალი ამბები მსოფლიო ერდოღანმა აშშ-ისგან მომდინარე საფრთხეზე განაცხადა

ერდოღანმა აშშ-ისგან მომდინარე საფრთხეზე განაცხადა

ერდოღანი

თურქეთისთვის საფრთხე მომდინარეობს, პირველ რიგში, მისი სტრატეგიული პარტნიორებისგან”, _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან იგულისხმა აშშ, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს სირიელი ქურთების შეიარაღებულ რაზმებს.

თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ამჟამად კრიზისულია იმის გამო, რომ აშშ ეხმარება ქურთების სახალხო თავდაცვის რაზმებს, რომლებსაც ანკარა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებულ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. ვაშინგტონი თავის საქციელს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლით ხსნის.

“საიდან მომდინარეობს საფრთხე? _ ის მომდინარეობს, პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან… ჩვენ ჩვენი ფულით ვერ ვყიდულობთ იარაღს აშშ-ისგან, აშშ და კოალიცია კი, სამწუხაროდ, უფასოდ გადასცემს იარაღსა და საბრძოლო მასალებს ტერორისტულ ორგანიზაციებს”, განაცხადა ერდოღანმა ტელეარხ NTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ აშშ-მა სირიის ჩრდილოეთში იარაღით სავსე 5 ათასი სატვირთო ავტომობილი გაგზავნა, რაც საფრთხეს უქმნის თურქეთს. ერდოღანმა თურქეთში დაკავებული ამერიკული პასტორის, ენდრიუ ბრანსონის, გათავისუფლებაზე ვაშინგტონის თხოვნის კომენტირებისას, აგრეთვე, გააკრიტიკა აშშ ოპოზიციონერი ისლამისტი მოძღვრის, ფეთჰულა გიულენის, ექსტრადიციაზე უარის თქმის გამო: “აშშ-მა უნდა გადახედოს ნაბიჯებს, რომლებიც გადადგა, და დაიცვას შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ, თუკი სურს, რომ ამერიკელი პასტორი ბრანსონი თავისუფალი იყოს”, განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ აშშ-ის თხოვნა ბრანსონის გათავისუფლებაზე უკანონოა.

თურქეთის ხელისუფლებამ გიულენი 2016 წლის 16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. თვითონ გიულენმა ბრალდება უარყო და დაგმო ამბოხება, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ მისი ექსტრადიცია მოსთხოვა აშშ-ს, სადაც ცხოვრობს ოპოზიციონერი მოძღვარი.

თურქეთში ამბოხების შემდეგ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, 140 ათასი სამსახურიდან დაითხოვეს. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ბრანსონი, რომელიც საპყრობილეშია 2016 წლის შემდეგ. 2017 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ბრანსონის გათავისუფლება სთხოვა, სექტემბერში კი ერდოღანმა აშშ-ს ბრანსონის სანაცვლოდ გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here