Home რუბრიკები პოლიტიკა ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის ზღურბლზე

ერაყის ქურთისტანი დამოუკიდებლობის ზღურბლზე

ქურთისტანი

საქართველოდან არცთუ შორს მალე შეიძლება ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს. 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართება. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ რეგიონზე.

ქურთებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნება გასული საუკუნის ოციან წლებში შეეძლოთ. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის მარცხის შემდეგ ხელმოწერილი სევრის ხელშეკრულება მის შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა შემდგომ ვითარება შეიცვალა, ხოლო დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის განკუთვნილი ტერიტორია თურქეთმა, ერაყმა და სირიამ გაიყვეს. ამ დროს ერაყი დიდი ბრიტანეთის, ხოლო სირია საფრანგეთის პროტექტორატს წარმოადგენდა. ამგვარად, ქურთების ხანგრძლივი ბრძოლა ოსმალეთთან უშედეგოდ დასრულდა.

1927 წელს თურქეთის აღმოსავლეთში დაიწყო ქურთების აჯანყება. მათ თვითგამოცხადებული “არარატის რესპუბლიკა” შექმნეს, თურქებმა მისი განადგურება მხოლოდ 1930-ში მოახეხრეს. უშედეგოდ დასრულდა 1946 წელს ირანში ე.წ. მეჰაბადის რესპუბლიკის დაფუძნების მცდელობაც. დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნის რეალური შანსი მხოლოდ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ გაჩნდა.

20-იან წლებში ბრიტანელები განიხილავდნენ მოსულის რეგიონში ქურთული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას, თუმცა 1922 წელს, კირკუკის მიდამოებში ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენის შემდეგ, ჩათვალეს, რომ ცენტრალიზებული ერაყული სახელმწიფო ამ ტერიტორიაზე სტაბილურობას უფრო კარგად უზრუნველყოფდა, ვიდრე ერთმანეთთან დაპირისპირებული, მეამბოხე ქურთული სამთავრობოების კონფედერაცია. ბრიტანელებმა პირობა დადეს, რომ ერაყის შემადგენლობაში შესვლის სანაცვლოდ ქურთები ფართო უფლებებს მიიღებდნენ, თუმცა რეალურად ისინი დისკრიმინაციას განიცდიდნენ. 30-40-იან წლებში ერაყის ქურთისტანი აჯანყებების სერიამ მოიცვა. მონარქიის დამხობის შემდეგ გაჩნდა პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარების შანსი, მაგრამ ყველაფერი ახალი 1961-75 წლების აჯანყებით დასრულდა – მას ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

1970 წელს აჯანყებულთა ლიდერმა მუსტაფა ბარზანიმ და ერაყის ხელისუფლების ერთ-ერთმა თავკაცმა სადამ ჰუსეინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ქურთული ავტონომიის შექმნას ითვალისწინებდა. ამან ჰუსეინს პოპულარობა შეჰმატა და ერთპიროვნული დიქტატურის დამყარებაში დაეხმარა. ერაყის ხელისუფლებამ ავტონომია ცალმხრივი აქტით დააფუძნა და არ გაითვალისწინა ქურთი ლიდერების პრეტენზიები კირკუკის სანავთობო რაიონზე. ამის შემდეგ აჯანყება გაგრძელდა და მისი ჩახშობა მხოლოდ 1975 წელს მოხერხდა, მას შემდეგ, რაც ზოგიერთი სადავო სასაზღვრო ტერიტორიის ირანისთვის გადაცემის სანაცვლოდ შაჰის ხელისუფლება დათანხმდა, აჯანყებული ქურთებისთვის დახმარება შეეწყვიტა და მათ წინააღმდეგ ერაყელებთან ერთად ემოქმედა.

ირან-ერაყის ომის დროს, ერაყელი ქურთები ირანელებს ეხმარებოდნენ, რომლებმაც 1983 და 1987 წლების ოპერაციების დროს ერაყის ქურთისტანის ნაწილი დაიკავეს, თუმცა 1988-ში ერაყელებმა ისინი განდევნეს. ამავე პერიოდში სადამ ჰუსეინმა დაიწყო სადამსჯელო “ოპერაცია ანფალი”, რომლის დროს, უფლებადამცველების შეფასებით, ერაყელმა სამხედროებმა დაახლოებით 182 ათასი ქურთი მოკლეს, 5 ათასი დასახლებული პუნქტიდან 4 ათასი მიწასთან გაასწორეს. ხდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია, მის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, არტილერიისა და ავიაციის გამოყენება. 700 ათასამდე ქურთი საგანგებოდ შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს, დაახლოებით მილიონი ერაყიდან გაიქცა.

მას შემდეგ, რაც ერაყი ქუვეითის ომში დამარცხდა, ქურთებმა ახალი აჯანყება წამოიწყეს და რიგი ქალაქები დაიკავეს, მაგრამ სადამ ჰუსეინმა კონტრშეტევაზე გადასვლა მოახერხა. “ახალი ანფალის” შიშით რეგიონი მილიონზე მეტმა ქურთმა დატოვა. ჰუმანიტარული კატასტროფის გამო, გაერომ 1991 წლის 5 აპრილს ერაყის ქურთისტანი “უსაფრთხოების ზონად” გამოაცხადა. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ულტიმატუმის შემდეგ, სადამ ჰუსეინი იძულებული გახდა, რეგიონიდან ჯარები გაეყვანა. ამის შედეგად შეიქმნა დე ფაქტო დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო, რომლის სტატუსი დაზუსტებას მოითხოვდა. შემდგომი 12 წლის განმავლობაში მას ერაყთან თითქმის არაფერი აკავშირებდა.

თავდაპირველად ერაყული ქურთისტანი სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა _ სადამ ჰუსეინმა მას ბლოკადა გამოუცხადა. 1994-ში ამ სახელმწიფო წარმონაქმში დაიწყო სამოქალაქო ომი ორ ყველაზე გავლენიან ძალას _ “დემოკრატიულ პარტიასა” და “პატრიოტულ კავშირს” შორის, რომელმაც რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტში აქტიურად ჩაერია თურქეთი და ირანი, ერთ-ერთმა მხარემ დახმარებისთვის სადამ ჰუსეინს მიმართა. 1998-ში ამერიკელებმა ქურთ ლიდერებს გავლენისა და შემოსავლების გაყოფის ახალი სქემა შესთავაზეს და დაზავება აიძულეს. ამავე პერიოდში შედარებით გაუმჯობესდა რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა _ გაეროს პროგრამა “ნავთობი სურსათის სანაცვლოდ” ერაყული ქურთისტანისთვის ერაყის შემოსვლების 13%-ის გამოყოფას ითვალისწინებდა.

სადამ ჰუსეინის დამხობის დროს ქურთებმა დაიკავეს მოსული და რეგიონის სანავთობო დედაქალაქი კირკუკი. ისინი ცდილობდნენ, განედევნათ არაბები, რომლებიც ჰუსეინმა რეგიონში “არაბიზაციის” პროცესში ჩაასახლა. ამერიკელები შეეწინააღმდეგნენ 2003-ში დაკავებული ტერიტორიების შეყვანას ქურთული ავტონომიის შემადგენლობაში, თუმცა დე ფაქტო მათ ქურთები აკონტროლებდნენ. 2003 წლის ბოლოს ქურთული ავტონომიის ხელმძღვანელობასა და ერაყის ახალ ხელისუფლებას შორის გაფორმდა შეთანხება, რომელიც რეგიონისთვის ფართო ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებდა, ამასთანავე, საკუთარი შეიარაღებული რაზმების ყოლისა და ერაყის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას, თუ ცენტრალური ხელისუფლება შეთანხმებას დაარღვევდა. 2005 წელს შესაბამისი მუხლები ერაყის კონსტიტუციაში შევიდა.

ამ პერიოდში შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე ერაყულ ქურთისტანში 25%-ით დიდი იყო, ვიდრე დანარჩენ ერაყში, ათიათასობით ერაყელი იქ სამუშაოდ ჩადიოდა. ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ საჭიროებებს ხმარდებოდა; ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიისთვის დოტაციებს გამოყოფდა.

მთავარი პრობლემა ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობებში სადავო რაიონებია. ავტონომიის ტერიტორიის გარდა, არსებობს ზონა, რომელსაც მისი შეიარაღებული ფორმირებები აკონტროლებენ, ამასთანავე, გარკვეული რაიონები მის ფარგლებს გარეთ, რომლებზეც ქურთებს პრეტენზია აქვთ. მთავარი პრიზი ამ შემთხვევაში ნავთობია _ მისი მარაგი კირკუკის სიახლოვეს 40 მილიარდ ბარელს აღემატება. ერაყის ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სადავო ტეროტორიების მომავალზე 2007 წლის ბოლომდე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, თუმცა ის არ გამართულა, ამიტომ 2009-ში ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა ცალმხრივი დეკლარაცია მიიღო და კირკუკი ქურთისტანის შემადგელობაში შეიყვანა, 2014-ში კი მასზე სრული კონტროლი დაამყარა.

წლევანდელმა გადაწყვეტილებამ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ არა მხოლოდ ერაყის, არამედ თურქეთის, ირანისა და სირიის მთავრობები შეაფოთა. ისინი შიშობენ, რომ დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნა მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქურთებს გამოყოფისკენ და “დიდი ქურთისტანისთვის” ბრძოლისკენ უბიძგებს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს სირიის როჟავას რეგიონისთვის, რომელიც ერაყის ქურთისტანს ესაზღვრება და ქურთების მიერ კონტროლდება.

ომმა “ისლამურ სახელმწიფოსთან”, რომელმაც 2014-ში სწრაფად დაიკავა მოსული და კირკუკს მიაუხლოვდა, ნათლად აჩვენა, რომ ქურთების რაზმები უფრო ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ერაყის სამთავრობო არმია. ამ პერიოდში ქურთები მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, მისი მხარდაჭერა მიიღეს და ახლა ამ გარემოების გამოყენება სურთ.

ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი მიიჩნევს, რომ ყველაზე რთული პრობლემა სადავო ტერიტორიებია, ამიტომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას უნდა მოხდეს საბოლოო დემარკაცია, რომელიც მომავალში ახალი ომის დაწყებას გამორიცხავს. ის პირობას დებს, რომ მისი მთავრობა აუცილებლად განაგრძობს ტერორიზმთან ბრძოლას ერაყის ხელისუფლებასთან ერთად, თუმცა ეს უკანასნელი ქურთულ რეფერენდუმს ძალიან ნეგატიურად აფასებს.

სიტუაციას ართულებს ის, რომ სხვადასხვა ქურთულ დაჯგუფებებს განსხვავებული პოზიცია აქვთ და საზღვარგარეთ სხვადასხვა მოკავშირეები ჰყავთ _ ზოგიერთთან ვაშინგტონი მუშაობს, ზოგს თეირანი ეხმარება, ზოგს კი _ ანკარა. შეტაკებები მათ შორის მაშინაც არ შემწყდარა, როდესაც “ისლამურმა სახელმწიფომ” ქურთებს სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა.

დღეს რეგიონში არც ერთი ძლიერი მოთამაშე არ არის მზად ერაყული ქურთისტანის დამოუკიდებლობისთვის მხარის დასაჭერად, რადგან პრეცედენტის შექმნამ შეიძლება რეგიონში ქაოსი გააღრმავოს. სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ვაშინგტონმა საკუთარ თავზე აიღო ერაყის ერთიანობის შენარჩუნების ვალდებულება, მაგრამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლისა და რეგიონზე კონტროლის განმტკიცების პროცესში მას ქურთების მხარდაჭერაც სჭირდება. ასე რომ, სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი განცხადებები ერთობ “გაორებული” ჩანს: “ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან, სტაბილურ და ფედერაციულ ერაყს. ვაფასებთ და გვესმის ერაყის ქურთისტანის ხალხის კანონიერი მისწრაფებები”.

ექსპერტთა შეფასებით, ქურთი ლიდერების უმრავლესობას ესმის, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე სახელმწიფოს ვერ შექმნიან და, თუ დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, შეეცდებიან, რეფერენდუმის თემა ერაყის ხელისუფლებასთან ვაჭრობის პროცესში გამოიყენონ. მაგრამ საქმე ისაა, რომ მოსახლეობაში მოახლოებული დამოუკიდებლობის იდეის პოპულარიზაცია უკვალოდ ვერ ჩაივლის _ ლიდერები შეიძლება პროცესის მძევლებად იქცნენ და იძულებულნი გახდნენ, დამოუკიდებლობა გამოაცხადონ, ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის ახალი რეგიონული ომის დაწყების ალბათობას, რომელშიც, სავარაუდოდ, რამდენიმე მეზობელი სახელმწიფო ჩაერთვება, ისე, როგორც ეს სირიაში მოხდა. იმედია, ამჯერად ბედისწერა ერაყელი ქურთების მიმართ ისეთი ულმობელი აღარ იქნება, როგორიც ბოლო ასი წლის განმავლობაში იყო.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here