Home რუბრიკები საზოგადოება ენას ნუ ანაგვიანებთ!

ენას ნუ ანაგვიანებთ!

460
ენას ნუ ანაგვიანებთ!

მე გახლავართ თქვენი ერთგული მკითხველი, რომელსაც ორი წერილიც აქვს დაბეჭდილი თქვენს გაზეთში (#39, 2017; #27, 2018). მადლობას ვუხდისაქართველო და მსოფლიოსრედაქციას მრავალათასიანი მკითხველისათვის სწორად, “წაღმადანახული და მიწოდებული სიმართლისთვის, აგრეთვე, ჩემი სტატიების გამოქვეყნებისთვისქიმიკოსის პროფესია სულაც არ მიშლის ხელს, ვიყო იმ ადამიანთა შორის, რომლებიც კარგი მოქართულეები არიან და ცდილობენ, მოკრძალებული წვლილი შეიტანონ მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის ფრიად საპატიო საქმეში. ამჟამადაც, თქვენი ნებართვით, გიგზავნით მორიგ წერილს, რომლის შინაარსიც ენობრივი ნორმებიდან ზოგიერთ გადაცდომას ეხება.

პატივისცემით, მერაბ ნადირაშვილი

ტერმინების უცოდინარობა ან უადგილო გამოყენება, გრამატიკული ნორმებისადმი ზერელე დამოკიდებულება, ჟარგონით საუბარი _ აი, არასრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რომლებსაც შედეგად ენის დამახინჯება მოსდევს. აქ კვლავლიდერობსრეკლამებში გაპარული გადაცდომები

* იტალიური ფეხსაცმლის რეკლამა _ “ჩაიცვით, კორსო მოდაშია”, არ მიმაჩნია სწორად. ფეხსაცმლის მოთავსება შეიძლება მუყაოს ყუთში, ცელოფნის პარკში, გემის ტრიუმში და ნაგვის ურნაშიც კი, მაგრამ არა “მოდაში”. უნდა ეწეროს: ჩაიცვით, კორსო მოდურია”.

* “წესრიგში მოიყვანა თავი ყოვლად აბსურდული ფრაზაა. ეგეც არ იყოს, რატომ უნდა დავხარჯოთ სამი ურთიერთდისონანსური სიტყვა, მაშინ, როცა ეს ქმედება შეგვიძლია ერთი სიტყვით გამოვხატოთ _ მოწესრიგდა. ორივე მაგალითში გამოყენებულია რუსულის კალკი _ “в моде” და “привел  себя в порядок”. სიტყვასიტყვით თარგმნა კი ყოველთვის არ არის მისაღები.

* საქართველოს ახალი პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო სარეკლამო ბანერზე განთავსებულ ფრაზას _ ერთად საქართველოსათვის, მე ასე დავწერდი: ერთად _ საქართველოსათვის!

* ჩიქორთული ფრაზები: “თავის გაკრეჭა”, “პირის გაპარსვა” _ უკეთესია, ასე გამოვთქვათ: “თმის შეჭრა”, “წვერის გაპარსვა”.

* უნდა ვთქვათ მოატყუადა არა _ “მოატყუილა”.

* გაუმართავია ბეჭდური მედიიდან ამოღებული შემდეგი წინადადება: “ექვს წელიწადში “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან უარესი სიტუაცია მივიღეთ, ვიდრე გვქონდა…” იგი ასე უნდა დალაგდეს: ქართული ოცნებისგამარჯვებიდან ექვსი წლის შემდეგ უარესი სიტუაცია მივიღეთ, ვიდრე გვქონდა…” აქ, “ვიდრე” შეიძლება აღნიშნავდეს ამ “ექვსწლედის” პირველ წლებს, ხოლო, თუ იგი ოცწლიან (1992-2012) ბნელეთსა და განუკითხაობას გულისხმობს, მაშინ, ფრაზის შინაარსს მკვეთრად ვემიჯნები…

* გამაოგნებელ “სიახლეს” წავაწყდი მეტროპოლიტენში განთავსებულ რეკლამაში. ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაცია გაჭირვებულ მევალეებს ურჩევს სხვადასხვა ბანკში აღებული ვალების მათთან გადატანას, ანუ გაერთიანებას. ასეთი შეთავაზება შეფარული მერკანტილიზმია თუ ქველმოქმედება, ეს ცალკე მსჯელობის საგანია (არ დავმალავ, “გონივრული ეჭვი” უფრო პირველზე მაქვს). ყურადღებას იქცევს სიტყვა “გაერთიანების” მათებური ფონეტიკური მეტამორფოზი, რომელიც უთუოდ “ნეოლოგიზმად” უნდა ჩაითვალოს: გა1ანება შორიდან გაქანებად ამოვიკითხე და გამიკვირდა, ხოლო როდესაც ახლოს მივედი და ციფრულ-ასოითი ჰიბრიდი დავლანდე, მრავალი საუკუნისწინანდელმა არქიმედეს “ევრიკამ” გამიელვა გონებაში. დიახ, ეს, მხოლოდ “ნეოლოგიზმი” კი არა, ნამდვილი “აღმოჩენაა”.

სულ მალე, აუცილებლად გაჩნდება სპეციალური ლექსიკონები, რომლებშიც ციფრულ-ასოითი სიტყვების მნიშვნელობები იქნება განმარტებული. მაგალითად, ქართულ ენაზე: შა8ლი (შარვალი), ბედოვლ10 (ბედოვლათი), 110ანი (ასათიანი), 10ნ10 (ათინათი) და ა.შ. ; რუსულ ენაზე _ 100л (стол), по2л (подвал), е2 (едва) და სხვა; ინგლისურად _ 10dency (tendency), 10nis (tennis) და ა.შ. რაც მთავარია, თუ ამის შემდეგ ყველა მწერალი, მეცნიერი, ჟურნალისტი ამგვარი “ეკონომიური” დამწერლობით ისარგებლებს, რამდენი ქაღალდი დაიზოგება?! ეს “აღმოჩენა”’ სასწრაფოდ უნდა დაპატენტდეს. შემდეგ კი უკვე სრულიად მსოფლიო ისარგებლებს. მილიარდობით ხე გადაურჩება მოჭრას, ეს კი ჩვენი მაცოცხლებელი ჟანგბადის დაუშრეტელი წყარო იქნება. პირველად ჩვენი პლანეტის არსებობის განმავლობაში ატმოსფეროში ჟანგბადის წილი აზოტისას არა მხოლოდ გაუტოლდება, არამედ გადააჭარბებს კიდეც. ეს, თავის მხრივ, მსოფლიოს ხალხთა ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს. წარსულს ჩაბარდება კლინიკა, საავადმყოფო, სასწრაფო დახმარება და სხვა ანაქრონიზმები, ხოლო ექიმი, ექთანი, სანიტარი ზღაპრების გმირებად გადაიქცევიან. აღარც ომები იქნება _ ჯანმრთელი და სრულყოფილი ადამიანები ხომ ომს არასდროს იწყებენ?.. ანუ, ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო “ნეოლოგიზმი” ამქვეყნიური სამოთხის გასაღებად იქცევა. ამ ყოველივეს კი ნობელის პრემიის “სუნი ასდის”. თანაც, ერთბაშად სამ დარგში _ ქიმიაში, მედიცინასა და მშვიდობის დაცვის. ეჰ, მართლაც სალაღობო იქნებოდა ეს ყოველივე, “სატირალი რომ არ იყოს”!

დასასრულ, სტატიის სათაური ნასესხებია ქართული ფილმიდანმიმინოდა, ცხადია, პერიფრაზებულია, რადგან იქ მფრინავები ეთერსანაგვიანებენ”…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here