პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას წყალი შეასხა. დაპირისპირება უმცირესობის წარმომადგენლების მიერ სუს–ის უფროსის მოხსენების დახურვის გაპროტესტებას მოჰყვა.
კვიციანის თქმით, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია ზის, რა აზრი აქვს, დაიხურება თუ არა ხსდომა. აღნიშნულ განცხადებას დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რამაც კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. კონკრეტულად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რატომ უწოდა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას უცხო ქვეყნის რეზიდენტი, “საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის თავად ემზარ კვიციანს დაუკავშირდა.
– ბატონო ემზარ, საპარლამენტო უმცირესობა სუს–ის უფროსის მოხსენების დახურვას აპროტესტებდა და საკმაოდ მწვავე განცხადებებიც გააკეთდა, თუმცა თქვენ კონკრეტულად ერთ დეპუტატზე, გიგა ბოკერიაზე გაღიზიანდით. რამ გამოიწვია ეს გაღიზიანება?
– ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს დამცველებს გამოგლიჯეს ხელიდან ტერიტორია, რომელსაც არ აბარებდნენ და მერე ფაქტობრივად გაასაჩუქრეს, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის აგენტები არიან. მათ ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ჩაადენინეს და არ უნდა ამას ბევრი მარჩიელობა. რა თქმა უნდა, გიგა ბოკერია უცხო ქვეყნის რეზიდენტია. რაც შეეხება გაღიზიანებას, კაცს, რომელსაც 6 წელი და 6 თვე ციხეში ყავდა ჩემი და, არ აქვს უფლება, ჩემსკენ თავი შემოატრიალოს და თვალებში მიყუროს. ჩემს ნებისყოფასაც აქვს საზღვარი და ბოლობოლო ამომასხა ამდენი წლის ნათმენი… ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რამაც გამაღიზიანა და ზოგადად, სანამ დამნაშავეები არ იქნებიან კანონის შესაბამისად დასჯილი, სანამ ქვეყნის და ერის მტრები პასუხს არ აგებენ, ჩვენ რა თქა უნდა, ყოველთვის გვექნება უკმაყოფილები მიზეზი…
– სამართლიანობის აღდგენას გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა, ყველაფერი იკრიბება იქ, სადაც სამართლიანობის ღდგენაა დამუხრუჭებული. ამას რატომ აკეთებენ, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები. არ ვიცი, აბათ ვიღაცას აწყობს და ისევ უცხოეთის დაკვეთაა, რომ ერთმა ქართველმა მეორეს ავნოს. სხვა აბა ვერ გამიგია, რატომ არ უბრუნებენ ადამიანებს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ წლების წინ უკანონოდ წართმეულ ქონებას? და საერთოდ, რატომ არ უნდა იყოს გასამართლებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საკუთარ ხალხს გენოციდი მოუწყო?! საუბედუროდ ეს გენოციდი დღეს გრძელდება და გრძელდება უჩუმრად. რამდენ ადამიანს გაუსკდა გული და რამდენს გაყვა იმის ბოღმა, რომ სამართალს ვერ მიაღწია. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ, „პატრიოტები“, რომ სამართლიანობა უნდა არსდგეს, მაგრამ ვიღაცეები ცდილობენ,მიაჩუმათონ ეს თემა, რომ ხალხს დაავიწყდეს…
– წლების წინ, როცა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო სამართლიანობის აღდგენა, ამბობდნენ, რომ „ნაცმოძრაობას“ „თეთრი სახლი“ მფარველობდა. როგორ ფიქრობთ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ხელისუფლებას მოხსნილი აქვს ეს წნეხი?
– რა წნეხიც არ უნდა იყოს, როცა ხელმძღვანელობას გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ნება, ეს ყოველთვის იგრძნობა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ეს ნება ვერ დავინახეთ და მიუხედავად იმ გლობალური გარდაქმნებისა, რაც საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარეობს, ვერც დღეს ვხედავთ. ფაქტია, დამნაშავეები დაუსჯელები არიან და იმის ნაცვლად, რომ ჩუმად მაინც იყვნენ და ხალხს ნერვები არ უშალონ, კიდევ აქეთ არიან დიდ გულზე. რა ქვია ამას?! მერე კიდევ უკვირთ, რომ ვიღაცა გაღიზიანდება და ვერ მოითმენს, თურმე ხმაც არ უნდა ამოიღო, ჩუმად უნდა იჯდე და ითმინო ამათი თავხედობა…
ჯაბა ჟვანია