საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რომელიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ლამის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, პარლამენტსა თუ მთავრობაში მილიონერების სიმცირეს არ ვუჩივით. საქართველოს პარლამენტში 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომ “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერია)… მილიონერ დეპუტატთა შორის საპატიო ადგილი უკავიათ ელგუჯა გოცირიძეს 6 057 100 ლარით და ივლიანე წულაიას 5 940 000 ლარით.
“ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე 1958 წლის 20 მარტს თერჯოლაში დაიბადა. მისი მეუღლე რუსუდან ავალიანი 1958 წლის 17 ივნისს ცაგერშია დაბადებული. დეპუტატს ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს შეუვსია. გოცირიძის უძრავი ქონების ნუსხა ასე გამოიყურება: 1500 კვ.მ აგარაკი დაბა კოჯორში დეპუტატის საკუთრებაა. აგრეთვე, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში. ელგუჯა გოცირიძეს ეკუთვნის 152 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში კოსტავასა და ღამბაშიძის ქუჩებს შორის. რუსუდან ავალიანის საკუთრებაა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წავკისში. დეპუტატის მეუღლის საკუთრებაა 212.14 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში ონიაშვილის ქუჩაზე და 54.49 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი ამავე მისამართზე. ონიაშვილის ქუჩაზე 23.80 კვ.მ. ავტოფარეხი რუსუდან ავალიანის სახელზეა გაფორმებული. დეპუტატის მეუღლის საკუთრებაა 280.00 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ნუცუბიძის ქუჩაზე და 89 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი იმავე მისამართზე.
ელგუჯა გოცირიძე სს “ჩაჩავას კლინიკის” აქციების მფლობელია, ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1 ლარია, მის საკუთრებაში კი 499 582 ფასიანი ქაღალდია.
გაგაცნობთ დეპუტატ გოცირიძისა და მისი მეუღლის საბანკო ისტორიას, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია: ელგუჯა გოცირიძეს “კორსტანდარტ ბანკში” ანაბარზე 50 000 აშშ დოლარი და 70 000 ევრო ერიცხება, მის მეუღლე რუსუდან ავალიანს კი _ 100 000 აშშ დოლარი. ელგუჯა გოცირიძე “თი-ბი-სი ბანკში” ანაბრის სახით 123 000 ევროს და 63600 აშშ დოლარს ინახავს. რუსუდან ავალიანის ანაბარზე “თი-ბი-სი ბანკში” 335 000 ევრო და 105 250 აშშ დოლარია. ელგუჯა გოცირიძეს “პროკრედიტ ბანკში” ანაბარზე 50 000 აშშ დოლარი, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე კი 11 718 აშშ დოლარი და 9211 ევრო ერიცხება. “პროკრედიტ ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 2804 ლარი აქვს, ხოლო მის მეუღლეს _ 3519 ლარი.
როგორც, აღვნიშნეთ “ოცნების დეპუტატი” ელგუჯა გოცირიძე სს “ჩაჩავას კლინიკის” აქციონერია და მისი წლიური შემოსავალი დეკლარაციაში 1 011 839 ლარითაა განსაზღვრული. სს “ჩაჩავას კლინიკის” პარტნიორია დეპუტატის მეუღლე და მისი წლიური შემოსავალი 35110.07 ლარია. ელგუჯა გოცირიძე 2016 წელს დარეგისტრირებულ შპს “საქცივპროდუქტის” პარტნიორიცაა.
დეპუტატს განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიუღია, სპეციალობით _ სამკურნალო საქმე. მისი სამუშაო გამოდილება კი ასეთია:
* “ჩაჩავას კლინიკის” გენერალური დირექტორი (2001-2016)
* აკად. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმი (1994-2001)
* ქალაქის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი (1985-1994)
* ქალაქის სამშობიარო სახლის განყოფილების გამგე (1984-1985)
* ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი (1982-1984)
* ქუთაისის ავტოქარხნის მედ. სან. ნაწილი, ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი (1981-1982)
ელგუჯა გოცირიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” მდივანია.
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი ივლიანე წულაია 1982 წლის 11 ივლისსს სამტრედიაში დაიბადა. მისი მეუღლე ქეთევან გოცაძე კი 1984 წლის 21 აპრილს _ თბილისში. შვილები: ოთარ, დავით და სოფია წულაიებიც თბილისში არიან დაბადებულები.
“ოცნების დეპუტატი” წავკისში 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელია. ის ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ფლობს 101 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობს თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე. ქეთევან გოცაძის საკუთრებაა 17461 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე. დეპუტატის მეუღლის სახელზეა, აგრეთვე, გაფორმებული 1151.47 კვ.მ საცხოვრებელი სახლი გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე. დეკლარაციაში მოხვდა დეპუტატის ორი მაჯის საათი, რომელთა ღირებულებაც 10 000 ლარს აღმატება. ერთი ROLEX-ის ფირმისაა, მეორე _ HUBLOT-ის.
რაც შეეხება ივლიანე წულაიასა და მისი მეუღლის ანგარიშებს, დეკლარაციის თანახმად, ასეთი სურათი გვაქვს: დეპუტატს “თი-ბი-სი” ბანკის საკრედიტო ბარათზე 9717.41 ლარი ერიცხება, მიმდინარე ანგარიშზე _ 199 48.44 აშშ დოლარი. ივლიანე წულაიას “პროკრედიტ ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 4482.20 ლარი ერიცხება. ქეთევან გოცაძეს “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 15000 ლარი ერიცხება. წულაიას “საქართველოს ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 2110.09 ლარი, ხოლო ამავე ბანკში საკრედიტო ბარათზე 4155.25 ევრო ერიცხება. დეკლარაციის შევსების მომენტში “ოცნების დეპუტატს” ხელზე 10000 და 5000 ლარი ჰქონდა.
ივლიანე წულაია 2008 წელს დარეგისტრირებულ შპს “სი ენდ სან”-ის პარტნიორია. ასევე, 2008 წელს დარეგისტრირდა შპს “ლეიქ ვიუ”, სადაც წულაიას პარტნიორობა უვადოდ განისაზღვრება. შპს “ნეიშენალ პარკი” 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში, 31 აგვისტოს, დარეგისტრირდა და “ოცნების” დეპუტატი, წულაიას, პარტნიორობა ამ შემთხვევაშიც უვადოდ განისაზღვრა. ამავე დღეს შპს “თბილისი ვიუც” დარეგისტრირდა, სადაც წულაია ასევე უვადო პარტნიორია. წულაია, აგრეთვე, გახლავთ, 2009 წელს დარეგისტრირებულ შპს “გრინქარდ.ჯი”-ს უვადო პარტნიორი. შპს “ვიუ პოინტი” 2007 წელსაა რეგისტრირებული და დეპუტატის პარტნიორობა აქაც უვადოდ განისაზღვრება. 2009 წელს დარეგისტრირებულ შპს “კვარიათი სანსეტის” უვადო პარტნიორადაც გვევლინება პარლამენტარი წულაია. იგი პარტნიორია, აგრეთვე, 2010 წელს დარეგისტრირებულ შპს “იეიდი პარკს”.
ივლიანე წულაია 2010 წელს დარეგისტრირებულ შპს “რაზიმ”-ის პარტნიორიცაა უვადოდ. შპს “არქი დეველოპმენტი” და შპს “არქი თაუერი” 2013 წელს დარეგისტრირდა და წულაია აქაც უვადო პარტნიორია. შპს “სანსეტ ლაუნჯი”, შპს “სილვერ 39”-ი, შპს “ტექნიკა” და შპს “დეპოც” 2013 წელს დარეგისტრირებული კომპანიებია და დეპუტატის პარტნიორობის ვადა აქაც განუსაზღვრელი, ანუ უვადოა. შპს “ლესელიძე +”; შპს “იტონგ კავკასუს”; შპს “ნოვო ტექი”; შპს “სანსეტ ჰოლი”; შპს “არქი ენერჯი” და შპს “არქი ჰოთელსი” 2014 წელს დარეგისტრირებული კომპანიებია და “ოცნების დეპუტატის” მონაწილეობა ზემოთ ჩამოთვლილ ბიზნეს საქმიანობაში უვადო პარტნიორობითაა განსაზღვრული. ივლიანე წულაიას სახელს უკავშირდება: შპს “დიდი დიღომი 5”; შპს “დიღომი პალასი 6” , შპს “იტონგ კაპიტალი”; შპს “არქი საბურთალო”; შპს “არქი ინვესთმენთს”; შპს “ბაკურიანი რიზორთი”; შპს “პრაიმ დიღომი”; შპს “პრაიმ არქი”; შპს “გორგასალი რეზიდენსი”; შპს “გოლდენ პალასი”; შპს “კვარიათი სანსეტი”; შპს “ვიაკონი”; შპს “არქი”; შპს “იეიდი პარკსი”; შპს “ვიუ პოინტი”; შპს “აიეფსი ჯორჯია”; შპს ესსისიეფი”; შპს “სვის კაპიტალ ქონსთრაქშენი”; შპს “არქი დეველოპმენტი”; შპს “კერა დეველოპმენტი”;
შპს “არქის” დირექტორობიდან ივლიანე წულაიას წლიური შემოსავალი 225017.50 ლარია.
ივლიანე წულაიას არასაცხოვრებელი ფართობის იჯარით გაცემის შედეგად წლიური შემოსავალი 3000 აშშ დოლარს შეადგენს. დეპუტატს “თი ბი სი ბანკში” იპოთეკით უზრუნველყოფილი 433300 აშშ დოლარი სესხი აქვს და მისი წლიური გასავალი 62721.29 აშშ დოლარია.
ივლიანე წულაიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, სპეციალობით სამართალმცოდნეობა.
მისი სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:
* შპს “არქის” აღმასრულებელი დირექტორი (2007-2016)
* იურიდიული კომპანია “დიგესტას” მმართველი პარტნიორი (2005-2007)
* იურიდიული კომპანია “გაბისონია, დიტრიხი და პარტნიორების” ადვოკატი (2004-2005).
გიორგი გელაშვილი