მატეო სალვინი იტალიის ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრია და სწორედ მისი ინიციატივით იტალიის ელექტრონულ პირადობის მოწმობაში ტერმინები “მშობელი 1” და “მშობელი 2” “დედამ” და “მამამ” შეცვალა.
“იტალიის ხელისუფლება დაიცავს ოჯახს, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზეა დაფუძნებული. მთავრობა ქვეყანაში სუროგატი დედობის ლეგალიზაციასა და ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის შვილებას ეწინააღმდეგება”, _ განაცხადა სალვინიმ.
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის “ოჯახის უფროსის” სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა. ზემოხსენებულ აქტებში პირდაპირ არ არის მითითებული, ვინ არის ან ვინ უნდა იყოს ოჯახის უფროსი, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციულ წარმოდგენებში “ოჯახის უფროსად” განიხილებოდა მამაკაცი, რომელიც მისი სქესის გამო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. სახალხო დამცველის აზრით, დღეს აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი, რაც, თავის მხრივ, სქესის საფუძველზე ნეგატიური თვალსაზრისის წამახალისებელია.
ამასთანავე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური უჯრედის, მთავარი მახასიათებელი არის თანასწორობა და პირთა თანაბარი მონაწილეობა შინამეურნეობაში. საკანონმდებლო დონეზე ასახული ტერმინი კი თავისივე შინაარსში ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი რომელიმე პირის დომინირებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, აქცენტი ტერმინის _ “ოჯახის უფროსის” შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული.
მოკლედ, ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფვით, იღვიძებს და ხვდება, რომ ის, რისკენაც მიდიოდა, არ არის სწორი და რომ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება, ბავშვებისთვის მშობლების უპატივცემულობის ჩანერგვა, დედ–მამის დანომვრა მომავალს ღუპავს. სამაგიეროდ, ჩვენი ომბუდსვუმენი მატრიარქატის დამკვიდრებას ცდილობს. როგორც ჩანს, სახალხო დამცველად დანიშვნამ და კიდევ იმან, რომ პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი ქალია, დააჯერა, რომ მცირე “ოჯახური გადატრიალების” მოწყობა შესაძლებელია და საამისოდ ძალ–ღონეს არ იშურებს.
ბესო ბარბაქაძე