ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი
მეორმოცე გამოშვება
2021 წლის 9 ნოემბერს ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო გემები შემოვიდნენ. ეს ის გემებია, რომელთა შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა: ისე ახლოს არიან, გინდა, ბინოკლიდან დაათვალიერებ და გინდა _ გამანადგურებელი იარაღის სამიზნე მოწყობილობიდანო.
სამხედრო გემზე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ასულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “გულისამაჩუყებელი” სიტყვა წარმოთქვა: “საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ძალიან ძლიერი დატვირთვა გააჩნია. საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ერთგული მოკავშირე და მონაწილე. ჩვენ კარგად გვესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამიზნული გვაქვს ჩვენი მოკავშირეების დახმარება ამ მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. სარდლობებს შორის თავსებადობა, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნები და კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ძალების გაერთიანება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. მინდა, ჩვენს სტუმრებთან ერთად, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს, თითოეულ ამერიკელს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით უდგანან საქართველოს. ჩვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩამობრძანებისთვის და წარმატებულ ვიზიტს გისურვებთ”.
ქართველებისთვის გულის აჩუყების არანაკლები მცდელობა იყო კელი დეგნანის სიტყვებშიც, რომელშიც, სენტიმენტების საბურველს თუ მოაცილებთ, ფარისევლობის ისეთივე სიუხვეს აღმოაჩენთ, პირმოთნეობისა და მლიქვნელობის როგორი სიუხვეც იყო პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის სიტყვებში: “მაქვს პატივი, ხომალდ “მაუნთ უიტნისა” და “არლი ბურკის” კლასის მართვად სარაკეტო გამანადგურებელ ხომალდ “პორტერს” დავხვდე საქართველოში. ამ ხომალდების ეკიპაჟისა და პირადი შემადგენლობის ბევრი წარმომადგენელი ამ მშვენიერ ქვეყანას პირველად ეწვია, თუმცა ეს ხომალდები აქ ბევრჯერ ყოფილან. ძალიან ვამაყობთ, რომ კვლავ დაბრუნდნენ დღეს. “მაუნთ უიტნიმ” 2008 წლის სექტემბერში, რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 17 ტონა მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ეს იყო ამ ხომალდის პირველი შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში და, შეხედეთ, რამდენად წინ წავიდა ამ პერიოდში საქართველო. ამ დიდებული ხომალდების ისტორია და მათი ეკიპაჟების შესაძლებლობები და მიღწევები შთამბეჭდავია. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორობის რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი. ამ ხომალდების ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა შეერთებულ შტატებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინტეგრირებული საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები განახორციელონ სამხედრო და ჰუმანიტარული მისიით, როდესაც მოგვმართავენ და როდესაც საჭირო ვხდებით მსოფლიოში. თქვენი აქ ყოფნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მადლობას გიხდით, ბატონო პრემიერმინისტრო, ამ ვიზიტის ხელშეწყობისთვის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ძლიერი მხარდაჭერისთვის”.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკელებს თავიანთი მიზნები გააზრებული ექნებათ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას თუ აქვს წარმოდგენილი, სად ყოფს თავს და რა უბედურებაში ხვევს ქვეყანას?
თანამედროვე გეოპოლიტიკური ვითარების უმთავრესი მახასიათებელი ამერიკული ჰეგემონიზმის ეპოქისა და ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრულია. პარალელურად ჩნდება ახალი მახასიათებელი, ესაა რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორის წინა პლანზე წამოწევა. ყოველივე ამას ამ მომენტისთვის ისეთი სახე აქვს, რომ მწვავდება წინააღმდეგობა, ერთი მხრივ, აშშ-სა და რუსეთს შორის, მეორე მხრივ, აშშ-სა და ჩინეთს შორის. სხვაგვარად ვერც მოხდება. სი ძინპინი გამოდის ლოზუნგით: “ჩინური ერის დიდი განახლება”; პუტინი კი ეგზისტენციური ხასიათის ლოზუნგს აყენებს: “რად გვინდა ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ იქნება?!” ჩინეთი უკვე ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პირველობაზე პრეტენზიას აცხადებს და საუკუნის პროექტსაც იწყებს _ “ერთი სარტყელი, ერთი გზა”. აშშ და კოლექტიური დასავლეთი მსოფლიოს ახალს ვერაფერს სთავაზობენ, გარდა ყავლგასული ლოზუნგებისა და ლგბტ იდეოლოგიისა. რაც შეეხება დასავლეთის ძველ ლოზუნგებს _ დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა, იმის გამო, რომ დასავლურმა პროპაგანდამ ეს ჭეშმარიტი ღირებულებები საუკუნის განმავლონაში საკუთარი ცხოვრების წესის მიმზიდველ ფასადად გამოიყენა, რომლის უკან საშინელ რეალობას მალავდა, წარმოუდგენელი დევალვაცია განიცადა, რომლის შედეგად მათგან მხოლოდ ქერქი და ჩენჩო დარჩა. დღეს ისინი უკვე ვერავის ვეღარ ხიბლავს. ჩინეთს ახალ სიმაღლეზე აჰყავს არამხოლოდ ეკონომიკა და ციფრული ტექნოლოგიები, არამედ ის საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც კარლ მარქსის ფილოსოფიურ–სოციოლოგიურ–ეკონომიკურ აღმოჩენებზე აღმოცენდა და რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მთელ მსოფლიოში რევოლუციური ვითარება შექმნა. მეოცე საუკუნის ბოლოსთვის, როდესაც დასავლეთმა საბჭოთა კავშირის დაშლა და კაპიტალიზმის სენით რუსეთის დაავადება მოახერხა, დასავლეთს მოეჩვენა, რომ სოციალიზმის მზე ერთხელ და სამუდამოდ ჩაესვენა, მაგრამ, სულ რაღაც, სამი ათეული წლის შემდეგ ჩინურ ცაზე კომუნისტური ფერის ისეთი სიკაშკაშე იხილა, რომელმაც არამხოლოდ დააბრმავა, არამედ დააყრუა კიდეც. რა კაშკაშია ეს? ის ხომ არა, საშინელი რეალობით გაწამებული და სიკვდილსშენაგებები თეოდორ დოსტოევსკი თითქმის ორი საუკუნით ადრე რომ წინასწარმეტყველებდა: “От Востока звезда сия воссиает!”
დასავლეთს დღეს კაპიტალისტური სისტემაც (რუსეთის სახით) უპირისპირდება და სოციალისტური სისტემაც (ჩინეთის სახით). რუსული კაპიტალიზმი ახალგაზრდაა, რის გამოც იგი ჯერ არ არის ისე გახრწნილი და შიგნიდან გამომპალი, როგორც ამერიკული კაპიტალიზმი. ამიტომაც, აშშ ვერც რუსულ კაპიტალიზმს გაუმკლავდება და, მით უფრო, ვერც ჩინურ სოციალიზმს. აშშ-ს ამ ზესახელმწიფოებთან თანამშრომლობის რესურსიც აღარ აქვს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დაადგა მთელ მსოფლიოსთან კონფრონტაციის მისთვის დამღუპველ გზას. იგი მისთვის ასე საშინელი ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა: ან დაიპყრობს მსოფლიოს, ან განადგურდება, როგორც დედამიწის უბოროტესი იმპერიების უკანასკნელი, ყველაზე საშინელი და აღვირახსნილი წარმომადგენელი. ამიტომაცაა, რომ იგი შიშისგან ძრწის, როგორც კაპიტალისტური რუსეთის სტრატეგიული შეიარაღების, ასევე კომუნისტური ჩინეთის სამართლიანი იდეოლოგიისა და უმძლავრესი ეკონომიკურ-ტექნოლოგიური გაქანების წინაშე.
დასავლეთის ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება. ძველი ეპოქა მიდის, ახალი ეპოქა მოდის.… ეს მარადიული პროცესია, რომელიც ჯერაც ვერავინ შეაჩერა. მით უმეტეს, ვერ შეაჩერებს სიცრუითა და ფარისევლობით გაჯერებული ბინძური ამერიკული იმპერია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიაში ვერაგობისა და უსამართლობის ყველა რეკორდი ჯერ კიდევ 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს მოხსნა, როდესაც მშვიდობიან ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური მომბები დააყარა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ჯერ კიდევ ახდენს გავლენას გლობალურ პროცესებზე, მსოფლიო თავაწყვეტილი მიექანება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, ფინანსური და ტექნოლოგიური მრავალპოლუსიანობის მიმართულებით, რომელსაც ახლა ვეღარაფერი შეაჩერებს. საბოლოო შედეგი ჯერ არა თუ არ დამდგარა, მისი კონტურებიც კი არ გამოკვეთილა, მაგრამ უკვე დადგა არასტაბილურობის ეპოქა. მეტიც, უკვე დადგა საერთაშორისო ქაოსის ეპოქა, რომელიც დამახასიათებელია გლობალური ცვლილებებისა და მასშტაბური გეოპოლიტიკური სიახლეების წინა პერიოდებისთვის. ჯერ არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ან საით წავა პროცესები _ მესამე მსოფლიო ომისკენ თუ ახალი მსოფლიო წესრიგისკენ. ეს დამოკიდებულია იმ აქტორთა ქმედებებზე, რომლებიც საერთაშორისო სცენაზე პოზიციონირებენ. მსოფლიოს სამი პოლუსიდან, რომელთა არსებობა ამერიკელებმა უკვე აღიარეს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი), აშშ ყველაზე აგრესიული და გამოუცნობია. ესაა ზესახელმწიფო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ახლოს იდგა მსოფლიოზე ერთპიროვნული და განუსაზღვრელი ბატონობის მისთვის ასე სანუკვარი სურვილის განხორციელებასთან ახლოს, მაგრამ, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით განვითარებულმა ობიექტურმა კრიზისულმა სიტუაციებმა, მეორე მხრივ კი,რუსეთის წარმოუდგენლად სწრაფი ტემპებით განვითარებამ (განსაკუთრებით, სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით) და ჩინეთის რევოლუციურმა ნახტომმა, როგორც ეკონომიკის აღმავლობის, ასევე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, აშშ–ის ამ ბოროტი სურვილის რეალიზება საბოლოოდ დაასამარა. აშშ ახლა ყველა ღონეს მიმართავს დაკარგული დიდების აღსადგენად, მაგრამ წარსული მომავლად ვერ იქცევა. ამით აიხსნება მისი უკიდურესი გაღიზიანება და წრესგადასული აგრესიულობაც.
რაც შეეხება რუსეთსა და ჩინეთს, ჯერჯერობით ორივე ეს ზესახელმწიფო სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებს, მაგრამ დასავლეთს მრავალი ბერკეტი აქვს მათი სიმშვიდისა და წონასწორობის დასარღვევად. აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ ევროპაა, რომელსაც იგი მუდმივად აქეზებს. ეს ისტორიულადაც ასე ხდებოდა, ვინაიდან, როგორი საკვირველიც უნდა ჩანდეს, ქრისტიანულ ევროპაში არსებობს სიძულვილის აკუმულირებისა და აფეთქების ძნელად გასაგები და კიდევ უფრო ძნელად ასახსნელი პოტენციალი, რომლის დაპროგრამებისა და მიზანმიმართული ამოქმედების შემდეგ იგი დამანგრეველ გავლენას ახდენს პროგრამის შესაბამისად წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით. გასულ საუკუნეში ფაშიზმის აღმოცენება ერთდროულად რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში (იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია) მეტყველებს კონტინენტისთვის დამახასიათებელ ფსიქიკურ თავისებურებაზე, რომლის უარყოფა შეუძლებელია. პატრიოტიზმი (სამშობლოს სიყვარული), ცხადია, მხოლოდ ევროპელების ნოუ-ჰაუ არ არის, მაგრამ სამშობლოს სიყვარული იმის გამო, იმის ხაზგასმით, იმის შეგნებითა და შეგრძნებით, რომ ჩემი სამშობლო ყველაზე კარგია, სწორედ ევროპული ფაშიზმისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ფაშისტებს სამშობლო მხოლოდ იმის გამო კი არ უყვართ, რომ ეს არის ადგილი (ქვეყანა), სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს მათი მშობელი ხალხი, რომლის ენაზე, კულტურაზე, რელიგიაზე, წესებსა და ტრადიციებზე ისინი აღიზარდნენ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს კულტურა მთლიანად მათ ეკუთვნით და თვითონაც მთლიანად ამ კულტურას ეკუთვნიან, არამედ იმიტომ, რომ, ეს ყველაფერი ერთად აღებული, მათი წარმოდგენით, ყველა დანარჩენზე უკეთესია, ყველა დანარჩენს ობიექტურად აჭარბებს და აღემატება, ანუ ყველა დანარჩენი მათ ხალხს, მათ კულტურას და მათ სამშობლოს ჩამორჩება; ყველა დანარჩენი მათ ქვეყანაზე, მათ ხალხზე დაბლა მდგომია და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ მათი სამშობლოა სიცოცხლის ღირსი, სხვები კი განადგურებას იმსახურებენ. მათი აზრით, სხვათა განადგურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებაა. აი, ასეთი აღმავალი ხაზით მიემართება ფაშისტური აზროვნების დეგრადაცია, მისი დაცემა და განადგურება. იქ, სადაც ფაშიზმი ჩაისახება და აღმოცენება-განვითარებას იწყებს, პატრიოტიზმის, სამშობლოს სიყვარულის ეს თავისთავად კეთილშობილი და ამაღლებული გრძნობა ისე გადაგვარდება, რომ მისგან მხოლოდ სხვათა სიძულვილი რჩება. ფაშისტებს ჰგონიათ, რომ, რაც უფრო სძულთ სხვები, მით მეტად უყვართ და ემსახურებიან თავისას. ასეთია ფაშისტური პატრიოტიზმის ფსიქოლოგიური თავისებურებანი. საერთოდ, პატრიოტიზმი უაღრესად ფაქიზი, რთული და, მე ვიტყოდი, ძალიან საშიში მოვლენაცაა, ვინაიდან ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. გიყვარდეს შენი ისე, რომ არ დააზიანო სხვისი, ძალიან მაღალ კულტურასა და ინტელექტს მოითხოვს. სამშობლოს სიყვარული კარგად შესრულებულ მოვალეობაში გამოიხატება და არა გულზე მჯიღის ცემაში. ფაშისტები პირიქით იქცევიან. ისინი ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან სამშობლოზე, რაც კატასტროფულ შედეგამდე მიდის. სამშობლოს თავშეკავებული სიყვარული ნამდვილი პატრიოტიზმია, სამშობლოს მყვირალა (რეგვნული) სიყვარული კი, რომლის რეციდივები ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი გვინახავს, ფაშიზმია. დღევანდელ დასავლეთშიც (ისევე, როგორც საქართველოში), სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს რუსეთის სიძულვილი უფრო ასულდგმულებს, ვიდრე საკუთარი სამშობლოს სიყვარული. ეს სიძულვილი თანდათანობით ემსგავსება და უტოლდება კიდეც მეოცე საუკუნის ევროპელი ფაშისტების უკიდეგანო სიძულვილს სლავების, ებრაელების, ბოშებისა და სხვათა მიმართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთში ანტისემიტიზმის ყოვლად სამარცხვინო და საყოველთაოდ დასაგმობი მოვლენა დღევანდელმა რუსოფობიამ ჩაანაცვლა. ამ სენითაა დაავადებული დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება. ამ სენით იყო დაავადებული საქართველოს ნაციონალური ხელისუფლება. დგას იმისი საშიშროებაც, რომ ამ სენითვე დააავადონ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც. დასავლური კაპიტალიზმი მისი უკიდურესად გამწვავებული კრიზისების ახსნას რუსეთის ფენომენისა და ფაქტორის არსებობით ცდილობს და, მზაკვრულად დახვეწილი მრავალი პროპაგანდისტული ეფექტის გამოყენებით ხშირ შემთხვევაში ახერხებს კიდეც, რომ ყოველი მისი წარუმატებლობა, მსოფლიოში არსებულ უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად, რუსეთს გადააბრალოს. საქართველოსთვის დასავლეთი, დიდი ხანია, კამერტონის როლს ასრულებს. განსაზღვრავს ის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ტონალობას და საქართველოც სწორედ ამ ტონალობაში აგუგუნდება მისთვის დამახასიათებელი ხმაშეწყობილი ბანებით. სძულს დასავლურ პოლიტიკურ ბომონდს რუსეთი, მაშასადამე, საქართველოსაც სძულს რუსეთი. გმობენ ევროპაში რუსულ პოლიტიკას, მაშასადამე, საქართველოშიც გმობენ რუსულ პოლიტიკას.
ეს ვრცელი შესავალი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ რუსოფობია დასავლეთიდან მოდის. ნუ მოიტყუებთ თავს იმით, რომ რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა და აქედან მოდის ჩვენი ანტირუსული განწყობები (აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემები შედეგია და არა _ მიზეზი). რომელი ტერიტორიების დაკარგვაზე იყო საუბარი იმ დროს, როდესაც ანტირუსული ისტერიკით იყო გაჯერებული ე.წ. ეროვნული მოძრაობა?! ჩემი თაობის ხალხს, რა თქმა უნდა, იქამდეც ახსოვს ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ანტირუსული გამოხდომები. ეს რეციდივები, დაკარგული ტერიტორიებით კი არა, დასავლეთის სპეცსამსახურების კარგი მუშაობით უნდა ავხსნათ. უბედურება ის არის, რომ ამ განწყობების შექმნით დასავლეთმა არამხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ საქართველოს დაშლასაც მიაღწია. რუსოფობიის გაღვივებით დასავლეთი საკუთარ თავსაც აზიანებს, მაგრამ ამაზე თვითონ იდარდოს. ჩვენ კი საკუთარ თავს მივხედოთ. რუსეთთან მტრობას მასთან მეგობრობა რომ სჯობს, ეს ჩვენმა დიდებულმა წინაპრებმა თუ იცოდნენ, არც ჩვენ გვაწყენს ამ ჭეშმარიტების ცოდნა. დავაკვირდეთ, რა ხდება დღეს რუსეთის ირგვლივ. დავაკვირდეთ, რა ხდება შავ ზღვაში და, მივხვდებით, რომ რუსეთზე აბსოლუტურად უსამართლო, ფორსირებული, ჰიბრიდული შეტევა მიმდინარეობს. ე.წ. ფეიკნიუსების გავრცელებით დაწყებული და, ნატოს ალყაში მისი მოქცევით დამთავრებული, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია ყველა ღონე და საშუალება იმისთვის, რომ იგი კუთხეში მიამწყვდიონ, დააუძლურონ და ისეთივე ფინალი გაუმზადონ, როგორიც საბჭოთა კავშირს. ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ: აშშ და კოლექტიური დასავლეთი, სადაც მოქმედებენ, ყველგან რუსეთს ებრძვიან. დასავლეთმა უკრაინის შემდეგ ბელარუსი ამოიღო მიზანში და ესეც, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა, ოღონდ, არამხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთი და ბელარუსი სამოკავშირეო ხელშეკრულებით გაერთიანებული სახელმწიფოებია, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთი და ბელარუსი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია ერთმანეთისთვის. ევროპაში ცდილობენ, რომ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე წარმოშობილი პრობლემა, რომელიც ბელარუსიდან ევროკავშირის მიმართულებით მიმავალ ლტოლვილთა მასას უკავშირდება, ბელარუსის ხელმძღვანელობას გადააბრალონ და მის წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგრამ ნათელია, რომ ბელარუსი არაფერ შუაშია. პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკი მეტად ვეღარ შეაკავებს არალეგალურ მიგრანტთა ნაკადს ევროკავშირის მიმართულებით. ახსნა კიდეც ეს მოვლენა: “დასავლეთის მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების გამო, ამისთვის არც თანხები გვყოფნის და არც ძალა”. დასავლეთმა ბელარუსს ომი გამოუცხადა მხოლოდ იმის გამო, რომ ბელარუსს არ სურს რუსეთთან ისტორიული ძმობისა და მეგობრობის დანგრევა. ბელარუსი, საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, ომს არ უცხადებს რუსეთს. ამიტომაცაა, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს რუსეთსა და ბელარუსს შორის ბზარის გასაჩენად. პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავეცკიმ ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე წარმოქმნილ გაუგებრობაში არამხოლოდ ბელარუსი და მისი პრეზიდენტი ლუკაშენკო, არამედ რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც დაადანაშაულა: “პრეზიდენტი ლუკაშენკო პოლონეთზე განხორციელებული შემოტევის შემსრულებელია, მაგრამ ამ შემოტევას ჰყავს შემკვეთი. ეს შემკვეთი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია”. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ პოლონეთის პრემიერმინისტრის ამ უტაქტო გამოხდომაშიც ჩანს ევროპის უცერემონიო და აგრესიული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ოღონდ რამე მიზეზი იპოვონ, ოღონდ თითზე დასახვევ საბაბს მიაგნონ და უკან არაფერზე იხევენ. რუსეთის სამხედრო ნაწილების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების გამო დასავლეთში ღრიანცელი აქვთ ატეხილი, აშშ–ის სამხედრო გემები კი შავ ზღვაში რუსეთის საზღვრებთან ისე თავისუფლად დაცურავენ და ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ისე ლაღად ფრენენ, თითქოს ამერიკის მისადგომებთან იმყოფებიან. ეს სულაც არ მეტყველებს რუსეთის სისუსტეზე. ეს თუ რამეზე მეტყველებს, პირველ რიგში, მხოლოდ იმაზე, თუ რა უპასუხისმგებლოდ იქცევა აშშ, ნატო და კოლექტიური დასავლეთი არამხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს წინაშე. ამ ბრძოლაში ამერიკელთა გამარჯვება გამორიცხულია, რადგან მათ მხარეს ისტორიული სიმართლე არ არის. რაც მთავარია, მათ არ შერჩათ არც ერთი (იდეოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო) რესურსი ამ დაპირისპირებაში გასამარჯვებლად. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადა: “ჩვენ არ მივსულვართ მათთან, მათ გამოიარეს ათასობით კილომეტრი და მოვიდნენ ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით. მათ იციან, რომ ამ ომიდან გამარჯვებული ვერ გამოვლენ”.
ამ ვითარებაში ამერიკული სამხედრო გემების მოპატიჟება საქართველოში და მის გემბანზე საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების წარმოთქმა ის ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც საქართველოსთვის შორეულ პერსპექტივაშიც კი სასიკეთოს ვერაფერს მოიტანს, მისი ტერიტორიული გამთლიანებისა და სულიერ-ეკონომიკური აღორძინებისთვის კი უაღრესად საზიანოა. საქართველოს დღეს არაფერი ისე არ აკლია, როგორც გამჭრიახი პოლიტიკა და პოლიტიკოსები, რომელთა გარეშეც არც ერთი ხალხი და არც ერთი სახელმწიფო ფეხზე არასოდეს წამომდგარა.
ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკებისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობს. ესაა ახალი, თანამედროვე კავშირის შეკვრა, რომლის საუკეთესო მაგალითს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფო იძლევა. პუტინიც და ლუკაშენკოც გამჭრიახი და შორსგამხედვარე პოლიტიკოსები არიან, რომელთა მსგავსი საქართველოს ჰაერივით სჭირდება.
P. S. უკვე აუტანელია ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი რუსეთის კაცია და, აქედან გამომდინარე, მან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთს ჩააბარა. ეს წმინდა წყლის ამერიკული დემაგოგიაა. ნიკარაგუის დიქტატორ სომოსას მისამართით აშშ–ის პრეზიდენტ რუზველტის ნათქვამის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, სააკაშვილი ძაღლისშვილია, მაგრამ ის ამერიკელი ძაღლისშვილია. ეს კი სამუდამო მოცემულობაა. ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, ქართული ანდაზაა, რომელიც ამერიკელ ძაღლებზეც ვრცელდება…
სააკაშვილი შემთხვევით არ აღმოჩენილა ქართულ ციხეში. ამერიკელები ერთხელ კიდევ შეეცდებიან უკვე გაჭრილი კარტის გათამაშებას საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ.
სიტუაცია ყოველ წამს იძაბება და, სანამ ეს სტატია გამოქვეყნდება, შესაძლებელია, მსოფლიოში სულ სხვა ვითარება იყოს, ვიდრე ამ წუთისთვის არის.