ორი წლის წინათ ესპანეთის საზღვრებს გარეთ ძალიან ცოტა ადამიანისთვის თუ იყო ცნობილი ეს სახელი და გვარი _ კარლეს პუჩდემონ–ი–კაზამაჟო. დღეს კი მისი გამოსახულება ხშირად ჩანს გაზეთების პირველ გვერდებსა და ახალი ამბების სატელევიზო ეთერში. მადრიდში მას მიიჩნევენ, როგორც ესპანეთის #1-ელ მტერს, სახიფათო სეპარატისტს, რომელიც ძირს უთხრის ესპანეთის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას; ბარსელონაში კი მას მიიჩნევენ სუსტ ადამიანად, რომელიც თავისი ნელი მოქმედებითა და სიფრთხილით ღუპავს კატალონიის დამოუკიდებლობის საქმეს.
კარლეს პუჩდემონი კატალონიის გენერალიტეტის (კატალონიის აღმასრულებელი ორგანო, შეიქმნა 1932 წელს. კატალონიის პარლამენტი კი უძველესია ევროპაში; შეიქმნა 1359 წელს) პრეზიდენტად 2016 წლის იანვარში აირჩიეს და ორ წელიწადზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში მოახერხა ჩაეტარებინა რეფერენდუმი (2017 წლის 1 ოქტომბერს), რომლის შედეგების მიხედვით კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა (2017 წლის 27 ოქტომბერს), მაგრამ ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უკანონოდ ჩათვალა, პუჩდემონისა და მისი მთავრობის 13 წევრის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამბოხების მოწყობის მუხლით, რომელიც 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პუჩდემონი ბელგიაში გაიქცა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
2018 წლის 25 მარტს პუჩდემონი, რომელიც ფინეთიდან ბრუნდებოდა, დანია-გერმანიის საზღვრების გადაკვეთისას გერმანიის პოლიციამ დააკავა და ამჟამად ის გერმანიაში იმყოფება.
კატალონიელების სეპარატისტული მოძრაობა მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერია. ის მყარ ეკონომიკურ ბაზისს, მდიდარ ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. შუა საუკუნეებში კატალონია ყოველთვის სარგებლობდა ფართო უფლებებით ჯერ არაგონის, შემდეგ კი ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში, სანამ XVII-XVIII საუკუნეებში მადრიდი მათ შეკვეცას არ შეუდგა. 1714 წელს, როდესაც ესპანეთის ისტორიაში მკაცრი ცენტრალიზაციის ეპოქა დაიწყო, ყოველივე ავტონომიური გაუქმდა, ხოლო კატალონიური ენის გამოყენება აიკრძალა. საინტერესო ისტორიული ფაქტი: როდესაც ესპანური მემკვიდრეობისთვის გამართული ომის მიწურულს, 1713-14 წლებში, ფილიპე V-მ ბარსელონას ალყა შემოარტყა, ბრიტანელებმა, რომლებიც ადრე კატალონიელების მოკავშირეები იყვნენ (მაგრამ იმ მომენტში უკვე გაურიგდნენ ესპანეთის ახალ მონარქს), ქალაქი საზღვაო ბლოკადაში მოაქციეს. ბრიტანეთის იმპერიის ისტორიაში ეს ვერაგობის ერთ–ერთი გამორჩეული მაგალითი იყო.
XX საუკუნის 30-იან წლებში ესპანეთის დესტაბილიზაცია დაიწყო, კატალონიამ (აგრეთვე, ბასკების ქვეყანამ) ავტონომიური უფლებების მნიშვნელოვან გაფართოებას მიაღწია. ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალურთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა, მაგრამ სამოქალაქო ომის პერიოდში ისინი მოკავშირეები გახდნენ. გენერალმა ფრანკომ გამარჯვების შემდეგ კატალონიის ავტონომია გააუქმა, ხოლო 4 ათასამდე კატალონიელი სიკვდილით დასაჯა. პროვინციის ათიათასობით მკვიდრი ციხეში აღმოჩნდა ან იძულებული შეიქნა, ქვეყნიდან გაქცეულიყო. წინააღმდეგობამ დიქტატურის მიმართ კატალონიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ელფერი შეიძინა. ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ავტონომია აღადგინეს, ადგილობრივი მთავრობის უფლებები თანდათან გაფართოვდა, ისევე, როგორც ადგილობრივი ენის გამოყენების სფერო, რომელზეც დაახლოებით 7,5 მილიონი ადამიანი საუბრობს _ ყოველივე რეგიონის ეკონომიკურ აღმავლობას დაემთხვა. კატალონია ესპანეთის ტერიტორიის 6,3%-ს იკავებს, ხოლო მოსახლეობა ესპანეთის მოსახლეობის 16%-ს შეადგენს, მაგრამ პროვინცია ქვეყნის სამრეწველო პროდუქციის 20%-ზე მეტს ქმნის და ექსპორტის მეოთხედზე მეტს უზრუნველყოფს. ამჟამად კატალონიასა და ბასკეთში ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების საკითხებს, ჰყავთ თავიანთი სამართალდამცავი ორგანოები, პარლამენტი. კატალონიასა და ბასკეთში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ესპანეთის სხვა ავტონომიებში. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ელიტა ამით არ კმაყოფილდება და ესპანეთისგან სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს.
ევროპის თანამედროვე საზღვრები კარლოს დიდის (742/747-814), ფრანკების მეფისა და ბავარიის ჰერცოგის, იმპერიის ნამსხვრევებზე აღმოცენებულ სახელმწიფოებს შორის მრავალსაუკუნოვანი ომების შედეგად დადგინდა, თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, კეთილდღეობით სავსე ევროკავშირის ქვეყნებში დაძაბულობის უამრავი კერაა. მეტიც, ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად, დაძაბულობის კერების რაოდენობა იმატებს.
სეპარატიზმის მხრივ საფრანგეთს პრობლემა აქვს კორსიკასთან, ბასკებთან, რუმინეთს _ ტრანსილვანიასთან, იტალიას _ ჩრდილოეთ პროვინციებთან, სლოვაკეთს _ უნგრელ უმცირესობასთან, ჩინეთს _ ტაივანსა და ტიბეტთან, აშშ-ს _ ტეხასის შტატთან, კანადას _ ფრანგულენოვან კვებეკთან და ა.შ., მაგრამ ყველაზე მწვავე მაინც ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა (შოტლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია) და ბელგიაში (ფრანგულენოვანი ვალონია, ჰოლანდიურენოვანი ფლანდრია) შექმნილი ვითარებაა, რომელიც დაშლით ემუქრება ევროკავშირს.
საერთოდ კი, მსოფლიოში 300-მდე ხალხი ცხოვრობს (150 მილიონზე მეტი მოსახლეობით), რომლებიც რეალურად აცხადებენ პრეტენზიას ან ფორმალურად აქვს უფლება, განაცხადონ პრეტენზია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე.
1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე პოტსდამში (გერმანია), ცეცილიენჰოფის სასახლეში გაიმართა ანტიჰიტლერული კოალიციის სამი სახელმწიფოს _ სსრკ–ის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ის _ ლიდერების შეხვედრა, რომელზეც მსოფლიოს ახალი წესრიგის, კონკრეტულად კი, ევროპის ახალი მოწყობის საკითხები განიხილეს, ანუ შეიმუშავეს გეოპოლიტიკური თამაშის ახალი წესები, რომლებიც “ცივი ომის” (1950 წლიდან 1990 წლამდე) დაწყებისთანავე დაარღვია აშშ–მა, რომლის ძალისხმევითაც უზარმაზარი სახელმწიფო, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, 1991 წელს 15 ნაწილად დაიშალა. ესენია: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა და თურქმენეთი. ამას მოჰყვა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომები და სეპარატისტული რეგიონების წარმოქმნა საქართველოში, ტაჯიკეთში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, მოგვიანებით _ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმისა და დონბასის რეგიონში.
* აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა, სსრკ-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დანაწევრების შემდეგ, 1991-2006 წლებში, იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციულ რესპუბლიკაში სისხლისმღვრელი ეთნიკური ომები გააჩაღეს, სერბეთი დაბომბეს და იუგოსლავია დაშალეს 6 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ: სლოვენიად, ხორვატიად, ბოსნია-ჰერცეგოვინად, მაკედონიად, ჩერნოგორიად (მონტენეგრო), სერბეთად. იმავე პერიოდში იუგოსლავიის ავტონომიურ ოლქ კოსოვოში შევიდნენ გაეროს სამშვიდობო ძალები, თუმცა 1999 წელს აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სამხედრო ძალის გამოყენებით კოსოვოს ოკუპაცია განახორციელეს და ეს ტერიტორია 2008 წელს სერბეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს.
ამას ეწინააღმდეგებოდა რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთიც, რომელსაც, იუგოსლავიის დაშლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში უკანასკნელი ბასტიონი წაართვა.
ბევრს, ალბათ, ახსოვს 2008 წლის იანვრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება–გაფრთხილება, რომ კოსოვოს აღიარება მსოფლიოში პრეცედენტს შექმნის. იმავე 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ უგუნური ნაბიჯები გადადგა, რომლებსაც შედეგად ცხინვალის რეგიონის დაკარგვა მოჰყვა. მანამდე კი აფხაზეთში განხორციელდა ეთნიკური წმენდა და ახლა ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება.
* აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის ძალისხმევით, რომლებიც 1991 და 2003 წლებში ერაყში ორჯერ შეიჭრნენ სხვადასხვა საბაბით და იქ სისხლის გუბეები დააყენეს, ერაყი დღეს რამდენიმე ნაწილად დაშლის პირასაა, განსაკუთრებით აქტიურობენ ქურთები, რომლებიც ამერიკის მხარდაჭერით ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას მოითხოვენ.
* 2011 წელს აშშ–მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა დაბომბეს ლიბია, დაამხეს მუამარ კადაფის ხელისუფლება და ადრე ნავთობით მდიდარი და ეკონომიკურად აყვავებულ სახელმწიფოში დღეს სამოქალაქო ომია გაჩაღებული და რამდენიმე ქვეყნად იშლება.
* დღესაც მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ბრძოლები სირიაში, სადაც ამერიკელები მხარს უჭერენ ქურთ სეპარატისტებს, რომლებიც სირიის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნას მოითხოვენ.
* ამერიკელები მხარს უჭერდნენ ჩეჩნების სეპარატიზმს რუსეთში, კოლუმბიაში (პანამის თვითგამარჯვების მხარდაჭერა) ჩინეთში (ტაივანი) და ა.შ.
ბევრი დასავლელი ექსპერტი მანიპულირებს “ხალხის თვითგამორკვევის” უფლებით, მაგრამ არავინ ლაპარაკობს, რომ ეს “თვითგამორკვევა” რეალიზებული უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ტერიტორიულ ფარგლებში. ამისთვის კი თითოეულმა სახელმწიფომ უნდა შექმნას თავისი “საშინაო თვითგამორკვევის” სტანდარტები, რომლებიც შიგასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებით იქნება უზრუნველყოფილი.
ასე რომ, სეპარატისტული პუტჩის დემონი, კატალონიელ პუჩდემონში კი არა, აშშ–ში უნდა ვეძებოთ.
მოამზადა
ლუკა მაისურაძემ
ცნობისთვის:კატალონია, ეკონომიკის მხრივ, ესპანეთის ყველაზე განვითარებული რეგიონია. კატალონიელები (7,5 მლნ _ 2016 წლის აღწერის შედეგების მიხედვით) ესპანეთის მოსახლეობის (46,4 მლნ) დაახლოებით 16%-ს შეადგენენ, მაგრამ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 23%-ს აწარმოებენ.
რამდენიმე წლის წინათ კატალონიის მთლიანი შიგა პროდუქტი 170 მლრდ დოლარს აღემატებოდა, მოსახლეობის ერთ სულზე კი მშპ 24 858 დოლარი იყო (ამჟამად 27 613 ევროა), მიუხედავად ამისა, ამ მაჩვენებლით კატალონიას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია ესპანეთის ავტონომიებს შორის, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კატალონიის მშპ ტოლია ფინეთისა და დანიის მშპ–ს, ხოლო მეტია ირლანდიისაზე; მოსახლეობის ერთ სულზე მშპ იმდენივეა, რამდენიც გერმანიაში და მეტია საბერძნეთისა და პორტუგალიის მაჩვენებლებზე.