Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპული თემიდას ორმაგი სტანდარტები

ევროპული თემიდას ორმაგი სტანდარტები

1775
ევროპული თემიდას ორმაგი სტანდარტები

ორი კვირის წინათ სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ შს ყოფილი მინისტრის ფრაზის _ “ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი”- ავტორის, 2008 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის აქციების სასტიკად დარბევის ორგანიზატორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველის _ ვანო მერაბიშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-18 (უფლებათა შეზღუდვა) და მე-5 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) მუხლები დაარღვია. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჰააგის ტრიბუნალის უსამართლო გადაწყვეტილების გამო ხორვატმა გენერალმა სლობოდან პრალიაკმა სასამართლოს დარბაზში კალიუმის ციანიდი მიიღო და სიცოცხლე მოისწრაფა.

ჰააგის ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან 108 სერბი გაასამართლა და მათ ხანგრძლივი ვადით (ზოგს სამუდამოდ) აღუკვეთა თავისუფლება. კოსოვოელი დამნაშავე კი, რომლის მიმართაც ორჯერ აღიძრა საქმე, ორჯერვე გაამართლა.

ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალი (ჰააგის ტრიბუნალი) 1993 წლის მაისში შეიქმნა “იუგოსლავიაში 1991-2001 წლებში ომის მიმდინარეობისას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და გენოციდის მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღსადგენად”. მას შემდეგ სამოქალაქო ომში ჩადენილი “მხეცობისთვის” ტრიბუნალის წინაშე წარდგა იუგოსლავიის ხალხების ათეულობით შესანიშნავი შვილი.

სლობოდან პრალიაკი
სლობოდან პრალიაკი

სლობოდან პრალიაკი _ ინჟინერი, რეჟისორი, გენერალი

ის არასოდეს ყოფილა სამხედრო, არმიაშიც კი არ უმსახურია. 1970 წელს დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი. ერთი წლის შემდეგ აიღო ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი ფაკულტეტის კურსის დიპლომი. ერთი წლის შემდეგ მიიღო კიდევ ერთი უმაღლესი განათლება _ რეჟისორის _ და დაიწყო ფილმების გადაღება, აგრეთვე, სპექტაკლების დადგმა.

პრალიაკი 1991 წელს მოხალისედ წავიდა ომში. მან შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლებისგან ჩამოაყალიბა სახალხო მოლაშქრეთა რაზმი, რომელიც მედგრად იბრძოდა იუგოსლავიის სახალხო არმიის წინააღმდეგ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პრალიაკის სწრაფი სამხედრო კარიერა.

იმავე 1991 წელს უკვე იყო გენერალ-მაიორი და ხორვატიის თავდაცვის საბჭოს წევრი, ხოლო ორი წლის შემდეგ _ ამ საბჭოს შტაბის წევრი. ხორვატიის თავდაცვის საბჭო დაადანაშაულეს მასობრივ მკვლელობასა და ეთნიკურ წმენდაში არახორვატების წინააღმდეგ. გენერალს ბრალი დასდეს მუსლიმანების დევნაში, მკვლელობაში, გაუპატიურებასა და წამებაში. ბრალდება ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ეს იყო 1993-1994 წლებში თვითაღიარებული რესპუბლიკა ჰერცეგ-ბოსნას მუსლიმანების დახოცვის გეგმის ნაწილი; გენერალმა, აგრეთვე, თითქოს იცოდა, რომ იგეგმებოდა თავდასხმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებსა და აღმოსავლეთ მოსტარის მეჩეთზე. 2013 წელს საერთაშორისო ტრიბუნალმა პრალიაკს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გენერალმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საკასაციო ინსტანციამ განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შემდეგ, 2017 წლის 1 დეკემბერს, პრალიაკმა მოსამართლეებს განუცხად: “გენერალი პრალიაკი არ არის სამხედრო დამნაშავე და მე უარვყოფ თქვენს ვერდიქტს!” შემდეგ მან პატარა ფლაკონი ამოიღო, რაღაც გადაყლაპა და განაცხადა, რომ შხამი მიიღო. სასამართლო შეწყდა, გამოიძახეს ექიმები, მაგრამ მათ გენერლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

რატკო მლადიჩი
რატკო მლადიჩი

რატკო მლადიჩი _ სერბი ნაპოლეონი

22 ნოემბერს ყოფილი იუგოსლავიის საკითხების საერთაშორისო ტრიბუნალმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელი სერბების არმიის სარდალ რატკო მლადიჩს. ის დამნაშავედ ცნეს გენოციდში, კერძოდ, მუსლიმანების მასობრივი მკვლელობის ორგანიზებაში სრებრენიცაში 1995 წელს. მლადიჩი, აგრეთვე, დაადანაშაულეს ომის წარმოების კანონების დარღვევაში.

1991 წელს მლადიჩი ქალაქ კნინში (ხორვატია) დისლოცირებულ იუგოსლავიის სახალხო არმიის მე-9 კორპუსს სარდლობდა. სიმამაცის, სამოქალაქო ომში საბრძოლო დამსახურებებისა და მოხერხებულობისთვის მლადიჩს სერბი ნაპოლეონი შეარქვეს. მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება, 2 წლის შემდეგ კი _ გენერალ-პოლკოვნიკის. 1995 წელს სერბეთის ძალებმა 15-დღიანი სარაკეტო შეტევის შედეგად აიღეს ქალაქი სრებრენიცა, სადაც ბევრი მუსლიმი ლტოლვილი იმყოფებოდა. ოპერაციას ხელმძღვანელობდა მლადიჩი. მუსლიმი ქალები და ბავშვები დაუყოვნებლივ გააძევეს ბოსნიის ტერიტორიაზე, რომელსაც მუსლიმანები აკონტროლებდნენ. 14-დან 77 წლამდე მამაკაცები კი დააკავეს და დაჰკითხეს, რათა გაერკვიათ, ჰქონდათ თუ არა ჩადენილი სამხედრო დანაშაული სერბი ხალხის წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ, ტყის გავლით გადასულიყვნენ მუსლიმების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, სერბებმა ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს. ყველაზე მასობრივი სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა 13 ივლისს სოფელ კრავიცაში. სრებრენიცას აღების შემდეგ სერბებმა 7 ათასი კაცი დასაჯეს.

საინტერესო დეტალი: 2017 წლის ზაფხულში ჰააგის ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ნიდერლანდების მთავრობა ნაწილობრივ პასუხისმგებელია 300-მდე მუსლიმის დაღუპვაში სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისას. ნიდერლანდის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ქალაქის მოსახლეობა უნდა დაეცვათ, უარი განაცხადეს ბრძოლაში ჩაბმაზე.

რადოვან კარაჯიჩი
რადოვან კარაჯიჩი

რადოვან კარაჯიჩი _ ფსიქიატრი, პრეზიდენტი, პოეტი

რადოვან კარაჯიჩმა 1971 წელს დაამთავრა სარაევოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ფსიქიატრიის განხრით. მკურნალობდა ნევროზებსა და დეპრესიას. წერდა ლექსებს, იყო მწერალთა კავშირის წევრი. მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1989 წელს, როცა დააფუძნა სერბეთის დემოკრატიული პარტია, რომელმაც უარი განაცხადა ბოსნიის ორ სხვა ეთნიკურ თემთან თანამშრომლობაზე. 1992 წლის 7 აპრილს ბოსნიელმა სერბებმა გამოაცხადეს ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბული რესპუბლიკის შექმნის შესახებ, მის პირველ პრეზიდენტად კი რადოვან კარაჯიჩი აირჩიეს.

კარაჯიჩი უშუალოდ არ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, მაგრამ დასავლურმა მართლმსაჯულებამ მაინც აღძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სრებრენიცაში გენოციდის მოწყობის ბრალდებით. გამომძიებელთა აზრით, კარაჯიჩმა არაფერი მოიმოქმედა ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. კარაჯიჩზე გამოაცხადეს ძებნა. ის 12 წლის განმავლობაში იმალებოდა. ცხოვრობდა და მუშაობდა ბელგრადში ყალბი დოკუმენტებით, მაგრამ 2008 წელს ვიღაცამ დაასმინა და სერბეთის უშიშროების სამსახურმა ჰააგის ტრიბუნალს გადასცა.

2014 წელს კარაჯიჩი და მლადიჩი ერთმანეთს ჰააგის ტრიბუნალის სხდომათა დარბაზში შეხვდნენ. იტალიური გაზეთის _ La Stampa –ს კორესპონდენტი ასე აღწერდა ამ მომენტს: “მლადიჩი გამოიძახეს, კარაჯიჩის დასაცავად ჩვენება რომ მიეცა, მაგრამ მან უარი განაცხადა. თუმცა მომენტით ისარგებლა, კარაჯიჩს თვალებში ჩახედა და სერბულად უთხრა: “მაპატიე, რადოვან, მაგრამ ეს იდიოტები ვერ მაიძულებენ, რამე მათქმევინონ. ისინი ნატოს ბომბებს იცავენ”. ჰააგის ტრიბუნალმა კარაჯიჩს 40 წლით აღუკვეთა თავისუფლება, რაც მისი წლოვანების (72 წელი) გათვალისწინებით სამუდამო პატიმრობის ტოლფასია.

სლობოდან მილოშევიჩი
სლობოდან მილოშევიჩი

სლობოდან მილოშევიჩი _ იურისტი, კომუნისტი, იუგოსლავიის პრეზიდენტი

მილოშევიჩი 18 წლისა იყო, იუგოსლავიელი კომუნისტების კავშირში რომ შევიდა. წარმატებით დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ იურისტის პროფესია პრაქტიკულად არასოდეს გამოუყენებია. მუშაობდა ჟურნალისტად, ხელმძღვანელობდა სანავთობე კომპანიას, შემდეგ _ ბელგრადის ბანკს. 1984 წელს სათავეში ჩაუდგა კომუნისტური პარტიის ბელგრადის სამოქალაქო კომიტეტს, 5 წლის შემდეგ კი სერბეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

1989 წლის 28 ივნისს სერბი ფეოდალებისა და ბოსნიის სამეფოს გაერთიანებულ ძალებსა და ოსმალებს შორის კოსოვოს ველზე ბრძოლის 600 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე მილოშევიჩმა კოსოვოში სერბებისა და ალბანელების კონფლიქტზე განაცხადა: “თქვენ აქ უნდა დარჩეთ, ეს თქვენი მიწაა, თქვენი კერა, თქვენი მინდვრები და ბაღებია, თქვენი ისტორია. თქვენ არ უნდა დატოვოთ ეს მიწა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ცხოვრება რთულია, რომ გამცირებენ. სერბებსა და ჩერნოგორიელებს არასოდეს შეშინებიათ სირთულეების, ბრძოლაში არასოდეს დაუხევიათ უკან. თქვენ აქ უნდა დარჩეთ თქვენი წინაპრებისა და შთამომავლების გამო. იუგოსლავია არ არსებობს კოსოვოს გარეშე!”

1996 წელს დაიწყო ჩამოყალიბება სეპარატისტული ძალების სამხედრო ძალისა, რომელიც მალე შეუერთდა კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას. მხარეში დაიწყო პარტიზანულ-ტერორისტული ომი, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში, აგრეთვე, იუგოსლავიის მაღალჩინოსნებსა და სამხედროებში. ომის პირველ ეტაპზე სეპარატისტებს ებრძოდნენ მილიციის ქვედანაყოფები, მაგრამ 1998 წელს მილოშევიჩმა კოსოვოში იუგოსლავიის არმია გაგზავნა, რამაც დასავლეთის მწვავე რეაქცია გამოიწვია.

1999 წლის 27 მაისს (კოსოვოში კონფლიქტის მიმდინარეობისას) გაერომ და ნატომ მილოშევიჩი ჟენევის კონვენციის დარღვევასა და გენოციდის მოწყობაში დაადანაშაულეს. ნატოს ავიაცია 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ბომბავდა იუგოსლავიას. 1999 წლის 20 ივნისს იუგოსლავიის არმია გამოიყვანეს კოსოვოსა და მეტოხიიდან (სერბეთის უძველესი ტერიტორია, რომლიდანაც გავრცელდა ქრისტიანობა სერბეთში _ ნ.კ.). აღსანიშნავია, რომ ნატოს ავიაციამ საგანგებოდ აღდგომის დღესასწაულზე განსაკუთრებული სისასტიკით დაბომბა ბელგრადი.

2001 წლის 1 აპრილს მილოშევიჩი დააპატიმრეს და ჰააგის ტრიბუნალის ციხეში ჩასვეს. ის დაადანაშაულეს მკვლელობებში, პოლიტიკური, რასობრივი და რელიგიური მოტივებით დევნაში, ეთნიკურ წმენდასა და ომის წესების დარღვევაში.

სასამართლო პროცესი, რომელიც 2002 წლის 12 თებერვალს დაიწყო, 22-ჯერ შეწყდა მილოშევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 2006 წლის 11 მარტს მილოშევიჩი, ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით გარდაიცვალა. სერბეთის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ, ამჟამად სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალმა მოკლა.

რამუშ ჰარადინაი
რამუშ ჰარადინაი

რამუშ ჰარადინაი _ მცველი, ლეგიონერი, კოსოვოს პრემიერმინისტრი

მისი ბიოგრაფია სავსეა საიდუმლოებებით. ცნობილია, რომ იუგოსლავიის არმიაში მსახურების შემდეგ, 1989 წელს, გადასახლდა შვეიცარიაში, სადაც პირად მცველად თუ ერთ-ერთ ღამის კლუბში მცველად მუშაობდა. ცდილობდა, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში შესულიყო, მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი. ჰარადინაი სამშობლოში დაბრუნდა, მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში, რის გამოც ციხეში ჩასვეს, მოახერხა გაქცევა შვეიცარიაში, შევიდა კოსოვოს სახალხო მოძრაობაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კოსოვოს გათავისუფლების არმიას.

ჰარადინაის მეთაურობით, 2 წლის განმავლობაში მეტოხიაში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 400 მოიტაცეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სწორედ მაშინ შეარქვეს მას “ღიმილი” (როცა კლავდა, იღიმებოდა).

ერთ-ერთმა მოწმემ, 42 წლის ალბანელმა ქალმა, ჩვენება მისცა საველე მეთაურის “გმირობაზე”. მისი თქმით, ქალების ჯგუფთან ერთად, მოიტაცეს და გადაიყვანეს კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის საველე ბანაკში. მათ შესასვლელშივე დახვდათ საშინელი სურათი: ხეზე მიბმული, დანით დაჩეხილი 2 სერბი მილიციელი, რომლებსაც თვალები დათხრილი ჰქონდათ და ჭრილობებზე მარილი ეყარათ. ისინი ჯერ ცოცხლები იყვნენ. ქალის თქმით, ჰარადინაი მათთან მივიდა მილიციელების ტალღაზე მომართული რაციით ხელში, ამოიღო დანა და აკუწა ადამიანები ისე, რომ სერბ მილიციელებს გაეგონათ, როგორ კვდებოდნენ მათი კოლეგები.

ამის შემდეგ ჰარადინაი დაბრუნდა ქალებთან. მოწმეს ხელები შეუკრა და გააუპატიურა, იმ დანით კი, რომლითაც მილიციელებს გაუსწორდა, სხეული დაუსერა. მსხვერპლი სასწაულით გადარჩა _ მოახერხა გაქცევა იმ მომენტში, როცა დასახვრეტად მიჰყავდათ.

თვით ჰარადინაი თავის წიგნშიაღსარება ომისა და თავისუფლების შესახებწერს: “იარაღის პირველი პარტია 1991 წელს შევიძინე ალბანეთში _ ხელყუმბარები, პისტოლეტებისამხედრო წვრთნას გავდიოდით ალბანეთშიიგეგმებოდა კოსოვოში 50 ათასი მებრძოლის გადაყვანა. ჩვენ გამუდმებით ვესხმოდით თავს სერბებს ნებისმიერ ადგილზე, დღითა და ღამით. ჩვენ ყოველდღე ვხოცავდით სერბ პოლიციელებს…”

როცა ნატო სერბეთს ბომბავდა, ჰარადინაი ავიადარტყმების კორექტირებაში ეხმარებოდა. იმავე წიგნში ის წერს: ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და სამახსოვრო მომენტი დაკავშირებულია ნატოს საჰაერო თავდასხმასთან (1999 წლის 24 მარტი). ჩვენ აღფრთოვანებით შევყურებდით პირველ თვითმფრინავებსა და რაკეტებს”.

2005 წლის მარტში საერთაშორისო ტრიბუნალმა ჰარადინაი დაადანაშაულა სერბებისა და ბოშების ეთნიკურ წმენდაში, აგრეთვე, იმ ალბანელების დასჯაში, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ სერბ სამხედროებთან თანამშრომლობდნენ. ჰარადინაი, რომელიც იმხანად კოსოვოს მთავრობას ხელმძღვანელობდა, პოსტიდან გადადგა და სასამართლოს წინაშე წარდგა.

ჰარადინაის განაჩენი 3 წლის შემდეგ გამოუტანეს: 37-ვე ბრალდებაში გაამართლეს(!).

მოგვიანებით გაირკვა, რომ 10-დან 9 მთავარი მოწმე დაიღუპა. ვიღაცას მანქანა დაეჯახა; ვიღაც, კოსოვოს პოლიციის მონაცემებით, შიშველი ხელებით დაესხა თავს შეიარაღებულ ადამიანებს და დანაზე წამოეგო; 2 მანქანაში ცოცხლად დაწვეს. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთაგან 3 იყო ტრიბუნალისსპეციალური მოწმე”, რომლებსაც განსაკუთრებით იცავდნენ. ამ მკვლელობების შემდეგ რამდენიმე მოწმემ შეცვალა ჩვენება, რამდენიმე კი სასამართლოზე არ გამოცხადდა.

2012 წელს ჰარადინაის წინააღმდეგ საქმე ხელახლა აღიძრა, მაგრამ ტრიბუნალმა კვლავ გაამართლა: მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ დანაშაულები იყო, მაგრამ მათ შესახებ არაფერი იცოდნენ “ბოევიკების” ლიდერებმა(? _ ნ.კ.). 2017 წლის 9 სექტემბრიდან რამუშ ჰარადინაი კოსოვოს პრემიერმინისტრია.

ჰააგის ციხეში ამჟამად სასჯელს იხდიან: სერბეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, პოეტი და ფსიქიატრიის პროფესორი რადოვან კარაჯიჩი და სერბი გენერალი რატკო მლადიჩი. მათ “მსოფლიოში ყველაზე ჰუმანურმა სასამართლომ” _ ჰააგის ტრიბუნალმა _ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დასდო ბრალი, თუმცა ევროპულ თემიდას, როგორც ჩანს, მეხსიერების პრობლემები აქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ, სმენისა და მხედველობის პრობლემებზე. აბა, როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომსერბი დამნაშავეებისგვერდით არ სხედან ისინი, ვისაც მილიონობით ადამიანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი? ესენი არიან ნატოს უმაღლესი ხელმძღვანელები, რომლებმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რამდენიმე სისხლიანი კონფლიქტი გააჩაღეს, ამ კონფლიქტებს კისამშვიდობო ოპერაციებსუწოდებდნენ.

ნატოს ერთ-ერთი წევრი-დამფუძნებელი და მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის აშშ, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კომიტეტების უმეტესობაში ხელმძღვანელის პოსტებზე თავისი წარმომადგენლები ჰყავს. სწორედ ისინი არიან ნატოს სამხედრო ოპერაციების ინიციატორები.

ნატოს “სამშვიდობო ოპერაციები”

  1. იუგოსლავიის დაბომბვა

იუგოსლავიაში ინტერვენციის მიზეზად ნატოს ხელმძღვანელობამ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე _ კოსოვოში, მეტოხიაში, აგრეთვე, ბოსნია-ჰერცეგოვინაში _ ეთნიკური წმენდის შეჩერება დაასახელა. სინამდვილეში კი ეს იყო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა იუგოსლავიის არმიის დემორალიზებასა და იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ მას აშშ-ის ინტერესებისთვის საფრთხე არ შეექმნა.

ნატოს ოპერაციებს (პირველი იყო “სამოკავშირეო ძალა”, მეორე _ “გააზრებული ძალა”) უწოდეს “ჰუმანიტარული ინტერვენცია”, მაგრამ ისინი გაეროს მანდატის გარეშე განხორციელდა.

* დაიღუპა 5700 ადამიანი, მათ შორის _ 400 ბავშვი;

* დაიჭრა 7000-მდე მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის _ 2000-ზე მეტი ბავშვი;

* უგზო-უკვლოდ დაიკარგა 821 ადამიანი;

ნატოს მოქმედება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომელმაც საფუძველი დაუდო ამ სამხედრო ბლოკის თანამედროვე ოპერაციებს, ყველა საერთაშორისო ნორმისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის მაგალითია. უწინარესად კი, ნატომ დაარღვია ვაშინგტონის ხელშეკრულების, ანუ თავისი წესდების პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ალიანსის წევრმა-სახელმწიფოებმა “ყველა საერთაშორისო კონფლიქტი, რომლებშიც, შესაძლოა, ჩართულნი აღმოჩნდნენ, მშვიდობიანი ხერხებით უნდა გადაწყვიტონ ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სამართლიანობას მსოფლიოში. მან თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეუთავსებელია გაეროს მიზნებთან”. ნატომ, აგრეთვე, დაარღვია თავისი წესდების მე-6 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს კომპეტენცია შემოიფარგლება თავისი წევრი-ქვეყნების ტერიტორიებით. იუგოსლავია, მაკედონია, ალბანეთი და ბოსნია კი ნატოს წევრები არ იყვნენ. ნატო კი უხეშად ჩაერია ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში. ნატომ და აშშ-მა ფეხქვეშ გათელეს გაერო, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა და სახელმწიფოების სუვერენიტეტი. იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატომ გამოიყენა იარაღი, რომელიც აკრძალულია ნიურნბერგის ქარტიით, აგრეთვე, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებით. იუგოსლავიაში ნატო იყენებდა ურანის დაბალი შემცველობის ბომბებს, რომლებიც არა მხოლოდ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა, არამედ რადიოაქტიურიც არის და ტოქსიკურიც. გარდა ამისა, ნატომ გამოიყენა ე.წ. კასეტური ბომბები _ იარაღი ფეთქებადი ყუმბარებით, რომელთა გამოყენებაც მოგვიანებით ოტავის კონვენციით აიკრძალა.

  1. ომი ავღანეთში

აშშ-მა ავღანეთში ინტერვენცია კონტრტერორისტული სამხედრო ოპერაციის (“შეუმუსრავი თავისუფლების”) ჩარჩოებში დაიწყო. ეს იყო პასუხი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე. 2001 წლის 7 ოქტომბერს აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა “თალიბანის” პოზიციებზე პირველი საავიაციო შეტევა განახორციელეს, გარდა ამისა, ამერიკული და ბრიტანული ხომალდებიდან გაშვებული იქნა 500-მდე ფრთოსანი რაკეტა. ავღანეთში მშვიდობის ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები (ISAF) დღემდე მოქმედებენ. ავღანეთის ომი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომია.

* დაიღუპა 35 ათასი ადამიანი;

* ლტოლვილად იქცა _ 500 ათასი;

* გამწვავდა ეთნოსთა შორის კონფლიქტები, მოიმატა ტერორისტული აქტების რაოდენობამ და ნარკოტრაფიკმა.

  1. ერაყელთა გენოციდი

2003 წელს ერაყში ამერიკელების შეჭრის საბაბი იყო ის, რომ თურმე ამ ქვეყანას მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა, კერძოდ, ბაქტერიოლოგიური (ციმბირის წყლული). დამატებითი მიზეზი კი იყო “დემოკრატიისთვის ბრძოლა”. ერაყის “დემოკრატიზაციას” მილიონი მშვიდობიანი ერაყელის სიცოცხლე შეეწირა. “დიქტატორი” სადამ ჰუსეინი საჯაროდ დასაჯეს, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღს ვერსად მიაკვლიეს. მოგვიანებით, 2004 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა აღიარა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელთა გამოც დაიწყო სისხლისმღვრელი ომი ერაყში, “არაზუსტი” იყო(?!).

ერაყის სამხედრო კომპანიაში ალიანსმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა: მსოფლიო შეძრა აბუ-გრეიბის ციხეში მოთავსებული ტყვეების წამებისა და შეურაცხყოფის კადრებმა; ინფორმაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკების _ გაუპატიურების, ძარცვისა და მკვლელობის და, რა თქმა უნდა, საშინელი ქიმიური იარაღის _ ფოსფორიანი ბომბების გამოყენების შესახებ (2003 წელს იმამ ნასირის შტურმისას, აგრეთვე, 2004 წელს ალ-ფალუჯის აღებისას). ეს იარაღი, რომელიც ძვლამდე წვავს ხორცს, 1980 წლის გაეროს კონვენციით აკრძალულია, თუმცა აშშ ამ კონვენციას არ შეუერთდა.

* ერაყის ომში მილიონზე მეტი ერაყელი დაიღუპა (ეს თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლია), მათი 25 პროცენტი ქალი და ბავშვია.

  1. აკრძალული იარაღის გამოყენება ლიბიაში

არეულობებსა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლის 19 მარტს, ლიბია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ავიაციამ დაბომბა, სამხედრო ოპერაცია კი ნატომ განაგრძო.

* დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი (სამხედრო და მშვიდობიანი მცხოვრები);

* ლტოლვილად იქცა _ 350 ათასი.

არადა, 2011 წლის აგვისტოში ნატოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ანდერს ფოგ რასმუსენი, ყველას არწმუნებდა, რომ ნატოს ავიაციის დაბომბვით მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალდებოდნენ.

არსებობს მონაცემები (რომლებსაც ნატოს ხელმძღვანელობა ჯიუტად უარყოფს), რომ ლიბიის კონფლიქტში ნატომ კასეტური და ფოსფორიანი ბომბები გამოიყენა, როგორც ეს მოხდა იუგოსლავიისა და ერაყის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, ნატოელებმა ერაყში გამოიყენეს იპრიტი, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომში აპრობირებელი მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა კონვენციით არის აკრძალული. სხვათა შორის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავისი სამხედრო დოქტრინით, უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ატომური იარაღი, რომელიც 1996 წელს საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის აკრძალული.

მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება სირიაში

Routers-ის მიერ ახლახან გავრცელებული ცნობით, 2014 წლიდან დღემდე სირიის საომარ კამპანიაში საერთაშორისო კოალიციის დარტყმების შედეგად, რომელსაც აშშ უდგას სათავეში, დაიღუპა 801 მშვიდობიანი მცხოვრები. ორგანიზაცია Airwars-ის ინფორმაციის თანახმად კი, კოალიციის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია, სულ ცოტა, 5961 მშვიდობიანი მცხოვრები.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here