Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ევროპის ქვეყნები, რომლებიც რუკებზე არ არის

ევროპის ქვეყნები, რომლებიც რუკებზე არ არის

2259
კუგელმუგელი

თუ ფიქრობთ, რომ ევროპის შესახებ უკვე ყველაფერი ითქვა და ყველაფერი ცნობილია, ცდებით. აბა, შეეცადეთ ერთიორი ქვეყნის დასახელებას მაინც, რომლებიც არც ერთ რუკაზე არ არის დატანილი. არადა, ასეთი ქვეყნები არის. ყველა ქვეყანას არ სჭირდება საზღვრები, პრეზიდენტი, ვალუტა და არმია, სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად ზოგჯერ მოსახლეობის ძლიერი სურვილიც საკმარისია.

კუგელმუგელი, ავსტრია

ეს ყველაზე პატარა ვირტუალური სახელმწიფოა მსოფლიოში. მისი დიამეტრი სულ 7,68 მ-ია. იმიტომ, რომ ყველაფერი მოთავსებულია ერთადერთ მრგვალ შენობაში, რომელიც ადგილობრივი მხატვრის საკუთრებაა. ამ მხატვარს უთანხმოება აქვს ავსტრიის ხელისუფლებასთან, რომელმაც მხატვარს სახლის აშენების უფლება არ მისცა, მაგრამ მან სახლი მაინც ააშენა და… დამოუკიდებელ რესპუბლიკა კუგელმუგელად გამოაცხადა, ეს მოხდა 1984 წელს. მხატვარმა უარი თქვა გადასახადების გადახდაზე და მარკების ბეჭდვაც კი დაიწყო, რის გამოც თავი კინაღამ ციხეში ამოყო. ავსტრიის პრეზიდენტმა შეიწყალა, საბოლოოდ, სახლი მაინც ჩამოართვეს, ვენის ერთ-ერთ პარკში გადაიტანეს და ტურისტებისთვის მიმზიდველ ღირსშესანიშნაობად აქციეს.

სილენდი

სილენდი, დიდი ბრიტანეთი

შეიძლება, რომ ყოფილ სანავთობე პლატფორმაზე სახელმწიფო დაარსდეს? ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა მაიორმა პედი როემ ბეიტსმა 1967 წელს განაცხადა, რომ უფლება აქვს ჩრდილოეთის ზღვაში, ბრიტანეთის სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე სანავთობე პლატფორმაზე სახელმწიფო შექმნას. მას შემდეგ მაიორი და მისი ოჯახი იბრძვის, რომ პლატფორმას მიენიჭოს სახელმწიფოს (სათავადოს) სტატუსი.

სებორგა

სებორგა, იტალია

ეს იტალიური სოფელი შუა საუკუნეებში ფეოდალური სათავადო იყო ისევე, როგორც სხვა ბევრი ქალაქი იმ პერიოდში. სახელმწიფოებრიობა 1792 წელს დაკარგა, მაგრამ თითქმის 250 წლის შემდეგ, 1963 წელს, სებორგელებმა გადაწყვიტეს, სოფელი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოეცხადებინათ. მიუხედავად ამისა, ოფიციალური რომი სებორგას მოსახლეობის გადაწყვეტილებას სერიოზულად არ აღიქვამს.

ქრისტიანია

თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია, დანია

ქრისტიანია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვირტუალური ქალაქი და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. მდებარეობს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ცნობილ რაიონ ქრისტიანჰავნში. ეს არის კოპენჰაგენის კვარტალი, რომელშიც ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ქრისტიანიაში აკრძალულია ფოტოს გადაღება და ამ წესის დამრღვევი შეიძლება სამარცხვინოდ გააძევონ ტერიტორიიდან.

ალკატრაცი

ალკატრაცი, იტალია

იტალიის რეგიონ უმბრიის ამ ეკოლოგიურ სოფელს მოსახლეობამ თავისი ტერიტორია ჯერ რესპუბლიკად გამოაცხადა, შემდეგ _ დამოუკიდებლობაც. მთავრობას და მოსახლეობას მიაჩნიათ, რომ ალკატრაცი ბედნიერი მომავლის გზას ადგას, მომავლისა, რომელშიც მთავარია ღირსება და ურთიერთპატივისცემა.

უჟუპისი

უჟუპისი, ლიტვა

უჟუპისი _ ეს არის ძველი ვილნიუსის კვარტალი, რომელმაც დამოუკიდებლობა 1997 წელს გამოაცხადა. აქვს თავისი ვალუტა, ჰიმნი და საბაჟო.

მაფსულონი

მაფსულონი, იტალია

სხვა თავისუფალი ქალაქების მაგალითით აღფრთოვანებულმა ფლორენციასთან ახლოს მდებარე ამ ჯუჯა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა 1996 წელს გამოაცხადა. პირველი, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ყველაფრის აკრძალვა, რასაც თანამედროვე ადამიანი იყენებს. აკრძალა ტელევიზორი, კომპიუტერი და ასფალტიც კი. ამასთანავე, ამ დასახლებულ პუნქტში პრინციპულად ლაპარაკობენ მხოლოდ ტოსკანურ დიალექტზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here