XXI საუკუნეში, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში არ უნდა არსებობდეს ისეთი დისკრიმინაცია, როგორიც 1930-იან წლებში ახასიათებდა გერმანიას, ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაუფარავად არღვევენ ადამიანის უფლებებს ეროვნული კუთვნილების გამო და, ფაქტობრივად, ხელს უწყობენ ნეონაციონალისტური განწყობების მომძლავრებას. და ეს ხდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
მაგალითისთვის განვიხილოთ ლატვიასა და ესტონეთში არსებული მდგომარეობა. აქ ხელისუფლების დისკრიმინაციული კურსი რუსულენოვან უმცირესობათა მიმართ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან დამკვიდრდა. დღეს ლატვიაში დაახლოებით 330 ათასი ე.წ. არამოქალაქე ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 14 პროცენტია. ამასთანავე, აქ მოქმედებს “არამოქალაქეების” უფლებების 79 სახის შეზღუდვა: მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები, იყვნენ მოსამართლეები, პროკურორები, იმსახურონ არმიაში და ა.შ. უფლება არ აქვთ, განახორციელონ გარიგება უძრავი ქონების გასხვისებაზე ოფიციალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
ამ ქვეყნებმა არათუ გაამარტივეს ხანდაზმული ადამიანების ნატურალიზაციის პროცედურა, არამედ ავტომატურად არ ანიჭებენ “არამოქალაქეთა” ბავშვებს მოქალაქეობას. აშშ-ში კი მოქალაქეობას ანიჭებენ უცხოელთა შვილებს, რომლებიც შტატების ტერიტორიაზე დაიბადნენ. წარმოიდგინეთ, რა წივილ-კივილი ატყდებოდა ევროპაში, მოსკოვს ამგვარად რომ შეეზღუდა რუსეთში მცხოვრები ლატვიელების უფლებები.
ეს ყველაფერი ხდება მეორე მსოფლიო ომის ისტორიის გაყალბებისა და ფაშისტ დამნაშავეთა გმირებად წარმოჩენის ფონზე. ბალტიისპირეთის ყველა რესპუბლიკაში ურცხვად ბილწავენ საბჭოთა პერიოდის ძეგლებს, “პატრიოტები” მონდომებით ცდილობენ, ნაცისტური რეჟიმისა და საბჭოთა წყობილების გაიგივებას. მაგალითად, ახლახან რიგის ცენტრში “ვაფენ ესესის” ლეგიონერების მსვლელობა გაიმართა.
მის პარალელურად თავისი ღონისძიების ჩატარება მოითხოვა ლატვიის ანტიფაშისტურმა კომიტეტმა, მაგრამ ამ განაცხადის დაკმაყოფილებაზე რიგის საქალაქო სათათბირომ კატეგორიული უარი თქვა და აღნიშნა, რომ ნეონაცისტების მსვლელობა დღის მთავარი მოვლენაა, ამიტომ ყველა სხვა ღონისძიება იგნორირებული უნდა იყოსო.
ლიტვაში ვითარება ასე ხელიდან წასული არ არის, მაგრამ იქაც შეიმჩნევა ეროვნული უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტები. მთავარ პრობლემად რჩება რუსულენოვანი საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შემცირება, ამასთანავე, სამამულო ომის ვეტერანებისა და საბჭოთა პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების ექსთანამშრომლების დევნა.
საზოგადოებაში ნეონაცისტური, რასისტული და, მათ შორის, ანტისემიტური განწყობის გამძაფრებამ ისრაელელებიც კი აღაშფოთა, მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ აღელვებს ევროპას და არ გამხდარა არც ევროპული, არც საერთაშორისო ორგანიზაციების, არც სამართალდამცავი სტრუქტურების ზრუნვის საგანი.
ახლახან ლატვიამ ნაცუმცირესობათა დაცვის პრობლემაზე ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, მაგრამ ბრიუსელის ნებართვით ამ დოკუმენტიდან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები ამოიღეს, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ ნაცუმრავლესობებს კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში უფლება აქვთ, ილაპარაკონ მშობლიურ, ანუ რუსულ ენაზე და გამოიყენონ იგი ტოპოგრაფიულ სახელწოდებებში. ლატვიაში ქალაქები: რიგა, დაუგავპილსი (დვინსკი) და ლიეპაია ეთნიკური შემადგენლობით, ძირითადად, რუსულენოვანია. ხელისუფლებას მოუწევდა, თუნდაც ამ დასახლებულ პუნქტებში განეხორციელებინა კონვენციის მოთხოვნები, მაგრამ ეროვნულმა უმცირესობებმა არ მოისურვეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენჯერმე დააყენეს საკითხი, რომ ლატვიის სახელმწიფო სკოლებში ეროვნული უმცირესობის ენაზე სწავლება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. საკითხი კი დააყენეს, მაგრამ რეზოლუციის მიღებამდე საქმე არ მისულა.
ახლა კი შეადარეთ ეს რეაქცია იმ სიტუაციას, როცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ არ შეასრულა ბრიუსელის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთიდან რამდენიმე ათასი ლტოლვილის მიღების შესახებ. ახლოაღმოსავლელი მიგრანტების მდგომარეობა ევროკავშირს აღელვებს, ბალტიისპირეთში ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისთვის კი ევროპას მიუფურთხებია.
გაზეთი “იზვესტია”